იანვრის დასაწყისში საერთაშორისო მედიაში ახალ ვირუსზე ინფორმაცია რომ გავრცელდა, რედაქციაში ჯერ ამბის სანდოობაზე ვიმსჯელეთ, მერე აქტუალობაზე, ბოლოს ნიუსი დავწერეთ და შესაფერისი ფოტოს ძებნა დავიწყეთ — მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედია ერთი-ორი ფოტოს ამარა აშუქებდა "ახალი კორონავირუსის" ამბებს — ჯერ ლაბორატორიის რომელიღაც ოთახი გვხვდებოდა ყველგან, შემდეგ უხანის ხედები, პირბადიანი ხალხი. მალე კარანტინში მოქცეული, დაცარიელებული ქუჩებიც ვნახეთ და აი, მანდ უკვე შევშინდით.

ფოტო: Yonhap / EPA / Shutterstock

იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფორმაციაზე მოთხოვნილება გაჩნდა. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის დასაცავად ხან ერთ კედელს ვეცით, ხან მეორეს... ტელეფონზე ხან პაატა იმნაძეს ვედექით პასუხგაუცემელი ზარების რიგში, ხან ამირან გამყრელიძეს, მაგრამ კარგა ხანი მაინც მსოფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის იმედად მოგვიწია ყოფნა — აბონენტები ონლაინ მედიისთვის მიუწვდომელნი და დაკავებულნი აღმოჩნდნენ.

ალბათ გახსოვთ რა ხდებოდა მერე — ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გამყრელიძის ჩართვა ერთ არხზე, მეორეზე, მესამეზე, პარალელურად იმნაძე ამდენივე არხზე და, ვაი...

ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

აქ მცირე ხნით შევჩერდებით. სანამ კლასტერების თვლაზე, ქუჩების მორეცხვაზე, კურთხევაზე, სამ მუშკეტერზე, დარტანიანზე, ვერცხლისფერი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარზე, ლოქდაუნსა და დაუსრულებელ კომენდანტის საათზე გავაგრძელებთ, ძალ-ღონე მოიკრიბე, მორალურად მოემზადე და ჩვენთან ერთად ჩამოუქროლე განვლილ წელს, რადგან დღეს ვაპირებთ, დეტალურად გაგახსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2020-ის 26 თებერვლიდან, ანუ ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე. რა თქმა უნდა, იმის განხილვაც მოგვიწევს, სად ვართ ახლა და როგორ მოვედით ტესტების სულმოუთქმელი მოლოდინიდან ვაქცინის სასოწარკვეთილ ლოდინამდე.


კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ რომ გვამცნეს, მაგ დროისთვის უკვე კარგად დაზაფრულები ვიყავით, ყველა თუ არა, ზოგიერთები მაინც. ჩვენს რედაქციაშიც ნიუსებს დასპირტული ხელებით ვწერდით და აფთიაქთან ყოველ ჩავლაზე პირბადეს ვიმარაგებდით. მთავრობა გვიმტკიცებდა, თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სანდო ხელშია და ჯერ მხოლოდ სიფრთხილე გვმართებსო, მაგრამ ეს ბევრს არ ამშვიდებდა. პარალელურად ტარდებოდა მთელი რიგი საპრევენციო ღონისძიებები.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ამ პერიოდში უკვე ვრცელდებოდა რეკომენდაციები პირბადის სწორად ტარებაზე, ხელების დაბანის 20-წამიან წესსა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე. სანამ ჩვენ რეკომენდაციებში გვქონდა თავი ჩარგული, მსოფლიო უკვე აქტიურად ებრძოდა ვირუსის ათეულობით ახალ შემთხვევას. პატრიარქი კი გვიმტკიცებდა, რომ დანარჩენ ქვეყნებზე მეტად გაგვიმართლა, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრობა ვირუსის გავრცელებისგან გვიცავდა.

ფოტო: China Daily / Reuters

"საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, საქართველოსაც ეს რისკი აქვს და მატულობს", — თქვა პაატა იმნაძემ 25 თებერვალს და როგორც აჭარაში იტყვიან, "ისემც ყველაფერი აგიხდაო" — მეორე დღესვე საგანგებო ბრიფინგზე ახალი ამბავი გვამცნეს.

"ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მასთან კონტაქტში მყოფი მებაჟეები საკარანტინე სივრცეში იყვნენ გადაყვანილნი და ეპიდემიური საფრთხე არ არსებობდა. თუმცა, იმავე დღეს, მისმა სიტყვებმა ეპიდემიური თუ არა, პანიკის საფრთხე ნამდვილად გააჩინა. მინისტრმა გვითხრა, რომ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი იყო.

ფოტო: On.ge / თორნიკე ზიზიაშვილი

ბრიფინგი საღამოს საათებში იყო და დასრულებიდან რამდენიმე წუთში ყველა აფთიაქთან რიგი იდგა. ისმოდა კამათი, კრიტიკა, ლანძღვა და ერთმანეთის სხვა აფთიაქებში გადამისამართება, სადაც მარაგი ჯერ კიდევ არსებობდა.

თუმცა შფოთვებს და გმინვას თან ახლდა ტრადიციული იუმორი. ფეისბუქზე გვხვდებოდა ათეულობით მიმი, რომელიც "ღვთისმშობლის კალთაგადაფარებულ საქართველოში" კორონავირუსის დაფიქსირებას აშარჟებდა.

იუმორის გარეშე არ ჩაუვლია იმ ფაქტსაც, რომ იმავე საღამოს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან ირანელი პაციენტი გამოექცათ, რომელიც მედიასთან გამოვიდა და ამტკიცებდა, რომ ჯანმრთელია და გამოწერეს. როგორც ჩანს, ექიმებსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო, თუმცა შეშფოთებულმა სანიტრებმა ეს ასეთი ფრაზით განმარტეს: "ვერ არის ეს კარგად". 1 წელი გავიდა და ამ ფრაზას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ახლა მთელი ქვეყანა, სწორედ ასე გრძნობს თავს.

პირველი შემთხვევიდან მალევე, ისევ საგანგებო ბრიფინგების მოსმენა მოგვიწია.

მეორე ინფიცირებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

მესამე დაინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ქვეყანში ირანიდან შემოვიდა. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა პირველ ინფიცირებულ 50 წლამდე კაცთან, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა საქართველოში. დიახ, ამ დეტალებს აბსოლუტური სიზუსტით ვიმახსოვრებდით.

მომდევნო 5 დღე ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ სიმშვიდემ ვერ დაისადგურა. ამჯერად ახალმა ვირუსმა იფეთქა, რომლის სიმპტომები ქსენოფობია და რასიზმი იყო. საქართველოში მცხოვრები ან ტურისტული ვიზიტით მყოფი ეროვნებით ჩინელი, ისევე, როგორც იაპონელი ან კორეელი ადამიანები, აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. დიდი ხანი დაგვჭირდა, სანამ მოსახლეობა გაიაზრებდა, რომ ვირუსს ეროვნება არ აქვს და ამ ფორმით დისკრიმინაცია მიუღებელია.

სანამ ამას ვებრძოდით, თითქოს, ერთი ეპიდემია არ გვეყოფოდა, მეორეც წამოგვეწია — ინფოდემია. სოციალურ ქსელში გავრცელდა მითები და ჭორები იმაზე, რომ ვირუსი მოგონილი იყო და მიზნად ისახავდა ხალხის "გაწყვეტას" 5G ქსელის დახმარებით, ან "დაჩიპვას" მასონების გასამდიდრებლად. პარალელურად, ვრცელდებოდა დაუზუსტებელი და არასანდო ინფორმაციები ვირუსისგან განკურნების ხალხური მეთოდების შესახებ.

ამავე პერიოდში პირველად მოვისმინეთ ონლაინგაკვეთილების აუცილებლობის შესახებ და გვირჩიეს, ნაღდი ფულის ნაცვლად ონლაინ გადახდებით გვესარგებლა. მაშინ დაიწყო საავადმყოფოების საკარანტინე ზონებად გადაკეთება და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან საველე კარვების გაშლა. ჩვეული ცხოვრება ელვის სისწრაფით იცვლებოდა.

სანამ მოსახლეობა ახალი ვირუსის შიშით იყო შეპყრობილი, კრიტიკის სამიზნეები გავხდით ჟურნალისტები, როგორც საზოგადოების, ასევე, ეპიდემიოლოგების მხრიდან. ხან იმას გვეუბნებოდნენ, რომ დისტანციას არ ვიცავდით, ხან იმას, რომ კითხვებით და სატელეფონო ზარებით ვაწუხებდით ისედაც დაკავებულ ექიმებსა და სახელმწიფო მოხელეებს და საჭირო დროს ინფორმაციას თავად გაავრცელებდნენ. გვაკრიტიკებდნენ იმაზეც, რომ მსოფლიოში გამოჩენილ ახალ ვირუსზე საკმარისი ინფორმაცია არ გვქონდა და ტერმინებს არაზუსტად ვიყენებდით. როცა ბრიფინგების სიხშირის მიუხედავად პასუხები საკმარისი არ იყო, ქართული მედია ტრადიციულ სტილში იწყებდა მუშაობას და ხშირად ვხედავდით, როგორც უვარდებოდნენ რეპორტიორები ინფექციური საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს სასწრაფოს მანქანაში ან სავარაუდო ინფიცირებულებსა და კონტაქტებს სახლში აკითხავდნენ ინფორმაციის მისაღებად. რამდენიმედღიანი კრიტიკის ქარ-ცეცხლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა და ბრიფინგების ახალი ფორმატიც დაინერგა.

5 მარტს ვითარება უფრო მეტად დაიძაბა. მეოთხე ინფიცირებულს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, 20 კონტაქტი აღმოაჩნდა. იმავე საღამოს ამირან გამყრელიძემ გვაცნობა, რომ დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა.

"ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები. ძირითადად ოჯახური შემთხვევებია. ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში", — განაცხადა მან.

სწორედ ამ დროს დაიწყო ფურცლებზე წერა, ტელეფონებში ცხრილების შექმნა, კონტაქტების მონიშვნა და დამკვიდრდა აწ უკვე ყელში ამოსული სიტყვა — კლასტერი.

ფოტო: Giphy

რეკომენდაციების შემუშავების, შეზღუდვების დაწესებისა და კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ქართულმა ოცნების ხელისუფლებამ დრო იმისთვისაც დაიტოვა, რომ თავი ექო. ამიტომ მომდევნო დღეებში ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ხშირად გვესმოდა, როგორი წარმატებულია კრიზისის მართვის მათი გეგმა და რამდენად ვუსწრებთ ევროპულ სახელმწიფოებს.

სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და გამოწვევას როგორ უმკლავდება, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა, ამას ხედავთ

მამუკა მდინარაძე

რა თქმა უნდა, ვერ გამოვტოვებთ იმ ფაქტს, როგორ იწყებოდა ჩვენი ყოველი დილა ინფექციური საავადმყოფოს კადრით, სადაც კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ან ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე გვხვდებოდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

დღისით NCDC-ის ბრიფინგებზე ვიყავით მიჯაჭვული, შუადღით სამთავრობო განცხადებებზე, საღამოს კი სხვადასხვა ეთერში კითხვებზე პასუხს და ისევ და ისევ, ქართული ოცნების ქებას ვისმენდით.

ამ დროს უკვე გამოჩნდნენ სხვა ექიმები და ეპიდემიოლოგები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობდნენ ხელისუფლებას, თუმცა პასუხად კრიტიკას იღებდნენ და თავადაც კრიტიკას აბრუნებდნენ. სწორედ ასე იქცა მედია დაპირისპირებების განხილვის პლატფორმად.

11 მარტი — WHO-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

11 მარტის საღამოს რედაქციაში მორიგი პანიკა ატყდა, როცა WHO-ს ბრიფინგზე კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა. რას ნიშნავდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით და როგორ აისახებოდა ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე — ამ პასუხების მოძიება თავდაპირველად ისევ უცხოურ მედიებში მოგვიწია.

სანამ მსოფლიო პანდემიის წესებზე გადაწყობას ცდილობდა, ჩვენთან თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ. ვინაიდან უცხო ქვეყნებიდან შემოსულთათვის 14-დღიანი იზოლაცია და კარანტინი იყო საჭირო, მათ აკრძალული ჰქონდათ სახლიდან ან კლინიკიდან გამოსვლა, თუმცა ამ სულისკვეთებას ყველა არ იზიარებდა. ამიტომ, შსს-ს დარღვევის აღკვეთა და იზოლაციაში მყოფი პირების გაკონტროლება დაევალა. მომდევნო დღეებში უწყება გვამცნობდა, რამდენი ადამიანი გაიპარა მაღაზიაში, მეგობართან ან ნათესავთან და როგორ განათავსეს ისინი იძულებით საკარანტინო სივრცეში.

დისტანციური უსაზღვროების და იზოლაციის საწყისებთან

12 მარტს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობისა და სახელმწიფოს ყველა უწყებას, ასევე, კერძო კომპანიებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

ამ დროიდან დაიწყო ის, რამაც ჩვენი ცხოვრება უფერული და მოსაწყენი გახადა — ოთახებში გამოვიკეტეთ ლეპტოპების ამარა და გაურკვევლობით მოცულ მომავალში უიმედოდ ვაცეცებდით თვალებს. გარეთ გასვლამ თავისთავად დაკარგა აზრი, რადგან ყველა გასართობი ეტაპობრივად დაიხურა.

ფოტო: Dimitri Karastelev / Unsplash

ამ პერიოდში მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ჯანდაცვის უწყება სამი სხვადასხვა სცენარისთვის იყო მზად, რომელიც ითვალისწინებდა სიტუაციის ისეთ დამძიმებასაც, როცა ქვეყანას 400-მდე ინფიცირებული ეყოლებოდა. მაშინ ამის წარმოდგენაც გვიჭირდა — რას ვიფიქრებდით, რომ რამდენიმე თვეში ყოველდღიური მაჩვენებელი ამ ციფრს სამჯერ ან ოთხჯერ გადააჭარბებდა.

დაახლოებით ამ დროიდან კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების თვლა და დაკლასტერება გაუსაძლისი გახდა. ამიტომ, უმრავლესობამ შევწყვიტეთ. სტატიის დანარჩენ ნაწილშიც დეტალური განახლებებით თავს არ შეგაწყენთ და საერთო სურათს გაგახსენებთ.

პირველი დარტყმა ეკონომიკას და მთავრობის რეაგირება

პანდემია მხოლოდ ჩვენს ხასიათზე რომ არ იმოქმედებდა, ვიცოდით, მაგრამ წინასწარ ბევრი არ დაფიქრდა, რომ ეს მძიმედ დაარტყამდა ეკონომიკას. სახსრები, რომელიც საკარანტინო სივრცეების მოწყობასა თუ სხვა პრევენციულ ღონისძიებებში იხარჯებოდა, საქართველოს ბიუჯეტს არც ისე ბევრი ჰქონდა.

13 მარტს მმართველმა გუნდმა სიამაყით გაავრცელა ფონდი ქართუს განცხადება, რომელიც გვპირდებოდა, რომ "საჭიროების შემთხვევაში" მთავრობას ფულს მისცემდა. გახარიამ ასეთივე სიამაყით გვითხრა, რომ თუ დასჭირდებოდათ, დახმარებას სთხოვდნენ ყველას, პირველ რიგში კი, სწორედ ფონდ ქართუს.

ამ დროისთვის გაჩნდა შიში სასურსათო დეფიციტზე. თითქმის ყოველ დღე ვრცელდებოდა სუპერმარკეტებთან უზარმაზარი რიგების ფოტოები, ვხედავდით ტუალეტის ქაღალდითა და კოკა-კოლებით დატვირთულ ურიკებს. მოსახლეობის დასამშვიდებლად საქართველოში არსებულ მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სურსათის მარაგი აქვთ და ამ კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება. მოგვიანებით ხელისუფლებამ რამდენიმე პროდუქტი დაასუბსიდირა, რათა ფასის მატება აერიდებინა.

ამავე პერიოდს უკავშირდება პირველი საუბრები მოსალოდნელ კარანტინსა და საგანგებო მდგომარეობაზე. თუმცა, ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ არც ამ შიშების საფუძველი არსებობდა და არ ავიწყდებოდა იმის გამეორება, რომ "სხვა ქვეყნებზე უკეთესი ვითარება გვქონდა".

ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. არ გვაქვს არავითარი საფუძველი, რომ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა

მაია ცქიტიშვილი

თითქმის 20-დღიანი დრამების შემდეგ, 16 მარტს კარგი ინფორმაციაც გავრცელდა და პირველმა ინფიცირებულმა პაციენტმა საავადმყოფო დატოვა.

ფოტო: Reuters

შეზღუდვებისა და აკრძალვების პარალელურად, მთავრობამ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაგზავნა, რომელშიც მოსახლეობას რეკომენდაციის შესრულებისა და პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებდა. რას ვიფიქრებდით, ოდესმე მთავრობა თუ ხელების დაბანას შეგვახსენებდა?!

ამავდროულად, გრძელდებოდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სულ უფრო და უფრო გვაახლოებდა დისტანციურ უსაზღვროებასა და კარჩაკეტილობასთან.

განსაკუთრებული განხილვა გამოიწვია ფრენების შეჩერებამ, როცა საქართველოს ბაზრიდან ბიუჯეტური ავიაკომპანიების შესაძლო გასვლაზე დაიწყო საუბარი. მოგზაურობის უფლება უპირობოდ შეგვეზღუდა არამხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ქვეყნების მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო პრობლემა.

პანდემიისას ქვეყენაში ფრენების უფლება მხოლოდ საქართველოს ავიახაზებს ჰქონდა, რომელიც სამთავრობო რეისებს ასრულებდა მოქალაქეების დასაბრუნებლად. ბილეთის ფასი 199 ევრო იყო, რაც ასევე კრიტიკის საფუძველი გახდა, რადგან მანამდე ბიუჯეტური ავიაკომპანიები უფრო იაფად დაფრინავდნენ. გარდა ამისა, გაჩნდა კითხვები ბიუჯეტური ავიაკომპანიების ბაზრიდან სავარაუდო გასვლის შესახებ.

ონლაინ სწავლება და განათლების კრიზისი

კორონავირუსის პანდემიამ კვალი დატოვა არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ განათლების სფეროზეც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები და უნივერსიტეტები სწავლების დისტანციურ მოდელზე გადავიდნენ და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საკმაოდ წარმატებულადაც, რჩება პრობლემები, როგორც ინტერნეტისა და ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, სწავლის საფასურის გადახდაზე, რადგან სტუნდეტები პანდემიის პირობებში დასაქმებას ვეღარ ახერხებდნენ.

სწავლის დაწყებაზე, როგორც სკოლებში, ასევე, უნივერსიტეტებსა და ბაღებში რამდენჯერმე გადაიდო. იყო შემთხვევები, როცა სკოლები გაიხსნა, მაგრამ ინფიცირების შემთხვევების გამო ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

დისტანციურმა სწავლებამ და ბაღების დახურვამ პრობლემა შეუქმნა არამხოლოდ განათლების ხარისხს, არამედ მშობლების სამუშაო ადგილებსაც, რადგან სახლში დარჩენილი ბავშვების პირობებში, ძიძისთვის საჭირო სახსრების არარსებობის გამო, მუშაობა ყველამ ვერ შეძლო.

ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებული რეგიონებში

თითქოს სიტუაცია საკმარისად რთული არ იყო, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო გაართულა. 14 მარტს დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში შესასვლელი ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა და მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა. რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ პენსიის აღებას, შეზღუდული ჰქონდათ წვდომა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე და ვერ ნახულობდნენ ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს.

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა შეისწავლა, რა ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მედია კორონავირუსის პანდემიის შესახებ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დიდი დრო დაეთმო საქართველოს, ამერიკისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, იქ მედია საქართველოსა და განსაკუთრებით გალის რაიონს, რომელიც უმეტესად ეთნიკურად ქართველებით არის დასახლებული, ვირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ წარმოაჩენდა და არ ავრცელებდა ინფორმაციას იმ დახმარების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ არაერთხელ შესთავაზა.

ჰუმანიტარული კრიზისი იყო ოკუპირებულ ცხინვალშიც. სადაც ადგილობრივები ჯანდაცვის სფეროს პრობლემებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობდნენ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა იმის გამო, რომ საოკუპაციო რეჟიმმა მათ თბილისში სამკურნალოდ ჩასვლის უფლება არ მისცა.

საოკუპაციო რეჟიმმა, ყველა სხვა შეზღუდვასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ხმის უფლებაც წაართვა. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს.

18 აგვისტოს NGO-ებმა ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. პასუხად შერიგების სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება იმაზე, თუ რა გააკეთეს ოკუპირებული რეგიონებისთვის.

სამწუხაროდ უცნობია, რამდენი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით ოკუპირებულ რეგიონებში, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას იქ კონტროლი არ აქვს. ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება დღემდე მხოლოდ დე ფაქტო უწყებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი, რომელთა სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სამი მუშკეტერის "დაბადება"

სანამ ინფიცირებულებს და შეზღუდვებს განვიხილავთ, არ უნდა გამოგვრჩეს, როგორ დაიბადა ჩვენ თვალწინ "სამი მუშკეტერი" — ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. ვინ აღარ აქებდა და ადიდებდა მათ — დაწყებული რიგითი მოქალაქეებიდან, დასრულებული სამთავრობო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებით.

შეჰყურებდნენ უდიდესი იმედით, ასხამდნენ ხოტბას, უძღვნიდნენ ნახატებსა და ფოტოებს, ეთერებში უხსნიდნენ სიყვარულს და მადლობებში ახრჩობდნენ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს რეალობა შეიცვალა, რასაც ქვევით დეტალურად განვიხილავთ.

ფოტო: ზაალ სულაკაური

სადაც სამ მუშკეტერზე ვსაუბრობთ, იქ "დარტანიანსაც" ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ. მართალია, საზოგადოებას, რომელმაც 3 ექიმი ასე შეამკო, ამაზე არ უფიქრია, სამაგიეროდ, იფიქრა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და ამ როლზე იმჟამინდელი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია შემოგვთავაზა, რომელსაც სხვადასხვა დროს აქტიურად აქებდა.

გახარია, რომელსაც 20 ივნისისა და სხვა გახამურებელი საქმეების გამო ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ, მალე "ოცნების" ყველაზე მაღალრეიტინგული მინისტრი გახდა და კარგ კრიზისმენეჯერად შეფასდა. ამას საზოგადოების ნაწილი არც მაშინ და არც ახლა ეთანხმებოდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

და ბოლოს, სადაც პანდემიისას გაპოპულარებულ ხახლზე ვსაუბრბოთ, უნდა ვახსენოთ, რომ საზოგადოებაში უპირობოდ შეყვარებულ ექიმებს შორის საპატიო ადგილს იკავებდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანიც. მას ათასგვარი კნინობითი და მოფერებითი ფორმით მიმართავდნენ და პირდაპირ ეთერში "სიყვარულის ნიშნად" ჩქმეტდნენ კიდეც. რატიანი ყველაზე მძიმე პაციენტებთან მუშაობდა და საკმაოდ ხშირად გვამცნობდა მათი გამოჯანმრთელების შესახებ, რაც მის მიმართ სიმპატიებს კიდევ უფრო აღრმავებდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დაუმორჩილებლობა სახელითა უფლისათა

როგორც მათი წინა საქმინობებიდან გამომდინარე იყო მოსალოდნელი, მარტის დასაწყისში პრობლემური გახდა ეკლესია. კერძოდ, სააღდგომოდ ხალხმრავალი შეკრებისა და ერთი კოვზით ზიარების საკითხი, რაც ეპიდემიოლოგის შეფასებით, ეპიდაფეთქების საფრთხეს შეიცავდა. როგორც სჩვევიათ, სასულიერო პირებმა თავიდანვე კატეგორიული უარი თქვეს ამ რეკომენდაციის შესრულებაზე და ხმამაღალი განცხადებების კასკადი დაიწყო.

ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან

მეუფე ნიკოლოზი

სანამ მართლმადიდებელი მაღალიერარქები ეკრანიდან თითს იქნევდნენ, სხვა კონფესიებმა ზიარების წესი შეცვალეს. სინოდის წევრები კი პოზიციებს არ თმობდნენ და ხან იმას გვიმტკიცებდნენ, რომ "კორონა-მორონა და ვირ-ეშმაკობა" არ არსებობს, ხან იმას ღაღადებდნენ, რომ ტაძარს განიავება არ სჭირდება და სააღდგომოდ მისი დაკეტვა გამორიცხულია.

ამ დროს რბილ ტონს ინარჩუნებდნენ ხელისუფლება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.

არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული

ამირან გამყრელიძე

ეკლესია ამტკიცებდა, რომ წესებსა და რეკომენდაციებს კარგად იცავეს. ამის საილუსტრაციოდ კი ეკლესიაში დისტანცირებულად მდგომი მრევლის ფოტოები მოჰყავდა. ამტკიცებდნენ იმასაც, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა აღელვებთ, ალბათ ამიტომ, მათ "დასაცავად" თბილისში ჯიპებით, პიკაპებითა და ლოცვებით ჩამოიარეს და ქუჩები აკურთხეს.

მადლიერების ტაში და ახალი სლოგანი — "დარჩი სახლში"

18 მარტს, საღამოს ცხრა საათზე, საქართველოში ყველა საცხოვრებელი კორპუსი ხმაურმა მოიცვა. მადლიერების ნიშნად ათასობით ადამიანი ფანჯრებიდან და აივნებიდან ტაშს უკრავდა ექიმებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ებროდნენ და ყოველდღიურად ზრუნავდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ეს ტრადიცია თავდაპირველად იმ ქვეყნებში გაჩნდა, სადაც ეპიდაფეთქების გამო მოსახლეობა იზოლაციაში აღმოჩნდა. მალე იზოლაცია ნაცნობი მოვლენა გახდა ჩვენთვისაც.

მთავრობამ და NCDC-მ რეკომენდაცია გასცეს, რომ მოსახლეობა, აუცილებლობის გარეშე, გარეთ არ გამოსულიყო და სახლში დარჩენილიყო. სხვადასხვა საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი ავრცელებდა ფოტოებს მსგავსი წარწერებით, რომ მოსახლეობისთვის თვითიზოლაციაში ყოფნის აუცილებლობა შეეხსენებინა.

ფოტო: ინფექციური საავადმყოფო

19 მარტს ამ აქციას შეუერთდა ჯანდაცვის მინისტრიც და სამთავრობო ტრიბუნიდან მოგვმართა: "დარჩით სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის".

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აღსრულება ასეთივე არ იყო. ვრცელდებოდა ინფორმაციები იმაზე, რომ ინფიცირებული ან მათთან კონტაქტში მყოფი პირები სხვადასხვა დროს დადიოდნენ რიტუალურ ღონისძიებებზე — ქორწილებში, ქელეხებსა და წლისთავებზე.

"ძალიან მოდური" და "საიმედო" პირბადეები

პირბადეების დეფიციტს ქართულმა ბაზარმა მალევე უპასუხა და შეიქმნა ასეულობით სხვადასხვა ფორმის, ფერისა და დიზაინის პირბადე. თუმცა აქ მათ დეტალურად არ განვიხილავთ.

"ხვალ უკვე ვიწყებთ, პრაქტიკულად, პირბადეების დამზადებას საქართველოში", — თქვა ნათია თურნავამ 18 მარტს, როცა ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი იყო. 3 აპრილს კი გვამცნო, რომ ქართული პირბადეების პირველი პარტია უკვე მომდევნო კვირიდან გაიყიდებოდა.

მათი შეძენა აფთიაქებში 50 თეთრად იყო შესაძლებელი და ერთჯერადად მხოლოდ 3 ცალის ყიდვა იყო ნებადართული.

მარლისგან დამზადებული მრავალშრიანი პირბადეები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და დაიწუნეს, რასაც მთავრობა და პაატა იმნაძე ვერ შეეგუვნენ. NCDC-ის დირექტორის მოადგილე რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად იცავდა "პირბადის ინტერესებს" და ამტკიცებდა, რომ წლების წინ მსგავსი ნიღბებით შავ ჭირს ებრძოდნენ და კორონასგან თავის დასაცავადაც გამოდგებოდა. იმასაც კი ვარაუდობდა, რომ დემნა გვასალია ქართულ პირბადეებს მოდის ტრენდად აქცევდა.

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პირბადეს მონდომებით იცავდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც და მას ყველაზე მოდურ, ლამაზ, მოხდენილ აქსესუარად მიიჩნევდა.

"ჩვენთვის ეს პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", — ამბობდა ის 10 აპრილს.

ლოქდაუნი და ისევ ეკლესია

მარტის მეორე კვირაში მხოლოდ ფრაზა "საგანგებო მდგომარეობა" გვესმოდა იმაზე ხშირად, ვიდრე კორონავირუსი ან "დარჩი სახლში". სხვადასხვა ტრიბუნიდან პოლიტიკოსები განიხილავდნენ, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მისი დაწესება — ოპოზიციის ნაწილი აუცილებლობაზე საუბრობდა, ნაწილი ამბობდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება, რადგან ეკონომიკას გაანადგურებდა.

ამავე პერიოდში დაწესდა არაერთი შეზღუდვა, რომელიც უფრო და უფრო გვაახლოვებდა საგანგებო მდგომარეობას. თუმცა, მაშინდელი პრემიერი 17 მარტს გვიმტკიცებდა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

როგორც ჩანს, 3 დღეში გადაიფიქრეს, რადგან 21 მარტს მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს მიმართა. აგვიკრძალეს 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, დარღვევებისთვის დაგვიწესეს ჯარიმა, თუმცა დროებით გადავურჩით კომენდანტის საათს.

ამ დროს ქვეყანაში 48 ინფიცირებული გვყავდა. შეზღუდვების გამო ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო.

საგანგებო მდგომარეობის დაწესებისას გახარია დარწმუნებული იყო, რომ ეკლესიასთან პრობლემები არ შეექმნებოდათ, მაგრამ ვაი, რომ ცდებოდა.

პარალელურად, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ 10 კაცზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვა ეხებოდა ეკლესიას, საპატრიარქოს პრესსპიკერის მტკიცებით კი, პრემიერმა მათ განუმარტა, რომ ეს შეზღუდვა "ბუკვალურად" არ გაეგოთ". შეზღუდვების დარღვევასთან ერთად გრძელდებოდა სასულიერო პირების დაუმორჩილებელი რიტორიკა:

სასულიერო პირების დაცვა პაატა იმნაძემ გადაწყვიტა — "მეჩვენება, რომ რაღაც უბრალოდ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში", — ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას ეკლესიის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებსა და მათ შესრულებაზე.

26 მარტს გავიგეთ, რომ საპატრიარქოს პრევენციული ღონისძიებები ვირუსის წინააღმდეგ მხოლოდ ჯიპებსა და პიკაპებზე როდი ჩერდება — მეუფე იაკობმა, თბილისს ხატით გადაუფრინა და ქვეყანა დალოცა.

ფოტო: Facebook / საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი

ფოტო: Facebook / საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი

პირველი საკარანტინე ზონები ქვეყანაში და კომუნიკაციის დეფიციტი მოქალაქეებთან

22 მარტს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, ერთ-ერთი მარნეულში იყო. კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც ხალხმრავალ სარიტუალო შეკრებას ესწრებოდა. მისი ინფიცირების წყარო იმ ეტაპზე უცნობი იყო. ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ფოტო: შსს

ამ ორ რაიონში შეიზღუდა შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველა ობიექტი, საკვებისა და აფთიაქების გარდა. რეგიონებში შემავალ და გამომავალ სპეციალური საშვის მქონე მანქანებს უტარდებოდა დეზინფექცია.

აღმოჩნდა, რომ რეგიონებს, რომლებშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია პრევენციულ ღონისძიებებზე, რადგან სამთავრობო ბრიფინგები და რეკომენდაციები მხოლოდ ქართულ ენაზე ვრცელდებოდა. ამიტომ შეზღუდვებს რამდენჯერმე მოჰყვა პროტესტი.

მოგვიანებით სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი რეკომენდაციები გამოქვეყნდა StopCov.ge-ზეც, რომელიც სამთავრობო პორტალია.

მარნეულის ამბავი უყურადღებოდ არც ეკლესიას დაუტოვებია. ვირუსთან ბრძოლა აქაც ისე დაიწყეს, როგორც სხვაგან — ქუჩების კურთხევით.

საყოველთაო კარანტინი — დაცარიელებული ქუჩები და ცხოვრება ფანჯრებთან

"არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ 29 მარტს და გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. მეორე დღეს, 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

ამ დღეს, პირველად, ვირუსით ინფიცირების საერთო მაჩვენებელი სამნიშნა გახდა — ანუ ერთ თვეში ქვეყანაში 100 შემთხვევა დაფიქსირდა.

კარანტინი იმდენად ბევრ შეზღუდვას ითვალისწინებდა, რომ ჩამოთვლის ნაცვლად, უფრო მარტივად გაგახსენებთ, თუ გეტყვით, რომ თბილისის ქუჩები დაცარიელდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან, ისევე, როგორც ხალხისგან, რადგან 3-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება ავტომატურად 3 000-ლარიანი ჯარიმის მიღებას გულისხმობდა. ისევე, როგორც საღამოს ცხრა საათის შემდეგ დილის ექვსამდე გარეთ გამოსვლა, რადგან კომენდანტის საათი მოქმედებდა.

წერეთლის გამზირი

წერეთლის გამზირი

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ალბათ, გახსოვთ როგორ ვიდექით მაღაზიებისა და აფთიაქების დისტანციურ რიგებში, სანამ ვინმე გამოვიდოდა, რადგან რეგულაციით ბევრი ადამიანის ერთ შენობაში ყოფნა აკრძალული იყო. ისიც გემახსოვრებათ, რა ხდებოდა მაღაზიებთან რვა საათისთვის, როცა სამსახურიდან გამოსული ხალხი ცდილობდა კომენდანტის ამოქმედებამდე სურსათის შეძენა შეეძლო.

ამ დროს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით ან პირადი მანქანით შეგვეძლო და ისიც მხოლოდ უკანა სავარძლებზე. წინ ჯდომა მთავრობამ საფრთხისშემცველად მიიჩნია. აკრძალვა ეხებოდა არასრულწლოვანებსაც. ანუ თუ მშობლები მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გამოიძახებდნენ ტაქსს, სამივე ერთად ვერ იმგზავრებდა, რადგან ერთი ადგილი მძღოლს ეკუთვნოდა.

შეზღუდული გვქონდა ონლაინ ვაჭრობაც და ეს იმდენად სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდათ, რომ გახარია გაკვირვებულიც კი იყო, რატომ გააპროტესტა მოსახლეობამ და როგორ ვერ გაძლებდნენ ისინი 2 კვირა მუსიკალური პლეიერის გარეშე. საბედნიეროდ, ეს შეზღუდვა მალევე მოიხსნა და ფანჯრების ამარა დარჩენილმა მოსახლეობამ პლეიერების და სხვა საჭირო ნივთების გამოწერა შეძლო.

კარანტინთან ერთად დაანონსდა სამთავრობო ცხელი ხაზი 144, სადაც ერთდროულად საშვის, ტესტირების, ოჯახის ექიმის საკითხების გარკვევა იყო შესაძლებელი მაშინ, როცა არ ჭედავდა და მოქალაქე დაკავშირებას ახერხებდა.

მსგავსი მკაცრი შეზღუდვების საჭიროებაზე ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებასა და ოპოზიციაში, თუმცა მაშინდელ პრემიერს არ დაუმალავს და გულახდილად გვითხრა, რომ ამ ფორმით ცდილობდნენ აღდგომამდე სიტუაციის მოგვარებას, რომ მრევლისა და ეკლესიისთვის "დისკომფორტი არ შეექმნათ".

17 აპრილს შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა და პირადი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებაც აიკრძალა. დაშვებული იყო მხოლოდ ველოსიპედის, მოპედისა და მოტოციკლის გამოყენება.

შეზღუდვების მოხსნა მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო — თავდაპირველად ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვა, შემდეგ მარნეულში კარანტინი, საბოლოოდ კი ყველა აკრძალვა 23 მაისს მოიხსნა. პრემიერმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს აღარ მიმართავდნენ, თუმცა სჭირდებოდათ შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება ამის გარეშე. ამიტომ მთავრობამ შეიმუშავა და პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მათ ამ უფლებას აძლევდა. კანონპროექტს დიდი კრიტიკა მოყვა და არასამთავრობოები მას უარყოფითად აფასებდნენ, თუმცა დღემდე არსებული შეზღუდვები, სწორედ ამ კანონის ფარგლებში წესდება.

სინოდის განჩინება და აღდგომა

"მორწმუნეების დევნით" შეშფოთებიდან 2 კვირაში, აღდგომის მოახლოებასთან ერთად, 6 აპრილს პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ემოციური მიმართვით გამოვიდა და მრევლს სთხოვდა დედა ეკლესია დაეცვათ: "დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამარტო ამ ვირუსისაგან, არამედ სხვა ვირუსებისაგანაც, დავიცვათ ეკლესია. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში".

როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ერთი კოვზის გამოყენებით, თუ იქნება ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში, აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს

თენგიზ ცერცვაძე 5 აპრილს

ვინ აღარ მიმართა, ვინ აღარ გააკრიტიკა და ვინ აღარ სთხოვა, მაგრამ საპატრიარქომ შეუვალი პოზიცია არ დათმო და განაცხადა, რომ ეკლესიები ვერ დაიკეტება და ვერც სასულიერო პირები იქნებიან ტაძარში მარტო. არადა, მთავრობის წევრები აცხადებდნენ შეზღუდვა ყველას ეხება, მათ შორის ეკლესიასაცო, მაგრამ ბოლოს პოზიციები მაინც დათმეს და საპატრიარქოს პრივილეგია მიანიჭეს.

მაია ცქიტიშვილი 3 აპრილს: "შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. შეზღუდვები არის გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს რეგულაციები, რომელიც არის დადგენილი, მოქმედებს ყველაზე".

გიორგი გახარია 14 აპრილს: "არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიის მოწოდება".

საპატრიარქო 17 აპრილს: "მთავრობასთან გაირკვა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ გვეხება"

კრიტიკისა და "საეკლესიო კლასტერის" მოლოდინის ფონზე, ბზობამ და სააღდგომო ლიტურგიამ კანონდარღვევით, ხალხმრავლობაში ჩაიარა. რამდენიმე თვეში სასულიერო პირები ნიშნისმოგებით ამბობდნენ, რომ კრიტიკოსებს იმედი გაუცრუვდათ და ეკლესიიდან ვირუსი არ გავრცელებულა.

სანამ საპატრიარქო პრივილეგიებით სარგებლობდა, მთავრობა მკაცრად აღასრულებდა კანონს რიგითი მოქალაქეების მიმართ — აჯარიმებდა ბზობაზე ეკლესიის გვერდით მყოფ ტიტების გამყიდველებს და კომენდანტის საათისას ქუჩაში მყოფ უსახლკაროებს.

პიკი, პირველი ტალღა, მეორე ტალღა, მესამე ტალღა და დაუსრულებელი "2-3 კვირა"

ზევით მობეზრებული სიტყვები და ფრაზები ვახსენეთ და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ "პიკი" და "2-3 კვირა" ღირსეულად დაიკავებდა ადგილს ყელში ამოსული ფრაზების ხუთეულში. ძალიან დიდი ხანი ვისმენდით თეორიებს, როდის დადგებოდა ვირუსის გავრცელების პიკი, დადგებოდა თუ არა საერთოდ, როგორ გადავიტანდით მას. ასევე, დიდი ხანი ველოდით, როდის გავიდოდა ის დაწყევლილი "2-3 კვირა", რომლის შემდეგ დადგებოდა პიკი, გვექნებოდა ტესტები, ან ზუსტი პასუხები ეპიდვითარებაზე.

ამ ამბებით თავს დიდად არ შეგაწყენთ და მხოლოდ რამდენიმე ციტატას გაგახსენებთ, რომლებიც მოგონებებსაც აგიშლით და იმასაც კარგად გაგახსენებთ, როგორ გაიტრენდა ეს ფრაზები.

2-3 კვირა

გიორგი გახარია 14 აპრილს: "უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ".

ირაკლი ჩიქოვანი 21 აპრილს: "სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი 2-დან 3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში".

ამირან გამყრელიძე 5 მაისს:
"მე ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს, აი, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო".

თენგიზ ცერცვაძე 7 ოქტომბერს: "სავარაუდოდ, 2-3 კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში, ალბათ, პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ — რემდესივირს".

პიკი

თამარ გაბუნია 24 მარტს: "მე-7, მე-8 კვირის პიკი, დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება, არც არასდროს მივიღოთ ეს პიკი".

პაატა იმნაძე 26 მარტს:
"როცა დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს".

პაატა იმნაძე 26 აპრილს: "საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ წესით პიკში ვართ".

პაატა იმნაძე 19 ოქტომბერს: "სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება პიკური შემთხვევების რაოდენობა".

ეკატერინე ტიკარაძე 21 იანვარს: "დიახ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ჩვენ პიკი გადავიარეთ. თუმცა, ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საფუძველს".

ტალღები

პაატა იმნაძე 19 ოქტომბერს: "ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მსოფლიოში გაზაფხულზე იყო".

ეკატერინე ტიკარაძე 23 ნოემბერს: "საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა გამორიცხული არაა".

ეკატერინე ტიკარაძე 2021 წლის 13 იანვარს: "სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან".

სწრაფი ტესტების "პოლიტიკური კეკლუცობა"

მარტის შუა რიცხვებიდან ეპიდვითარებამ ქვეყანაში ახალი ტრენდული თემა წამოწია — კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტები. იმ დროისთვის ქვეყანაში ტესტირება ე.წ. ოქროს სტანდარტით, PCR ტესტებით მიმდინარეობდა, თუმცა დიაგნოსტირების დაჩქარებისთვის ანტიგენისა და ანტისხეულის სწრაფი ტესტების შემოტანა განიხილებოდა, რაც ქვეყანას ჩაკეტვას აარიდებდა.

ხელისუფლება, ოპოზიცია და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუდმივად ამაზე საუბრობდნენ, თუმცა, პოლიტიკური განცხადებებიდან საკმარისი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. სწრაფ ტესტებზე ვიცოდით ის, რომ "პოლიტიკური კეკლუცობის საგანია", "პანაცეა არ არის" და ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის მშვიდი საუბრის ტონს ცვლის. "ანტიგენი" და "ანტისხეული" კი ბევრისთვის ისევ უცხო სიტყვებად დარჩა.

18 მარტს მივიღეთ პირველი დაპირება ჯანდაცვის მინისტრისგან იმაზე, რომ ქვეყანას სწრაფი ტესტები ექნებოდა. 19 მარტს მანვე თქვა, რომ სამედიცინო ბაზარზე ტესტების მიმწოდებელი ბევრი კომპანიაა და "შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ". მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვთ "გამარტივების გზით" წასვლის უფლებაც და სურთ ტესტების ხარისხი შეამოწმონ. სახელმწიფო მოლაპარაკებებით მიღებული ტესტების ხარისხიანობას უსვამდა ხაზს პაატა იმნაძეც.

ხარისხის შესახებ საუბრობდა ხელისუფლება მანამ, სანამ საერთაშორისო გამოცემებმა არ დაწერეს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტებიც დეფექტის გამო ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწუნეს. კომპანიამ ტესტების აღნიშნული პარტია მთელი მსოფლიოდან უკან გაიწვია.

ფოტო: ED JONES / AGENCE FRANCE-PRESSE / GETTY IMAGES

ეს საკითხი კიდევ ერთი პოლიტიკური დრამის მიზეზი გახდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა ნამდვილი დრამა მაშინ დაიდგა, როცა ტესტებზე დასმული კითხვების პასუხად პაატა იმნაძემ და ამირან გამყრელიძემ პირდაპირ ეთერში ხმას აუწიეს. მაგალითად, გაბრაზებულმა პაატა იმნაძემ თქვა, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და მოუწოდა მათ თავი დაენებებინათ მისთვის, "სანამ ალაპარაკდებოდა".

მომდევნო დღეებში კითხვამ, იყო თუ არა ტესტების დახარვეზების მიზეზი არაჯანსაღი კომერციული ინტერესი, გამყრელიძე აღაშფოთა და თქვა, რომ კონტრაქტი ფორსმაჟორში გაფორმდა. მანვე აღნიშნა, რომ ცდილობენ მსგავსი განცხადებებითა და კითხვებით პოლიტიკაში ჩაითრიონ და ქვეყანაში ეპიდემიის სამართავად მართლა ყველაფერი კეთდება.

"გვექნება-მეთქი, გეუბნებით!" — წარმოთქვა აღელვებულმა და ასე დაასრულა სწრაფ ტესტებზე საუბარი.

საბოლოოდ, ქვეყანაში სწრაფი ტესტები მარტის ბოლოს შემოვიდა.

StopCov — ვებგვერდი, ფონდი და აპლიკაცია

3 მარტს შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი Stopcov.ge, სადაც თავდაპირველად ქვეყნდებოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მოგვიანებით კი, ამ პლატფორმამ ჩაანაცვლა მარინა ეზუგბაიას, ლევან რატიანისა და სხვების ყოველდღური ბრიფინგები — ინფიცირებულთა რაოდენობის გამოქვეყნება დაიწყო.

მარტის შუა რიცხვებში ხელისუფლებამ StopCov ფონდი შექმნა, რომელზეც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხა გროვდებოდა. ქველმოქმედების მიზნით ფონდში თანხას რიცხავდნენ ბიზნესმენები, სხვადასხვა კომპანია, მოქალაქეები. თუმცა, ყველაზე ხმაურიანი გადარიცხვის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყო, არამხოლოდ იმიტომ, რომ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, იმიტომაც, რომ ქართულმა ოცნებამ ამას ქება-დიდების კორიანტელი მიუძღვნა. ბოლო მონაცემებით, ფონდში ჩარიცხულია 138 351 872 ლარი.

თუმცა ამდენი საუბარი ივანიშვილზე გასაკვირი არც იყო, რადგან, ამ ჩარიცხვისა და TikTok ვიდეოს გარდა, ის მთელი პანდემიისას არ გამოჩენილა. გამონაკლისი მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაუშვა.

16 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ Stop Covid აპლიკაცია წარადგინა. აპლიკაციის მიზანი იყო, მოქალაქეს სცოდნოდა, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან. ამისთვის ინფიცირებულს თავისი მონაცემები უნდა შეეყვანა. აპლიკაცია, რომლის საფასურმაც 412 116 ლარი შეადგინა, შექმნიდან 10 თვეში გაუქმდა ისე, რომ რეალური სარგებელი არ მოუტანია.

დახმარებები და ეკონომიკის სტიმულირების გეგმა

24 აპრილს გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსისა და დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანაში დაახლოებით 350 000 სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა. ამავე დღეს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებდა, რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.

საწყის ეტაპებში გაერთანებული იყო ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ მანამდე გადადგა: სესხების გადავადება, კომუნალურები და ა.შ.; მომდევნო ეტაპები კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერად ან რამდენიმეთვიან დახმარებასა და ეკონომიკის ამუშავებისთვის საჭირო ნაბიჯებს აერთიანებდა. შეღავათები შეეხო ეკონომიკურ სექტორსაც.

დახმარების მისაღებად საჭირო იყო კონკრეტული პირობების დაკმაყოფილება, რაც უამრავ თვითდასაქმებულს თანხის მიღებაში ხელს უშლიდა. ეს პროტესტის მიზეზი გახდა. კრიტიკული გამოხმაურებების შემდეგ, ხელისუფლება დახმარების მიმღებთა კატეგორიებს ეტაპობრივად ზრდიდა.

ანტიკრიზისულ გეგმა ოპოზიციამ დაიწუნა და განაცხადეს, რომ ის არჩევნებამდეა გაწერილი, რათა "ოცნებამ" შეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება. საუბრობდნენ რესურსების უშინაარსო ხარჯვაზეც და აცხადებდნენ, რომ მთავრობამ მოსახლეობა შიმშილისთვის გაწირა, როცა მკაცრი შეზღუდვები დააწესა, დახმარება კი მათი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ იყო.

ტიკარაძის თანაშემწეობიდან მოლში მაკარენას ცეკვამდე — რობოტი პეპერის "ვარდნა"

18 ივნისს ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა ჰუმანოიდი რობოტი პეპერი, რომელსაც მისი დამხმარე უწოდა.

"ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში", — განაცხადა მინისტრმა და დიდი მოლოდინებიც გააჩინა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან ქების შემდეგ კულისებში მიმავალი პეპერი სცენიდან გადავარდა.

თვეები გავიდა და პეპერი აღარ გამოჩენილა. არადა, ხალხი ელოდა, რომ მას ან საავადმყოფოებში ან საკარანტინე სივრცეებში იხილავდნენ.

23 დეკემბერს ტიკარაძემ თქვა, რომ პეპერი მართლა დამხმარე კი არა, ტელემედიცინის სიმბოლო იყო და ტყუილი მოლოდინები გვქონდა. აღნიშნა ისიც, რომ მასში სახელმწიფოს ფული არ დაუხარჯავს და კერძო კომპანიამ ჩამიყვანა.

"ეს არ გულისხმობდა, რომ რობოტ პეპერს თქვენ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი პეპერის სიმბოლო, როგორც ტელემედიცინის, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს", — განაცხადა ტიკარაძემ.

თუმცა, ტელემედიცინის სიმბოლოს ეძახდნენ თუ თანაშემწეს, პეპერმა ყველას დაუმტკიცა, რომ უსარგებლო სულად არ არის. ის სითი მოლში გამოჩნდა, სადაც მომხმარებლებს სიცხეს უსინჯავდა, ახალ წელს ულოცავდა და ოსტატურად ცეკვავდა მაკარენას.

რობოტი პეპერი

რობოტი პეპერი

ფოტო: On.ge

თავისუფალი ზაფხული, დონას კლასტერი და წინასაარჩევნო ყრილობები

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, იმდენად ჩვეულს, რომ საკურორტო ქალაქებში თითქმის აღარავინ იცავდა რეკომენდაციებს დისტანციისა და პირბადის ტარების შესახებ.

უკვე არც ხალხმრავალი შეკრებები იყო უცხო. ათასობით ადამიანი იკრიბებოდა დენდროლოგიურ პარკში, წინასაარჩევნო შეხვედრებსა და კონცერტებზე. ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ ზედმეტი თავაშვებულობა საფრთხისშემცველი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლება დუმდა.

განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს და კახეთს, სადაც უამრავი ადამიანია დასასვენებლად წასული — თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება ყველას დახურულ სივრცეში ნიღაბი, თუ არ დავიცავთ დისტანციას, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება

პაატა იმნაძე 12 აგვისტოს

დუმდა იქამდე, სანამ ხალმხრავალი შეკრებები და რეკომენდაციების დარღვევა ოპოზიციამ არ დაიწყო. ამ პერიოდიდან ისინი ხმამაღლა ამბობდნენ, რომ შესაძლოა ვირუსის აფეთქება მოხდეს და პასუხისმგებელი ამაზე პოლიტიკოსები იქნებიან.

თუმცა, არქივს თუ კარგად შევავლებთ თვალს, ვიპოვით არაერთ ფოტოს, რომელსაც მმართველი გუნდი თავადვე ავრცელებდა და სადაც ჩანს, რომ დიდად არც თავად იცავდნენ მათივე დადგენილ წესებს. ეს მოსახლეობამაც შეამჩნია და კრიტიკის ტალღის შემდეგ, "ოცნების" ღონისძიებებზე წესები გამკაცრდა.

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: გახარია / FB

ფოტო: ქართული ოცნება

წინასაარჩევნოდ უკვე ყოველდღური ინფიცირების მაჩვენებელი ათას შემთხვევაზე მეტი იყო. თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდით, იყო ცხელი ზაფხული და ბათუმში, საკონდიტრო დონას კლასტერი, რომელსაც მოჰყვა ჩაქვში, ოაზისში ექიმების კონფერენცია და ინფიცირების ახალი შემთხვევები.

ზაფხულში ტემპერატურა არამხოლოდ პოლიტიკურმა დაძაბულობამ, არამედ ცერცვაძესა და ტიკარაძეს შორის ბრალდებებმაც აწია. ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ექიმი ჯანდაცვის მინისტრს ღიად დაუპირისპირდა, სიცრუესა და თავის მართლების უსუსურ მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ტიკარაძემ უპასუხოდ დატოვა არაერთი მიმართვა ინფექციური საავადმყოფოს პრობლემების შესახებ, რაც მინისტრმა უარყო. ვრცელდებოდა ინფრომაცია ცერცვაძის შესაძლო გადადგომაზე, რაც არ დადასტურდა. მოგვიანებით, ამ განხეთქილებამ კულისებში გადაინაცვლა და ბევრი ვერაფერი გავიგეთ.

დროთა განმავლობაში უამრავმა პოლიტიკოსმა მოიხადა კორონავირუსი, როგორც სამთავრობო გუნდიდან, ასევე, ოპოზიციიდან. ინფიცირებული იყვნენ გიორგი გახარია, ამირან გამყრელიძე და თენგიც ცერცვაძეც.

"კერპების მსხვრევა"

მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან სამაგალითო ბრძოლის. [...] ამაში, ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით

ამირან გამყრელიძე 24 ივნისს

ზაფხული კიდევ ერთი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული — "კერპების მსხვრევა" დაიწყო. კერძოდ, სამი მუშკეტერი, "ჩასაჩქმეტი" ექიმი რატიანი, ეზუგბაია და ენდელაძე, ქება-დიდების შემდეგ, კრიტიკის სამიზნეები გახდნენ. ამის მიზეზი კი ის აშკარა პოლიტიკური მხარდაჭერა გახდა, რომელიც მათ მმართველი გუნდის მიმართ გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ თვეები ამტკიცებდნენ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ გვსურს და ჩვენი საქმე გვინდა ვაკეთოთო, არაერთხელ გამოჩნდნენ ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

ფოტო: ქართული ოცნება

ფოტო: გახარია / FB

ამას დაერთო ისიც, რომ ნოემბერში, პანდემიისას აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე დასმული კითხვები ექიმებმა აირიდეს და განაცხადეს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

"ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი. მე მკითხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია. რასაც თქვენ მეკითხებით, ეს პოლიტიკური კითხვაა. მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ", — განაცხადა გამყრელიძემ.

ცერცვაძემ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხში "ექსპერტად არ გამოდგება", რადგან მისი კომპეტენცია ავადმყოფების მკურნალობაა.

შეზღუდვების ახალი ტალღა

არჩევნებმა კოვიდრეგულაციების ფონზე, თუმცა ტრადიციული ხმაურით ჩაიარა. პანდემიის გამო იზოლაციაში მყოფმა პირებმა ხმის მიცემა მხოლოდ პროპორციულ სიებზე შეძლეს და ვერ მიიღეს მონაწილეობა მაჟორიტარების არჩევანში. ამან კითხვის ნიშნები გააჩინა შესაძლო გაყალბებაზე, თუმცა საბოლოოდ, სრულად არჩევნების სანდოობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს თან სდევდა ეპიდვითარების გაუარესება.

საქართველომ "ოაზისის" სტატუსი დაკარგა და ყოველდღიურად რამდენიმეათასიანი ინფიცირების ახალი შემთვევის წინაშე აღმოჩნდა. იზრდებოდა გარდაცვლილთა რიცხვიც. გვესმოდა ხშირი განცხადებები იმაზე, რომ საწოლფონდი საკმარისია, თუმცა უფრო ხშირად ვისმენდით ისტორიებს, როგორ აღმოჩნდნენ სისტემის გარეთ ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდათ. მთავრობამ სახლში და სასტუმროებში მკურნალობის სისტემაც დანერგა, თუმცა ეპიდაფეთქების დროს მაინც ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო სამედიცინო მომსახურების მიღება, თუნდაც ტელეფონით. გადატვირთული იყო და ხარვეზით მუშაობდა 112 და 144.

ნოემბრის დასაწყისში შეზღუდვების ახალი ტალღა დაანონსდა, რომელიც თებერვლამდე, პრემიერმინისტრის ცვლილებამდე გაგრძელდა.შეზღუდვებთან ერთად, განახლდა სოციალური დახმარებების პაკეტიც.

შეზღუდვები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრინციპით მსუბუქდებოდა და მკაცრდებოდა, რასაც მთავრობა სიტუაციის კონტროლით ხსნიდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია, რატომ მოიხსნა კომენდანტის საათი ახალ წელსა და შობის ღამეს, როცა ქვეყანაში მობილობის ყველაზე დიდი შანსი იყო.

2021 წლის 4 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო — აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნა ბაზრობები, რესტორნების შიდა სივრცეები, თუმცა მხოლოდ სამუშაო დღეებში და შაბათ კვირას არა. ძალაში დარჩა კომენდანტის საათიც. პრემიერმინისტრად დამტკიცების შემდეგ, შეზღუდვები შეამსუბუქა ირაკლი ღარიბაშვილმაც და ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც დაუშვა, თუმცა არც მან თქვა უარი კომენდანტის საათის შენარჩუნებაზე, რასაც პოლიტიკური პროცესებისთვის ხელისშეშლად აფასებენ.

ღვანკითიდან დაუმორჩილებლობამდე — პროტესტი შეზღუდვებს

2020 წლის 23 აპრილს კორონავირუსის გავრცელების გამო სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოფლის გახსნის მოთხოვნით კამპანია დაიწყო. ჯაფარიძე მანამდეც აპროტესტებდა იძულებით კარანტინს, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი საწყისი საპროტესტო მუხტი იყო შეზღუდვების წინააღმდეგ. შემდეგ კი აქციების რაოდენობამ იმატა:

პროტესტისა და კრიტიკის საგანი იყო ჩაკეტილი საზღვრების პირობებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული კარანტინი, როცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევდნენ. მოასხლეობა ამას დისკრიმინაციულად მიიჩნევდა, თუმცა წესები მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიცვალა.

პირველობას გვპირდებოდნენ, თუმცა...

მთელი ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტრიბუნიდან თუ ეთერიდან, გვპირდებოდნენ, რომ პირველები ვიქნებოდით საზღვრების გახსნაში, რემდესივერის ან ვაქცინის მიღებაში, ფრენების აღდგენაში და ა.შ. როცა პირობების შესრულების დრო ახლოვდებოდა, ჩნდებოდა უამრავი მიზეზი, რომლის გამოც იმედგაცრუებულნი ვადევნებდით თვალს მათ გადადებას.

თენგიზ ცერცვაძე 30 აპრილს: "არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც რემდესივირს მიიღებს".

ნათია თურნავა პირველ მაისს: "ვიქნებით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და აღდგება ტურისტების მიმოსვლა".

ეკატერინე ტიკარაძე 14 მაისს:
"თუ ეს ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, ამ ვაქცინაციის პროცესში".

სხვა შეუსრულებელი დაპირებები მარტივად გადავიტანეთ, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ვაქცინაზე. პანდემიას ქვეყანაში ერთი წელი შეუსრულდა, დადასტურებულია ჯამში 270 510 შემთხვევა, გარდაიცვალა 3 499 ადამიანი, მაგრამ დღემდე არ გვაქვს ის ერთადერთი საშუალება, რაც მოსახლეობას ვირუსის გავრცელებისგან დაიცავს — ხან თებერვლის შუა რიცხვებში დაგვპირდნენ, ხან ბოლოს, ხან მარტის დასაწყისში, შემდეგ მარტის ბოლოს და ახლა სრულ გაურკვევლობაში დაგვტოვეს. განცხადებების თანმიმდევრობა ასეთია:

მთავრობა 2 დეკემბერს: "შეიქმნა ჯგუფი, რომელიც კოვიდვაქცინის შემოტანასა და ლოჯისტიკაზე იმუშავებს".

გიორგი გახარია 30 იანვარს: "Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა".

თამარ გაბუნია 30 იანვარს: "თებერვლის შუა რიცხვებისთვის მივიღებთ Pfizer-ის ვაქცინის 29250 დოზას".

ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს: "მერწმუნეთ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მივიღოთ".

თამარ გაბუნია 26 თებერვალს: ვიდრე ავიაბილეთის თარიღი არ გვეცოდენება, აღარ დავასახელებ როდის შემოვა ვაქცინა.

თენგიზ ცერცვაძე გვიმტკიცებს, რომ ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას საერთაშორისო ბიუროკრატიის ბრალია, თუმცა ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, როდესაც ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს. არადა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 21 იანვარს გამოაქვეყნეს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, შპრიცებიც კი შემოიტანეს, თუმცა შიგნით ჩასასხმელი "ჯადოსნური სითხე" არ გვაქვს.


კორონავირუსის 1 წელი მთელი ქვეყნისთვის რთული გამოწვევა იყო. ერთია, რამდენად გაართვა ამ საკითხს თავი ხელისუფლებამ, რა როლი ითამაშა პროცესებში ოპოზიციამ, იყო თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად, მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელსაც კორონავირუსმა პირადად მიაყენა ზიანი, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ ემოციური. ათასობით ადამიანმა დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი ისე, რომ მათ დაკრძალვაზე მისვლაც ვერ შეძლო; უამრავ ადამიანს გაუუარესდა მენტალური ჯანმრთელობა იზოლაციისა თუ ვირუსის გამო; ათიათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო შეზღუდვებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო — ამ ხალხის ტკივილი ციფრებით არ ითვლება, StopCov-ზე არ ქვეყნდება და არც სამთავრობო დახმარების პროგრამით ბალანსდება. სისტემამ რამდენჯერმე სცადა მათზე თვალების დახუჭვა, თუმცა არ გამოუვიდა.

1 წლის შემდეგ, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი ჯანმრთელობის ან სოციალური კეთილდღეობის საკითხი, რადგან ვაქცინის არარსებობის გამო, არავინაა დაზღვეული ინფიცირებისგან, არც ხელახალი ჩაკეტვებისგან, რაც სამუშაო ადგილებს ისევ საფრთხეს უქმნის.

ამავე თემაზე: