კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამას მოჰყვა შესაბამისი შეზღუდვები და აკრძალვები, რომლებსაც მთავრობა ეტაპობრივად იღებს და აახლებს. ერთ-ერთი შეზღუდვა ათ ადამიანზე მეტის თავშეყრას ეხება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, საკვირაო წირვას ეკლესიებში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაესწრო, მათი ნაწილი იყო ზიარებაზეც. სხვადასხვა მედიით გავრცელებულ მასალაში ჩანდნენ მშობლები მცირეწლოვანი შვილებით და ორსულები. საპატრიარქო აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ კეთდება მათზე დიდი აქცენტი მაშინ, როცა გადაუდებელი საჭიროების დროს აფთიაქებში, სურსათის მაღაზიებში და ტრანსპორტში მეტი ადამიანია, ვიდრე ტაძარში მსახურებაზე.

ექიმების ნაწილი ცდილობს, განცხადებები შეარბილოს და "ეკლესიის საქმეებში" არ ჩაერიოს, ნაწილი კი ღიად ამბობს, რომ თვითიზოლაციისა და სახლში დარჩენის რეკომენდაცია უნდა შეასრულოს ყველამ, განურჩევლად იმისა, მრევლია ის თუ ბერი.

რატომ არის რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანი?

ამ კითხვაზე ყველა ექიმს ერთი და იგივე შინაარსის პასუხი აქვს — იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მცირდება. როცა ადამიანი იზოლირებულია და ხალხთან კონტაქტი არ აქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი არ დაავადდება. სპეციალისტების აზრით, ასე იტალიის, საფრანგეთის, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მსგავს "დიდ აფეთქებას" ავირიდებთ.

ინფექციონისტი მეგი კობახიძე On.ge-სთან საუბრისას ვირუსის გავრცელების იმ ლოგიკურ ჯაჭვს ხსნის, რომელიც რელიგიურ რიტუალებში მონაწილე ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებს და რაც საპარტიარქოსთვის გაუგებარი დარჩა.

"ზიარების დროს ხდება ერთი კოვზით პროცედურის ჩატარება. თუ ამ პროცედურაში მონაწილე ადამიანის ლორწოვანი გარსიდან ინფექცია გადავა, დაბინძურებული კოვზი უკვე სხვა ადამიანის პირის ღრუში ხვდება, რაც ვირუსის გადაცემას იწვევს. თუ ნერწყვი ან წვეთის მოხვდა სხვადასხვა საგანზე და ამ საგანს შეეხო ჯანმრთელი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის მისი ინფიცირების რისკი", — ამბობს ექიმი.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებისა და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გარშემო ქვეყნებშია, მეგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, მსგავს რიტუალებში მონაწილეობისგან საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს, ან ერთჯერადი მასალა გამოიყენოს.

იგივე აზრზეა ალერგოლოგ-იმუნლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც ამბობს, რომ თუ ბევრი ადამიანი ერთდროულად ინფიცირდება, ჯანდაცვის სისტემა მათ ადეკვატურ დახმარებას ვერ შეძლებს. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია, ყველას უარი ვუთხრათ შეხვედრაზე და სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად დავრჩეთ.

"ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, გამოცხადებულია, რომ სახლში უნდა დავრჩეთ. სოციალური დისტანცირება ვერც ერთი ღონისძიებისთვის გამონაკლისი ვერ იქნება. გთხოვთ, ერთმანეთი გავითვალისწინოთ ერთი თვე მაინც — ერი, ბერი, მრევლი, ყველას ეხება. არავითარი სიარული, არავითარი რიტუალები, აქ გამონაკლისი ვერ იქნება", — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი On.ge-სთან.

რეკომენდაციები ვრცელდება ბავშვებზეც

25 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე პატარა ინფიცირებული 2 წლის ბავშვია, ჯამში კი დაავადება 6 მცირეწლოვანს უდასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კორონავირუსის რისჯგუფად არ ითვლებიან, რეკომენდაციების დაცვა მათთვისაც აუცილებელია. მეტიც, თუ ბავშვებს უმეტეს შემთხვევებში დაავადება მსუბუქად, უსიმპტომოდ გადააქვთ, ისინი გავრცელების რისკს წარმოადგენენ.

პედიატრი თემურ მიქელაძე მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვები არა თუ 10-კაციან შეკრებებზე, ისეთ გარემოშიც კი არ მიიყვანონ, სადაც 5 ადამიანია, იქნება ეს ღია და თუ დახურული სივრცე.

"ჩვენგან მოითხოვენ ელემენტარული რაღაცას — ესაა სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა. ჯობია, ერთი თვე გავიჭირვოთ, ერთი თვე გავუძლოთ ამას, ვიდრე შემდეგ უფრო სავალალო შედეგები დადგეს. ასეთია რეკომენდაცია. გავითვალისწინებთ? დავიცავთ თავს მასობრივი გავრცელებისაგან. თუ არ დავიცავთ, დაგვემართება უფრო უარესი, ვიდრე ევროპის ქვეყნებს", — ამბობს თემურ მიქელაძე.

პედიატრ ეკა უბერის აზრით, კარანტინის პირობები, პირველ რიგში ბავშვებზე უნდა გავრცელდეს, რადგან მათ შემთხვევაში რეკომენდაციების დაცვა უფრო რთულია. მისი თქმით, ძნელია მცირეწლოვანი ბავშვის ადგილზე გაჩერება, დისტანციის დაცვა, ისინი ხშირად ითხოვენ გარეთ გასვლას და მუდმივად უნდა გაკონტროლდეს ჰიგიენა.

"მე არ შევიჭრები რელიგიურ დეტალებში, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, თუმცა სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ზიარება და სხვა რელიგიური კომპონენტები, ატრიბუტიკა, რაც ზიარების და აღდგომის დღესასწაულს ახლავს თან, მაღალი საფრთხის შემცველია", — ამბობს ის.

ექიმის აზრით, მთავრობისა და მედიკოსების ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, თუ ყველა არ გაიზიარებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის ბავშვების და გარშემომყოფების მიმართ. პედიატრების რჩევაა, რომ ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ თავშეყრის ადგილებს — მათი გასეირნება 15 წუთის განმავლობაში, დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვით შეგვიძლია, თუმცა უმჯობესია, შესაძლებლობის შემთხვევაში, გარეთ გასვლა აივანზე ყოფნით ჩანაცვლდეს.

ფრთხილად უნდა იყვნენ ორსულებიც

26 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავიურისით ორსული ქალი დაინფიცირდა. პაციენტი მარნეულში ინფიცირებული ასაკოვანი ქალის ნათესავია. ის მკურნალობას თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებს.

როგორ მოქმედებს ვირუსი ორსულებზე, რა საფრთხეს ქმნის და გადადის თუ არა ის ნაყოფზე, მეცნიერებისთვის კვლევის საგანია. ამ თემაზე დაზუსტებული პასუხი გინეკოლოგებს ჯერ არ აქვთ, თუმცა სოფო ბოჯგუა ამბობს, რომ რისკის თავიდან ასაცილებლად, ორსულებიც სახლში უნდა დარჩნენ.

მისი განმარტებით, ექიმებს 12 კვირამდე ნებისმიერი ტიპის ვირუსი, მათ შორის წამლებით მკურნალობაც კი, აშინებთ. რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან ვიზიტი აკრძალული არ არის, მაგრამ აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, უმჯობესია ონლაინ და სატელეფონო კონსულტაცია. ორსულებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ხალხმრავალი შეკრებისგან, სადაც წარმოდგენა არ გვაქვს, რომელი დაავადება ვრცელდება.

"ჩემს კლინიკაშიც კი, სადაც დაცულია ყველა წესი, სადაც ყოველ 15 წუთში ერთხელ ამუშავებენ გარემოს, შემცირებულია თანამშრომლების რაოდენობა, ამბულატორიაში ექიმები გადიან მორიგეობით, ერთ სივრცეში არ არის სამ ადამიანზე მეტი და ვიცავთ დისტანციას, ორსულ პაციენტებს ვეუბნები, რომ არ მოვიდნენ. ამ დროს, რა თქმა უნდა, რელიგიური რიტუალები და თავშეყრის ადგილები, გამორიცხულია", — გვეუბნება სოფო ბოჯგუა.

ექიმი ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეკომენდაციების დაცვა ორმხრივი პასუხისმგებლობაა და ის მხოლოდ ქალზე არ ვრცელდება.

"პარტნიორი თუ ყველგან დადის, თუნდაც წირვაზე, ლოცვაზე ან რესტორანში, მაშინ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ორსული როგორ მოიქცევა", — ამბობს სოფო ბოჯგუა.

გინეკოლოგი ორსულებს ურჩევს, რომ იზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ, უფრო მეტი გაიგონ იმ პროცესებზე, რაც მათ ორგანიზმში მიმდინარეობს, ივარჯიშონ, დაალაგონ კვების რაციონი, რომელიც შემდგომშიც გამოადგებათ და სახლში ყოფნისას წონაში მომატებისგან დააზღვევთ.

ფოტო: ctvnews.ca

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 4 346 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.

ყველა სპეციალობის ექიმი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კრიტიკული პერიოდის გადასალახად მთავარი ადამიანების თვითშეგნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საკითხს სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვაგვარად უდგება, ყველა ადამიანს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. შესაბამისად, უკეთესია ბრმად ვენდობოდეთ საკუთარ თავს, ვიდრე ინსტიტუტებს.


წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: