66 წლის რეზო (სახელი შეცვლილია), ოკუპირებული გალის რაიონიდან, არჩევნებზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და ხმის მიცემას გეგმავს. ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის გამო მას ამის საშუალება არ აქვს, ამიტომ აპირებს, გადმოიპაროს, რაც მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

რესპონდენტის ასაკს, სახელსა და სოფელს On.ge მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს. რეზო გვიყვება, რომ არჩევნებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მონაწილეობს და ძალიან დაწყდება გული, თუ წელს ამას ვერ მოახერხებს. იმის გამო, რომ ენგურის ხიდი ჩაკეტეს და მოქალაქეებს მიმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, ის 9 თვეა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ყოფილა.

"ძალიან დამწყდება გული, არჩევნებში თუ ვერ მივიღე მონაწილეობა. ვაპირებ, შემოვლითი გზით გადავიდე. მთელი ოჯახი მივდიოდით ხოლმე აქამდე. მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა", — ამბობს ის.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გარდა, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება გალის რაიონის მცხოვრებლებს თავიანთ საცხოვრებელ ადგილზეც არ აქვთ. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ქართულენოვან მოსახლეობას ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას იმ მიზეზით არ აძლევს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოს მოქალაქის აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობა სოხუმში საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.

ენგურის ხიდი

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

ნონამ და გურამმა (სახელები შეცვლილია), გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ხმა ბოლოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისცეს. მათ ყოფითი საქმეები გადადეს და საბერიოდან წალენჯიხაში თავიანთი არჩევანის დასაფიქსირებლად გაემგზავრნენ. წელს იციან, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოქტომბრის არჩევნებზე თავიანთ სამოქალაქო უფლებით ვერ ისარგებლებენ.

"გალის რაიონის უმრავლესობა მონაწილეობდა არჩევნებში. 70-80% მაინც. ყველა გადავდიოდით, შეძლებისდაგვარად, მაგრამ ახლა არჩევნებში მონაწილეობა კი არა, საჭმელსა და ტანსაცმელს ვერ ვყიდულობთ ხალხი, გზის ჩაკეტვის გამო", — გვეუბნება ნონა.

2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობა ამირანის ოჯახმა (სახელი შეცვლილია) გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან სრული შემადგენლობით მიიღო. თავიანთი არჩევანი ქალაქ ზუგდიდში დააფიქსირეს, სადაც მათი სოფლიდან მოხვედრა მანქანით სულ რაღაც 20 წუთშია შესაძლებელი. მიუხედავად მცირე მანძილისა, სხვა ადგილობრივების მსგავსად, წელს არა მარტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის, არამედ სხვა საქმეებისთვისაც ვერ ახერხებენ გადაადგილებას.

"ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის რომ იყო არჩევანი, ბევრი ხალხი გადავიდა აქედან. ჩვენც ვიყავით, რა თქმა უნდა. წელს რომ იყოს საშუალება, ახლა უფრო მეტი ადამიანი წავიდოდა, იმიტომ რომ უფრო დაძაბული არჩევნებია, როგორც ეტყობა სიტუაციას", — ამბობს ის.

ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას კი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უკვე ერთ წელზე მეტია არ შეუძლია.

71 წლის აკაკი (სახელი შეცვლილია) ახალგორიდან იხსენებს, რომ წინა არჩევნებზე ხალხი რაიონიდან აქტიურად მიდიოდა, მაგრამ წელს ყველა იმედი გადაეწურათ და მხოლოდ იმ დღეს ელოდებიან, როცა გზა გაიხსნება.

"მარშუტკით წავიდოდით, იმ დღესვე ვბრუნდებოდით უკან. კარგი იყო. ახლა პატიმრებივით ვარ გამომწყვდეულნი. ვერსად მივდივართ, რა ვქნათ, არაფრის გაკეთება შეგვიძლია და ვუძლებთ ცხოვრებას", — გვეუბნება აკაკი, რომელიც ახალგორში ცოლთან ერთად ცხოვრობს.

65 წლის მანანა (სახელი შეცვლილია) ახალგორის რაიონიდან გვიყვება, რომ მათი მთავარი ოცნება ამჟამად თავისუფალი გადაადგილების უფლებაა. მანანამ გვითხრა, რომ ჩიყვი და გულსისხლძარღვთა დაავადება აწუხებს, რისთვისაც ქართულ კლინიკებს გზის ჩაკეტვამდე ხშირად აკითხავდა, ახლა კი ერთ წელზე მეტია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მოკლებულია.

"ცხინვალში სულ რამდენჯერმე ვიქნებით ნამყოფი, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში დავდიოდით აქაურები. შვილიშვილი თბილისში მყავს მე პირადად. სულ უარესობისკენ მიდის ჩვენი ცხოვრება და არ ვიცი როდემდე გავძლებთ ასე. გვენატრება ახლობლები.

მარშუტკით წავიდოდით, იმ დღესვე ვბრუნდებოდით უკან. კარგი იყო. ახლა პატიმრებივით ვარ გამომწყვდეულნი.

არჩევნების დღეს ახალგაზრდები იპარებოდნენ ხოლმე ზოგჯერ თუ საბუთი არ ჰქონდათ ან დაკეტილი იყო "საზღვარი", ახლა არ ვიცი როგორ იქნება", — ამბობს ახალგორის რაიონში მცხოვრები ქალი.

ახალგორელი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, არჩევნებზე თვითონაც აუცილებლად წავიდოდა. სამოქალაქო აქტივისტი On.ge-სთან ყვება, რომ თავისუფალი გადაადგილების პირობებში ადგილობრივები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხით სავსე არაერთი მიკროავტობუსი წავიდა აქედან. სულ დადიოდნენ. საბუთების არქონის გამო, მე ვერ ვმონაწილეობდი. აქაურები ამბობდნენ: ვაი, თუ ოსებმა არჩევნების დღეს ჩაგვიკეტონ გზები და მოდი, წინა დღეს წავიდეთო... და წინა დღეს გადადიოდნენ ხოლმე, რათა თადარიგი დაეჭირათ", — გვიყვება თამარ მეარაყიშვილი.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკის კომიტეტის თანახმად, აფხაზეთში 2019 წლის მონაცემებით, 46 905 ქართველი ცხოვრობს, აქედან 30 268 მხოლოდ გალის რაიონში.

ამ მონაცემებით, ქართველები რეგიონში, აფხაზების შემდეგ, რაოდენობით მეორე ადგილზე არიან. მესამეზე — სომხები, 41 870 მცხოვრებით, მეოთხეზე კი, რუსები, 22 468 ადამიანით. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 245 424 პირი ცხოვრობს.

ცხინვალის რეგიონზე მონაცემები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე არ იძებნება. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ ახალგორის რაიონში ამჟამად, დაახლოებით, 1 300-მდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილი რთული პირობების გამო, ახალგორის რაიონს მოსახლეობა წითელი ჯვრისა და სხვა გზების გამოყენებით ტოვებს.

ბოლო პერიოდში ახალგორის მოსახლეობისგან დაცლაზე საუბრობენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტშიც (DRI), სადაც კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას იკვლევენ. ორგანიზაციაში ახალგორსა და გალის რაიონის ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად რთულ სიტუაციაზე ამახვილებენ ყურადღებას და საქართველოს ხელისუფლებას მათი საარჩევნო ხმის დაცვისკენ მოუწოდებენ.

DRI-ში ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გალის მოსახლეობას არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს და ამაში საქართველოს ხელისუფლებამ მათ დახმარება უნდა აღმოუჩინოს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი On-ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოთხოვნები კარანტინზე, თუნდაც დროებით, უნდა მოიხსნას და გადასასვლელ ხიდზე, უსაფრთხოებისა და სანიტარული წესების დაცვით, საარჩევნო უბანი განთავსდეს.

არჩევნების დღეს ახალგაზრდები იპარებოდნენ ხოლმე ზოგჯერ თუ საბუთი არ ჰქონდათ ან დაკეტილი იყო "საზღვარი", ახლა არ ვიცი როგორ იქნება

"ათასობით ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დროულად გადადგას ეს ნაბიჯი, რათა კონკრეტული შედეგი იქნას მიღწეული. ახალგორში გაცილებით უფრო რთულად არის მდგომარეობა, იქ, განსხვავებით გალისგან, მოსახლეობის რაოდენობაც მცირეა, თუმცა აფხაზეთთან მიმართებით, ეს საკითხი არის ის თემა, რომელზეც აფხაზურ მხარესთან დიალოგი შესაძლებელია", — ამბობს ნანუაშვილი.

გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო ხმის უფლების დაცვაზე თბილისში არანაირი გეგმა არ აქვთ. საკითხთან დაკავშირებით On.ge თავდაპირველად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს რომ ამ თემაზე კომენტარი მათი უწყების კომპეტენცია არ არის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გადაგვამისამართეს. ამ უკანასკნელმაც იგივე გვიპასუხა და გვთხოვა, კითხვებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის მიგვემართა. ცესკოშიც კი გვითხრეს, რომ აღნიშნული თემა მათ უფლებამოსილებას სცდება.

არჩევნებამდე

არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გარდა, ახალგორსა და გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს სხვა პრობლემებიც აწუხებთ: მათ არ აქვთ ხარისხიან სამედიცინო სერვისთან წვდომა, ადგილზე ორმაგ ფასად უწევთ მედიკამენტების, საკვებისა და სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნების ყიდვა, არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ საავადმყოფოში უახლოესი ნათესავები, ენატრებათ ახლობლები, რომლებიც თითქმის ერთი წელია არ უნახავთ.

თუკი აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი პანდემიის მიზეზით არის დაკეტილი, ახალგორის რაიონის შემთხვევაში მიზეზი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებაა. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ გადასასვლელ პუნქტს მანამ არ გახსნიან, სანამ საქართველოს ხელისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან აგვისტოს ბოლოდან განთავსებულ პოლიციის საგუშაგოს არ აიღებს.

ჩორჩანასთან არსებული საგუშაგო ქართული მხარისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამ კუთხით დათმობაზე წასვლას არც თბილისი გეგმავს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტი იანვარში, 10 დღით, მხოლოდ პენსიონერებისთვის გახსნა.

თამარ მეარაყიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ ქართულ პენსიებზე დამოკიდებულ მოსახლეობისთვის, ოსურმა მხარემ პასპორტები გასცა და პენსია, დაახლოებით, 300 ლარამდე დაუნიშნა. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ბიბილოვის ეს გადაწყვეტილება 200-მდე პენსიონერს გასული წლის დეკემბრიდან შეეხო.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით კი, 16 ოქტომბრიდან, კვირაში 3 დღე, გალის რაიონში მცხოვრები პენსიონერებისთვის ენგურის ხიდი გაიხსნა, სადაც მათ იქვე განთავსებულ ლიბერთი ბანკის ავტომობილიდან თანხის აღება შეუძლიათ. ხიდზე მათ მხოლოდ პენსიის აღების მიზნით ატარებენ და ქალაქ ზუგდიდში ან იქვე არსებულ მაღაზიებში რამის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.

SOS — წარწერა გალის ცენტრალურ ქუჩაზე

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

ადგილობრივები On.ge-სთან ამბობენ, რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

"აქ არსებულ სიტუაციაზე მინდა გთხოვოთ, მიაწვდინოთ ხმა, რომ იქნებ, ერთი კვირით მაინც გახსნან გზა. ელემენტარული საჭიროების ნივთები რომ იყიდოს ხალხმა, თორემ ძალიან გვიჭირს უკვე. ძალიან ცუდ დღეში ვართ. პენსიონერებისთვის კი გახსნეს გზა სამი დღით, მაგრამ მარტო თანხის აღების ნებას აძლევენ და ფული რად გვინდა, თუ ვერაფერი ვიყიდეთ", — ამბობს გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 66 წლის რეზო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარულ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებენ. უჩა ნანუაშვილის თქმით, Covid-19-ის შედეგად ადგილობრივების უფლებრივი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და კორონავირუსის გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვამ მათ დამატებითი პრობლემები შეუქმნა.