საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 43 დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 48, გარდაცვლილი — 3.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის ეტაპობრივად დაწესდა შეზღუდვები სოციალურ აქტივობებზე: ჯერ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შემდეგ ორ რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში "ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი".

რეკომენდაციების შესრულებამ და აკრძალვებმა ეპიდემიის გავრცელება შეანელა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წესებს ერიც არღვევდა და ბერიც, შიდა გავრცელების რისკი ვერ აღმოიფხვრა. სწორედ ამ დროს გაჩნდა სწრაფი ტესტების საჭიროება და პოლიტიკური დაპირისპირებაც დაიწყო.

მაგრამ, სანამ იმის განხილვას დავიწყებთ, რა გვითხრეს პოლიტიკოსებმა, მთავარი ამბავი უნდა გავიგოთ.

როგორ ხდება კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა არის სწრაფი ტესტი

კორონავირუსის დიაგნოსტიკა რამდენიმე სახეობის ტესტით ხდება, თუმცა ყველაზე აქტიურად მსოფლიოში სამი მათგანი გამოიყენება: მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული PCR ტესტი, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი. საქართველოშიც ეს სამია ყველაზე განხილვადი.

PCR ტესტს "სპეციფიური მგრძნობელობის" გამო ოქროს სტანდარტად მოიხსენიებენ. მის ჩასატარებლად ძირითადად იღებენ ნაცხს ცხვირ-ხახიდან (სპეციალური ჩვენებით შესაძლებელია სხვა მასალის გამოყენებაც) და ლაბორატორიული კვლევას ატარებენ, რომლის დრო 1,5 საათიდან 48 საათამდე მერყეობს. PCR ტესტებზე ცრუ დადებითი შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება, თუმცა ტესტირების მხოლოდ ერთხელ ჩატარება 100-პროცენტიან გარანტიას არ იძლევა და გადასამოწმებლად 24 საათის განმავლობაში ხელახლა ატარებენ.

სწორედ ამ ტესტს უწევს რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამ ტესტებით დაიწყო საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირება ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში, შემდეგ კი სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო კლინიკაში.

ფოტო: Aaron Lavinsky/Star Tribune via Getty Images

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ტესტით დიაგნოზს სვამენ დაავადების დასაწყისში, პირველივე დღეს ან ინკუბაციური პერიოდის ბოლოს და მას ყველაზე სანდო პასუხი აქვს.

ამ საკითხზე განსხვავებული მიდგომა აქვთ ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც კორონავირუსის კვლევის ცენტრია შექმნილი. ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაშინგტონის ბიუროს ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე განმარტავს, რომ PCR ტესტების შემუშავებისას მათი მგრძნობელობა გათვლილი იყო 95 პროცენტზე, თუმცა რეალური, ანალიტიკური მგრძნობელობა ითვლება მაშინ, როდესაც ტესტს პაციენტებს უტარებენ.

ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნვიესიტეტის ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე

ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნვიესიტეტის ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Embassy of Georgia to the United States/ FB

მისი თქმით, აშშ-ში ჯერ ეს კვლევა არ ჩაუტარებიათ, თუმცა ჩინეთის მონაცემების მიხედვით, PCR ტესტი "არც ისე სენსიტიურია" და სხვადასხვა კვლევით მისი მგრძნობელობა 67-დან 80 პროცენტამდე მერყეობს. ექიმის ინფორმაციით, ჰოპკინსის უნივერსიტეტში განიხილავენ, რომ ე.წ. ოქროს სტანდარტი სეროლოგია, ანუ სისხლის კვლევა უნდა იყოს, რომელიც ანტისხეულებზე დამყარებული ტესტით კეთდება.

"[სეროლოგიას] ჯერჯერობით ნამდვილ პოპულაციაში, ნამდვილი მგრძნობელობის თვალსაზრისით კარგი შედეგები აქვს. თუმცა, ფაქტია, რომ ჰოსპიტალის არსენალში უნდა იყოს სამივე ტიპის ტესტირება; მაგრამ არცერთი ამ სამიდან არ არის იდეალური, არც სწრაფი და არც ნელი. თითოეულ პაციენტს ექიმი უდგება ინდივიდუალურად", — აცხადებს ის.

გარდა ამისა, მაჩაიძე განმარტავს, რომ PCR ტესტირებისას მნიშვნელოვანია ნაცხის აღების ტექნიკა, რასაც ნაკლები ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ეს ტესტის შინაგან მგრძნობელობას განსაზღვრავს. მაგალითისთვის, ექიმის თქმით, თუ ნაცხს აიღებენ ის და მისი ექთანი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მასალას იყენებენ, ტესტს სხვადასხვა სენსიტიურობა ექნება. ამის მიზეზად კი ასახელებს იმას, რომ მას ნაცხის ანალიზი სულ ორჯერ აქვს აღებული, მისი ექთანი კი ამას ხშირად აკეთებს.

სწრაფი ტესტები

რაც შეეხება მარტივ/სწრაფ ტესტებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტული განმარტებით, ისინი შექმნილია იმ სიტუაციებისთვის, როდესაც წინასწარი ტესტირების შედეგის ცოდნაა საჭირო და განსაკუთრებით სასარგებლო იმ ქვეყნებისთვისაა, სადაც რესურსების ნაკლებობაა. სწრაფი ტესტები აქტიურად გამოიყენება გრიპის ვირუსის დროსაც.

ანტიგენზე დამყარებული ტესტები ორგანიზმში ვირუსს ეძებს და მისთვის ცხვირ-ხახის ან ნახველის ნაცხია საჭირო. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლაბორატორიული ტესტებისგან განსხვავებით, მისი პასუხების სიზუსტე მერყეობს 80-85%-ს შორის.

ფოტო: Rodolfo Parulan Jr./Moment via Getty Images

ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტები კი ვენური ან კაპილარული სისხლის ანალიზით კეთდება და პრინციპით ჰგავს ორსულობის ტესტს, ოღონდ სხეულში ჰორმონების ნაცვლად ანტისხეულებს ეძებს. მამუკა მაჩაიძის განმარტებით, ეს ტესტი იჭერს ადამიანის იმუნურ პასუხს ანუ ვირუსის არსებობის შედეგად გამომუშავებულ ანტისხეულებს.

ფოტო: Christopher Furlong / Getty Images

ტესტს ორი ველი აქვს, რომელმაც უნდა გამოავლინოს იმუნოგლობულინი M (IgM) ანუ ადრეული მარკერი და იმუნოგლობულინი G (IgG), გვიანი მარკერი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, იმუნოგლობულინი M ჩნდება დაავადებიდან მეხუთე, მეშვიდე დღეს: "ამ ტესტით თქვენ პირველ, მეორე, მესამე დღეს ვირუსს ვერ დაიჭერთ და ის შედეგს მოგცემთ, როცა უკვე სიმპტომები გაჩნდება". მისივე თქმით, თუ პაციენტს ტესტზე იმუნოგლობულინი M ამოუვიდა, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ დაავადების მწვავე ფაზაში იმყოფება. რაც შეეხება იმუნოგლობულინ G-ს, ეს ნიშნავს, რომ პაციენტმა დაავადება რაღაც დროს უკვე გადაიტანა "ისე, რომ შესაძლოა, ვერც მიხვდა".

ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი, მამუკა მაჩაიძე განმარტავს, რომ რაც უფრო სწრაფდება ტესტი, ანუ რაც უფრო ჩქარა იძლევა პასუხს, დიდი შანსია, რომ მისი სენსიტიურობა დაბალი იყოს. თუმცა, მისივე თქმით, ანტისხეულების სწრაფი ტესტების სენსიტიურობა 85%-ია და მგრძნობელობის თვალსაზრისით კარგი შედეგები აქვს.

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, არსებობს კიდევ ერთი სწრაფი ტესტი, რომელიც სხვა ტექნოლოგიით არის გაკეთებული და მას სჭირდება გარკვეული აპარატი, რომელიც "ხილულს ხდის შედეგს".

ფოტო: Abbott Laboratories / EPA

რაც შეეხება სწრაფი ტესტების მინუსებს, მთავარ პრობლემად სახელდება ის, რომ მათი ვალიდურობა ჯერ დადგენილი არ არის და ისინი PCR ტესტებით მოწმდება. ასევე, ბაზარზე ფეიკ ტესტები გაჩნდა, რაც არასწორი დიანგოზის დასმის რისკს ზრდის.

როგორ და რაში გამოიყენა მსოფლიომ სწრაფი ტესტები

თუმცა, ამ ტესტებს ბევრი დადებითიც აქვთ, რის მაგალითიც სამხრეთ კორეაა. დეტალურად უკვე გიამბეთ, როგორ მოახერხა ქვეყანამ მასობრივი ტესტირებით ეპიდემიის მართვა, მაგრამ მოკლედ რომ განვიხილოთ, კორეის ხელისუფლებამ პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტესტები ეწარმოებინა და ეპიდემიის აფეთქებიდან ორ კვირაში 120 000 ადამიანის ტესტირება შეძლო.

ფოტო: UNG YEON-JE/AFP VIA GETTY IMAGES

რა თქმა უნდა, ამას ქვეყანას ტექნიკური განვითარების მაღალმა დონემაც შეუწყო ხელი და კორონავირუსთან საბრძოლველად 100-ზე მეტი ლაბორატორია და 600-ზე მეტი შესამოწმებელი დაწესებულება გაიხსნა, ასევე, შესაძლებელი გახდა ტესტირების მანქანიდან გადმოუსვლელად, drive-through კლინიკებში გავლაც. საერთო ჯამში, სამხრეთ კორეამ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანის ტესტირება მოახერხა, რამაც ექიმებს ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენისა და მათი იზოლირების შესაძლებლობა მისცა.

მალევე, მარტის შუა რიცხვებში, როცა გამოჩნდა, რომ კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ეკონომიკას ძალიან აზიანებდა, დასავლეთის ქვეყნებმაც გადაწყვიტეს ამ მიდგომისთვის მიემართათ.

ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიურად მასობრივ ტესტირებას გერმანია იყენებს და კვირაში 50 000-ზე მეტ ადამიანს ტესტავს, თუმცა ამ მაჩვენებლის 200 000-მდე გაზრდის იდეა არსებობს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, რაც სხვა მიზეზებთან ერთად, დროული დიაგნოსტიკის დამსახურებაცაა. მაგალითად, გერმანია ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვით ათეულის ბოლოშია.

ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ექსპერიმენტის ჩავარდნის შემდეგ, მასობრივი ტესტირების სურვილი გამოთქვა დიდმა ბრიტანეთმაც. მათ სწრაფი ტესტების 3,5 მილიონიანი მარაგი შეისყიდეს და აპრილის ბოლოსთვის დღეში 100 000 ადამიანის ტესტირებას გეგმავენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა, რომ გერმანიის მასობრივი ტესტირება კარგი მაგალითია, რომლისგანაც მათ უნდა ისწავლონ.

ფოტო: Josh Edelson—AFP via Getty Images

საერთაშორისო გამოცემებში განიხილავენ, რომ მასობრივი ტესტირება, თუნდაც სხვადასხვა ტიპის ტესტებით, კარგი გამოსავალია პატარა ქვეყნებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი კი ისლანდიაა, სადაც 360 000 ადამიანი ცხოვრობს.

ისლანდიის მთავრობამ მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირების გადაწყვეტილება მიიღო და სერიოზული შეზღუდვების დაწესება აირიდა. უკვე დატესტილია მოსახლეობის 5% და შედეგმა აჩვენა, რომ ინფიცირებულთა ნაწილს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, მაგრამ ისინი სხვებს ასნებოვნებდნენ, ამიტომ მოხდა მათი დროული იზოლირება.

რაც შეეხება დიდ ქვეყნებს, ექსპერტები ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში კარგი გამოსავალია მოსახლეობის ერთი ჯგუფის მასობრივი ტესტირება და შედეგების გაანალიზება.

მასობრივი ტესტირება "პანაცეა" ან ვირუსის გავრცელების აღმოფხვრის 100-პროცენტიანი საშუალება ნამდვილად არ არის, მაგრამ ის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სიტუაციის კონტროლის საშუალებას აძლევს. სახელმწიფოს კი შანსს, რომ ეპიდსიტუაციისთვის შესაბამისად მოემზადოს და ეკონომიკა სრულად არ გააჩეროს.

ფოტო: Henning Kaiser/DPA, via Associated Press

მართალია ტესტების ხარისხის საკითხი ხშირად ხდება სადავო, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმწოდებელი კომპანიები მუდმივად გაუმჯობესებაზე მუშაობენ. მაგალითად, Robert Bosch GmbH-მა COVID-19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკის ახალი ტესტი შექმნა, რომელსაც დიაგნოზის დასმა 2,5 საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. სამედიცინო კომპანია Abbott-ის მიერ დამზადებულ ახალ სწრაფ ტესტს კი კორონავირუსის დადებითი პასუხის ჩვენება 5 წუთში შეუძლია, უარყოფითი — 13-ში.

რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში

განხილულ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე საქართველოში. მეტიც, საქართველო სამხრეთ კორეასთან, კანადასთან და ისლანდიასთან ერთად, ვირუსთან ბრძოლის წარმატებულ მაგალითად განიხილება. თუმცა, მიღწეული წარმატების ფონზეც, საქართველოს ჰქონდა შანსი მასობრივი ტესტირების საჭიროებაზე ამ ქვეყნებისგან ესწავლა და ისევე, როგორც რიგ შემთხვევებში ქნა, პროცესი გაეუმჯობესებინა კიდეც.

რომ გავიგოთ რას ფიქრობდა და როგორ მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, სანამ მსოფლიო მასობრივ ტესტირებას მიმართავდა, უნდა გავიხსენოთ, ვინ რა თქვა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

ვინ რა თქვა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჰგონია, რომ სწრაფ ტესტებზე ჟურნალისტების დასმული კითხვები პოლიტიკური სპეკულაციაა, რადგან მათ "მილიონჯერ ჰქონდათ შესაძლებლობა" შესაბამისი ექსპერტებისთვის ეკითხათ. თუმცა, დისტანციური რეჟიმით მუშაობისას და საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგებზე წინასწარ გაგზავნილი კითხვებით, ეს არც ისე მარტივი იყო. ამ სიტუაციას ემატებოდა ისიც, რომ სატელევიზიო ეთერებში ოპოზიცია და ხელისუფლება პოლიტიკურ დავაში შევიდა, რამაც ტესტების სამედიცინო ღირებულების საკითხი გადაფარა.

ერთიანი ინფორმაცია, რომელმაც საბოლოოდ მოგვცა სწრაფი ტესტების მნიშვნელობის აღქმის საშუალება, ბოლო დღეებში გავიგეთ. მანამდე კი განცხადებიდან განცხადებაში, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავი იყო, იმის გარკვევაც არ გამოგვდიოდა, რომელი იყო სწრაფი ტესტი და რომელი დაჩქარებული.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

ჯერ კიდევ 18 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების პრევენციულ ღონისძიებებს აკვირდებოდნენ და მაგალითად კორეაში ჩატარებული "აგრესიული ტესტირება" მოიყვანა. მისივე ინფორმაციით, ტესტების შესყიდვაზე კორეასთან და ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და დამაიმედებელი პასუხები ჰქონდათ.

რაც შეეხება მასობრივი ტესტირების საჭიროებას, მინისტრმა განმარტა:

როდესაც მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება.

ამ დროს ეპიდემიოლოგთა ნაწილი უკვე საუბრობდა იმაზე, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა აუცილებელია და სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. ისინი აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტესტების შემოტანის პროცესი ბიუროკრატიული მექანიზმებით გაწელა.

19 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სამედიცინო ბაზარზე ტესტების მიმწოდებელი ბევრი კომპანიაა და მათ "შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ". მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვთ "გამარტივების გზით" წასვლის უფლებაც და სურთ ტესტების ხარისხი შეამოწმონ.

ამავე დღეს მისმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაადასტურა, რომ სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამინისტროს "რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ" მიმართა. მისი თქმით, სწრაფი ტესტების გამოყენება "საინტერესო პრაქტიკაა", თუმცა არსებობს რისკები.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

"ტესტების ქაოტურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაბნეულობა ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების ჭარბად გამოჩენის თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო დატვირთავს PCR ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობას. დღეს ყველა ლაბორატორია მუშაობს სრული დატვირთვით", — განაცხადა გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სწრაფი გზით ტესტების რეგისტრაციისა და ასევე, სწრაფად დაშვების მექანიზმი არის, მაგრამ "ამ კონკრეტულ ეტაპზე ამის აუცილებლობა ცალსახად არ დგას".

სამინისტრო მიყვება წესს, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ უხარისხო და არადასაბუთებული მახასიათებლების პროდუქციის, ამ შემთხვევაში ტესტების, შემოტანა ქვეყანაში.

ამ დროს ოპოზიციაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არამხოლოდ სახელმწიფო აგვიანებდა ტესტების შემოტანას, არამედ კერძო კლინიკებსაც აბრკოლებდა, რომლებსაც ტესტირების კომერციულად ჩატარება შეეძლოთ.

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ქვეყანაში ტესტები სწრაფი შესყიდვით შემოიტანოს და ის მზად არის მიმწოდებელი კომპანიების მოძიებაში დაეხმაროს. პასუხად მან NCDC-ის დირექტორისგან მტკიცე უარი მიიღო. გამყრელიძემ განაცხადა, რომ კონტაქტები თავადაც ბევრი აქვთ და დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული კუთხით სჭირდებათ.

19 მარტს პაატა იმნაძემ თქვა, რომ მადლიერი იქნებოდა, თუ კერძო სექტორი სწრაფ ტესტებს შემოიტანდა, მაგრამ პრობლემა იყო მათი ვალიდურობის საკითხი.

"სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15-16 მწარმოებლის სხვადასხვა ტესტს. მათი უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს", — განაცხადა მან.

იმნაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ტესტის შესასყიდად მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობდა და ეს უფრო მეტ გარანტიას ნიშნავდა:

ქვეყანა როდესაც გაძლევს ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს. როდესაც ბაზარზე მოიპოვებ ტესტს, ამას სულ სხვა.

20 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში ჩინეთის მიერ ნაჩუქარ "1 000 სწრაფ ტესტს ელოდნენ", კვირის ბოლოს კი 200 000-ს, რომლის შესაძენადაც მოლაპარაკებას კორეის რესპუბლიკასთან აწარმოებდნენ.

23 მარტს ტიკარაძემ ტესტების შემოტანის ზუსტი თარიღი დაასახელა და განაცხადა, რომ სპეცრეისით მათ მეორე დღეს მიიღებდნენ და ოთხშაბათს, ანუ 25 მარტს ტესტირება დაიწყებოდა. ამ დროისთვის მარნეულისა და ბოლნისის რეგიონები უკვე საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ მარნეულში დაიწყებოდა მოსახლეობის გამოკვლევა და ეს ხელს შეუწყობდა რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავებას და დინამიურობის გაკონტროლებას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ტესტების შერჩევას დიდი დრო დაუთმეს და მის ხარისხში დარწმუნებული იყვნენ:

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხარისხი, ამიტომ ტესტები შეირჩა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით. ტესტები, რომლებიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას 100%-იანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველ და მეორე დღეს.

სანამ ხელისუფლება ხარისხზე საუბრობდა, უარის მიღებიდან სამ დღეში, 23 მარტს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების შესყიდვა შეძლო და პირდაპირ ეთერში ტესტი გაიკეთა. ამ ფორმით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტესტების აუცილებლობას და იმ ფაქტსაც, რომ მათი მოძიება და შემოტანა რთული არ არის.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

25 მარტს მინისტრმა თქვა, რომ "სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე ქვეყანაში იყო" და მათ მარნეულში გამოიყენებდნენ. მანვე დააზუსტა, რომ ეს ტესტები იმის მსგავსი იყო, რაც ქვეყანაში უკვე გვქონდა, ანუ PCR ტესტი, ოღონდ შემცირებული იყო პასუხამდე ვადა — 6 საათის ნაცვლად, 1.5 საათი დასჭირდებოდა.

კომერციული ტესტირების "საფრთხე"

იმის გარკვევა, თუ რატომ რატომ ვერ შემოჰქონდა კერძო სექტორს ტესტები იმ პერიოდში, On.ge-მ მინისტრთანაც სცადა და სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთანაც.

სააგენტოში განმარტეს, რომ მათ 8 კომპანიამ მიმართა (მარტში), რომელთაგან 4 საბუთების არასწორად შედგენის გამო დახარვეზდა, 4-ს კი ტესტის შემოტანის უფლება მისცეს. მათ შორის 2-ს, სწრაფი ტესტის, 2-ს კი PCR ტესტის.

სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, ოთხივე კომპანია ე.წ. აღიარების რეჟიმით დაარეგისტრირეს. ამ რეჟიმის მიხედვით, სააგენტოს უფლება აქვს სუბიექტს მისცეს ქვეყანაში იმ სამედიცინო პროდუქტის შემოტანის უფლება, რომელიც 36 ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს მიერ არის რეგისტრირებული, რაც პროცედურას ამარტივებს. კაპანაძის თქმით, შესული განცხადებების განხილვას დაახლოებით ერთი-ორი კვირა დასჭირდა.

კომერციული საიდუმლოს დაცვის მოტივით, კაპანაძემ არ დაასახელა კომპანიები, რადგან მათი ნაწილი მხოლოდ შემომტანი იყო და შეეძლო ტესტები სხვისთვის მიეყიდა და თავად არ დაეწყო ტესტირება. თუმცა, ერთ-ერთმა კომპანიამ ვინაობა თავად გაამხილა. 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის ცენტრმა ანტისხეულის სწრაფი ტესტები შეიძინა და მოსახლეობას ტესტირებას 150 ლარად სთავაზობდა.

რაც შეეხება სამინისტროს პოზიციას კომერციულ ტესტირებაზე, მინისტრმა კერძო კომპანიების "შეყოვნების" მიზეზად მოსახლეობის ინტერესები დაასახელა.

"ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით კომერციალიზაციას არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება ნახოს მოგება ჩვენს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა", — განაცხადა მან და დაამატა, რომ სახელმწიფო კომერციული ტესტირების ფასების დადგენაზე და ქვეყანაში ხარისხიანი ტესტების შემოტანაზე უკვე მუშაობდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ "ცალსახად მიუღებელია მოქალაქეებთან ტესტირების შესაძლებლობების პირდაპირი რეკლამირება", რადგან ისინი არ არიან სათანადო კომპეტენციით აღჭურვილი იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად საჭიროა მათთვის ეს ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ტესტირება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ტესტების შემოტანის საკითხს ბიუროკრატიულად არ უნდა მიდგომოდა და დრო არ უნდა გაეწელა. მისი თქმით, სწრაფი ტესტების გამოყენებით შესაძლებელი იყო "კლასტერ-კლასტერ ბრძოლა ვირუსთან და ქვეყნისა და ეკონომიკის არ გაჩერება", კერძო კლინიკებში ტესტირება კი გამოკვლეულთა რიცხვს გაზრდიდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები არ ელოდებოდნენ ბიუროკრატიული ჯაჭვის ბოლომდე დასრულებას, საქართველო "პაპზე უფრო კათოლიკე" გამოვიდა.

"გაურკვევლობა ფორსმაჟორში"

ხარისხზე აქცენტის შესახებ საუბრობდა ხელისუფლება მანამ, სანამ საერთაშორისო გამოცემებმა არ დაწერეს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, ვისაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ჩინურ კომპანიასთან, რომლის ტესტებიც დეფექტის გამო ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწუნეს. კომპანიამ ტესტების აღნიშნული პარტია მთელი მსოფლიოდან უკან გაიწვია.

ეს კომპანიაა Shenzhen Bioeasy Biotechnology, რომლისთვისაც საქართველოს 215 000 სწრაფი ტესტი ჰქონდა შეკვეთილი. ხელშეკრულების მიხედვით, ტესტების ღირებულება ტრანსპორტირების გარეშე $1 182 500 უნდა ყოფილიყო.

ხარისხზე მუდმივი აპელირების შემდეგ, მომხდარი "გაურკვევლობა" მთავრობამ ფორსმაჟორით ახსნა, ოპოზიციამ კი არაკომპეტენტურობით. პასუხად ოპოზიციამ არასერიოზულობასა და პოლიტიკურ სპეკულაციებზე ბრალდებები მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიამ თავად გამოაქვეყნა ოფიციალური ნოტა და ტესტები უკან გაიწვია. მისი თქმით, ქვეყანაში ეს ტესტები შემოტანილი არ ყოფილა და არც ფული გადაუხდიათ. მანვე აღნიშნა, რომ 1 000 ტესტი, რომელიც ჩინეთიდან საჩუქრად მიიღეს სხვა კომპანიის, Capital Bio Technology Corporation-ის მიერ იყო წარმოებული.

ოპოზიციის კრიტიკის ფონზე, პაატა იმნაძემ, რომელიც მანამდე სახელმწიფო მოლაპარაკებების დონეს უსვამდა ხაზს, ამჯერადაც აღნიშნა, რომ "სერიოზულ კომპანიებთან კონტაქტის დაჭერას" დიდი მნიშვნელობა აქვს:

ეს სერიოზული კომპანიაა, კარგი რეპუტაციით, ამიტომაც თვითონ ამოიღო და შეატყობინა ყველას, რომ წვეტს დისტრიბუციას ამ პარტიის.

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფორსმაჟორის ხარვეზს" დროის გაწელვით და "ფაცი-ფუცში დაშვებული შეცდომით" ხსნის.

"მთელი სამი კვირა ვუსმენდით საუბარს იმაზე, რომ ეს პანაცეა არ არის და გვინდა თუ არა სწრაფი ტესტები. ამასობაში მთავრობამ დაინახა, რომ ეს საჭიროა, მიდგა-მოდგა, მაგრამ ამ ტესტებზე მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ნადირობა. სანამ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ, სხვა ქვეყნებმა შეკვეთები გააკეთეს. კომპანიის წარმოების პოტენციალი უსასრულო ხომ არ არის? ამიტომ, როგორც ჩანს, მოიძებნა გამოსავალი, რომ ჩინეთში რაღაც კომპანიას შევუკვეთეთ", — განაცხადა მან On.ge-სთან.

"ნადირობის სეზონზე რომ დავაგვიანეთ" ამას ამირან გამყრელიძის განცხადებებიც ადასტურებს. მისი თქმით "გაუგებრობა მოხდა", მაგრამ სახელმწიფო მუშაობდა ტესტების შემოტანის სხვა ვარიანტებზე. მანვე აღნიშნა, რომ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს სამხრეთ კორეა და ჩინეთი აწარმოებს და კორეას უკვე შესყიდვის მსურველი 70-ქვეყნიანი რიგი აქვს.

ხარვეზზე ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელიც საწყის ეტაპზე 2 000 ტესტს გამოგზავნიდა საქართველოში და თუ სანდოობა დამტკიცდებოდა, შემდეგ დამატებით მარაგებს მიიღებდნენ.

"ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის", — განუცხადა მინისტრმა საზოგადოებას.

"პოლიტიკური კეკლუცობით" აღშფოთებულები

ფოტო: საქართველოს მთავრობა

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ამ საკითხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის მშვიდი საუბრის ტონი შეცვალა. ორი ადამიანი, ვისგანაც ამ თემაზე არა პოლიტიკურ, არამედ საჭირო ინფორმაციას ვიღებდით, სწორედ ტესტებზე დასმული კითხვის შემდეგ პოლიტიკაში ჩათრევის მცდელობაზე ალაპარაკდა.

ტელეკომპანია პირველის ეთერში ორივე მათგანი აღელვებული ამტკიცებდა, რომ ტესტები პოლიტიკური კეკლუცობის საგანი არ უნდა გამხდარიყო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ტესტების საჭიროებაზე დასმული კითხვა რატომ ნიშნავდა პოლიტიკურ სპეკულაციას.

გაბრაზებულმა პაატა იმნაძემ თქვა, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ბევრი ინფორმაცია ჰქონდა და მოუწოდა მათ თავი დაენებებინათ მისთვის, "სანამ ალაპარაკდებოდა". იმნაძეს არ დაუზუსტებია, ვის და რას გულისხმობდა, თუმცა, სავარაუდოა, რომ კრიტიკა ოპოზიციას ეძღვნებოდა.

ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რა. რაღაცა ვიცით ჩვენც და წავიდნენ, რა, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ, უფრო უჭირთ. [...]

მე არ მაქვს ამის დრო ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო.

მისგან განსხვავებით, იმავე ტელევიზიის ეთერში "ლექცია ჩაატარა" გამყრელიძემ. როცა წამყვანმა, ვახო სანაიამ მას სწრაფ ტესტებზე დაუსვა კითხვა, გამყრელიძემ იკითხა რა დრო ჰქონდა ამაზე სასაუბროდ, წყალი მოსვა და დაიწყო. ერთსაათიან ინტერვიუში გამყრელიძემ განმარტა როგორც ტესტების მოქმედება, რომელზეც ზევით გიამბეთ, ასევე, მათი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და ქვეყანაში მომხდარი "გაუგებრობაც".

საუბრისას მან არაერთხელ გაიმეორა, რომ დიაგნოსტიკისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამივე ტიპის ტესტი, მაგრამ აუცილებელია პირველი, ანუ PCR ტესტი. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ორივე სწრაფი ტესტი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, უნდა გადამოწმდეს PCR ტექნოლოგიით.

რაც შეეხება დახარვეზებულ ტესტებს, გამყრელიძემ მომხდარი ფორსმაჟორით ახსნა.

ხდება ამ ემერჯენსის დროს ეგეთი გაუგებრობები და ამაზე ახლა პოლიტიკური ქულების დაწერა. [...]

ჩვენი ქვეყანა არის ფორსმაჟორში დღეს. ახლა ხომ არ არის ტენდერების გამოცხადების დრო. ეს შეირჩა შესაბამისი კონსულტაციებით, ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს ამ კონსულტაციებს

კითხვამ, იყო თუ არა ტესტების დახარვეზების მიზეზი არაჯანსაღი კომერციული ინტერესი, გამყრელიძე აღაშფოთა და მან გაიმეორა, რომ კონტრაქტი ფორსმაჟორში გაფორმდა. მისი თქმით, ვერ დაიჯერებს, რომ ამ სიტუაციაში ვინმეს მსგავსი ინტერესი გაუჩნდება და ასეთ ხალხთან ვერ იმუშავებდა.

NCDC-ის დირექტორმაც თქვა, რომ ცდილობენ მსგავსი განცხადებებითა და კითხვებით პოლიტიკაში ჩაითრიონ და ქვეყანაში ეპიდემიის სამართავად მართლა ყველაფერი კეთდება.

"გვექნება-მეთქი, გეუბნებით!" — წარმოთქვა აღელვებულმა და ასე დაასრულა სწრაფ ტესტებზე საუბარი.

ამ ინტერვიუში იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც მანამდე ნათქვამი მინისტრის სიტყვები დააზუსტა. კერძოდ, გამყრელიძემ განმარტა, რომ ჩინეთიდან საჩუქრად მიღებული ტესტები, არა სწრაფი, არამედ დაჩქარებული იყო. გამყრელიძემ ეს შეცდომა მინისტრის იმდღევანდელი აღელვებით განმარტა, თუმცა ტიკარაძეს არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ ჩინეთიდან საჩუქრად სწრაფი ტესტები მიიღეს.

რა ხდება ახლა

31 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტები უკვე არის. კერძოდ: 2 000 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელიც მარტივ ანალიზატორს საჭიროებს იმისთვის, რომ ტესტირება PCR მეთოდით შესრულდეს და 4 000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს "უფრო გვიან ეტაპზე იძლევა". მას არ უსაუბრია, რომელი კომპანიის იყო ტესტები და არც ის დაუკონკრეტებია, ვისთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ტესტების შემოტანაზე. გაბუნიამ ეს კომერციული ინტერესებით ახსნა.

პირველ აპრილს მან თქვა, რომ დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენზე დამყარებულ ტესტს ელოდებიან, რომლის გაკეთებაც ანალიზატორის გარეშე იქნება შესაძლებელი.

გაბუნიას განცხადებით, თითოეულ კლინიკაზე გამოიყო ახალი ლაბორატორიები, რომლებიც საკონტროლო ტესტირებას ჩაატარებენ, რადგან "თავდაპირველად მაინც" ხარისხის დასაზუსტებლად საჭირო იქნება დადებითი პასუხების გადამოწმება PCR ტესტირებით.

NCDC-ის აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი

NCDC-ის აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

დღეს, 8 აპრილს კი ჯანდაცვის მინისტრმა ჩამოთვალა რამდენი ტესტი გვაქვს ამ ეტაპზე ქვეყანაში და რამდენს ველოდებით.

ტიკარაძის თქმით ქვეყანაში უკვე არის 2 000 PCR ტესტი და "შემოსულია დამატებით 10 000". ამ განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკვე 12 000 PCR ტესტი გვაქვს.

მისივე თქმით, PCR ტესტების საერთო შეკვეთის რაოდენობა 84 000-ა, რომლიდანაც გზაშია უკვე 18 000. მას არ უსაუბრია, როდის მივიღებთ დარჩენილი ტესტებს, თუმცა გუშინ, 7 აპრილს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 60 000-მდე PCR ტესტი მაისის ბოლოს შემოვა.

რაც შეეხება ანტისხეულებზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, მინისტრის თქმით შეისყიდეს 24 000 ტესტი, რომელთაგანაც 4 000 უკვე ქვეყანაშია, 20 000 — გზაში.

მანვე აღნიშნა, რომ კიდევ შემოვა სწრაფი ტესტები, რომელსაც "მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან" და "ფრთხილი გამოყენებაა საჭირო", რაშიც, სავარაუდოდ, ანტიგენზე დამყარებული ტესტები იგულისხმა. მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახლა არის 2 000 ასეთი ტესტი, გზაშია 52 000 და როცა NCDC ამ ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტს დაადასტურებს, დამატებით 200 000-ს შემოიტანენ.

ტესტირების ალგორითმი

ახლა, როცა ვიცით, რომ სწრაფი ტესტები გვაქვს და კიდევ მივიღებთ, უნდა ვიცოდეთ როგორ და რატომ გამოიყენებენ მათ. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ და ექსპერტებმა ტესტირების ალგორიმთი შეიმუშავეს.

დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ქვეყანაში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული 15-წუთიანი სწრაფი ტესტები გვაქვს. აქვე განმარტებულია, რომ ანტისხეულების ტესტებში ცრუ დადებითი შედეგის მაჩვენებელი დაბალია, ანტიგენის ტესტებში კი "თითქმის არ არის". რაც შეეხება ფანჯრის პერიოდს, რომელიც ამ ტესტებით ვირუსის გამოვლენის საშუალებას იძლევა, ანტისხეულების ტესტებში გაწერილია 3-7 დღე კლინიკური მანიფესტაციიდან, ანუ სიმპტომების გამოვლენიდან. ანტიგენის შემთხვევაში კი ფანჯრის პერიოდი არის "მოკლე".

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

აქვე გაწერილია ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების დადებითი მხარეები. მათ შორისაა ის, რომ მგრძნობელობა და სპეფიციურობა დაახლოებით 80-90 პროცენტის ფარგლებში მერყეობს და მათი წარმადობა მაღალია, რაც მასიური სკრინინგისთვის მოსახერხებელია.

"ტესტირების ღირებულება პჯრ (PCR) კვლევასთან შედარებით ბევრად დაბალია და დამატებითი ხარჯებიც მცირეა" — წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება სუსტ მხარეებს, აქვე აღნიშნულია, რომ ანტისხეულის ტესტებს აქვს ცრუ უარყოფითი შედეგის მაღალი ალბათობა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:

  • ხანგრძლივი ფანჯრის პერიოდი — იმუნოგლობულინი M ჩნდება კლინიკური მანიფესტაციიდან 3-5 დღის შემდეგ, ხოლო იმუნოგლობულინი G-ს აღმოჩენა მოგვიანებით 10-14 დღე;
  • ტესტირების დაავადების ადრეულ / ან გვიან ეტაპზე ჩატარება;
  • ადამიანის დაბალი იმუნური სტატუსი;
  • ცრუ დადებითი შედეგი, რაც მსგავსი კორონავირუსების ჯგუფთან ჯვარედინი რეაქციის გამო შეიძლება იყოს (ჯერ არ არის კარგად შესწავლილი);
  • დიდ ნაწილს ესაჭიროება შემდგომი დადასტურება.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების დადებით მხარეებად დასახელებულია მაღალი წარმადობა და ცრუ დადებითი შედეგის "თითქმის არ არსებობა". ასევე, მარტივად გამოყენება და სიჩქარე. უარყოფითი მხარე კი ერთია: ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ტესტირების დაავადების ადრეულ / ან გვიან ეტაპზე ჩატარება.

პროტოკოლი არ ითვალისწინებს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას. როგორც NCDC-ში და ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, ამის საჭიროება ჯერ არ არის.

ტესტირება ჩაუტარდებათ: მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს სპეფიციური სიმპტომებით, უსიმპტომო პირებს მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში (მედპერსონალი), ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს და ორგანიზებულ ჯგუფებს.

მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირები არიან:

  • თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირები, რომლებიც არიან ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ კლინიკური სიმპტომები;
  • პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან;
  • სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან.

ალგორითმის მიხედვით, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ჩაუტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე იმუნოგლობულინი M/ იმუნოგლობულინი G. აქვე წერია, რომ ანტიგენისა და PCR ტესტი მათ არ სჭირდებათ.

თუ ტესტის შედეგი დადებითია, ინფორმაცია ეგზავნება NCDC-ს, პირი გადადის იზოლაციაში და იწყება კონტაქტების ეპიდემიური კვლევა. მაგრამ თუ ტესტის პასუხზე მხოლოდ IgG ანუ გვიანი მარკერი არის დადებითი, რაც ნიშნავს, რომ დაავადება უკვე გადატანილია, შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სწრაფი ტესტირება 2 კვირაში განმეორებით ტარდება.

პოსტიპალიზირებულ ან ამბულატორიულ პაციენტების ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც Covid-19-ისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები აქვთ.

ამ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში, "შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში PCR მეთოდით", სხვა შემთხვევაში კი სწრაფი მარტივი მეთოდით, ოღონდ "ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით". საჭიროების შემთხვევაში ანალიზი იგზავნება ლაბორატორიებში PCR კვლევისთვის.

თუ შედეგი დადებითია, ინფიცირებულს უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი და იწყება კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა. უარყოფითი პასუხისას კი ტარდება განმეორებითი ტესტირება ანტისხეულზე.

ფოტო: სქემა ჯანდაცვის სამინისტროს ალგორითმიდან

ალგორითმის მიხედვით, ორგანიზებულ ჯგუფებში იგულისხმება:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში მყოფები;
  • თავდაცვის ძალები;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფები;
  • საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.

ამ ჯგუფში მყოფ უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

თუ ტესტის შედეგი ანტისხეულებზე დადებითია, იღებენ დამატებით ცხვირ-ხახის ნაცხს ანტიგენისა და PCR კვლევისთვის. უარყოფითი პასუხისას კი განმეორებითი ტესტირება სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ და ტესტის ჩატარება გინდათ

ფოტო: Artists / Vectorstock

ჯანდაცვის სამინისტროში და NCDC-ში განმარტავენ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოქალაქემ აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ში და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. შემდეგ ეს ინფორმაცია ეგზავნება ოჯახის ექიმს, რომელიც შესაბამის რჩევებს მოგცემთ.

თუ თქვენი შემთხვევა საეჭვო აღმოჩნდება, მაგალითად გექნებათ ტემპერატურა, გადაგიყვანენ ე.წ. ცხელების ცენტრში ან კლინიკაში, სადაც ალგორითმის მიხედვით გაარკვევენ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით და რა სახის ტესტირება გჭირდებათ.

თუ, სურვილი გაქვთ ტესტირება ამ პროცედურების გვერდის ავლით, კერძო კლინიკაში ჩაიტაროთ, ამ შემთხვევაში თქვენ იხდით ტესტირების თანხას. თუმცა, თუ გექნებათ ექიმის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენს შემთხვევაში ტესტირება იყო აუცილებელი, მინისტრის თქმით, უმეტეს შემთხვევებში, ამ თანხას სახელმწიფო დაფარავს.

ინფიცირების თავიდან ასარიდებლად წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: