"წერენ და ლაპარაკობენ ერთს, რეალური ფაქტები სულ სხვაა!" — ცხინვალში საკარანტინო პირობებს აკრიტიკებენ
ანტისანიტარია, უყურადღებობა, უვარგისი საჭმელი — ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც აქტიურად საუბრობენ ოსები, რომლებსაც რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ცხინვალში, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ. მართალია, დე-ფაქტო ხელისუფლებამ როკის გვირაბი ჩაკეტა, თუმცა ადამიანებს, რომელთაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვთ, ცხინვალში დაბრუნება სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, პერიოდულად, ორგანიზებულად შეუძლიათ.
სოციალურ ქსელებში ისინი სიტუაციას აქტიურად განიხილავენ და საკარანტინო სივრცეებში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ადამიანები, რომლებიც იქ არიან, ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის საკმაო თანხაა გამოყოფილი, თუმცა ეს მათ პირობებზე არ აისახება. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ამ ფულით "ზედა ეშელონებში" მყოფი ადამიანები ითბობენ ხელს.
ცხინვალში საკარანტინო ზონები გამოყოფილია როგორც საავადმყოფოებში, ასევე სასტუმროებში, თუმცა, როგორც ჩანს, 2-კვირიანი ცხოვრებისთვის ნორმალური პირობები არსადაა.
"ბევრი პუბლიკაცია გავრცელდა, რომ კარანტინისთვის ყველაფერი მზადაა. თუმცა, ძალიან საინტერესოა, სადაა ეს ყველაფერი? მე კარანტინში, ინფექციურ საავადმყოფოში, მეუღლესთან და 2 კვირის შვილთან ერთად ვარ და გასაგებია, რომ ეს უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, მაგრამ აუცილებელია პაციენტებს ყურადღება მიექცეს! ყველგან წერენ, რომ კვებისთვის კარგი თანხებია გამოყოფილი, თუმცა ჩვენ ოთხი დღეა აქ ვართ და საუზმეზე და სადილზე მხოლოდ ქერის ბურღულის ფაფა მოაქვთ, ხოლო ვახშმად — ქათმის სუპი (ეტყობა ვიღაცას ბევრი ზედმეტი ქათამი ჰყავს). ასე ერთი და იგივე გრძელდება ყოველ დღე! ამას ჰქვია კომპლექსური მენიუ პაციენტებისთვის? ფურცელზე საჭმლის ჩამონათვალს რომ ჩავხედოთ, მშვენიერი სუფრაა, თუმცა რეალობაში მხოლოდ მათხოვრული ვახშამი რჩება. უკვე მედპერსონალსაც კი რცხვენია ყოველდღე ამ ე.წ. საჭმლის მოტანა", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომლის სახელს მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვუთითებთ.
როგორც ჩანს, კვება არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც ცხინვალის საკარანტინო სივრცეებში მოუგვარებელია. მოქალაქეები აქტიურად საუბრობენ წყლისა და ანტისანიტარიის პრობლემებზეც:
"წყალს გაურკვეველი სუნი აქვს და მის გამო სხეულზე ბევრს უკვე გამონაყარი გაუჩნდა. არის სრული ანტისანიტარია! ღმერთმა არ ქნას, ჩვენს შორის მართლაც ვინმე იყოს ვირუსით დაავადებული, პირველ რიგში სწორედ მედპერსონალი აღმოჩნდება სრულ ქაოსში. შემიძლია ვთქვა, რომ 10 პროცენტითაც კი არ ვართ არაფრისთვის მზად", — აცხადებს მომხმარებელი ა.კ.
"კიდევ კარგი, ჩემს დას მოვატანინე დასუფთავების საშუალებები და ხელთათმანები. თავად დავასუფთავე და გავხეხე ყველაფერი, რადგან მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ამ სრულ ანტისანიტარიაში გაჩერება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება საკვებს, შეიძლება ზოგი გარეთაც სულ მშიერი დადის, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ სერიოზული თანხებია გამოყოფილი, სად მიდის ეს ფული? ფაფების სახეობები მაინც გამოცვალონ!", — წერს ის.
ადამიანები ასევე საუბრობენ ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებზე არა მარტო ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში, არამედ სასტუმრო ალანშიც, სადაც ასევე საკარანტინო სივრცეა გამოყოფილი.
"ერთმა ჩინოვნიკმა მაინც შეამოწმა სიტუაცია სასტუმროში? მე ვიდეოზე ვნახე მთელი ეს საშინელება და შოკში ვარ! როგორ შეიძლება ამ პირობებში ადამიანების განთავსება?! იქედან კორონავირუსის გარდა ბევრი სხვა ინფექციაც შეიძლება შეგხვდეს. ადამიანები კი იქ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ჰყავთ შესახლებული. ამ ორი კვირის განმავლობაში ხალხს თავად მოაქვს საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები, რაც, რა თქმა უნდა, მათ ჯიბეს პირდაპირ ურტყამს. საწყალი ჩვენი ხალხი! მთავრობა რატომ არ ინტერესდება და არ აკონტროლებს სიტუაციას? სხედან თავიანთ სუფთა კაბინეტებში და ბრძანებებს გასცემენ. ხალხი კი იტანჯება! თუმცა, ალბათ ამ დროს ისინი საკუთარი ჯიბეებისთვის მილიონებს იწერენ", — წერს დიანა ბ.
"გეთანხმებით. მეც მყავს ნაცნობები სასტუმრო ალანში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იქ სრული ანტისანიტარიაა, როგორც სართულებზე ასევე უშუალოდ ოთახებში! სასტუმრო კი არა ნამდვილი საღორეა! საავადმყოფოსგან განსხვავებით, აქ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო საშუალებებსაც კი არ აძლევენ! მით უმეტეს, რომ რიგში კიდევ ასობით ადამიანია, რომელიც დაბრუნებას ელოდება და კარანტინის გავლა მათაც ამ პირობებში მოუწევთ", — პასუხობს დიანა ბ.-ს სხვა მომხმარებელი.
"თუკი სახელმწიფო გვავალდებულებს კარანტინს, მაშინ ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრებაც უნდა უზრუნველყოს. თუ ეს არ შეუძლიათ, პირველი უარყოფითი ტესტის მერე გაგვიშვან რუსეთის ხელისუფლების მიერ მოგონილ "თვითიზოლაციაში". უბრალოდ ყელში ამოვიდა, რომ წერენ და ლაპარაკობენ ერთს და სინამდვილეში, რეალური ფაქტები სულ სხვაა", — აღშფოთება არ დამალა On.ge-სთან პირად საუბარში მოქალაქემ, რომლის თქმითაც, სულ ახლახან დატოვა საკარანტინო სივრცე. ის დასძენს, რომ "ღმერთს მადლობას უხდის, რადგან კორონავირუსის, ან სხვა რაიმე ინფექციის გადადებას სრულიად შემთხვევით გადაურჩა".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საკარანტინო სივრცე, გაუსაძლისი პირობების გამო, რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან დაბრუნებულმა ცხინვალელი კურსანტების ჯგუფმა თვითნებურად დატოვა. ისინი, მოგვიანებით, ძალოვანი უწყებების დახმარებით მოძებნეს და უკან დააბრუნეს. ამასთან, ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა კურსანტები უპასუხისმგებლობასა და საკუთარი თანამოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა და სამხედრო სასწავლებლიდან მათი გარიცხვაც კი მოითხოვა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სანიტარული სამსახურის მთავარი ექიმის, მარინა კოჩიევას მტკიცებით, დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსის 66 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ხოლო უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული კარანტინში მყოფი ადამიანია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატში On.ge-ს უთხრეს, რომ ოკუპაციისაგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს. თუმცა, მათი თქმით, თუკი აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ცხინვალის მიმართულებით დახმარების გაწევა უკიდურესად გართულებულია.
"ცხინვალში მდგომარეობა კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების შეთავაზება არაერთხელ მოხდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო, სამწუხაროდ, ასეთი დახმარების გაწევა თითქმის ვერ ხერხდება", — აცხადებს უწყებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მუდმივად მზადაა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საჭიროებისას სრული დახმარება გაუწიოს როგორც დიაგნოსტირების, ისე მართვის ნაწილში.
ოფიციალური სტატისტიკით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მარტიდან დღემდე გადმოყვანილია 338 ადამიანი. აქედან 135 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და უფასო სამედიცინო მომსახურებას იღებს. სხვები კი, საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კომენტარები