სარედაქციო კოდექსი
შესავალი
On.ge ახალი თაობის მედიასაშუალებაა, რომელიც თანამედროვე, ციფრული ეპოქისთვის იქმნება. ჩვენ გვჯერა, რომ ამბის თხრობის ფორმატი და მეთოდი, თავად ამბის შინაარსზე არანაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვცდილობთ, ვეძებოთ ინოვაციური გზები, ვიყოთ ხელმისაწვდომი ყველა პლატფორმაზე, ვატაროთ ექსპერიმენტები, გამოვცადოთ ახალი ინსტრუმენტები და შევქმნათ მუდმივად მზარდი და დინამიური მედია.
ეს სარედაქციო კოდექსი არ არის იურიდიული დოკუმენტი. იგი მუდმივად განახლებადი რეკომენდაციების და ქცევის წესების ჩამონათვალია. მისი ზედმიწევნით გათვალისწინება, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების ცოდნასთან ერთად, ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს, დაიცვან საკუთარი, კოლეგების და On.ge-ს დამოუკიდებლობა, მოპოვებული ნდობა და რეპუტაცია.
ღირებულებები
სიახლისკენ სწრაფვასთან ერთად, On.ge იზიარებს და ეყრდნობა თავისუფალი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთაც ტექნოლოგიების და პლატფორმების მრავალფეროვნება ვერასოდეს შეცვლის.
სანდოობა
მკითხველის ნდობა ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. ამ აქტივის მოპოვებას და შენარჩუნებას უმაღლესი სარედაქციო და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი მასალით ვახდენთ. ჩვენ გვესმის ამ ამოცანის სიმძიმე დღევანდელ ქართულ გარემოში და არასოდეს ვივიწყებთ, რომ ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი, მომენტალურად შეუძლია წლებით ნაშენები რეპუტაციის ჩამონგრევა.
სიმართლე და სიზუსტე
ჩვენ ვცდილობთ, ავსახოთ სიმართლე და გავაშუქოთ მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია. ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ ზედაპირზე არსებული ფაქტებით, საჭიროებისამებრ, ვახდენთ ანალიზს, ვეძებთ კავშირებს და ვპოულობთ სიღრმისეულ სიმართლეს. ჩვენი მასალები არის ყოველთვის ზუსტი, გადამოწმებული, დაფუძნებული ხელშესახებ ფაქტებსა და სანდო წყაროებზე, წარმოდგენილი ცხადი და გასაგები ფორმით. ჩვენ ვერიდებით სპეკულაციას და ვართ გულახდილი, როდესაც არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია სრული სურათის საჩვენებლად.
მიუკერძოებლობა და სამართლიანობა
ჩვენი მასალები მზადდება მიუკერძოებლობის და ყველა მხარის მაქსიმალური ჩართულობის სრული გათვალისწინებით. ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე, არც ერთი მოსაზრება და არც ერთი მონაწილე მხარე არ დარჩეს თანაბარი ტრიბუნის გარეშე. მიუხედავად ყოველი ჩვენგანის პირადი, სუბიექტური დამოკიდებულებისა, ფაქტების და მოვლენების ანალიზისას, სრულად ვინარჩუნებთ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპებს და ფართო თვალსაწიერს.
სარედაქციო დამოუკიდებლობა
On.ge გარეშე ინტერესებისგან დამოუკიდებელი მედიაა. ჩვენი აუდიტორია უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სარედაქციო საქმიანობაზე გავლენას არ ახდენს გარეშე ძალათა პირადი, კომერციული ან პოლიტიკური ინტერესები და გეგმები.
საზოგადოებრივი სარგებელი
ჩვენ ვეძებთ და ვაშუქებთ ამბებს, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ვადგენთ სიმართლეს, ვსვამთ სწორ კითხვებს, ვაგროვებთ მონაცემებს, ვამუშავებთ ინფორმაციას, ვაანალიზებთ და გადავცემთ გასაგები ენით, რათა ჩვენი მკითხველი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული. ჩვენ ვქმნით დისკუსიისა და საჯარო დებატის ღია სივრცეს თანამედროვე, ჩართული საზოგადოებისთვის.
პირადი ინფორმაციის დაცულობა
ჩვენ პატივს ვცემთ ყოველი ადამიანის უფლებას, ჰქონდეს დაცული პირადი ინფორმაცია და არასოდეს ვარღვევთ მას აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე. ჩვენ არასოდეს ვასაჯაროებთ პირად ინფორმაციას, მიმოწერებს, საუბრებსა და სხვა ნებისმიერი ფორმატის მასალებს, თუ საზოგადოების ინტერესი ან საზოგადოებრივი სარგებელი მკვეთრად არ გადაწონის პირადი ინფორმაციის დაცულობის მოლოდინს.
პასუხისმგებლობა
ჩვენი მიზანია, ავსახოთ სინამდვილე, ადამიანთა ყველა ქმედებისა და სამყაროში არსებული რეალობის ჩათვლით. მაგრამ ვცდილობთ, ვიპოვოთ ბალანსი რთული და გამომწვევი თემების გაშუქებისას, რათა ჩვენი სიტყვის თავისუფლებით არ მივაყენოთ ზიანი და არ მოვახდინოთ გაუმართლებელი შეტევა მოწყვლად ჯგუფებზე, არ შევუწყოთ ხელი მათთვის საფრთხის შემცველი მოსაზრებების ტირაჟირებას. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს მსგავს მგრძნობიარე თემებს, ვმუშაობთ აქტიურად და მათი გაშუქებისას, ვხელმძღვანელობთ როგორც ზოგადად მიღებული პრინციპებით, ასევე ჩვენი აუდიტორიის მოლოდინით ჩვენი მასალის ხარისხის მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების საკითხები — ბავშვები, ქალები, შშმ პირები, რელიგიური, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობები.
ანგარიშვალდებულება
ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ჩვენი მკითხველის, კოლეგების და საზოგადოების წინაშე, რადგან მათი ნდობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის გახსნილად მოვახდენთ საკუთარი შეცდომების აღიარებას და გასწორებას. ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარი შეცდომების გასაჯაროება და მათზე სწავლა, მედია-სფეროს უპირობო ვალდებულებაა.
გამჭვირვალეობა
ჩვენ ვინარჩუნებთ გამჭვირვალეობას შექმნილი მასალის წარმომავლობის შესახებ. სადაც გვაქვს ამის უფლება, ყველგან ვუთითებთ ნებისმიერი ფაქტის, კომენტარის და ინფორმაციის წყაროს. სარეკლამო, სპონსორულ ან პარტნიორულ მასალებს ვურთავთ ცხად აღნიშვნას ამის შესახებ, რათა მკითხველს გააჩნდეს სრული ინფორმაცია გამოქვეყნებული მასალის წარმომავლობის და რედაქციასთან კავშირის შესახებ.
პროფესიული პრინციპები
ციფრული მედია უახლესი ტექნოლოგიების გარემოცვაში მუშაობს, სადაც ხშირად იცვლება თამაშის წესები, იცვლება საზოგადოება, მათი მოთხოვნები და მოლოდინები. ასეთ დინამიურ გარემოში, გარდა ძირეული ღირებულებებისა, სამუშაო პრინციპების მუდმივი ადაპტაცია აუცილებელია. ეს ჩამონათვალი, ისევე, როგორც სრული სარედაქციო კოდექსი, მუდმივად განახლებადი და შევსებადია, რათა ყოველთვის იყოს შესაბამისობაში თანამედროვეობის გამოწვევებთან და დაშვებული შეცდომებით მიღებულ გამოცდილებასთან.
ინფორმაციის გადამოწმება
ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის სანდოობა და გადამოწმება მთავარი გამოწვევაა. ჟურნალისტებმა უნდა მიმართონ ყველა შესაძლო ხერხს ამბის გამოქვეყნებამდე, რათა დარწმუნდნენ ტექსტური თუ ვიზუალური მასალის სისწორეში და ავთენტურობაში.
დაუშვებელია, დროის სიმცირე და დაძაბული რეჟიმი იყოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და სპეკულირების გამართლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მკაფიოდ უნდა იქნას მითითებული, რომ On.ge-მ ვერ მოახერხა კონკრეტული ფაქტის გადამოწმება.
ჟურნალისტები უნდა ეცადონ, რომ ყველა შემთხვევაში მისცენ მკითხველს კონტექსტი, ინფორმაციის წყაროს სანდოობის შესახებ. მაგალითად, არ უნდა დაიწეროს “გამვლელი, რომელიც შემთხვევას შეესწრო”, თუ არ გვაქვს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია. უმჯობესია შემდეგი ფორმულირება: “გამვლელი, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევას შეესწრო”.
ანონიმური წყაროები
ჩვენ გვესმის, რომ ხშირად, ანონიმური რესპონდენტი უფრო თავისუფლად და გულახდილად საუბრობს, ვიდრე — სახელით და გვარით დასახელებული, რაც საბოლოოდ, მკითხველს საკითხის შესახებ სრული სურათის მიღებაში ეხმარება. თუმცა, ამ მიდგომის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში და მთავარი რედაქტორის თანხმობით უნდა მოხდეს.
ჩვენ ყოველთვის უნდა ვამოწმებდეთ წყაროს მონათხრობს, მიუხედავად იმისა, შეგვიძლია თუ არა ავტორის საჯაროდ დასახელება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო, თუ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, რადგან ანონიმური ციტირება მარტივად შეიძლება იქცეს დეზინფორმაციის გავრცელების იარაღად.
ციტირება და დასტური მასალაზე
დაუშვებელია რესპონდენტის ციტატის შეცვლა, კონტექსტიდან ამოღება ან მანიპულირება იმ ფორმით, რომ ეჭვქვეშ დადგეს ან ნაკლებად ცხადი გახდეს მისი თავდაპირველი შინაარსი.
On.ge არასოდეს აძლევს საშუალებას რესპონდენტს, ჰქონდეს მასალის გამოქვეყნებამდე მასზე საბოლოო დასტურის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს ინტერვიუს გამოსაყენებელი ნაწილის ტრანსკრიპტის გადაგზავნა გამოქვეყნებამდე გაცნობის მიზნით, ცვლილებების განხორციელების ვალდებულების გარეშე. ჟურნალისტები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ ამ მეთოდის გამოყენებას ინტერვიუს ან თანამშრომლობის შესაძლებლობის მოპოვებისთვის.
ანონიმური კონტრიბუტორები
On.ge-ს არხებში გამოქვეყნებული მასალები შეიძლება იყოს ანონიმური ან ფსევდონიმიანი ავტორის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ ავტორის გამჟღავნებით მას შეიძლება დაემუქროს საფრთხე. ასეთ დროს, უნდა მოხდეს მკითხველის ინფორმირება, რომ წარმოდგენილი მასალის ავტორი არის ანონიმური ან იყენებს ფსევდონიმს, მიზეზთა შესაბამისი განმარტებით. ეს პრინციპი არ ეხება შემთხვევას, როდესაც დამკვიდრებული ფსევდონიმი და მის უკან მდგარი პირის ვინაობა საჯაროდ ცნობილი ინფორმაციაა.
ავტორობის მითითება
On.ge-ს ჟურნალისტებმა არასოდეს უნდა გამოიყენონ სხვა პირის შექმნილი მასალა (ტექსტური, ფოტო თუ ვიდეო) ავტორის მითითების გარეშე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავტორის დროული იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
ყოველთვის უნდა მოხდეს ყველა იმ გარე წყაროს მითითება, რომელთა დახმარებითაც მოხდა მიმდინარე მასალის შექმნა, ეს იქნება სხვა ორგანიზაციისთვის ან ჟურნალისტისთვის მიცემული კომენტარი, სხვისი მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია თუ ანალიზის ან დაკვირვების შედეგი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ინტერნეტში წყაროს მითითება ბმულის გარეშე უშედეგო ფორმალობაა, ამიტომ, ყველა შესაძლო შემთხვევაში, წყაროს ვუთითებთ ბმულის გამოყენებით.
გრაფიკულ ან ვიდეო-ნამუშევარზე ავტორის მითითება არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ვალდებულებისგან, სთხოვოს ავტორს მისი ქმნილების გამოყენების ნებართვა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში, შესაძლებელია ასეთი მასალის გამოქვეყნება ნებართვის პოსტ-ფაქტუმ მიღებით.
პლაგიატი და კოლეგიალობა
On.ge-სთვის მიუღებელია პლაგიატი, რაც გულისხმობს სხვისი ჟურნალისტური მასალის, ან მასალის ნაწილის მითვისებას და საკუთარ ნაშრომად გასაღებას. ჟურნალისტიკის ეთიკის პრინციპების მიხედვით, სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალის გამოყენება მთლიანად და უცვლელად მიუღებელია, თუ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს წინასწარი შეთანხმება.
On.ge სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებულ ტექსტს ეყრდნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის მიღების სხვა ყველა საშუალება ამოწურულია ან როდესაც ეს მედიასაშუალება ამბის ექსკლუზიური მომპოვებელია. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვუთითებთ ორიგინალი მასალის ბმულს ნათლად და ხელმისაწვდომად, რათა მკითხველმა შეძლოს მისი ნახვა იმ საიტზე, სადაც თავდაპირველად გამოქვეყნდა.
ქრთამი და პირადი სარგებელი
On.ge-ს ნებისმიერი ჟურნალისთვის დაუშვებელია პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით რაიმე სარგებლის მიღება კომპანიებისგან, სახელმწიფო მოხელეებისგან ან სხვა დაინტერესებული პირებისგან განსაკუთრებული მოპყრობის ან კეთილგანწყობის მოპოვების სანაცვლოდ.
ჟურნალისტები ყურადღებით უნდა მოეკიდონ საჩუქრებს, ფასდაკლებებს, სპეციალურ შეთავაზებებს, ანაზღაურებად ექსკურსიებს და სხვა აქტივობებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინიციატორი პირი ან ორგანიზაცია შეიძლება მოექცეს ჟურნალისტის მიმდინარე ან სამომავლო საქმიანობის ფოკუსში და ამით წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი. თუ ჟურნალისტისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მთავარ რედაქტორს, რის შემდეგაც საჩუქარი დაუბრუნდება გამომგზავნს თავაზიანი განმარტებით ან გადაეცემა ქველმოქმედებას.
თუ მასალის მომზადებაში პირდაპირი ან არაპირდაპირი მატერიალური მონაწილეობა აქვს მიღებული დაინტერესებულ მხარეს (იქნება ეს მივლინება, მიმოხილვისთვის საჭირო ინვენტარი, სხვა ფორმის დახმარება ან მასპინძლობა), ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს მკითხველს, ცხადი და ნათელი ფორმით.
პროექტები და კონკურსები
პროექტები და კონკურსები, რომლებშიც ჩვენი რედაქციები და ჟურნალისტები ჩაერთვებიან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს On.ge-ის ღირებულებებს და უნდა ეყრდნობოდეს თავისუფალი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებს. პროექტებისა და კონკურსების მოთხოვნები არ უნდა ახდენდეს გავლენას On.ge-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, არ უნდა ითვალისწინებდეს პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალის შინაარსში ჩარევას.
პროექტებსა და კონკურსებში ჩართვისას ჟურნალისტმა და რედაქციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მკითხველისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხები; უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი — On.ge-ის ჟურნალისტმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, რაც შემდგომში სარედაქციო პრინციპების საწინააღმდეგო გავლენას მოახდენს მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ასევე, ისეთ პროექტებსა და კონკურსებში, რომლის დაფინანსების ან ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო და გამჭვირვალე. განსაკუთრებული სიფრთხილით და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს ისეთ პროექტებსა და კონკურსებში ჩართულობა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი არის ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა.
პროექტის ფარგლებში მომზადებულ მასალებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითება. მკითხველი ინფორმირებული უნდა იყოს, თუ ვისი ორგანიზებით, დაფინანსებით, ან პარტნიორობით მომზადდა მასალა. თუ პროექტი და კონკურსი ითვალისწინებს კონკრეტული შინაარსისა და ღირებულების თემაზე მასალების მომზადებას და პოპულარიზაციას მოთხოვნები და ღირებულებები უნდა ემთხვეოდეს On.ge-ის პრინციპებს.
კონკურსის ოფიციალური ჯილდოს გარდა, მისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს. თუ ასე მოხდება, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მთავარ რედაქტორს, რის შემდეგაც საჩუქარი დაუბრუნდება გამომგზავნს თავაზიანი განმარტებით ან გადაეცემა ქველმოქმედებას.
თუ პროექტისა და კონკურსის მოთხოვნები გავლენას ახდენს ჟურნალისტის პროფესიულ პრინციპებსა და დამოუკიდებლობაზე, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მთავარ რედაქტორს. თუ საკითხი რედაქტორის დონეზე ვერ გადაწყდება, ეცნობოს მენეჯმენტს და საჭიროების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს.
ინტერესთა კონფლიქტი
On.ge-ს ჟურნალისტები ყურადღებით უნდა მოეკიდონ შემთხვევებს, როდესაც შეიძლება წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი მათ საქმიანობაში, რაც ეჭვქვეშ დააყენებს მათი და მთლიანად მედიასაშუალების მიუკერძოებლობას ან ობიექტურობას.
ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას ჟურნალისტის სხვადასხვა სახის კავშირების დროს სამუშაო თემასთან. შეიძლება ეს იყოს პირადი ან ოჯახის წევრის კავშირი, კომერციული, თანამდებობრივი ან პოლიტიკური აფილიაცია.
აუცილებელია, ასეთი შემთხვევების დაყვანა აბსოლუტურ მინიმუმამდე და ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, ამის გაცხადება. ჟურნალისტი ვალდებულია, აცნობოს მთავარ რედაქტორს, თუ იგი მუშაობს თემაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი კავშირი აქვს მასთან და არსებობს ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი. მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით, სრული გამჭვირვალობისთვის, გაცხადების ტექსტი შესაძლოა თან დაერთოს გამოქვეყნებულ მასალასაც.
ბავშვები
ჟურნალისტები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოიქცნენ იმ თემების გაშუქებისას, რომლებიც ეხება 16 წლამდე ბავშვებს. ყოველთვის უნდა აცნობოთ მთავარ რედაქტორს, თუ ბავშვის ფოტო-ვიდეო გადაღება ან ინტერვიუს ჩაწერა ხდება მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე. იმ მასალების არსებობა, სადაც მნიშვნელოვნად ხდება ბავშვის პირად ცხოვრებაში შეჭრა მისი თანხმობის გარეშე, აუცილებლად უნდა იყოს გამართლებული უმაღლესი საზოგადოებრივი ინტერესით.
ციფრული მასალების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობიდან გამომდინარე, ჟურნალისტმა უნდა განსაზღვროს, რამდენად ღირს ბავშვის იდენტიფიცირება, რათა დაიცვას იგი ზრდასრულობისას არასასურველი შედეგებისგან.
ეს პრინციპები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე ეხება თავად ჟურნალისტის შვილს ან მისი მეურვეობის ქვეშ მყოფ ბავშვს. ასაკიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ გამართლებულია ჩაითვალოს, რომ ბავშვს შეუძლია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, აუცილებელია მისი ნებართვა მოპოვებული მასალის გამოქვეყნებამდე.
მკითხველის პრეტენზიები და შეცდომები
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მკითხველების უკუკავშირს და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ურთიერთობა ჩვენს აუდიტორიასთან. მიუხედავად მკაცრი სტანდარტებისა და სიმართლისა და სიზუსტისადმი ერთგულებისა, ჩვენმა რედაქციებმა შეიძლება დაუშვან შეცდომები ან ჩვენს მკითხველს გაუჩნდეს პრეტენზიის დაფიქსირების საჭიროება გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით.
ნებისმიერ მკითხველს, რომელიც თვლის, რომ ჩვენი მასალა არღვევს ჩვენს სარედაქციო პრინციპებს, ან რომელიც აღმოაჩენს ფაქტობრივ უზუსტობებს ან მცდარ ინფორმაციას, შეუძლია, გამოაგზავნოს პრეტენზია მისამართზე [email protected]. მკითხველებს ვთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითონ “მკითხველის პრეტენზია” და გამოაგზავნონ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია პრეტენზიის შესახებ, საჭიროებისამებრ, მიუთითონ დამატებითი ბმულები ან ეკრანის სურათები.
პრეტენზიის მიღების შემდეგ, ჩვენ დაგიდასტურებთ პრეტენზიის განხილვის დაწყებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში. წერილს განიხილავს მთავარი რედაქტორი და, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი, რომელიც შედგება ჩვენი სარედაქციო გუნდის წევრებისაგან. ეს გუნდი შეაფასებს პრეტენზიის არსს ჩვენი სარედაქციო პრინციპებისა და პრეტენზიის სპეციფიკის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, გუნდი შესაძლოა დაუკავშირდეს პრეტენზიის გამომგზავნს დამატებითი ინფორმაციისთვის.
ჩვენი ამოცანაა, ყოველი პრეტენზია განვიხილოთ და გადავჭრათ უმოკლეს ვადებში, თუმცა, მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. რთულ შემთხვევებში, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს ვრცელ განხილვას ან/და იურიდიულ კონსულტაციებს, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს.
განხილვის დასრულების შემდეგ, პრეტენზია გადაწყდება ერთ-ერთი გზით: პრეტენზიის უარყოფა, თუ იგი უსაფუძვლო აღმოჩნდა; ან — მასალის შესწორება ან გავრცელებიდან ამოღება (კოდექსით დადგენილი წესით). პრეტენზიის გამომგზავნს ეცნობება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
თუ გამომგზავნი უკმაყოფილოა გადაწყვეტილებით, მას შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება განხილვის შედეგის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში. ამ აპელაციას, მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, განიხილავს On.ge-ს მრჩეველთა საბჭო, რომელსაც შეეძლება შეცვალოს ან ძალაში დატოვოს თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება. გასაჩივრებისას მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომი საჩივრები არ განიხილება.
შეცდომების გასწორება და განახლებები
On.ge-ს პოლიტიკა აღმოჩენილი შეცდომების და უზუსტობების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასწორებას ითვალისწინებს. ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო შესწორებაც კი, უნდა მოხდეს ღიად და გამჭვირვალედ.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტის მიჩქმალვა საზიანოა როგორც ჩვენი რეპუტაციისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. გამოქვეყნებულ მასალებში ყოველი შესწორება, ინფორმაციის ცვლილება, განახლება ან დაზუსტება უნდა მოხდეს ტექსტში ამ ქმედების არსის და დროის ცხადად მითითებით.
მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ შეცდომის გასწორება უკვე გამოქვეყნებულ მასალაში საკმარისი არ არის და საჭიროა რედაქციის მხრიდან დამატებითი განმარტების გაკეთება. ასეთ დროს, On.ge იყენებს ყველა გამართლებულ ხელმისაწვდომ არხს, რათა ეს ინფორმაცია გავრცელდეს მაქსიმალურად და არ შესრულდეს ეს ქმედება მხოლოდ ფორმალურად.
ტრაგიკული შემთხვევები და მგლოვიარე ხალხი
ჟურნალისტებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული მგრძნობელობა და თავშეკავება ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლთა და მათი ახლობლების ემოციების გაშუქებისას. დაუშვებელია მსხვერპლთა იდენტიფიცირება მანამ, სანამ ახლობლებს არ ეცნობებათ მომხდარის შესახებ შესაბამისი წყაროებით.
ინფორმაციის მოპოვების სამუშაოებმა, ფოტო და ვიდეო გადაღებამ, შესაძლოა მგლოვიარე და ტრაგედიაგამოვლილი ადამიანები სერიოზულ დისკომფორტში მოაქციოს. გახსოვდეთ, რომ რიგით ადამიანებს უფრო მეტი უფლება აქვთ, აკონტროლონ ინფორმაციის გავრცელება საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე — საჯარო პირებს.
დამატებითი ყურადღებაა საჭირო მძაფრი სურათის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელებისას. აუცილებელია, რომ ასეთ ქმედებას ჰქონდეს გამართლება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელებული ვიზუალი მნიშვნელოვან კონტექსტს მატებდეს ამბავს და რომ არ არსებობდეს სხვა ალტერნატივა. გაითვალისწინეთ დაზარალებულები და მათი ახლობლები, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ტრაგედიის სამუდამო აღბეჭდვას.
მსგავს მოვლენებს ყოველთვის ახლავს თან საზოგადოების მაღალი ინტერესი და მათი გაშუქება ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობაა. თუმცა, ეს უნდა მოხდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაციის გავრცელებით და არა სანახაობის აღბეჭდვის მიზნით ან სიტუაციის ზედმეტად დრამატიზირებით.
ფოტოები და ილუსტრაციები
მასალის მომზადებისას კონტექსტური ფოტოკოლაჟების და ილუსტრაციების გამოყენება დაშვებულია. ფოტოკოლაჟების გამოყენებისას, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კოლაჟი შესაძლოა ჩაითვალოს ნამდვილ ფოტოდ, აუცილებელია კოლაჟის არსებობის ნათლად მითითება, მკითხველის ინფორმირების მიზნით.
ფოტოკოლაჟების და ილუსტრაციების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოთ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის და ეთიკის იმავე პრინციპების დაცვით, რაც ვრცელდება ზოგადად ჟურნალისტურ საქმიანობაზე.
ფოტორეპორტაჟების მომზადებისას, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ფოტოების ციფრულ დამუშავებას, განსაკუთრებით, თუ ეს უკანასკნელი გამოიწვევს რეალობის დამახინჯებას, ტონის და ქვეტექსტის გამძაფრებას ან შემსუბუქებას.
ახალ ამბავს, შესაძლოა, საილუსტრაციოდ დაერთოს ფოტო არქივიდან ან ნეიტრალური, ზოგადი ხასიათის, თემატურად კავშირში მყოფი გამოსახულება. ასეთ დროს უნდა გამოირიცხოს საილუსტრაციო ფოტოს მიმდინარე ფაქტის ამსახველ ფოტოდ აღქმის შანსი, სპეციალური მითითებით ან გრაფიკული დამუშავებით. მაგალითად, დაუშვებელია, ინფორმაციას ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ, თან ერთვოდეს სხვა ავარიის ფოტო არქივიდან, სპეციალური მითითების გარეშე.
პირადი სივრცე და პირადი ინფორმაცია
On.ge პატივს სცემს და იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, ჰქონდეს პირადი ინფორმაცია და ხელშეუხებელი პირადი სივრცე. არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ამ უფლების ნაწილობრივი შელახვა აუცილებელია.
ასეთ დროს პროპორციულობა უმნიშვნელოვანესია. ჟურნალისტის მიერ სხვის პირად სივრცეში შეჭრის დონე აუცილებლად უნდა იყოს გამართლებული ამბის სერიოზულობით და იმ საზოგადო სარგებლით, რაც მის გამოქვეყნებას მოჰყვება. ამასთანავე, მსგავსი გამოძიებისთვის უნდა არსებობდეს სერიოზული და მყარი საფუძველი, დაუშვებელია პირადი სივრცის დარღვევა “საფუძვლის მოსინჯვის” მიზნით.
მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს რესპონდენტის ან ამბის მოქმედი პირის მდებარეობის იდენტიფიცირებადი მონაცემების გაჟონვას ტექსტურ ან ვიზუალურ მასალაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ეს პრინციპი ვრცელდება ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მისი სტატუსის ან დამნაშავეობისა.
დისკრიმინაციული ენა და სტერეოტიპები
On.ge არ აქვეყნებს ინფორმაციას პიროვნების რასის, ეთნიკურობის, აღმსარებლობის, გენდერის, კულტურის, გარეგნობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ, თუ ეს არ არის მოსათხრობ ამბავთან პირდაპირ, დადასტურებულ კავშირში.
ეს პრინციპი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კრიმინალური ამბების გაშუქებისას, თუ საქმე არ ეხება შემთხვევას, როდესაც რასის დასახელება საჭიროა ძებნილი ეჭვმიტანილის აღსაწერად ან როდესაც სახეზეა ეთნიკური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.
დაუშვებელია ჩამოთვლილი მახასიათებლების გამოყენება “სიტყვის მასალად” ან ნაცვალსახელად. ჟურნალისტები მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ უსაფუძვლო სტერეოტიპების გამყარების და მარგინალიზირების უნებლიე ხელშეწყობას მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.
On.ge-ს თანამშრომლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მათი პირადი კულტურული თუ რელიგიური ღირებულებები ან სოციალური პრინციპები საზოგადო ნორმაა. ყოვლად დაუშვებელია ჟურნალისტების მხრიდან დისკრიმინაციული ენის და ჩამოთვლილ მახასიათებლებზე არაკორექტული შეფასებების გამოყენება. თუ ასეთი ელემენტები თავად ამბის ნაწილია, უნდა მოხდეს სერიოზულად განსჯა, რამდენად ღირს მსგავსი ამბის გაშუქება.
განსაკუთრებული მოვლენები
უბედური შემთხვევების, ბუნებრივი კატასტროფების, სტიქიის, ტერაქტების, საომარი მოქმედებების და მსგავსი მოვლენების პირველადი გაშუქებისას, აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა.
გაითვალისწინეთ, რა ეფექტს მოახდენს თქვენი ინფორმაცია საზოგადოებაზე, ხომ არ შეექმნება საფრთხე რომელიმე ჯგუფს ან ხომ არ ავრცელებთ ზედმეტად სენსიტიურ, გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. გაშუქება არ უნდა იყოს გაუმართლებლად საგანგაშო და შეგნებულად სენსაციური, არ უნდა გამოიწვიოს უსაფუძვლო პანიკა და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცლილი სპეკულაციისგან.
ასეთ სიტუაციებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხოლოდ გადამოწმებულ და დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობა. დაუშვებელია მსხვერპლთა იდენტიფიცირება მანამ, სანამ ახლობლებს არ ეცნობებათ მომხდარის შესახებ შესაბამისი წყაროებით.
ჩვენს წინააღმდეგ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები
თუ On.ge დადგება სასამართლოს მიერ ჩვენს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების წინაშე, რომელსაც არ ვეთანხმებით, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ფუნდამენტური პრინციპების პრინციპებს ამ მოვლენის გაშუქებისას.
ჩვენი პასუხი ასეთ შემთხვევებზე იწყება სიღრმისეული შიდა მოკვლევით, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი იურიდიული გუნდი. პარალელურად, ჩვენი სარედაქციო გუნდი იკრიბება და ადგენს ამ გადაწყვეტილების გავლენას შესაბამის მასალებზე, ხელახლა ამოწმებს ყველა მოყვანილ ფაქტს და წყაროს, რათა გარანტირებული იყოს მათი სიზუსტე და ჩვენი სარედაქციო სტანდარტების დაცულობა.
გამჭვირვალე კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ამიტომ, სამართლებრივი დავების პარალელურად, ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციის მკაფიო ხაზს ჩვენს მკითხველთან, ვაცნობთ მათ განვითარებულ მოვლენებს და იმ დეტალებს, რომელთა გაზიარების საშუალებაც გვაქვს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი პასუხი ასახავდეს ჩვენს პოზიციას ნათლად და პროფესიონალურად. On.ge-ს იურიდიული, სარედაქციო და მმართველი გუნდების გადაწყვეტილებით, ჩვენ შესაძლოა გავასაჩივროთ მიღებული გადაწყვეტილება და ეს ფაქტიც გავხადოთ შეძლებისდაგვარად გამჭვირვალე. ეს მიდგომა არ შემოიფარგლება იურიდიული ფორმალობებით, არამედ ვრცელდება ჩვენს ჩართულობაზე სხვა მედია-საშუალებებთან, პარტნიორებთან, სპონსორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭვირვალე კომუნიკაციაზე.
პირადი ქცევის პრინციპები
On.ge-სთვის რეპუტაცია და საზოგადოების ნდობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვესმის, რომ ჟურნალისტებს გააჩნიათ პირადი ცხოვრება სამსახურს გარეთ, ინტერესები, რწმენა, საკუთარი ღირებულებები და მსოფლმხედველობა. აქ მოცემული პრინციპები არ ისახავს მიზნად რომელიმე ზემოთხსენებულის შეზღუდვას. ჩამონათვალის უმრავლესობა წარმოდგენილია რეკომენდაციის სახით, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს მედიასაშუალების რეპუტაციის უსაფრთხოება, ჟურნალისტის სამსახურს-გარე აქტივობებისა და სარედაქციო პრინციპების კონფლიქტში მოსვლის თავიდან არიდების გზით.
მთავარი და ზოგადი რჩევაა, რომ ჟურნალისტის ქცევა არ ცდებოდეს საზოგადოებრივ ნორმებსა და მიღებულ ეტიკეტს. ძირითად პრინციპს საუკეთესოდ აღწერს The Washington Post-ის კოდექსი: “რეპორტიორებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ დარჩნენ აუდიტორიაში, მოერიდონ სცენას, გააშუქონ სიახლეები და თავად არ შექმნან ისინი”.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა
On.ge არანაირი ფორმით უჭერს მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს, არ იჭერს კონკრეტულ პოზიციებს საერთაშორისო ან ეროვნული კონფლიქტების დროს. შესაბამისად, ჟურნალისტები არ უნდა ახდენდნენ რედაქციის სახელის აფილირებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ჯგუფთან ან კონფლიქტის მონაწილე მხარესთან.
სამსახურს გარეთ, On.ge პატივს სცემს ყოველი თანამშრომლის უფლებას, გააჩნდეს პოლიტიკური ან საზოგადოებრივი პოზიცია, იღებდეს მონაწილეობას არჩევნებში, რეფერენდუმებში და არ ისახავს მიზნად ამ უფლების შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, გვაქვს მოლოდინი ჩვენი გუნდის ყველა ჟურნალისტის მიმართ, რომ ისინი მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდებიან ისეთ აქტივობას, როგორმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მათივე მიუკერძოებლობა და შექმნას არაობიექტურობის განცდის საფუძველი.
ჟურნალისტის მიერ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებამ, მონაწილეობამ საპროტესტო აქციებში, მანიფესტაციებში, პეტიციებში, შემოწირულობების გაღებამ ან სხვა მსგავსმა აქტივიზმმა შესაძლოა დააზიანოს არა მხოლოდ მისი პირადი რეპუტაცია, არამედ შეარყიოს On.ge-ს მიუკერძოებელი იმიჯიც. რედაქცია ვერ და არ ახდენს ყოველი თანამშრომლის ქმედებათა მონიტორინგს და ეყრდნობა ნდობის პრინციპს, რომ გუნდის წევრები არ იმოქმედებენ დაუდევრად. კონკრეტული შემთხვევის დროს გადაწყვეტილების მიღებამდე, ჟურნალისტებმა სასურველია ჰკითხონ რჩევა მთავარ რედაქტორს.
ინტერვიუები და საჯარო გამოსვლები
On.ge-ს თანამშრომლები შესაძლოა მიიწვიონ სხვა მედიასაშუალებებმა ინტერვიუს ან კომენტარის გასაკეთებლად. ჩვენ მივესალმებით კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობას და ერთმანეთის დახმარების სურვილს. ნებისმიერი მსგავსი ინტერვიუ, თანხმობის მიცემამდე, უნდა იყოს შეთანხმებული On.ge-ს მთავარ რედაქტორთან.
ინტერვიუს ან კომენტარის მოთხოვნა, რომელსაც შესაძლოა დაეთანხმოს On.ge-ს ჟურნალისტი, უნდა მოდიოდეს ავტორიტეტული მედიასაშუალებიდან, რომელიც არ მოახდენს მასალის დამახინჯებას ან გამოყენებას პროპაგანდისთვის. რესპონდენტმა ჟურნალისტებმა საუბრისას უნდა იხელმძღვანელონ ამ კოდექსის რეკომენდაციებით.
ჟურნალისტი ასევე შეიძლება მიიწვიონ სემინარებზე, კონფერენციებზე და ფორუმებზე, მისი სპეციალობის შესაბამისად, საჯარო გამოსვლებისთვის. მსგავსი აქტივობაც უნდა შეთანხმდეს მთავარ რედაქტორთან და ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მიმწვევ ორგანიზაციასთან აფილირება არ უნდა აყენებდეს ზიანს On.ge-ს რეპუტაციას.
ინტერნეტი და სოციალური მედია
სოციალური მედია თანამედროვე ჟურნალისტის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჟურნალისტები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ინტერნეტ-სივრცეში კვლავ მოქმედებს პროფესიული და პირადი საქმიანობის ყველა ის წესი და პრინციპი, რაც ამ დოკუმენტშია აღწერილი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერნეტში არ არსებობს სრულად პრივატული გარემო. მიუხედავად შეტყობინების ადრესატისა, გაზიარებული კონტენტის წვდომის პარამეტრებისა თუ დახურული ჯგუფის არსებობისა, ნებისმიერი რამ, რასაც ქმნით ინტერნეტ-სივრცეში, შესაძლოა გახდეს საჯარო და ზიანი მიაყენოს თქვენს პირად და On.ge-ს რეპუტაციას.
ჟურნალისტი არ უნდა შეცდეს სოციალური მედიის არაფორმალურობით. ნებისმიერი ონლაინ-აქტივობა არაფრით განსხვავდება საჯარო ქმედებისგან და ყველაზე უმნიშვნელო მოვლენასაც კი, შესაძლოა მოყვეს არასასურველი და არასწორი აღქმა გარე დამკვირვებლისგან.
მიაქციეთ ყურადღება, რა დოზით და რა კონტექსტის ინფორმაციის გაზიარებას ახდენთ. მოერიდეთ მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას და ონლაინ-დისკუსიებში შესვლას. თუ საქმიანი მიზნისთვის მოიწონებთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან დაპირისპირებული მხარის გვერდს ფეისბუქზე, მოიწონეთ ოპონენტი გვერდებიც, რათა თავიდან აიცილოთ ამ ქმედების, როგორც “მხარდაჭერის” არასწორი ინტერპრეტირება. იგივე ეხება ჯგუფებს, საჯარო პროფილებსა და სოციალური ქსელების მსგავს ელემენტებს.
ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისას, ნებისმიერი ბმულის გაზიარებისას, რადგან საზოგადოებისთვის ისინი არიან ავტორიტეტული, სანდო წყაროები და ენდობიან უფრო მეტად, ვიდრე სხვა, რიგით მომხმარებელს. ამის გათვალისწინებით, ჟურნალისტმა საკუთარ, თუნდაც მხოლოდ მეგობრებისთვის გახსნილ პროფილზე, უნდა იხელმძღვანელოს ინფორმაციის გავრცელების და გადამოწმების იგივე პრინციპებით, რაც ვრცელდება მის სამსახურეობრივ საქმიანობაზე. დაუშვებელია გადაუმოწმებელი, საეჭვო წარმომავლობის და საფრთხის შემცველი ინფორმაციის გაზიარება, სპეციალური განმარტების გარეშე, თუ ეს არ ხდება უზუსტობის აღსანიშნად ან მის პრობლემურობაზე ყურადღების გასამახვილებლად.