მართლა გაქვთ თუ არა ADHD? — მეცნიერებმა ასობით კვლევაში სერიოზული ხარვეზები აღმოაჩინეს
ფოტო: Shutterstock
ბოლო დროს ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის) თვითდიაგნოსტირება განსაკუთრებით პოპულარული გახდა. სოციალურ მედიაში გავრცელებული საეჭვო ვიდეოებისა და არარსებული "სამეცნიერო კვლევების" გამო, მომხმარებლები ხშირად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ყურადღების პრობლემები აუცილებლად ADHD-ის ბრალია.
ახალი მასშტაბური კვლევა ამ დიაგნოზის სანდოობასა და მის სამეცნიერო საფუძვლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
კოპენჰაგენისა და სან-პაულუს უნივერსიტეტების მკვლევრებმა ADHD-ის მკურნალობის შესახებ სამასამდე მაღალი დონის კლინიკური კვლევა გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ამ კვლევების მონაწილეების ნახევარს სრულფასოვანი დიაგნოსტიკური შეფასება არც კი ჩასტარებიათ. დიაგნოზების უმეტესობა ხარვეზიანი და როგორც კვლევის ავტორები ამბობენ არაპროფესიულად დასმული იყო.
ბევრ შემთხვევაში ADHD-ის დიაგნოზი ბიპოლარულ აშლილობასა და დეპრესიაში იყო არეული, რის გამოც, შესაძლოა, ბევრი ადამიანის მკურნალობის სტრატეგია არასწორად წარიმართა. ზოგიერთ ვარიანტში დადგინდა, რომ დიაგნოსტიკა უბრალო კომპიუტერული ტესტით ხდებოდა და ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტი იყო, რომ კვლევების 61%-ში არ იყო მითითებული თუ ვინ ან როგორ დაუდგინა პაციენტს ADHD-ის დიაგნოზი.
"დავასკვენით, რომ კვლევების ნახევარმა არ უზრუნველყო პაციენტების ფართო და საფუძვლიანი დიაგნოსტიკური შეფასება, რათა სხვა დარღვევები გამოერიცხათ", — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯული ნორდგაარდი.
მრავალი კლინიკური კვლევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ სამედიცინო შემოწმება იმ ადამიანების მიერ ჩატარდა, რომლებსაც შესაბამისი მომზადება და საკმარისი კვალიფიკაცია არ ჰქონიათ.
ADHD ტრადიციულად ბავშვებში დგინდება ხოლმე, რადგან უფროსებში მისი შემჩნევა ბევრად უფრო რთულია. ბავშვებთან სიმპტომები შედარებით თვალსაჩინოა — მოუსვენრობა, ყურადღების გაფანტვა და იმპულსური ქცევები, ხოლო უფროსებში ეს სიმპტომები ხშირად გარემოებებს ბრალდება და მათი უბრალო გადაღლილობისგან გარჩევა რთულია.
"ADHD-ისა და სხვა ფსიქიკური პრობლემების სიმპტომები ხშირად მსგავსია, ამიტომ გამოუცდელი და არაპროფესიული შეფასების შემთხვევაში, შესაძლოა, იგი შფოთვაში, დეპრესიასა და სხვა სერიოზულ სირთულეებში აგვერიოს. ADHD-ის გამოსავლენად საჭიროა დეტალური, სპეციალისტის მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკა", — ამბობს დოქტორი იგორ სტუდარტი.
პროფესორი ჯული ნორდგაარდი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ თუ კვლევაში მონაწილე პაციენტებს სხვა პრობლემები აღენიშნებოდათ (მაგალითად, შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა), შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ ამ დარღვევების რომელ სიმპტომებზე იმოქმედა ADHD-სთვის განკუთვნილმა მკურნალობამ. ამან შეიძლება შემდგომი რეკომენდაციები დამაბნეველი, არასანდო და საერთოდაც, სახიფათო გახადოს.
მიუხედავად ამისა, დღეს ADHD-ის მკურნალობის სტანდარტები სწორედ ასეთი ხარვეზიანი კვლევების შედეგებით დგინდება, რაც აჩენს კითხვას — თუ კვლევის ბაზა არასანდოა, როგორ შეგვიძლია რეკომენდაციების ნდობა?
იმ პირობებში, როცა ADHD-ის შემთხვევები დღითიდღე იზრდება, საჭიროა უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა და მყარ სამეცნიერო საფუძველზე დაყრდნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ არაეფექტური მკურნალობითა და არასწორი დიაგნოზით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით.
მკვლევრები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ დიაგნოზი არა თვითშეფასებითა და ინტერნეტით, არამედ ყოველთვის პროფესიონალის მიერ უნდა დადგინდეს. მათი შეფასებით, აუცილებელია მკაცრი მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

კომენტარები