როგორ ვებრძოლოთ დაძაბულობას, შფოთვას პანდემიის დროს — რჩევები ფსიქოლოგებისგან
მომავლის შიში, მუდმივი დაძაბულობის გრძნობა, ცუდი ამბების მოსმენის/გაგების აკვიატება თან ახლავს პანდემიასა და სოციალური დისტანციით, კარანტინით, თვითიზოლაციით ან თუნდაც კომენდანტის საათით არის გამოწვეული. სპეციალისტები ამ შეგრძნებებს ნორმად მიიჩნევენ, თუმცა აუცილებელია, თავის დაღწევის გზების ცოდნაც. პოსტვირუსულ ეპოქაში მენტალური ჯანმრთელობა არამხოლოდ საქართღველოს, მთელი მსოფლიოს გამოწვევა იქნება.
On.ge-მ დარგის სპეციალისტებისგან მოისმინა პასუხი იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს პანდემიის სირთულეებმა.
კორონავირუსზე ახალი ამბების გადაჭარბებულად მოსმენისას, ან ვინმე ახლობლის ინფიცირებაზე ამბის გაგებისას, ადამიანებს შიში აქვთ, რომ მათაც იგივე სჭირთ, ზოგს, შესაძლოა, ტემპერატურაც ჰქონდეს. რით ახსნით ამ მოვლენას?
როგორც ვიცით, სტრესს აქვს სომატური/სხეულებრივი გამოვლინება, რისი ერთ-ერთი სახეცაა სხეულის ტემპერატურის ცვლილება. აქედან გამომდინარე, ტემპერატურა შესაძლებელია როგორც რამე ვირუსის, ფიზიოლოგიური პრობლემების, აგრეთვე სტრესის ფონზეც ჰქონდეს ადამიანს, რაც კავშირშია გარემო ფაქტორებთან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან შფოთვისკენ, აქვთ გადაჭარბებული შფოთვა სხვადასხვა საკითხების მიმართ, ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ შიში იმ დაავადებების, რაც ხშირად ესმით გარშემომყოფებისგან, ტელევიზიით, ან ახლობელზე იგებენ, რომ რაიმე დაავადება აქვს. როცა ასეთი ადამიანი იგებს ინფორმაციას ახლობლის ინფიცირების შესახებ, ბუნებრივია, მას უჩნდება შიში, რომ მასაც შეიძლება დაემართოს Covid-19.
იგივე შეიძლება ითქვას ამბების გადაჭარბებულად მოსმენის შესახებ. თუ გამუდმებით ვისმენთ ნეგატიურ ინფორმაციას, ეს გარკვეული სტრესორია, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ემოციაზე და აზრებზე, აგრეთვე, ფიზიოლოგიაზე.
რაც შეეხება ფიქრებს, მათი კონტროლი რთულია, ადამიანებს გამუდმებით გვაწუხებს სხვადასხვა სახის აზრი, რაც კავშირშია გარემო სტრესულ ფაქტორებთან. შიში იმისა, რომ კოვიდ-19 შეიძლება გვჭირდეს, შესაძლებელია ერთხელ მაინც გვქონოდა უმეტეს ჩვენგანს დღევანდელ სტრესულ გარემოში.
რამდენად საშიშია მენტალური ჯანმრთელობისთვის ახალ ამბებზე დამოკიდებულება და რა უნდა გააკეთო გონების განსატვირთად?
ბუნებრივია, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოქმედი კარანტინის დროს პირისპირ კონტაქტი მინიმალურია. ამ პერიოდში, ფსიქიკური პრობლემები უფრო მეტად იმ პირებს გაუმწვავდათ, ვისაც პანდემიამდეც სუსტი ფსიქიკა ჰქონდა და მძიმედ იტანდა განშორებას, ადვილად ექცეოდა ნეგატიური ამბების გავლენის ქვეშ.
ასეთ დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური ქსელებით, ტელევიზიით, რადიოთი მიღებულ ინფორმაციას. შიშთან გასამკლავებლად ადამიანები ეძებენ დასაყრდენს, მათ სურთ მოუსმინონ იმ პასუხისმგებელ პირებს, რომელთა იმედიც აქვთ მოცემულ სიტუაციაში: ინფექციონისტებს, ჯანდაცვის სფეროს მესვეურებს, სახელმწიფო მოხელეებს ან საყვარელ ადამიანს, რომელიც გვერდით უდგათ. მათი სიტყვა დამამშვიდებელი და დამაიმედებელი უნდა იყოს. სასურველია, მსგავს სიტუაციებში მოვერიდოთ ისტერიულ გადაცემებს, პანდემიასთან დაკავშირებულ მძიმე კადრებს.
იმისათვის, რომ ადამიანი ამ წრიდან ამოვარდეს, უნდა დაფიქრდეს, რომ რეალურად ამით ვერაფერს აკონტროლებს და მხოლოდ თავს იღლის გამუდმებით საფრთხეზე ფიქრით. მან ნდობა უნდა გამოუცხადოს იმ ხალხს, ვინც პასუხისმგებელია პანდემიის მართვაზე, უნდა გაიაზროს, რომ პროფესიონალები კარგად უმკლავდებიან საკუთარ საქმეს და გადაერთოს სხვა, უფრო სასიამოვნო საქმეზე. მაგალითად, ისეირნოს, უყუროს საყვარელ ფილმებს, სადაც არ არის ნაჩვენები პანდემიები და კატასტროფები; ესაუბროს ოპტიმისტ ადამიანებს, მოერიდოს პესიმისტებსა და პანიკით შეპყრობილ ადამიანებს. უნდა დაფიქრდეს, რის გაკეთება შეუძლიათ ამ სიტუაციაში, მათ შორის, სხვების დახმარებაზე, რადგან სხვისი დახმარება შინაგანად აძლიერებს, ასეთ დროს კი, ადამიანი თავს აიგივებს ძლიერ პიროვნებასთან. შედეგად, შინაგანად თავადაც ძლიერდება და შფოთვაც იკლებს.
რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება პანდემიის დროს?
ადამიანი არის სოციალური არსება. მისი განვითარება და სოციალური ურთიერთობები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, პერსონალური და სოციალური ცვლილებები ურთიერთდამოკიდებულია და ხშირად ერთმანეთის ეფექტურობას განაპირობებს. შესაბამისად სოციალური კავშირის შეწყვეტა ან შეზღუდვა იწვევს სიცარიელეს და სიმარტოვეს. ევოლუციამ გვაჩვენა რომ პირველყოფილი საზოგადოებიდან მოყოლებული, ადამიანები ადამიანებს ეძებენ, რადგან მარტო გადარჩენა უფრო რთულია. ახლანდელ ეპოქაში კი ამ გადარჩენას აქვს უფრო სოციალური დატვირთვა.
პანდემიის გლობალურმა კრიზისულმა სიტუაციამ საფრთხის ქვეშ დააყენა ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებები — ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდა. ყველა დიდი ცვლილებებისა და გამოწვევების წინაშე დადგა. ვირუსული დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფიცირებისგან საკუთარი თავი და სხვები რომ გადაერჩინა, ადამიანი იძულებული გახდა ოჯახს გარეთ სოციალური ურთიერთობი შეეზღუდა, ეზრუნა პირად ემოციურ ჰიგიენაზე, ახალ რუტინაზე, კრიზისის დაძლევაზე, ახლობლებზე, ოჯახის წევრებზე. ამასთანავე მას კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავების დროს მიეცა შანსი შეეძინა ახალი, კარგი უნარები, რომელიც ბევრისთვის გამოცდილებად იქცა. მიუხედავად სოციალური იზოლაციისა, სოციალურმა მოთხოვნილებებმა — თანაზიარობამ, აფილაციამ, თანადგომამ, თანაგრძნობამ, ემპათიამ, დახმარების უნარმა გადაინაცვლა სხვა სივრცეში — ონლაინ, რომელიც ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამრჩენელია.
რა უნდა ვქნათ, თუ თვითიზოლაციის შემდეგ გარეთ გასვლის, ხალხში ყოფნის სურვილი აღარ გვაქვს? არა ვირუსის შიშის გამო, უფრო ურთიერთობებზე, სოციალიზაციაზე გადაჩვევის გამო.
მსგავსი კითხვებით არაერთ ადამიანს მოუმართავს ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის. მინდა გითხრათ, რომ ხანგრძლივი თვითიზოლაციის შემდეგ მსგავსი განცდები, ფიქრები ნორმალურია და არ არის ამაში არაფერი საგანგაშო.
აღსანიშნავია, რომ თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეიცვალა და გავხდით მეტად პასიურები, საკუთარ თავში ჩაღრმავებულები, თვითანალიზით და თვითგამორკვევით დაკავებულები. ამან ჩვენში ცვლილებები გამოიწვია. მოხდა ღირებულებების და პრიორიტეტების გადაფასება.
პიროვნების თვითიზოლაცია ფსიქოლოგიური ფენომენია და ფსიქოლოგიაში განიხილავენ, როგორც სისტემურ, ინტეგრალურ თვისებას, რომელსაც პიროვნება მიმართავს ცხოვრების კრიტიკულ პერიოდებში. ის ვლინდება სოციალურ-ფსიქოლოგიური, ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური და ღრმა-შიდაპიროვნული ფორმით.
მინდა შევეხო ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ ფორმას:
პიროვნება თვითიზოლაციას ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური ფორმით მიმართავს ამა თუ იმ კრიზისით გამოწვეული სტრესის დროს, როცა სჭირდება განმარტოება, საკუთარი ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის, დასაფიქრებლად. ამ დროს ადამიანი თავს არიდებს სოციალურ ინკლუზიას უკეთესად კონცენტრირების მიზნით.
ცხოვრების კრიტიკულ სიტუაციებში ფსიქიკას ახასიათებს უკვე არსებული, ღრმა ეგზისტენციალური შეხედულებების ფლუსტრირება და ახლებურად გადაფასება. ადამიანი იწყებს ფიქრს: "რა უნდა გავაკეთო", "როგორ მოვიქცე","მე რა უნდა შევცვალო", "არსებული სიახლე რას შემიცვლის მე" და ა.შ. მათი გადაფასება პიროვნებას ეხმარება ცხოვრების ახალი გზის ფორმირებაში და ახლებურად მოწყობაში.
სწორედ ამ ფორმის თვითიზოლაციიდან გამოსვლა ბადებს მსგავს კითხვებს:
- უნდა დაუბრუნდე იმ რიტმს და ცხოვრების რეჟიმს რომლითაც ვცხოვრობდი;
- მჭირდება ყველა ის ურთიერთობა?
- ისინი იყო სავალდებულო თუ სასიამოვნო ჩემთვის?
- როგორ შევამცირო ყველა ის სავალდებულო ურთიერთობა, რომელსაც მხოლოდ ჩემი ფსიქიკური ენერგია მიჰქონდა?
- როგორ გავზარდო ის სასიამოვნო ურთიერთობები, რომელიც მსიამოვნებდა და ჩემთვის ენერგიების მომცემი იყო?
სწორედ ამ კითხვებს უნდა გასცეთ პასუხი და მარტივად მიხვდებით, თქვენი წარსულში მოქმედი სოციალიზაციის მექანიზმის მოშლის და ახლებურად მიწყობისთვის საჭირო ცვლილებების მიზეზებს.
- თუ დამოუკიდებლად ვერ ართმევთ თავს გასცეთ აღნიშნულ კითხვებს პასუხი;
- თუ გაცემული პასუხები არ გაკმაყოფილებთ;
- თუ ყველანაირი ურთიერთობა თქვენთვის უინტერესო გახდა,
მიმართეთ სპეციალისტს და მისი დახმარებით შეძლებთ მოცემული სიტუაციიდან გამოსვლას.
შიში, პერიოდული შფოთვა, ასეთ დროს ალბათ ბუნებრივია. როგორ ვებრძოლოთ ამას? ხშირად ეს მდგომარეობა ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს გვიშლის.
როდესაც ჩვენი სხეული და გონება გარემოდან საფრთხეს გრძნობს, აქტივირდება განგაშის — "თავდასხმის ან თავდაცვის" სისტემა, შესაბამისად, ჩვენ განვიცდით დისკომფორტს, შიშსა და შფოთვას. რა ხდება სხეულში? სხეული გამოყოფს ადრენალინს, შედეგად გულისცემის აჩქარებას, კიდურების კანკალს, ოფლიანობას, პირის სიმშრალეს და ა.შ. ვგრძნობთ. ადრენალინი აჩქარებს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და გვამზადებს ბრძოლისა და თავდაცვისთვის. შიში და შფოთვა გვეხმარება თავი დავიცვათ საფრთხისგან — მაგალითად, ხშირად დავიბანოთ ხელები პანდემიის დროს, ვირუსით დაინფიცირების ალბათობის შემცირების გამო. შესაბამისად, საფრთხის შემცველ სიტუაციაში შიშისა და შფოთვის განცდა ბუნებრივია!
"გაქცევისა და შებრძოლების" რეაქცია არ არის სასარგებლო, როდესაც ჩვენი სხეული მობილიზებაში მოდის წარმოდგენით ან საშიში მოვლენის გაზვიადებით. როდესაც "გაქცევის ან შებრძოლების" რეაქციას აღმოცენდება ისეთ სიტუაციაში, რომელიც არ მოითხოვს გაქცევას ან შებრძოლებას, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რა მოვლენები უსწრებს წინ ამ რეაქციების წარმოშობას. ასევე, დავაფიქსიროთ რა ხდება სხეულში და ვმართოთ სიმპტომები. ეს გვეხმარება ვიგრძნოთ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ.
ერთმნიშვნელოვანი რეცეპტები, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად წაადგება, არ არსებობს. ინდივუდუალური გამოცდილებები და ბიოგრაფია გასათვალისწინებელია. გაიხსენეთ გამოცდილება, ან ის უნარები, რომელიც წარსულში გამოგადგათ. მეტად ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომ გახდეთ მუდმივი საყრდენი საკუთარი თავისთვის.
- შეჩერდით, ისუნთქეთ!
- შფოთვით ენერგიას მიეცით კალაპოტი, ჩარჩო, გადაიტანეთ ეს ენერგია ქმედებაში. სურვილის არქონის მიუხედავად, დაგეგმეთ, დაიწყეთ ქმედება;
- უსაგნო ნერვიულობის ნაცვლად, იზრუნეთ და კონცენტრირდით იმაზე, რაც მხოლოდ თქვენს კონტროლს ექვემდებარება;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი რუტინა;
- შეამცირეთ ისეთი ქმედებები, რომელიც შფოთვას ზრდის: გუგლის გამოყენება, ახლობლებთან მხოლოდ ამ თემაზე საუბარი და ამბების შედარება, სოციალური ქსელით მსგავსი ინფორმაციის ძიება და გაცნობა;
- ფოკუსირდით და კონცეტრაცია მოახდინეთ მხოლოდ აქ და ამჟამად. არსებობს მხოლოდ ეს მომენტი და თქვენ;
- ნეგატიური ფიქრები და განცდები შეამჩნიეთ, აღიარეთ მათი არსებობა, რადგან ეს ბუნებრივი და ადამიანურია, მაგრამ არ მისცეთ ძალაუფლება და თქვენი დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალება;
- დაიმახსოვრეთ/შეახსენეთ თავს, რომ ეს მდგომარეობა გაივლის!
- დაუკავშირდით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, თუნდაც უბრალოდ მოიკითხეთ ისინი;
- იზრუნეთ სხეულზე, დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, შეფასების და კრიტიკის გარეშე.
საჭიროების შემთხვევაში, არ მოგერიდოთ და არ გადადოთ, დახმარებისთვის მიმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმიდან თქვენთვის სასურველ სერვისს.
კითხვებზე პასუხების მისაღებად On.ge-ს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების პლატფორმა დაეხმარა.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები