კორონავირუსის პირველ საცდელ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, 3 თვეა — მუშაობა დაწყებულია
ახლახან, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ვარაუდობენ, რომ სამ თვეში პირველ ექსპერიმენტულ ვაქცინას გამოცდიან.
ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის გენომის გაშიფვრა საკმაოდ სწრაფად შეძლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ოფიციალურმა პირებმა ამ მოვლენის შესახებ საჯაროდ განაცხადეს და მკვლევართა ჯგუფებს მუშაობის საშუალება მისცეს. გენეტიკური კოდის მეშვეობით, მეცნიერებს ვაქცინაზე მუშაობის დაწყება ვირუსის ნიმუშების გარეშე შეუძლიათ.
ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დეკემბრის ბოლოს გავრცელდა. პარასკევის ჩათვლით ჩინეთში ვირუსით 800 ადამიანი დაინფიცირდა და 26 დაიღუპა, მსოფლიოს გარშემო კი 1 327 დაინფიცირების შემთხვევა და 41 სიკვდილი ფიქსირდება. ვირუსი ტაილანდში, ნეპალში, იაპონიაში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთშიც გავრცელდა.
ინსტიტუტის დირექტორის, ანტონი ფაუჩის თქმით, საცდელი ვაქცინის შესაქმნელად 3 თვე რეკორდული დროა. მაგალითად, 2003 წელს, მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) გავრცელების დროს ამერიკელ მკვლევარებს ვაქცინის შესაქმნელად 20 თვე დასჭირდათ.
ამჟამად მკვლევარები და სხვადასხვა სამედიცინო კომპანიები აქტიურად მუშაობენ ვაქცინების შექმნაზე, რათა ახალი ვირუსის მსოფლიოს გარშემო გავრცელება შეაჩერონ.
ამავე თემაზე:
კომენტარები