"მიწაზე ვმუშაობ, საკუთარ თავს ვერ მივცემ საბუთს" — ვის (ვერ) "ხედავს" მთავრობის გეგმა
ნინო ქირათელიძე ტყიბულში ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის და წლიდან წლამდე ერთადერთი შემოსავლის წყარო აქვს — საკუთარ მიწაზე მოყვანილ მარწყვს ყიდის. ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და ტრანსპორტირების გართულებამ მარწყვის რეალიზაციაში ხელი შეუშალა, თუმცა ერთადერთი შემოსავლის დაკარგვას ვერ დაასაბუთებს.
"თავიდან ბავშვების გამო პროდუქტი მომიტანეს, შაქარი და რაღაცები. ფულადი დახმარებაზე არც მიმიკითხავს, იმიტომ, რომ თვითდასაქმებული ვიყავი. რაღაც საბუთი უნდა გქონდესო, მე ჩემს მიწაზე ვმუშაობ და არ გამიცია ჩემს თავზე ეგ საბუთი, ამიტომ ვერ ვამტკიცებ. აღარ მიცდია და არც არავის უთქვამს, რომ შეიძლებაო", — ამბობს ნინო On.ge-სთან
მას მოქალაქეები დაეხმარნენ. ერთ დღეს ნაცნობმა მის შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ნინოს მარწყვი მოქალაქეებმა ინტერნეტის საშუალებით შეიძინეს:
"მიჭირდა იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ დადიოდა გზაზე. ახლაც არ დადის, მაგრამ ახლა ეს [პოსტი] გავაკეთეთ ინტერნეტში, რომლისთვისაც ხატია ბეროძეს მინდა მადლობა ვუთხრა. ახლა უკვე აღარ მაქვს პრობლემა, რომ გავასაღო. მეტიც რომ მქონდეს, მეტსაც გავყიდდი. დაახლოებით 500-600 კილომდე მქონდა და წელს ვნახოთ".
სახელმწიფოს შემოსავალს ვერ უმტკიცებს და ვერც ერთჯერად დახმარებას — 300 ლარს მიიღებს 38 წლის თეა ცხოვრებაძე, რომელიც თბილისში ორ შვილთან, ქმართან და პენსიონერ დედამთილთან ერთად ცხოვრობს. ის On.ge-ს უყვება, რომ 4 წლის წინ ძიძად მუშაობა ახლობლის დახმარებით დაიწყო, ხელფასს ხელზე იღებდა, პანდემიის გამო კი უმუშევრად დარჩა.
"სამწუხაროდ, აპრილის თვიდან ასე სამსახურის გარეშე დავრჩი. მე როგორც გავიგე, დახმარების მისაღებად ანგარიშზე უნდა გერიცხებოდეს ან ოფიციალურად უნდა იყო გაფორმებული და ხელშეკრულებით უნდა მუშაობდე, ან სააგენტოდან უნდა იყო დასაქმებული. მე ახლობლების დახმარებით დავიწყე მუშაობა და არანაირი დოკუმენტი არ მაქვს", — ამბობს თეა.
კრიზისს თეას ქმრის ოპერაციაც დაემთხვა და ამიტომ ჯერჯერობით მუშაობას ვერ შეძლებს. ოჯახის შემოსავლის წყარო დედამთილის პენსია რჩება. თეა აპირებს დახმარების მისაღებად განაცხადი მაინც შეავსოს:
"მეუღლეც სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა და იმასაც სამსახური არ აქვს ჯერჯერობით და როდის გაიხსნება არ ვიცი. რადგან ისიც კერძო ობიექტზე მუშაობდა, არანაირი დახმარება არ შეხვდა. ასე ვართ უმუშევარი".
საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარმოადგინა, თუმცა იმ ადამიანებს, ვისთვისაც დახმარება გათვალისწინებულია, ის ამ დრომდე არ მიუღიათ.
შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ხელისუფლება საარსებო მინიმუმითაც ვერ ეხმარება, მარტის მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმ 206 ლარია, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით კი:
- დაქირავებით დასაქმებული, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, დახმარების სახით 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ;
- არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერად დახმარებას —300 ლარს მიიღებენ.
ასევე, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან და 100 000-მდეა;
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა ჰყავთ 16 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამაა. თუმცა, თანდათან ირკვევა, რომ მთავრობის გეგმა ბევრის "ხანძარს" ვერ ჩააქრობს.
იმას, რომ დაანონსებული შემწეობა არსებული საჭიროებების სრულყოფილ შეფასებას არ ეფუძნება, ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC).
ორგანიზაციისთვის ბუნდოვანია, რა ეკონომიკურ მოლოდინებს ემყარება მიზნობრივი ჯგუფების ზომებთან დაკავშირებული გათვლები.
"ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ თვითდასაქმებულთა შემთხვევაშია — მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება დაახლოებით 250 000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800 000 ადამიანია. თვითდასაქმებულთა შესახებ არსებული მწირი მონაცემების პირობებში, ეს გათვლა ზედაპირული და შესაძლოა, არაზუსტი აღმოჩნდეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ვის "ხედავს" მთავრობის გეგმა და ვის — არა
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი პრობლემას ანტიკრიზისულ გეგმაში შემავალი ჯგუფების იდენტიფიცირებაში ხედავს. მისი თქმით, მთავარია სახელმწიფომ შეძლოს სწორად დადგენა, ვის გაუჭირდა ამ პერიოდში განსაკუთრებულად.
ეკონომისტი On.ge-სთან აღნიშნავს, რომ მთავრობის დოკუმენტი სინამდვილეში არა ანტიკრიზისული გეგმა, არამედ უფრო სოციალური დახმარებების პაკეტია და რადგანაც სოციალური პაკეტია, სჯობდა პირდაპირ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ, რომელთა გარკვეული ნაწილი სრულიად "ჰაერში რჩება".
"არაფორმალურ დასაქმებაზე რომ იყო საუბარი, თანდათან აღმოჩნდა, რომ მთლად არაფორმალურ დასაქმებას კი არ გულისხმობენ, უბრალოდ თვითდასაქმებას და პრაქტიკულად, იმ ხალხს, ვისაც დადასტურებული შემოსავლები არ ჰქონდა, საერთოდ ვერ ეხმარებიან. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული ადამიანები ვერ მიიღებენ დახმარებას და გამოდის, რომ ვინც განსაკუთრებით გაჭირვებულია, იმას უფრო მეტად ვერ ვეხმარებით. რაც ძალიან პრობლემურია", — ამბობს ის.
ბერიკაშვილის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ არაფორმალურად დასაქმებულებმა უნდა განაცხადონ, რომ არაფორმალურად მუშაობდნენ და გადასახადებს არ იხდიდნენ.
"ეს პრობლემურია. თუ არაფორმალურად მუშაობდნენ, ნიშნავს, რომ გადასახადებს არ იხდიდნენ და სახელმწიფომ ამაზე პასუხი ნებისმიერ დროს შეიძლება მოსთხოვოს. ამიტომ ამის გამო მიმართვის შეიძლება ხალხსაც შეეშინდეს", — აცხადებს ბერიკაშვილი.
ანტიკრიზისული გეგმა კითხვებს მხოლოდ შემოსავლის გარეშე დასაქმებულების იდენტიფიცირების კუთხით არ დატოვებს.
EMC ყურადღებას ამახვილებს დახმარების მისაღებად მთავრობის მიერ განსაზღვრულ სოციალურ სარეიტინგო ქულებზეც. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ 65 000-მდე ქულის მქონე ოჯახების მდგომარეობაც მნიშვნელოვანწილად გაუარესებულია და ანტიკრიზისულ გეგმაში მათთვის დამატებითი შემწეობის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.
სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში შემავალი კიდევ ერთი ჯგუფის განსაზღვრას გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მთავრობის სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით მართებული არ არის.
როგორც სახალხო დამცველი ამბობს, დახმარებით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები, ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი არ აქვთ, მხოლოდ შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო, დახმარების გარეშე რჩებიან.
"ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს", — აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა უნდა გადაიხედოს და მასში ცვლილებები შევიდეს.
ანტიკრიზისული გეგმის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ იმ მოწყვლადი ჯგუფების გამოცაა, რომლებიც გეგმაში საერთოდ ვერ მოხვდნენ. სამთავრობო გეგმაში არაფერია ნათქვამი უსახლკაროთა შესახებ.
EMC-ის განმარტებით, ამ ადამიანებს მოქმედი რეგულაციებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების უფლება არ აქვთ და საარსებო შემწეობას და მასთან დაკავშირებულ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებული სხვა სერვისებს ვერ იღებენ.
ორგანიზაციისთვის, ასევე, ბუნდოვანია, რამდენად ითვალისწინებს ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილი იმ ოჯახების თუ პირების მხარდაჭერას, რომლებიც უცხოურ გადმორიცხვებზე იყვნენ დამოკიდებული.
"პანდემიის პირობებში დამდგარმა სოციალურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ამ შემოსავლის გარეშე დატოვა. მაგალითად, თებერვალი-მარტის ფულადი გზავნილების სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილები შემცირებულია", — აცხადებენ EMC-ში.
უცნობია გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა აღნიშნულ შენიშვნებს. ცნობილია ის, რომ დახმარების გაცემის პირველ ეტაპზე კომპენსაციას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც მთავრობის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ არაიდენტიფიცირებად თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მათი დახმარების საკითხს სპეციალურად შექმნილი კომისია განილიხავს.
ანტიკრიზისული გეგმა თუ სოციალური დახმარების პაკეტი
სპეციალისტები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მთავრობისგან უფრო ეკონომიკურ გეგმას ელოდა, რომელშიც გათვლილი იქნებოდა კორონავირუსის შედეგი და შემოთავაზებული იქნებოდა არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გზები.
სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დოკუმენტში ეკონომიკური ხედვის მცირე ჩანასახები იყო, მაგრამ ეს არ იყო ხედვა — როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ პერიოდში და როგორ უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან.
"თუმცა, თვითონაც თქვეს, რომ ეს არ არის საბოლოო ვერსია და ცხადია, სწრაფადცვალებადი გარემოა და ყველაფერი იცვლება. გარდა ამისა, პოსტკრიზისული გეგმის მოგვიანებით წარმოდგენასაც აპირებენ", — დასძენს სოსო ბერიკაშვილი.
სპეციალისტების გარდა, ეკონომიკური ხედვა ვერ დაინახეს ვერც ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მაგალითად, ევროპული საქართველო ფიქრობს, რომ მთავრობამ რეაგირება დააგვიანა და ეკონომიკაზე წნეხის შემცირებას არც ანტიკრიზისული გეგმით აპირებს.
"მთავრობამ მყისიერი რეაგირება ვერ მოახდინა, ვერ წარმოადგინა ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროგრამა, არც ევროპული საქართველოს მიერ შეთავაზებული კონკრეტული პროგრამა გაითვალისწინა და დრო დაკარგა. ის, რომ კრიზისის პირველივე თვეს ამხელა ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, არის სწორედ ამის დამსახურება. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ფეხს ითრევს კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის, არ აპირებს გადასახადების შემცირებას, არ აპირებს მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დაბრუნებას და ა.შ.", — ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა "არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობაა".
მისი თქმით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის შეთავაზებული დახმარება მცირეა, ხოლო ბიზნესისთვის მხარდაჭერის პროგრამა — გაურკვეველი.
"ძალიან მწირი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს და ასევე, აბსოლუტურად გაურკვეველი მხარდაჭერა ბიზნესისთვის. ესეც არაფერს ნიშნავს, რადგან არ ვიცით, რა იქნება რეალური შემოსავლის წყარო უცხოური დახმარებების სახით. ბევრი რამ ამ პრეზენტაციაში იყო პროპაგანდისტული, ვიდრე რეალისტური", — ამბობს გოცირიძე.
ლელო საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის აზრითაც, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა სოციალური პაკეტია, რომელიც "ძალიან უსუსურად გამოიყურება".
"ყველამ მოვისმინეთ მთავრობის მიერ გაცხადებული ანტიკრიზისული პროგრამა, რომელსაც ანტიკრიზისთან, ჩემი აზრით, მჭიდრო კავშირი არ აქვს, რბილად რომ ვთქვა, ეს არის უფრო სოციალური დახმარების პაკეტი. ჩვენ ვერ დავინახეთ ყველაზე მთავარი ღერძი, სადაც ეკონომიკა იქნება ამუშავებული. საბოლოო მიზანი უნდა იყოს ადამიანების ეკონომიკური უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნება", — განაცხადა ხაზარაძემ.
თუმცა, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ კრიზის დაძლევის მათი ხედვა "სათქმელს არ ტოვებს". ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მათი გეგმა "ეკონომიკის შველის პროგრამაა".
"ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც ხედავს ამას", — განაცხადა თურნავამ
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი 3,5 მილიარდი ლარია. აღნიშნული თანხიდან 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვისაა გამოყოფილი, 2 მილიარდ 110 მილიონი ეკონომიკის და მეწარმეობის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს, 350 მილიონი ლარი კი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და პანდემიასთან ბრძოლისთვის უნდა დაიხარჯოს.
კომენტარები