პანდემია და ბავშვების ფსიქიკური კეთილდღეობა — რჩევები მშობლებს
ბავშვები პატარები არიან და არ ესმით რა არის პანდემია; ბავშვები პატარები არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება მსოფლიოში; ბავშვები პატარები არიან და იმდენს არ ფიქრობენ არსებულ სიტუაციაზე, რამდენსაც დიდები; ბავშვები პატარები არიან და ვერ მიხვდებიან, თუ ვეტყვით, რომ არაფერიც არ ხდება — ყველა ეს მოსაზრება მცდარია, რადგან სინამდვილეში, ბავშვიც სრულფასოვანი ადამიანია.
პანდემია ბავშვებზე და მათ ფსიქიკურ კეთილდღეობაზეც მოქმედებს და რადგან ბავშვებს, ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ნამდვილად არ შეუძლიათ, მშობლებს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რომ ასეთ დროს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ შვილების სიმშვიდეზეც იზრუნონ.
უსაფრთხოების განცდის შენარჩუნება
ფსიქოლოგი, მენტალური განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, სალომე ემუხვარი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პანდემიამ აბსოლუტურად "ამოაყირავა" ბავშვების დღის რეჟიმი, ის საქმე, რითიც იყვნენ დაკავებულნი, მაგალითად, ვიღაც დადიოდა ბაღში, სკოლაში, ხატვის ან სპორტის წრეზე, შესაბამისად სხვანაირი გახდა მათი სოციალური ურთიერთობებიც.
გარდა ამისა, ბავშვებიც ჩვეულებრივი სოციალური არსებები არიან, შესაბამისად, მათაც სჭირდებათ პირადი სივრცე, მათი ინტერესების გათვალისწინება. სალომეს თქმით, ადამიანებისთვის დისკომფორტს ქმნიდა ის, რომ დიდი თუ პატარა სახლის შემთხვევაში, ოჯახის წევრებს მაინც მუდმივად ერთად უწევდათ ყოფნა.
მეორე მხრივ, სალომეს აზრით, პრობლემაა ქართული ოჯახების მუდმივად "პირდაპირ ეთერში ყოფნის ტრადიცია" — დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, სხვადასხვა ტელეარხზე ჩართული საინფორმაციო გამოშვებები. ფსიქოლოგი გვიხსნის, რომ ორი თვის მანძილზე ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო საინფორმაციო გამოშვებებში თითქმის არაფერი ყოფილა და დიდი დოზით უარყოფითი ინფორმაცია ზრდასრულზეც და მცირეწლოვანზეც ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს. მისი თქმით, მშობლებმა, რომლებმაც ინფორმაციის გაფილტვრა მოახერხეს, ამ სიტუაციიდან გამოსავალი შედარებით მარტივად იპოვეს. ზოგადად, ფსიქოლოგის განმარტებით, მშობლის მთავარი ფუნქცია ამ პერიოდში უსაფრთხოების განცდის შენარჩუნებაა.
"ბავშვისთვის უსაფრთხოების განცდას ერთადერთი რამ ინარჩუნებს — მშობლის სიმშვიდე. თუკი მშობელი იყო ნეგატიური ინფორმაციით ჭარბად დახუნძლული, ამის გაკეთება, დიდი ალბათობით, გაუჭირდებოდათ. მოდით ვაღიაროთ, რომ ყველანაირი სირთულე ბავშვებთან დაკავშირებით პირდაპირ ტყდება მშობლებზე და გარდა იმისა, რომ ინფორმაცია ამ ვირუსთან დაკავშირებით იყო მწირი, ბუნდოვანი, მომავლის ხედვა და პერსპექტივა არ ჩანდა, ეს იყო მშობლებისთვის ძალიან რთული", — ამბობს სალომე.
მშობლებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა სახლში გადატანილი სამუშაო სივრცე, რადგან მათ რამდენიმე საქმის შეთავსება უწევდათ.
ფსიქოლოგის განმარტებით, რაც უფრო დიდია ასაკით ბავშვი, მით უფრო მეტადაა ჩართული სოციალურ პროცესებში. შესაბამისად, პანდემია განსაკუთრებით რთული შეიძლება ყოფილიყო გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის, რადგან ამ პერიოდში მათ ისედაც უჩნდებათ პროტესტი გარემოსა და არსებული სიტუაციის მიმართ, დამატებითი შეზღუდვები კი ამ განცდას ამძაფრებს.
ზოგადად, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვის მდგომარეობა მშობლის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, რაც უფრო გაწონასწორებულია მშობლის ნერვიული სისტემა, მით უფრო მშვიდია ბავშვი.
იზოლაცია ყველაზე რთული იმ ბავშვებისთვის იყო, რომელთა ოჯახებშიც ძალადობის ელემენტებია
ჩვენთან საუბრისას ფსიქოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ბავშვების პრობლემებს, რომელთა ოჯახებში ძალადობის ელემენტებია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მათთვის საერთო სივრცეში ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება. პანდემიის პირობებში ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტები ზოგადად გაზიარდა, რასაც სალომე მათ შორის გაზრდილი სტრესითაც ხსნის.
მისი თქმით, ასეთ ოჯახებში ბავშვებისთვის გარეთ გასვლა, სკოლაში სიარული, მეგობრების ნახვა თუ სხვა აქტივობები ერთგვარი "გაქცევაა", რომ ისინი ოჯახში არსებულ ძალადობას გაერიდონ და ამ კონფლიქტების შემსწრეები არ გახდნენ.
ინფორმაცია ტყუილის ნაცვლად
ამ შემთხვევაში, სალომეს თქმით, მთავარია მშობლებს არ დაავიწყდეთ, რომ ბავშვები კარგად ხვდებიან როდის ატყუებენ ზრდასრულები, ისინი მშვენივრად კითხულობენ ემოციურ ნაწილს, ამიტომ, როდესაც მშობელი ღელავს, ნერვიულობს და ზედმეტად ჭარბობს ნეგატიური ემოციები, ეს მათზე სარკისებურად აისახება.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მშობელი ბავშვს ისე შეხედავს, როგორც სრულფასოვან ადამიანს, თავისთავად დგება შვილის ინფორმირებულობის საკითხიც, მათ შორის პანდემიაზე.
"არ მოვატყუოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერი ხდება, გავაგებინოთ, რომ ჩვენს სივრცეში რაღაც უცნაურია, რომლის შესახებ არც ჩვენ გვაქვს დიდად ინფორმაცია, მეცნიერებიც ახლა მუშაობენ, არ ვიცით რა იქნება ხვალ, ზეგ, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ექიმები მუშაობენ და არის გამოჯანმრთელების ბევრი შემთხვევა", — ამბობს სალომე.
სპეციალისტი განმარტავს, რომ ბავშვის მოტყუებაში იგულისხმება ის ფაქტიც, როცა მშობლები მისთვის სიტუაციის არიდებას ცდილობენ. მისი თქმით, როცა ბავშვი მშობლისგან გულწრფელობას გრძნობს, მისთვის დამატებითი სირთულეები იხსნება.
წესების დაცვის გასამარტივებლად შემოვიტანოთ პასუხისმგებლობის ნაწილი
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პატარა ასაკის ბავშვებისთვის ჰიგიენის ნორმების სწორად დაცვა ზოგჯერ ისედაც პრობლემაა, მაგალითად ისინი ხშირად იტყუებიან, რომ ხელები დაიბანეს, ეზარებათ კბილების გამოხეხვა, თუ სხვა.
ამ მხრივ მშობლებს ორი მთავარი რამის გათვალისწინებას ურჩევს:
- ბავშვი მაგალითს იღებს მშობლისგან — თუ რამეს ვთხოვთ, იგივეს ჩვენც უნდა ვაკეთებდეთ;
- იმისთვის, რომ ბავშვმა რაღაც შეასრულოს უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და მისი როლი.
სალომეს თქმით, პირველი კომპონენტის დაცვისთვის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ბავშვი ხედავს, რომ თავად არ უკეთიათ პირბადე, ნაცნობებს ეხუტებიან ან კოცნიან მისალმებისას, არ იბანენ ხელებს, არ იყენებენ სადეზინფექციო საშუალებებს, იგივეს შესრულებას მათ ვერ მოვთხოვთ.
იმისთვის, რომ ბავშვებმა ჰიგიენის ნორმების დაცვა უფრო მარტივად შეძლონ, ფსიქოლოგი გვირჩევს, ვაგრძნობინოთ პასუხისმგებლობა ბებია-ბაბუების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, მარტივად დაინფიცირდნენ.
"ზოგადად, როცა ბავშვი ხვდება, რომ ზრდასრული მას უდგება, როგორც სრულფასოვან ადამიანს, მას აქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობები და როდესაც ეს პასუხისმგებლობები სწორი ფორმითაა მიწოდებული, ისინი უფრო მეტად და სწორად იცავენ მათ", — ამბობს სალომე.
ის მშობლებს ურჩევს, ბავშვებს მათი კუმირები აჩვენონ, მაგალითად სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები და დაანახონ, რომ მათი საყვარელი ვარსკვლავებიც იგივენაირად იქცევიან. პატარების შემთხვევაში, ხელის დაბანის დროს შეგვიძლია მოვიფიქროთ სიმღერა, რომლის პირველ ნაწილზე ხელები უნდა გავისაპნოთ, მეორეზე წყალს შევუშვიროთ, დავარქვათ თითებს სახელები და ყველა "ვაბანაოთ", ან მოვიფიქროთ სახალისო გათვლა. უარყოფითზე ყურადღების გამახვილებას სჯობს ვუთხრათ კომპლიმენტი კარგად შესრულებულ საქმეზე.
დღის რუტინის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესი
პანდემიის დროს ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახლში ყოფნის მიუხედავად, შენარჩუნებული იყოს ის აქტივობები, რითიც დღის მანძილზე დაკავებულები იყვნენ. დღის რუტინა სახლში ქმნის ფონს და პარალელურად, ბავშვსაც და მშობელსაც აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ საკუთარი საქმე და რაღაც პერიოდი ერთმანეთისგან "დაისვენონ".
ფსიქოლოგი გვიხსნის, რომ თანამედროვე მშობლებს შვილების მიმართ თითქოს მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ, მასში დებენ ინვესტიციას, რომელიც შემდეგ უნდა ამოიღონ. სინამდვილეში, ბავშვმა არ უნდა დაკარგოს თავისუფლება და სილაღე, რაც მხოლოდ პატარა ასაკში შეუძლია შეიგრძნოს.
"ბავშვებს ისედაც მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაცებს ვაძალებთ, ამიტომ სურვილის და საკუთარი ინტერესების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გაწერილი რუტინის შესრულება სწორედ იმიტომ უჭირთ, რომ მათი ინტერესები არაა გათვალისწინებული", — ამბობს სალომე.
მთავარი საკითხები, რასაც ფსიქოლოგები სტრესის დროს ყურადღებას ამახვილებენ, ძილის, კვების და ფიზიკური აქტივობის კომპონენტების დაბალანსებაა, თუმცა პატარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დღის რუტინისას ზომიერება დავიცვათ.
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ბავშვის რუტინა ისე იყოს დაგეგმილი, რომ ზომიერების ფარგლებს არ გავცდეთ და დავუტოვოთ მათ დღის მანძილზე მონაკვეთი, როცა თავად გადაწყვეტენ რისი გაკეთება ურჩევნიათ. სპეციალისტების ამბობენ, რომ უმჯობესია სხვადასხვა აქტივობა მშობელმა და ბავშვმა ერთად შეასრულონ, მაგალითად ერთად ივარჯიშონ, მოამზადონ საჭმელი, ითამაშონ, გაისეირნონ.
თუ ბავშვი გაჯეტებზე დამოკიდებული ხდება
პანდემიისას რუტინის დაგეგმვის დროს კიდევ ერთი პრობლემა იყო ეკრანთან მიჯაჭვული ბავშვები. მშობლების ნაწილმა თითქოს აღმოაჩინა, რომ შვილებთან მარტო დარჩა და ვერ გაიგო, რა გაეკეთებინა.
"როცა ბავშვი დამოკიდებულია კომპიუტერულ გაჯეტებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი დღე, მისი ცხოვრება არ არის იმდენად საინტერესო, რამდენიც არის კომპიუტერში. ანუ მშობელმა ვერ მოახერხა მისი დღე გაეხადა მრავალფეროვანი, ამიტომ მოძებნა სხვა გამოსავალი და სადაც უფრო საინტერესო რამ ეგულებოდა, მიადგა იმას", — განმარტავს ფსიქოლოგი.
სალომე ემუხვარის თქმით, თუ გვინდა, რომ შვილებმა გაჯეტების გამოყენება შეამცირონ, ამ შემთხვევაშიც, პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ ბავშვების თანდასწრებით ჩვენ რამდენ დროს ვატარებთ ამ მოწყობილობებთან.
ის მიუთითებს, რომ ორ წლამდე ბავშვისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული კომპიუტერთან ჯდომა ან თუნდაც მულტფილმების ყურება, რადგან ამ პერიოდში მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ცოცხალ სამყაროსთან.
"ასეთ ასაკში ხშირია ილუზორული ნაწილი, რეალობასა და ილუზიას შორის წყდება ჯაჭვი და ჰგონია, რომ მაგალითად, სპაიდერმენი შეუძლია იყოს", — განმარტავს ის.
ფსიქოლოგების რჩევით, ორი წლიდან ხუთ წლამდე ბავშვებისთვის ეკრანთან რეკომენდებული დრო საათ-ნახევარი ან ორი საათია. 5 წლიდან ზემოთ კი 3-4 საათი სრულიად დასაშვებია, განსაკუთრებით 13-14 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც თანამედროვე სამყაროში კომპიუტერით ბევრად მეტ ინფორმაციას იღებენ და სწავლობენ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ როცა ბავშვი სოციალურ ქსელებთან იწყებს ურთიერთობას, მშობელმა მას უსაფრთხო გამოყენების წესები უნდა აუხსნას, რათა ბავშვი კიბერბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს.
სალომე მშობლებს ურჩევს, ბავშვთან ისეთი ურთიერთობა შეინარჩუნონ, როცა მას შეცდომის აღიარება არ მოერიდება, გვეტყვის თუ შემთხვევით ფოტო უცნობს გაუგზავნა, თუ ვინმე აშანტაჟებს ან სხვა.
"მათ უნდა იცოდნენ, რომ შეცდომა არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ამ შეცდომის გამო ადამიანები უბრალოდ არ უნდა ისჯებოდნენ, მათ აქვთ უფლება, რომ დაუშვან შეცდომები. ამიტომ ის, თუ როგორ ვუდგებით ჩვენ შვილებს შეცდომის დაშვების დროს, არის მათთვის მაგალითი. უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომა შეიძლება მოუვიდეთ და ეს ტრაგედია არ არის, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორედ იგივე არ მოხდეს", — განმარტავს ის.
არ უნდა დავკარგოთ შვილებთან ემოციური კავშირი
სალომე ემუხვარი On.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის საზღვრების დაცვა ზრუნვის დროსაც მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მშობელი არ უნდა იქცეს ადამიანად, რომელიც შვილს თავისუფლად ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევს და ყველაფერში ერევა, თუმცა ეს დამოკიდებულება ინდიფერენტულობაშიც არ უნდა გადაიზარდოს.
რა შეიძლება, შენთვის გავაკეთო — ეს არის ჯადოსნური სიტყვები მშობლისთვის, განმარტავს სალომე. მისი თქმით, მთავარი ამ შემთხვევაშიც კითხვის დასმაა, როცა ბავშვს უხასიათოდ ვხედავთ, ის რამით აუცილებლად მიგვანიშნებს, რა არის ამის მიზეზი.
ფსიქოლოგის განმარტებით, მზრუნველობის ხაზი ზუსტად იქ გადის, სადაც მშობელს აინტერესებს — როგორაა შვილი, რა ინტერესები აქვს, რამდენად დაკმაყოფილებულია მისი ინტერესები და საჭიროებები. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მშობლები არც განსაკუთრებულად მკაცრები არიან, არც ბევრს ითხოვენ შვილებისგან, მაგრამ არ აქვთ მათან ემოციური კავშირი. შესაბამისად, პანდემიის დროსაც, ფიზიკურად ერთად ყოფნა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს.
თუ ბავშვს ჰყავს ორი მშობელი, მის აღზრდაში ორივე უნდა იყოს ჩართული
საზოგადოება ბავშვის საჭიროებებთან, პირველ რიგში, დედას აკავშირებს, თუმცა ეს მიდგომა განვითარებულ სამყაროში დიდი ხნის წინ გადაფასდა. თუ ბავშვს ჰყავს ორი მშობელი, მის აღზრდაში ორივე უნდა იყოს ჩართული, რაც არა მარტო პასუხისმგებლობის მხრივ, ბავშვის განვითარების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მშობლებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ, რა როგორ გააკეთოს თითოეულმა მათგანმა, როგორ დაგეგმონ დღე, ვისთან რა მონაკვეთს გაატარებს ბავშვი, რა აქტივობებით იქნება დაკავებული. ბავშვისთვის სასარგებლოა, თუ კვირაში ერთი დღით მაინც მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბება.
"ოჯახში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მშობელზე, აქ ვსაუბრობთ ორივეზე თანაბრად, იმიტომ, რომ ოჯახი არის ორივეს პასუხისმგებლობა თანაბრად, მშობელი არის ორივე თანაბრად, შესაბამისად ბავშვის წინაშე ეს პასუხიმგებლობა უნდა იყოს გადანაწილებული", — განმარტავს სალომე.
პანდემიასაც აქვს დადებითი მხარეები
ფსიქოლოგი, სალომე ემუხვარი მშობლებს ურჩევს, რომ შვილებს პანდემიის დადებითი მხარე დაანახონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით ცალსახად უარყოფითი მოვლენაა, მასაც შეიძლება მოეძებნოს პოზიტივი.
ამ ეპოქაში დაბადებული ბავშვები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აღზევების ეპოქაში იზრდებიან. ამ დროისთვისაც მსოფლიოს სხვადასხვა მეცნიერი არაერთ ლაბორატორიაში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობენ, მუდმივად იცვლება და ამ ცვლილებაში დადებითი წვლილის შეტანა მათაც შეუძლიათ.
"ძალიან საინტერესოა იცოდნენ, რომ შესაძლოა, ისინი ძალიან მნიშვნელოვან ეპოქაში და პერიოდში ცხოვრობენ, რადგან იმ დროს, როცა ისინი არიან სამყაროში, მათ ეპოქას მოუწია ძირეული ცვლილებების განხორციელება და ისინი შესაძლოა, ისტორიაში შევიდნენ იმით, რომ ამ ეპოქაში მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი დადებითი ძვრები", — ამბობს სალომე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი ხვდება, რომ მისი ან მისი შვილის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ვეღარ ზრუნავს, ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ნებისმიერ მომენტში შეუძლია სპეციალისტს მიმართოს. სალომე მიუთითებს, რომ მცირეწლოვან ბავშვებში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ისინი მეტყველებას დაიწყებენ, არტთერაპია ეფექტური გამოსავალია, 3-4 წლის ასაკიდან კი შეიძლება ბავშვი და მშობელი ფსიქოლოგთან კონსულტაციას ერთად გადიოდეს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვის ფსიქიკას პრობლემა ექმნება მაშინ, თუ მშობელს აქვს პრობლემა.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით დახმარების საჭიროებისას ვის მიმართოთ, შეგიძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი —15 05 გამოიყენოთ.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები