შესაძლოა, აეროპორტების რადარებმა კოსმოსში ჩვენი არსებობა გაამჟღავნოს — როგორ
ფოტო: Earth.com
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აეროპორტების სარადარო სისტემების რადიოსიგნალების დაფიქსირება 200-მდე სინათლის წლის მანძილიდანაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ თუკი ამ რადიუსში ტექნოლოგიურად განვითარებული არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს, ის ჩვენ შესახებ სწორედ მსგავსი სიგნალებით შეიტყობს.
ასეთი სისტემები ცაში თვითმფრინავების გადაადგილებას მუდმივად აკონტროლებს, პარალელურად კი მათი რადიოტალღები კოსმოსში აღწევს. მსოფლიოში 40 000-ზე მეტი აეროპორტია, მათი გამოსხივების საერთო სიმძლავრე კი 2x1015 ვატი გამოდის. თუ 200 სინათლის წლის დისტანციაზე უცხოპლანეტელები არიან, რომელთაც გრინ ბენკის ობსერვატორიის მსგავსი მოწყობილობა აქვთ, ასეთი სიგნალის დაფიქსირებას შეძლებენ.
მკვლევრებმა ისიც დაასკვნეს, რომ განსაკუთრებულად შესამჩნევი ემისია სამხედრო დანიშნულების რადარებს აქვს. ისინი უფრო მიზნობრივია, ანუ კონკრეტულ ადგილებზეა კონცენტრირებული, ამიტომ საკმაოდ სპეციფიკურ სიგნალებს წარმოქმნის (შუქურას მსგავს ეფექტს ქმნის). სიმძლავრით იგი სისტემათა მთლიანობის 5%-ს უტოლდება, მაგრამ მასზე დაკვირვებისას ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რომ ის ხელოვნური წარმომავლობისაა.
ფოტო: Shutterstock.com
იმავე მეცნიერებმა აქამდე დაადგინეს, რომ სატელეფონო ანძების მიერ გამოყოფილი ტალღები 10 სინათლის წლის მანძილზე იქნება დაფიქსირებადი. ახლა სიმულაციის მეშვეობით უკვე გაირკვა, რომ აეროპორტების რადარების სიგნალები უფრო დიდ დისტანციაზე ვრცელდება. მან აჩვენა, რომ ვარსკვლავების მდებარეობა და რადარების რადიოტალღების მიმართულებაცაა გასათვალისწინებელი.
ჩვენთვის უახლოესი ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრია, რომლისგანაც 4.25 სინათლის წელი გვაშორებს, 200 სინათლის წლის მანძილზე კი 120 000-ზე მეტი მნათობია. ეს ნიშნავს, რომ შანსები არც ისე მცირეა.
ავტორებმა კვლევა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები