კომენდანტის საათი: ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული თბილისიდან
დღეს, 31 მარტის 21:00 საათიდან ძალაში შევიდა ე.წ. კომენდანტის საათი, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს ქუჩაში არც ქვეითად და არც ავტომობილით გადაადგილების უფლება არ აქვთ. ასევე, შეჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
21 საათიდან დილის 06:00 საათამდე გარეთ გადაადგილების უფლება მხოლოდ სამართალდამცავებს, ექიმებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და იმ პირებს აქვთ, ვისზეც სპეციალური საშვია გაცემული.
ნახეთ On.ge-ს ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული თბილისის ქუჩებიდან.
ნახეთ On.ge-ს პირდაპირი ეთერი და გაიგეთ რა სიტუაცია იყო გმირთა მოედანზე 21:00 საათის შემდეგ.
"ფაქტობრივი კარანტინი და კომენდანტის საათი" — რა შეზღუდვები დაწესდა და რისი უფლება გაქვთ
30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მისი თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 08:00 საათიდან ამოქმედდება და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
რაც შეეხება შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 110-მდე გაიზარდა. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
საქართველოში კორონავირუსისგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5 106, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 294.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
კომენტარები