თებერვლიდან თებერვლამდე — ომის ქრონიკა

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

დილის 5 საათია. უკრაინაში სირენების ხმა ისმის — ასე დაიწყო პუტინის გაუმართლებელი, არაპროვოცირებული ომი, რომელმაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ერთმა წელმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა უკრაინელების თავდადება ვერა. ამ სტატიაში უკრაინელი ხალხის ყველაზე რთულ და ამავდროულად, სიმამაცით სავსე 12 თვეს გადავხედავთ.

თებერვალი

05:59 საათზე პუტინი უკრაინაში ომის დაწყებას აცხადებს და მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" ასაღებს. მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების დახმარების თხოვნას ასახელებს. მოუწოდებს, უკრაინელ სამხედროებს, "დროულად დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ სახლებში", წინააღმდეგ შემთხვევაში აწ უკვე არაერთხელ ნაცად ნარატივს იყენებს და მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება.

ამ დროს ზელენსკი კიევში, საკუთარ კაბინეტში, იმ სავარძელში ზის, რომელიც მომდევნო თვეებში მსოფლიოსთან სასაუბროდ მისი მთავარი ტრიბუნა გახდება. პირველივე ფრაზა უკრაინელების გამხნევებითა და იმის შეხსენებით იწყება, რომ ძლიერები არიან. მოუწოდებს სიმშვიდისკენ და ერთად ყოფნის პირობას დებს.

პანიკის გარეშე, ძლიერები ვართ, ყველას დავამარცხებთ, რადგან უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას!

ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსული ჯარი უკრაინას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბელარუსიდან უტევს. ომის პირველ დღეს მსოფლიოში გაურკვევლობა და პანიკაა. შიშის და აშკარა საფრთხის ფონზე უკრაინელები ერთიანი ძალებით ცდილობენ მტრის შეჩერებას — მოლოტოვის კოქტეილებით, გზების ჩახერგვით და საგზაო ნიშნების დაწვით.

ოკუპანტების თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე

ოკუპანტების თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე

ფოტო: გლებ გარაჩინი / Reuters / Scanpix / LETA

"რუსულო გემო, იძი ნა ხ*ი" — საფირმო ფრაზა, რომელიც ოკუპანტებს შესაბამის მიმართულებას აჩვენებს, პირველად სწორედ 24 თებერვალს ისმის. მომდევნო დღეებში მტრის შეკავების მცდელობები, დაბომბილი სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები და უკრაინის პრეზიდენტის ისტორიული გამოსვლებია.

25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო გუნდთან ერთად კიევის ცენტრში დგას, მტკიცედ ამბობს, რომ "პრეზიდენტ ტუტ" და ასე პასუხობს კრემლის პროპაგანდას, რომელიც გაქცევას აბრალებს. 28 თებერვალს კი ის ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას აწერს ხელს.

ზელენსკი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას აწერს ხელს

ზელენსკი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას აწერს ხელს

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

რუსეთში ომის საწინააღმდეგო პროტესტის მცირე ტალღები შეინიშნება, რასაც კრემლი უხეში ძალით ახშობს. ამ დღეებში მსოფლიოს არაერთ ქალაქში, მათ შორის თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქციები იმართება. უკრაინის პრეზიდენტი ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

"არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები", — თქვა ზელენსკიმ და ირიბად ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები გააკრიტიკა.

თბილისში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას აპროტესტებენ. 2022 წლის 26 თებერვალი.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რუსულ აგრესიას მყისიერად მოჰყვება მსოფლიოს უპრეცედენტო სოლიდარობა და მხარდამჭერი განცხადებები — საუბარი სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე და ავტომატურად, ფიქრისა და შეყოვნების გარეშე (ზოგიერთის გამოკლებით) მეგობარი ქვეყნის გვერდით დგომა. სანქციები, სანქციები და ისევ სანქციები, რომელსაც საქართველო არ უერთდება. ევროკავშირი რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.

რამდენიმე დღეში აგრესორი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროსგან ყველაზე იზოლირებულ სახელმწიფოდ იქცა — ეტაპობრივად, ცნობილი ბრენდები და კომპანიები იქაურობას ტოვებენ, რუსები კი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ამარა რჩებიან.

ამავე თვეს კრემლისა და სამინისტროს ვებგვერდები აწ უკვე ყველაზე პოპულარული ჰაკერული დაჯგუფების, Anonymous-ის სამიზნეები ხდებიან. თებერვალშივე იწყება მხარეთა მოლაპარაკებები, იმართება პირველი რაუნდი და კულებასა და ლავროვის უშედეგო შეხვედრა.

მარტი

თვის პირველივე დღეს ზელენსკი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს: "დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაგვიმტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ".

უკრაინის პრეზიდენტს ევროპარლამენტარები ფეხზე დამდგარი უკრავენ ტაშს. ფეხზე დამდგარი ხვდებიან გაეროში ლავროვსაც, ოღონდ არა ტაშის დასაკვრელად, არამედ დარბაზის დასატოვებლად.

ზელენსკის გამოსვლა ევროპარლამენტში

ზელენსკის გამოსვლა ევროპარლამენტში

ფოტო: AFP

ლავროვის გამოსვლა გაეროში

ლავროვის გამოსვლა გაეროში

ფოტო: AFP

უკრაინა ცის ჩაკეტვას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს ჰკითხა — "თუ არ შეგიძლიათ ცის დახურვა ახლა, მაშინ გვითხარით დრო როდის, თუ არ შეგიძლიათ ეს ახლა გააკეთოთ, გვითხარით, რა რაოდენობის ადამიანი უნდა აფეთქდეს?"

უკრაინის ქალაქები კი ინტენსიურად იბომბება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის ცის დახურვამ, შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. პუტინი ამბობს, რომ ამ ქმედებას კონფლიქტში მონაწილეობად განიხილავს.

რუსული დაბომბვის შედეგები უკრაინაში

რუსული დაბომბვის შედეგები უკრაინაში

ფოტო: უკრაინის საგანგებო

მალევე დეპუტატები უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. გაეროს გენერალური ასამბლეა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ რეზოლუციას იღებს. ევროკავშირი SWIFT-დან რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს თიშავს.

კანის კინოფესტივალი რუსეთის გარეშე ტარდება. რუსულ და ბელარუსულ ნაკრებებს უარს ეუბნებიან სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადასა და შეჯიბრში მონაწილეობაზე.

მსოფლიო აგრძელებს არა მარტო რუსეთისთვის, არამედ, მისი მოკავშირეებისთვის, რომელიც თითო-ოროლა შემორჩა, სანქციების დაწესებას. ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოდან ელჩს იწვევს, მიზეზი სანქციებზე ქვეყნის პოზიციაა. მმართველი პარტია კი ზელენსკის გადაწყვეტილებას გაუმართლებელსა და ალოგიკურს უწოდებს.

მალევე იმართება რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი. უკრაინა ბუჩას იბრუნებს და იქიდან ოკუპანტებს დევნის. ქალაქში, რომელიც რუსული სამხედრო დანაშაულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ხდება, უკრაინის დროშა ბრუნდება.

უკრაინის მხარეს საბრძოლველად სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისეები ჩადიან. ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება — ბომბავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ერთ-ერთი პირველი სამიზნე კი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია, რასაც ზელენსკი ბირთვულ შანტაჟს უწოდებს და ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდებს.

რუსეთი საკუთარ ხალხთან მორიგ პროპაგანდისტულ ომს იწყებს — ზღუდავს ყველა კრიტიკულ მედიას, დასჯადს ხდის ომის ხსენებას და რუსი ჯარისკაცების კრიტიკას. რუსული ოპოზიციური მედია დოჟდი მაყურებელს გედების ტბით ემშვიდობება, არაერთი ცნობილი მედია მაუწყებლობას წყვეტს.

ამ დროს ზელენსკი სხვადასხვა ქვეყნის საკანონდემბლო ორგანოში, პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებებზე ერთვება. ომში მყოფი პრეზიდენტი მსოფლიოს 5 ქალაქს მათ შორის, თბილისსაც მიმართავს და უცვლელი ჟესტით — შეკრული მუშტით მაღლა საკუთარ სათქმელს ეუბნება ხალხს, რომლებიც ამ ხნის მანძილზე უწყვეტად სკანდირებენ "დიდება უკრაინას".

ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისში აქციაზე შეკრებილებს მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისში აქციაზე შეკრებილებს მიმართავს

იმავე დღეს კი ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კანონის გამკაცრებას აანონსებს მათთვის, ვინც "რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ კამპანიას ეწევა".

უკრაინიდან მუდმივად ვრცელდება გასაოცარი წინააღმდეგობის ისტორიები. კიევიდან რუსებს დრონებით შეტყობინებას უგზავნიან, რომლის არშემჩნევასაც ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.

კიევის ღამის ცაზე რუსების მიმართულების საჩვენებლად ათობით დრონი გაანათეს

კიევის ღამის ცაზე რუსების მიმართულების საჩვენებლად ათობით დრონი გაანათეს

ფოტო: Skypix drone shows

მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს კადრები და ადამიანური ისტორიები, რომელიც რუსულ სისასტიკეს ასახავს. საინფორმაციო სივრციდან იზოლირებულ რუსეთშიც იგებენ, რომ კრემლი უკრაინაში ბავშვებს კლავს, ხოლო საკუთარ ქვეყანაში იჭერს.

მარიუპოლში სროლის შედეგად დაჭრილი 18 თვის ბავშვი მშობლებს საავადმყოფოში შეჰყავთ

მარიუპოლში სროლის შედეგად დაჭრილი 18 თვის ბავშვი მშობლებს საავადმყოფოში შეჰყავთ

ფოტო: Evgeniy Maloletka/AP Photo

ოკუპანტები მარიუპოლის თეატრის იმ შენობას ბომბავენ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს და დიდი ასოებით წერია ბავშვები.

მარტშივე კიევი მსოფლიო ლიდერების მასპინძელი ხდება, პირველი კი ვინც ქვეყანაში ჩადის ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები არიან. ამავე თვეს ვიგებთ, რომ რუსეთი"არამეგობრული ქვეყნების სია" ადგენს, საქართველო კი ამ სიის მიღმა რჩება.

აქვე იყო რუსეთის გაფართხალება და ბაიდენისა და ბლინკენისთვის სანქციების დაწესება.

აპრილი

მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში გათავისუფლებული ბუჩა, ირპენი და რუსული სისასტიკის კვალი ექცევა. ასეულობით ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე მსოფლიოს გამოღვიძებისთვის დამატებითი სიგნალი ხდება. დღის წესრიგში ომის დანაშაულის გამოძიება დგება. ზელენსკი გაეროს ორ გზას სთავაზობს — ან გარიცხონ რუსეთი, ან გაუქმდნენ.

ბუჩა რუსული ოკუპაციის შემდეგ

ბუჩა რუსული ოკუპაციის შემდეგ

ფოტო: Rodrigo Abd/AP

ხელებშეკრული დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩაში

ხელებშეკრული დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩაში

ფოტო: Ronaldo Schemidt/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში

უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში

ფოტო: AFP, Anadolu Agency/Getty Images

ამავე თვეს ჟღერდება უკრაინის დაზვერვის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე, რასაც მთავრობის უხეში განცხადებები, მტკიცებულებების ჩვენების მოთხოვნა და ორ ქვეყანას შორის ისედაც გაფუჭებული ურთიერთობის გაუარესება მოჰყა.

8 აპრილს ოკუპანტები ბომბავენ კრამატორსკის რკინიგზის სადგურს, ადგილს, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კონგრესი რუსეთისთვის უპირატესი სავაჭრო სტატუსის ჩამორთმევას უჭერს მხარს. რომის პაპი მხარეებს სააღდგომო ზავის დადებისკენ მოუწოდებს.

აპრილში რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს რუსეთის ომის დანაშაულების სანახავად ბუჩაში იწვევს, რასაც თავდაპირველად თავის არიდების მცდელობები მოჰყვება. 16 აპრილს კი პარლამენტის თავმჯდომარე ბუჩაში ჩადის და სტეფანჩუკს ხვდება.

აპრილშივე ზმეინის მცველის საკულტო ფრაზა სისრულეში მოდის და კრეისერი მოსკოვი — ნახ*იზე გაშვებული გემი იძირება.

აპრილში უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები ჩადიან. ისინი ოკუპანტების დანაშაულებს ტერორიზმად აფასებენ. რუსეთი აპრილშიც ფართხალებს — მის ქვეყანაში შესვლას იმჟამად დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს უკრძალავს.

თვის მიწურულს რუსეთი "ომის მეორე ფაზის" მიზნად დონბასზე სრულ კონტროლს ასახელებს.

მაისი

უკრაინის მხარდასაჭერად არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ცნობილი მსახიობები და საზოგადო მოღვაწეები ჩადიან.

პირველ მაისს აზოვსტალიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება, თუმცა ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები, რომლებიც დანებებას არ აპირებენ, კვლავ რჩებიან. 4 მაისს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები აზოვსტალში იჭრებიან.

საქართველო უკრაინის ხელისუფლებას ისევ უპირისპირდება. განცხადებები მიხაილო პოდოლიაკის კრიტიკას მოჰყვება, კერძოდ იმის აღნიშვნას, რომ მთავრობა ომში მკაფიო პოზიციას არ იკავებს. ირაკლი ზარქუა ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელს "ჩვეულებრივ ვიგინდარას" უწოდებს.

9 მაისს ბაიდენი უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტს აწერს ხელს. ამას კი წინ უძღვის აშშ-ის პირველი ლედის უკრაინაში ვიზიტი და ოლენა ზელენსკასთან შეხვედრა.

ევროპის დღეს ოდესაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩადის და იმავე დღეს საჰაერო იერიშის გამო თავშესაფარში ჩასვლა უწევს. პარალელურად კი პუტინი წითელ მოედანზე, რუსული არმიის ნარჩენებთან ერთად აღლუმს მართავს.

აზოვსტალში მძიმე სიუტაციაა. ალყაში მოქცეული მებრძოლები გადასარჩენად იბრძვიან და დანებებაზე უარს ამბობენ. 12 მაისს ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზოვსტალში ქართველი მებრძოლი იღუპება.

უკრაინა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ხდება, შემსრულებლები ჯერ სცენიდან მსოფლიოს აზოვსტალისა და მარიუპოლის გადარჩენას ითხოვენ, შემდეგ კი მოგებულ პრიზს უკრაინული ჯარის დასახმარებლად აუქციონზე ყიდიან.

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩადის.

23 მაისს გაეროს მონაცემებით ვიგებთ, რომ მსოფლიოში პირველად, ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა და საერთაშორისო თანამეგობრობას გამოღვიძებისკენ მოუწოდებენ.

ფოტო: Emilio Morenatti / AP / Scanpix / LETA

86 დღის შემდეგ აზოვსტალი ცარიელდება. ქალაქის მცველებმა, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში თითქმის სამი თვე თავს არ ზოგავდნენ, სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს. წინააღმდეგობა შეწყდა.

ივნისი

ზაფხული ფრონტის ხაზზე უკრაინის წარმატებებით იწყება. ყველაზე ცხელი წერტილი სევეროდონეცკი და სლავიანსკი ხდება. რუსეთის სისასტიკეს ადამიანები პროფესიული საქმიანობის შესრულებისასაც ეწირებიან.

რუსები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ისევ აგრძელებენ. უკრაინა მარიუპოლის მცველთა 210 ცხედარს იბრუნებს. ქვეყანა დასავლეთს სამხედრო დახმარების აუცილებლობას ახსენებს.

დონეცკის დე ფაქტო რეჟიმი ერთ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მებრძოლს სიკვდილს უსჯის. ახლდება ინფორმაცია უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ 322 ბავშვზე.

კიევი მსოფლიო ლიდერების შეხვედრის ქალაქი ხდება. 16 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და იტალიის მაშინდელი პრემიერმინისტრი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩადიან.

23 ივნისს ევროპული საბჭო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, საქართველოს კი არა. ქართულ ოცნებაში ახალი მესიჯბოქსი ჩნდება, რომლის პრორუსული ნარატივების თანახმადაც, უკრაინამ სტატუსი მიმდინარე ომის გამო მიიღო. გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტით ხვდებიან და მთავრობას ახსენებენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.

ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ფოტო: On.ge

თვის ბოლოს ათავისუფლებენ კუნძულ ზმეინის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომში წინააღმდეგობისა და "ნა ხ*ი" გაშვებული რუსული გემის სიმბოლოდ იქცა.

ივლისი

უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩადის.

ეს თვე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების თვალსაზრისით, შედარებით, მშვიდია. თუმცა მაინც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: მარიუპოლში მორიგ მასობრივ საფლავს პოულობენ, ომში რუსეთის დანაკარგი იზრდება, მოსკოვში საკრებულოს დეპუტატს ომის საწინააღმდეგო განცხადების გამო 7 წელს უსჯის, ბრიტანეთი უკრაინელი მებრძოლების სამხედრო წვრთნებს იწყებს, უკრაინელები ვაგნერის ერთ-ერთ დაჯგუფებას ანადგურებენ.

და ისევ ქართული მხარის შეურაცხმყოფელი განცხადებები უკრაინის მთავრობის ლიდერების მიმართ — კობახიძე არახამიას "არაკაცს" უწოდებს. საქართველოს მოქალაქეები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ანგარიშს ხსნიან.

ევროკავშირი რუსეთისთვის საკადრისი პასუხის გაცემას აგრძელებს და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს იღებს. ჯონსონი ზელენსკის ჩერჩილის სახელობის პრემიით აჯილდოებს.

საქართველოში კი ისევ იმის მტკიცებას ვცდილობთ, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია.

აგვისტო

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების, გაეროსა და თურქეთის ჩართულობით შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ომის დაწყებიდან პირველად ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი გადის.

11 აგვისტოს ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ, საზღვრებს უკეტავს. არაერთი ქვეყანა რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

რუსეთის პრეზიდენტი იშვიათად ჩანს, ხმები დადის, რომ ბუნკერში იმალება. უკრაინის პრეზიდენტი კი, რომელსაც დიდი ხანია გაქცევას აბრალებენ, ქვეყანაში დადის და დაჭრილებს ხვდება.

რუსეთი პროპაგანდისტ დარია დუგინას ემშვიდობება და მის სიკვდილსაც უკრაინის სპეცსამსახურებს აბრალებს. აგვისტოში ცნობილი ხდება, რომ ოკუპანტი ქვეყანა ჩინეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს იწყებს.

ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მიდიან.

უკრაინის პრეზიდენტი ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას აგრძელებს და ამჯერად ჰოლივუდელ მსახიობს ჯესიკა ჩესტეინს მასპინძლობს.

უკრაინელის შეიარაღებული ძალები რუსების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში მტრის ერთ-ერთი უდიდეს სამხედრო ბაზას ანადგურებენ, რომელშიც ოკუპანტები ფსედვორეფერენდუმისთვის მზადება მიმდინარეობს.

24 აგვისტოს, უკვე მესამედ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩადის და ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.

ჯონსონის ვიზიტი უკრაინაში

ჯონსონის ვიზიტი უკრაინაში

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

25 აგვისტოს კი ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან მთლიანად ითიშება.

სექტემბერი

აგვისტოში ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ირანიდან დრონები მიიღო. სექტემბერში უკრაინა ირანის ელჩს აკრედიტაციას ართმევს და ქვეყნებს შორის ურთიერთობა მწვავდება.

სექტემბერი ფრონტის ხაზზე უკრაინელთა წარმატების თვეა. სამხედროები გასული თვის ბოლოს დაწყებულ კონტრშეტევას აგრძელებენ და დასახლებებს, მათ შორის, ბალაკლეას ათავისუფლებენ. 8 სექტემბერს უკრაინული ძალები 50 კილომეტრით წინაურდებიან და იზიუმის ჩრდილოეთით რუსულ თავდაცვით პოზიციებს უახლოვდებიან.

და, აი, უკვე 21 სექტემბერს სასოწარკვეთილი პუტინი "ნაწილობრივ მობილიზაციას" აცხადებს, კიდევ უფრო სასოწარკვეთილი რუსები თავის შველას სხვა ქვეყნებში გაქცევით ცდილობენ. რუსებს ერთ-ერთ "საიმედო თავშესაფრად" საქართველოს მიიჩნევენ, ამ დროს მმართველი ძალა კი ამტკიცებს, რომ "პანიკისა და შიშის საფუძველი არ არსებობს". საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინის ამ ნაბიჯს რუსეთის წარუმატებლობის ნიშნად და სისუსტედ აფასებს.

ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს რუსეთში კვლავ აკავებენ და ძალადობენ. კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, ამჯერად გათავისუფლებულ იზიუმში იპოვეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის კონტრშეტევის მიერ რამდენჯერმე გადადებული და პუტინის მიერ დაანონსებული "რეფერენდუმი" ტარდება.

სექტემბერს უკავშირდება 12-თვიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სასიხარულო ამბავი — სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ ქცეულ მარიუპოლის მცველთა ტყვეობიდან გათავისუფლება.

აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის ბირთვულ მუქარას გაეროს 77-ე გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან პასუხობს და შეახსენებს, რომ "ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს".

თვის მიწურულს კი პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას აფორმებს და რუსეთის ნაწილად აცხადებს, რასაც მსოფლიოს მწვავე განცხადებები და დაგმობა მოჰყვება.

ოქტომბერი

კვლავ წინსვლა — ამჯერად რუსეთის ჯარები სტრატეგიული მნიშვნელობის ლიმანში იხევენ უკან. პუტინი ვეღარ ახერხებს ომში პრობლემებისა და დიდი დანაკლისის დამალვას.

8 ოქტომბერს ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება ხდება. პუტინის დაბადების დღის დაგვიანებულ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქრად შეფასებული ამბავი სახალისო ინტერნეტრეაქციების წყარო ხდება.

ზელენსკი პარტნიორების ისევ მოუწოდებს, სამხედრო მხარდაჭერა გააძლიერონ.

ევროპარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები არ აღიარონ.

უკრაინელი ხალხის თავდადება მსოფლიოს აღაფრთოვანებს. 19 ოქტომბერს ისინი სახაროვის პრემიას იღებენ. 22 ოქტომბერს ოკუპანტები მთლიანად იდევნებიან ხერსონის ორი დასახლებიდან.

რუსები უკრაინას ე.წ. კამიკაძე დრონებით უტევენ, მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დრონების გამო, ირანს ახალ სანქციებს უწესებს.

25 ოქტომბერს ზელენსკი აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მასიური შეტევები გრძელდება. 27 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში 400-მდე ირანულ დრონს უშვებს.

აზოვსტალის გათავისუფლებული მეთაურები, რომლებსაც ომის დასრულებამდე უკრაინაში დაბრუნების უფლება არ აქვთ, თურქეთში ოჯახის წევრებს ხვდებიან.

ნოემბერი

ტყვეთა გაცვლის პროგრამა აქტიურად გრძელდება. 8 ნოემბერს კუნძულ ზმეინის 30 მცველი თავისუფლდება.

კიევში ჰოლივუდის მსახიობი, შონ პენი ჩადის და ზელენსკის ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლოდ საკუთარ ოსკარის ფიგურას გადასცემს, სიმამაცის ხეივანში კი მისი სახელობის დაფა იხსნება.

11 ნოემბერს რუსეთი აღიარებს მარცხს და ხერსონს ტოვებს. ქალაქი, რომელიც ოკუპანტებმა ომის დასაწყისშივე აიღეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს, თავისუფლდება.

15 ნოემბერს ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რაკეტა ჩამოვარდა, სავარაუდოდ, რუსული. ჩნდება ახალი მოლოდინები ნატოს წევრი სახელმწიფოს კონფლიქტში ჩართვაზე. თუმცა, გამოძიება ადგენს, რომ უკრაინული რაკეტის ფრაგმენტებია.

ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტი იმართება. უკრაინის პრეზიდენტი კი მას G19-ს უწოდებს და რუსეთის გამოკლებით ყველა ქვეყანას სიტყვით მიმართავს.

უკრაინა მსოფლიო პოლიტიკური ლიდერების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს — ამჯერად დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ჩადის. განსახილველ საკითხებს შორის უკრაინის ცის დაცვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობაა.

რუსეთი ისევ უტევს უკრაინის ენერგოსისტემას. ევროკავშირში შესვლა ეზღუდებათ პუტინის რეჟიმის ლობისტებს და მისი გარემოცვის წევრებს — ამჯერად სამიზნე რუსეთის პატრიარქი კირილე ხდება. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს რუსეთს ევროპარლამენტიც აცხადებს. რუსეთის გარეშე ტარდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია.

და ისევ რუსული სისასტიკის კვალი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილ პრემიერს, ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებენ.

დეკემბერი

დეკემბერში ბახმუტსა და სოლედარში მძიმე ბრძოლებია. რუსები ცდილობენ ფრონტის ხაზზე გაიჭრან და თითქმის 11 თვის უშედეგო ბრძოლა რაიმე სამხედრო წარმატებით დაასრულონ.

ქართველი მებრძოლების ნაწილი ბახმუტთან ალყაში ხვდება. ჯერ 5, შემდეგ კი 2 მათგანი იღუპება და ომში დაღუპულ ქართველთა რიცხვი 36-მდე იზრდება.

რუსეთი უკრაინაზე მასიურ შეტევებს აგრძელებს და ენერგოინფრასტრუქტურას ანადგურებს. ქალაქების დიდი ნაწილი შუქისა და წყლის გარეშე რჩება. უკრაინა მსოფლიოს გენერატორებს თხოვს. უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას 1 თვის წინ სთხოვეს გენერატორები, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. "ოცნება" ჯერ წუწუნს იწყებს, კრიტიკის შემდეგ კი გენერატორებს გზავნის.

მოულოდნელად, ისე, რომ ავტორიტეტულმა გამოცემებმაც კი მხოლოდ წინა საღამოს გაიგეს, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს. 10-თვიანი ომის პირობებში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანას ტოვებს.

21 დეკემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს ხვდება და სიტყვით მიმართავს კონგრესს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგი უკრაინისთვის პატრიოტების სისტემების გადაცემაა.

ზელენსკის სიტყვის დასასრულს კონგრესში ტაშის და ოვაციების ხმა ისმის, პრეზიდენტი კი ამატებს:

"ღმერთმა დაიფაროს ჩვენი გმირი ჯარი და მოქალაქეები. ღმერთმა სამუდამოდ დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გილოცავთ შობას და ბედნიერ, გამარჯვებულ ახალ წელს გისურვებთ. დიდება უკრაინას".

იანვარი

"ერთმორწმუნე" რუსეთი თავისივე მოგონილ საშობაო ზავს აღვევს და ბახმუტს ბომბავს. ზაპოროჟიეს რეგიონში რუსებმა გაეროს მისიას ცეცხლი გაუხსნეს. აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების რეკორდულ პაკეტს გამოყოფს.

ბახმუტის მიმართულებით ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი სოლედარი ხდება — ვაგნერი ამტკიცებს, რომ აიღეს; უკრაინა უარყოფს.

რამდენიმე დღე წინააღმდეგობა გაგრძელდა. ბრიტანეთის დაზვერვა და პენტაგონიც აცხადებს, რომ რუსები ცრუობენ და ქალაქი ჯერ აღებული არ აქვთ. საბოლოოდ, 25 იანავრს უკრაინელი სამხედროები სოლედარიდან გადიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტები ვუჰლედარში შეჭრას ცდილობს და ბახმუტზე თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს.

თვის ბოლოს, რამდენიმეკვირიანი ყოყმანის და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, გერმანია აცხადებს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის, გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნები უერთდებიან. რუსეთი ამას უკრაინის ქალაქების მასიური დაბომბვით პასუხობს.

უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იწყება. კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ჩადის და ვოლოდიმ ზელენსკის ხვდება.

თებერვალი

წელიწადის ყველაზე მოკლე თვე პოლიტიკურად ძალიან დატვირთულია. რუსული რაკეტები მოლდოვის საჰაერო სივრცე კვეთს. კიევში კიდევ ერთხელ, ამჯერად ევროკავშირი-უკრაინის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი ჩადიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ მეორედ ქვეყანას ტოვებს, ლონდონში ჩადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ, რიშ სუნაკთან და ოპოზიციის ლიდერ, კიმ სტრამერთან ერთად სიტყვით გამოდის. სამეფო ეტიკეტის სრული დარღვევით, თავისი ტრადიციული ხაკისფერი სამოსით ხვდება მეფე ჩარლზ მესამესაც.

რიგით მეორე საგარეო ვიზიტისასვე ეწვევა პარიზს, ბრიუსელს, ჟეზოვს — სიტყვით მიმართავს ევროპარლამენტს და იქაც, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ოვაციებს იღებს.

ზელენსკი BBC-ის უკრაინელ ჟურნალისტთან, რომელმაც მასთან ჩახუტების სურვილი გამოთქვა

ზელენსკი BBC-ის უკრაინელ ჟურნალისტთან, რომელმაც მასთან ჩახუტების სურვილი გამოთქვა

ფოტო: კადრი ვიდეოდან

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მოულოდნელად მედიაში ჩნდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ჯო ბაიდენი კიევში ჩადის და უკრაინელ კოლეგას ხვდება. ეწვევა წმინდა მიქაელის ტაძარს, სადაც პატივს მიაგებს მებრძოლ და დაღუპულ გმირებს. კიევის სიმამაცის ხეივანში კი აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის ფილაც ემატება.

დღეს ისევ 24 თებერვალია. 12 თვე გავიდა, ომი გრძელდება, უკრაინა კი კვლავ იბრძვის. რამდენი ხანიც არ უნდა გაწელოს სამხედრო მოქმედებები, პუტინს ჰააგა მაინც არ ასცდება.

ვილნიუსის მერის გზავნილი პუტინს

ვილნიუსის მერის გზავნილი პუტინს

ფოტო: Reuters

365 დღეა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ხალხს, მსოფლიოს, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. ესაუბრება ომზე, რომელიც მათ არასდროს სურდათ, მაგრამ დანებებას არ აპირებენ. ესაუბრება თავისუფლებაზე, მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, უკრაინული სულის სიძლიერესა და ოკუპანტების ტერორზე. On.ge-მ უკრაინის პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური მიმართვები შეაგროვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზურა ჯაფარიძე:ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“.

"დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა…