ბავშვები ომში
18 თვეში დამთავრებული სიცოცხლე — ასეთი იყო ომის ერთ-ერთი პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ტრაგედია. მთელმა მსოფლიომ ნახა მარიუპოლის საავადმყოფო, სისხლიანი პლედი, ექიმების უშედეგო მცდელობა და შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ფოტოებით მოყოლილმა ერთი ოჯახის ისტორიამ ყველას აჩვენა, რა შედეგები აქვს რუსეთის აგრესიას. სამწუხაროდ, იგივე უკვე ასეულობით ოჯახმა განიცადა.
არასრულწლოვნებს ახლობლებთან ერთად ან სრულიად მარტოს უწევთ, დატოვონ სახლი და გახდნენ დევნილები/ლტოლვილები. ოკუპანტები კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ და აუპატიურებენ არასრულწოვნებს. რუსული პროპაგანდა კი დღემდე ომს "განმათავისუფლებელ მოძრაობად" ფუთავს.
მკვლელობა, გატაცება, გაუპატიურება
უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ. მან იმ ქალაქში მომხდარი რამდენიმე შემთხვევა აღწერა, რომელსაც რუსული სამხედროები თითქმის ერთი თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
- 14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ის ორსულად არის — ბუჩა;
- 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს, დედა სკამზე მიაბეს, რომ ეყურებინა — ბუჩა.
სამწუხაროდ, ეს რუსული სისასტიკის სრული ჩამონათვალი არ არის. დენისოვას თქმით, სხვადასხვა ქალაქში რუსმა ჯარისკაცებმა დედის თვალწინ გააუპატიურეს 9 წლის ტყუპი გოგოები. ასევე, 9 თვის და 2 წლის გოგოები და 1 წლის ბიჭი, რომელიც გარდაიცვალა.
13 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტში მიმართვისას განაცხადა, რომ გაუპატიურების ასეულობით შემთხვევა აღირიცხა.
ასეულობით ბავშვი დაობლდა. ასეა, ასეულობით ბავშვი, რადგან ჯერ არ ვიცით მსხვერპლების ზუსტი რაოდენობა. გაუპატიურების ასეულობით შემთხვევა აღირიცხა, არასრულწლოვანი გოგოების, ძალიან პატარა ბავშვების... ჩვილი ბავშვისაც კი! ამაზე საუბარი, უბრალოდ, საშინელებაა ახლა, თუმცა ეს სიმართლეა. ეს მოხდა
ეს მხოლოდ ციფრები არ არის
ფოტო: დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაცია
238 მოკლული ბავშვის უკან 238 დაუსრულებელი ისტორიაა. მათი მომავალი იმ სისასტიკემ შეიწირა, რომელსაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა Vogue-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ომს არ უნდა შევეჩვიოთ და სტატისტიკად არ ვაქციოთ. განსაკუთრებით რთულია, სტატისტიკად იქცნენ მოკლული ბავშვები.
4 წლის საშას მშობლები დაახლოებით ერთი თვე ეძებდნენ. ბიჭი 10 მარტს ბებიასთან ერთად კიევიდან ევაკუაციას ცდილობდა, 11 მარტს ბებიის ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს, საშა კი არსად ჩანდა. 5 აპრილს ბავშვი მოკლული იპოვეს.
დაშავებულ და დაღუპულ ბავშვთა მონაცემებს უკრაინა ყოველდღიურად აახლებს და ვიგებთ, რომ ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, არაერთი არასრულწლოვნის ცხედარს პოულობენ. თუმცა პროკურატურაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა შესახებ ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ძალადობისა და მკვლელობის სისასტიკეს ემატება გატაცებები — ოკუპანტებს უკანონოდ გადაჰყავთ ბავშვები რუსეთში. 18 მაისს დენისოვა ამბობდა, რომ უკვე 1,3 მილიონზე მეტი უკრაინელია იძულებით გადაყვანილი, მათ შორის, 220 ათასი ბავშვია.
"რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოქალაქეების თავის ტერიტორიაზე გადასაყვანად სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა", — ამბობს სახალხო დამცველი.
ბავშვები — წარწერა, რომელსაც ოკუპანტები (ვერ) ხედავენ
ფოტო: Unian
ფოტო: Maxar Technologies
რუსები ამტკიცებენ, თითქოს "ვერსად ხედავენ" გამაფრთხილებელ წარწერას — "ბავშვები". ვერც საევაკუაციო მანქანებზე, რომლებსაც ცეცხლს უხსნიან, ვერც მარიუპოლის დრამატულ თეატრთან.
9 მარტს რუსულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კი შეეცადა, ეს თავდასხმა გაემართლებინა. ამტკიცებდა, თითქოს შენობაში უკრაინული "რადიკალების" ჯარი იყო განლაგებული და მშობიარეები არ იმყოფებოდნენ. თუმცა მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ ტოვებენ დანგრეულ საავადმყოფოს დაშავებული ორსულები და ბავშვები.
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ კი დაიბომბა თეატრიც, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს და ეზოში დიდი ასოებით ეწერა "ბავშვები". AP-ის გამოძიებით, თავდასხმას 600 ადამიანი ემსხვერპლა.
"ბავშვების ცხედრები აქ, მარიუპოლის ამ ვიწრო, ნაჩქარევად გათხრილ, გაყინულ მიწაში ყრია, ჰაერი კი უწყვეტი დაბომბვის ხმითაა გაჯერებული" — წერდა ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, Associated Press მარიუპოლში დატრიალებულ ტრაგედიაზე.
ფოტო: REUTERS
ფოტო: Emilio Morenatti/AP Photo
ფოტო: Andrew Marienko/AP Photo
რუსეთის სამხედროებმა არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი საევაკუაციო კოლონებს. თავს დაესხნენ კრამატორსკის რკინიგზის სადგურს, რის შედეგადაც 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 10-ობით დაშავდა. სადგურზე ჩამოგდებულ ბომბს ჰქონდა წარწერა — "ბავშვებისთვის".
ბავშვები, როგორც ლტოლვილები
6 მარტს 11 წლის ბიჭი, რომელიც ზაპორიჟიედან სლოვაკეთში ჩავიდა "ღამის უდიდეს გმირად" გამოაცხადეს. საზღვარზე გადასვლისას მას თან მხოლოდ ზურგჩანთა, პარკი და პასპორტი ჰქონდა, ხელზე კი ტელეფონის ნომერი ეწერა. არსებული ინფორმაციით, ჰასანის დედამ უკრაინიდან წასვლა ვერ შეძლო, რადგან ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო ვერ ტოვებდა, ამიტომ შვილი გაუშვა. ჰასანს სლოვაკეთში მყოფი მოხალისეები უვლიდნენ, შემდეგ ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით ნათესავები იპოვეს და და-ძმასაც შეახვედრეს.
ფოტო: Courtesy Peter Turnley
ფოტო: Courtesy Peter Turnley
ფოტო: Courtesy Peter Turnley
მარტშივე მთელ ინტერნეტში გავრცელდა 4 წლის ვალერის კადრები. ის პატარა პარკით ხელში მარტო მიდიოდა და ტიროდა. საერთაშორისო მედია წერდა, რომ ბავშვმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი მარტომ გადაკვეთა. თუმცა, პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, ეს მცდარი ინფორმაციაა და ვალერის ოჯახი ახლდა. მიუხედავად ამისა, ვალერის ემოციები მთელი მსოფლიოსთვის იყო მაგალითი იმისა, რა მძიმეა ბავშვებისთვის ლტოლვილობა.
ვიცით კიდევ ერთი, შვიდი წლის უკრაინელი გოგოს ისტორია, რომელიც ომს პოლონეთში გაექცა. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც ის უკრაინაში, ბომბსაცავში შეკრებილებს უმღეროდა, ევაკუაციის შემდეგ კი ათასობით მხარდამჭერის წინ უკრაინის ჰიმნი შეასრულა.
"ომი დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის 7,5 მილიონ ბავშვზე", — აცხადებს გაერო. ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვი 6,6 მილიონს გადასცდა, მათგან თითქმის ნახევარი ბავშვია.
როგორ გადარჩნენ ვერონიკა, სოფიკა, იანა, იგორი...
რუსული სისასტიკის პირობებში ექიმებმა დაშავებული ბავშვების ნაწილის გადარჩენა შეძლეს და მათ ისტორიებს გვიყვებიან.
ფოტო: ლვოვის სამედიცინო ასოციაცი
10 წლის ვერონიკა ერთადერთია, ვინც 9 აპრილს თავშესაფრის დაბომბვის დროს გადარჩა. ლვოვის სავადმყოფო Facebook გვერდი წერს, ის "ბოლო მომენტში მოჯახის წევრებმა დაფარეს". გოგონა ნანგრევების ქვეშ მეზობლებმა იპოვეს, თავში ჭურვის ფრაგმენტი მოხვდა. ვერონიკას ჩატარებული აქვს ოპერაცია, მაგრამ მოგვიანებით კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. როგორც კლინიკაში ამბობენ, ჭურვის ფრაგმენტი ჯერ კიდევ თავშია და ამოღება დღემდე შეუძლებელია.
ჭურვის ნაწილი მოხვდა 9 წლის სოფიკისაც ნიკოლაევში. კლინიკა წერს, რომ ორი დღის განმავლობაში ის კომაში იყო. ოპერაციის შემდეგ ნამსხვრევბის ამოღება მოხერხდა.
"სოფიკი აქტიურად ვარჯიშობს, რათა განაგრძოს მუსიკალური ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა და აისრულოს თავისი უდიდესი ოცნება, ერთ დღეს იმღეროს სცენაზე", — გვამცნობს ლვოვის სამედიცინო ასოციაცია.
ფოტო: ლვოვის სამედიცინო ასოციაცია
15 წლის იგორმა ტრავმა დონეცკის ოლქში ნაღმის აფეთქებისას მიიღო. ქუჩაში გარბოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ბებია ცოცხალია, რა დროსაც მორიგი აფეთქება მოხდა. საევაკუაციო მანქანით ჩაიყვანეს ლვოვში და ახლა მკურნალობა უტარდება.
ბიჭთან ზოგადი და პლასტიკური პედიატრიული ქირურგიის დარგის ერთ-ერთი სპეციალისტი მუშაობს. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ჭრილობის შეხორცების შემდეგ დეფექტები ხელოვნური კანით ჩანაცვლდება.
უკრაინის ქალაქ კრამატორსკის მატარებლის სადგურის დაბომბვის შედეგად 11 წლის გოგომ, იანამ და დედამისმა ფეხები დაკარგეს — ბავშვმა ორივე, ქალმა კი ერთი კიდური. უკრინფორმის ცნობით, აფეთქებას გადაურჩა მეორე შვილი, იანას ტყუპისცალი იაროსლავი. ის დაბომბვის დროს სადგურის შიგნით, ნივთების სადარაჯოდ იყო დარჩენილი.
ოჯახი ნოვგოროდიდანაა. საავადმყოფოს ცნობით, ბავშვების მამა გარდაცვლილია, მამინაცვალი კი ომში იბრძვის. აპრილის დასაწყისში დედამ, ნატალიამ გადაწყვიტა, შვილები დაბომბვებს გაერიდებინა და სწორედ ამიტომ მივიდა კრამატორსკის სადგურზე.
ახალი სიცოცხლე ომში
უკრაინის რადამ 24 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ომის დაწყებიდან ქვეყანაში 48 321 ბავშვი დაიბადა. 4 668 ბავშვი დაიბადა ლვოვის ოლქში, 4 054 დნეპროპეტროვსკში, 3 620 ოდესისა და 2 694 ვინიცის ოლქებში.
ომის დაწყების პირველ დღეებში ქალებს მშობიარობა თავშესაფრებში, მიწისქვეშა ბუნკერებსა და მეტროს სადგურებში უწევდათ.
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი/Facebook
ომის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ბავშვებზე. არასრულწლოვნები მეტად არიან დამოკიდებულები ზრდასრულებზე, ეს მიჯაჭვულობა კი ომის დროს ხშირად ირღვევა. უკრაინულ მედიასთან საუბრისას, ფსიქოლოგი მარინა ივანოვნა ამბობს, რომ დასტრესილმა ბავშვებმა შეიძლება უფრო ხშირად იტირონ და შედარებით უმნიშვნელო მოვლენებზე რეაგირება მოახდინონ სიბრაზის შეტევებით. ის განმარტავს, რომ იზრდება განშორების შფოთვა — ბავშვებს არ სურთ ბაღში სიარული, ოთახში დარჩენა და დამოუკიდებლად დაძინება.
ივანოვნა ამბოს, რომ ასეთ დროს ისინი ითხოვენ, პატარებივით მოექცნენ. ფსიქოლოგი ურჩევს მშობლებს, იზრუნონ თავზე, რათა შეძლონ ზრუნვა ბავშვებზე, მხარი დაუჭირონ ამ სურვილს და მისცენ შვილებს ემოციების გამოხატვის საშუალება. ასევე, მოუწოდებს მათ, ესაუბრონ მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ საშიში დეტალების გარეშე.
UNN-თან ფსიქოლოგმა, კრისტინა მულიარმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია, მშობლები თავად გაუმკლავდნენ ემოციებს და დაეხმარონ ბავშვებს ამაში. მისი თქმით, ომის შედეგები შეიძლება, სხვადასხვაგვარი იყოს: ფობიები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, ქცევითი დარღვევები, აგრესია.
"სანამ სიტყვა "ომით" ბავშვისთვის ტრავმის მიყენების გეშინიათ, ის თანდათან აგროვებს ინფორმაციას. მის თავში შეიძლება ჩამოყალიბდეს სრულიად ტრავმული იდეა მომხდარის შესახებ, თან მშობლების მხარდაჭერისა და სიმართლის გარეშე. სიტყვა "ომს" სწორედ ის მნიშვნელობა ექნება, რასაც თქვენ მიანიჭებთ. ჯერჯერობით ბავშვებს ამ ისტორიის აღქმის მხოლოდ ჩვენი პრიზმა აქვთ. მიეცით მათ სიმართლე სიყვარულისა და ზრუნვის პრიზმაში", — ამბობს ფსიქოლოგი.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children-ის განცხადებით, ბავშვებს მთელ მსოფლიოში, შესაძლოა, ბოლომდე არ ესმოდეთ რა ხდება უკრაინაში და ჰქონდეთ კითხვები იმ ამბების შესახებ, რაც ესმით, ამიტომ აუცილებელია მათთან სწორი კომუნიკაცია.
კომენტარები