რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი
ფოტო: თიბისი
როცა სტადიონის ტრიბუნაზე ზიხარ, გესმის ხმაური, ხედავ მოედანს, ჯერ ვერ აცნობიერებ, რომ რასაც ახლა უყურებ, რამდენიმე წელიწადში სხვა მასშტაბით — მსოფლიო რაგბის ისტორიად დაგიბრუნდება.
ასე იწყება ეს ამბავიც.
ცხრა წლის შემდეგ, რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ საქართველოში ჩატარდება. და ეს არ არის უბრალოდ სპორტული ტურნირის დაბრუნება.
ამ ასაკში, როცა კარიერული გზა ჯერ მხოლოდ იწყება, ყველაზე დიდი ძალა ხშირად რწმენაა — საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობებისა და იმ სასწაულების, რომელთა შექმნაც თავად შეგიძლია. ეს არის დრო, როცა ყველაზე მეტად გინდა დაამტკიცო, რომ შენი ადგილი ამ დიდ სცენაზეა და რომ ოცნების რეალობად ქცევა შესაძლებელია.
ასე იყო 2017 წელსაც, როცა საქართველო პირველად მასპინძლობდა ამ ჩემპიონატს. თბილისსა და ქუთაისში თამაშობდნენ 12 ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, ტრიბუნები სავსე იყო; მოედნებზე კი, იყო თაობა, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცნობდა.
ისინი უბრალოდ ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც სარაგბო ცის ქვეშ საკუთარ ადგილს ეძებდნენ. მაგრამ რამდენიმე წელში, იგივე სახელები უკვე მსოფლიო რაგბის ტოპ მოთამაშეების სიაში აღმოჩნდა.
მაგალითისთვის, ბლერ კინგჰორნის, ჯორდან ლარმურის ან ლუკ ჯეიკობსონის დასახელებაც კმარა, რომლებიც დღეს შოტლანდიის, ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრებების გამორჩეული მორაგბეები არიან.
ეს ტურნირი, სწორედ, ამითაა განსაკუთრებული — ის არ გაჩვენებს მხოლოდ აწმყოს. ხედავ მომავალსაც, მანამ, სანამ ის რეალურად დადგება.
და არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც 2017 წელი საქართველოსთვის მხოლოდ სპორტული მეხსიერება არ არის. იმ ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა არგენტინა დაამარცხა და თავისი ისტორია დაწერა. ეს გამარჯვება უბრალოდ შედეგი არ ყოფილა. ეს იყო შეგრძნება, რომ ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს, კონკურენტია, ისტორიის ნაწილია და ძალაა, რომელიც იზრდება.
2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანზე იყვნენ ბიჭები, რომლებიც მაშინ უბრალოდ პერსპექტიულ სპორტსმენებად მოიაზრებოდნენ — თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე, მირიან მოდებაძე, აკაკი ტაბუცაძე, ბექა საღინაძე, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი კვესელაძე, ლაშა ჯაიანი, ილია სპანდერაშვილი, თორნიკე ჯალაღონია და სხვები. დღეს კი, მათი სახელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ევროპის ტოპ ლიგების გუნდებს უკავშირდება.
ახლა, 2026 წელია და სარაგბო სცენაზე კვლავ გამოდიან ახალი თაობის სპორტსმენები. ამჯერად, უფრო მასშტაბურად, უფრო ბევრ გუნდთან, უფრო მეტ ამბიციასთან ერთად; მაგრამ არსი იგივე რჩება — მოედანზე გამოდიან ახალგაზრდები, რომელთაც ჯერ კიდევ არავინ იცნობს, მაგრამ რამდენიმე წელში მათ სახელებს მსოფლიო რაგბის ისტორიის ფურცლებზე ვნახავთ.
სწორედ, ამიტომ ღირს ამ ჩემპიონატზე დასწრება, რადგან აქ არ უყურებ მხოლოდ თამაშს. აქ უყურებ პროცესს, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენი პირველად გრძნობს რას ნიშნავს დიდი სცენა, წნეხი, პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება. რაგბი განსაკუთრებით კარგად აჩვენებს იმას, რისიც გვჯერა — რომ წარმატების საფუძველი გუნდურობა, შრომა და საკუთარი თავის რწმენაა.
ახლა, ყველაფერი თავიდან იწყება — ისევ ზაფხული, იგივე მოედნები, მაგრამ სხვა ახალგაზრდები. და შეიძლება, სწორედ იმ დღეს, როცა ტრიბუნაზე იჯდები, შენ თვალწინ დაიწყოს ამბავი, რომელზეც რამდენიმე წელიწადში მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. მომავალი ხომ იქ იქმნება, სადაც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ. სწორედ, ეს არის ამ ტურნირის ძალა — ის არ გეუბნება ვინ იქნები; ის გაჩვენებს, ვინ შეიძლება გახდე.
და შენც ამაყად იტყვი — მე იქ ვიყავი, როცა ეს დაიწყო.
ჰოდა, ერთად გავიმარჯვებთ, მთავარია გჯეროდეს!
კომენტარები