ყველაფერი, რაც აზოვსტალიდან ევაკუაციასა და მარიუპოლის მცველების ბედზე ვიცით — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

86-დღის შემდეგ აზოვსტალი დაცარიელდა. ქალაქის მცველებმა, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში თითქმის სამი თვე თავს არ ზოგავდნენ, სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს. წინააღმდეგობა შეწყდა.

რა მოხდა

16 მაისს რუსეთმა განაცხადა, რომ აზოვსტალიდან დაჭრილი სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ამავე დღეს გავრცელდა აზოვის ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადება.

"სიცოცხლეების გადარჩენის მიზნით, მარიუპოლის გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს", — ამბობდა ის.

გაურკვეველი იყო რას ნიშნავდა ეს — რუსეთმა აზოვსტალი აიღო, ჯარისკაცები დანებდნენ, თუ მოლაპარაკება შედგა. პარალელურად, საერთაშორისო მედია წერდა, რომ ევაკუაცია დაიწყო.

რას ამბობდა უკრაინა

17 მაისს უკრაინის გენშტაბმა აზოვსტალიდან 264 მებრძოლის გადაყვანა დაადასტურა და განაცხადა, რომ გრძელდებოდა დარჩენილი სამხედროების გადარჩენის ღონისძიებები. ამავე დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა თქვა, რომ მარიუპოლის მცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ.

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის, მოლაპარაკებები წითელი ჯვრის საშუალებით. შედეგია დაჭრილებისა და მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლისა და თავისუფლების გადარჩენა", — ამბობდა რეზნიკოვი.

თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ მარიუპოლის მცველების გადარჩენის სხვა ფორმულა არ არსებობდა და ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. მისივე თქმით, ოპერაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ პირების დაბრუნებამდე გაგრძელდება.

"მათ სრულად დაასრულეს საბრძოლო მისია. მარიუპოლის დამცველების მიერ განხორციელებული თავდაცვის წყალობით, მტერმა ვერ შეძლო დაახლოებით 20 000 მებრძოლის სხვა რეგიონებში გადაყვანა, ამიტომ ვერ შეძლეს სწრაფად დაეპყროთ ზაპოროჟიე. მოწინააღმდეგემ ვერ შექმნა პირობები გაერთიანებული ძალების შეზღუდვისთვის", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

უკრაინა პროცესს ევაკუაციას უწოდებს და არა დანებებას. თუმცა, საპირისპიროა რუსეთის რიტორიკა.

რა თქვა რუსეთმა

რუსულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების გამოსვლა ქარხნიდან. ხელზე თეთრსახვევიანი რუსი ჯარისკაცები მათ ჩხრეკდნენ და ავტობუსებში უშვებდნენ. რუსეთი ამბობდა, რომ ისინი დანებდნენ. უკრაინის ოფიციალური პირებისგან კი გავიგეთ, რომ დაჭრილი მებრძოლები რუსეთის ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ნოვოაზოვის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ აზოვის "ნაცისტები" სამედიცინო დახმარებას მიიღებდნენ. გაჩნდა მოლოდინი, რომ ამის შემდეგ რუსეთი მათ უკრაინას გადასცემდა, როგორც ამაზე უკრაინული მხარე საუბრობდა, თუმცა დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ აზოვის პოლკის წევრები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ. მისი თქმით, მარიუპოლის მცველები "ომის დამნაშავეები" არიან და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.

რა ვიცით აზოვის ლიდერებზე

ამ დღეებში რთული იყო დაზუსტებით იმის თქმაც, რამდენი ადამიანი რჩებოდა აზოვსტალში და ვრცელდებოდა თუ არა შეთანხმება, მათ გაყვანაზეც. 19 მაისს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის ხელმძღვანელობა და ის კვლავ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე იყვნენ. მისი თქმით, მიმდინარეობდა "გარკვეული ოპერაცია", რომლის შესახებაც ვერ ისაუბრებდა.

20 მაისს აზოვის ბატალიონის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ დაცვის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს. მანვე განმარტა, რომ უკვე ევაკუირებული, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანილი იყო ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილი, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით.

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება გარნიზონის ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის დაცვის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის 3 ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე. ესენია: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.

ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მძიმედ დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება — მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლით და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის [პირობით]. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება", — ამბობდა პროკოპენკო.

ამის შემდეგ, გუშინ საღამომდე ისევ უცნობი იყო, რა ბედი ეწია პოლკის სარდლობას. ღამით რუსეთმა განაცხადა, რომ აზოვსტალი აიღეს. თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ "მარიუპოლი გაათავისუფლეს".

მათივე მტკიცებით, აზოვის პოლკის მეთაური (სავარაუდოდ, იგულისხმება პროკოპენკო) ტერიტორიიდან ბრონირებული მანქანით გაიყვანეს. ამის მიზეზად კი პროპაგანდისტული მოტივებით "მარიუპოლის მაცხოვრებლების სიძულვილი" დაასახელეს და ამტკიცებდნენ, თითქოს მან ქალაქში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.

გარდა ამისა, კრემლისტურმა რიამ გაავრცელა ვიდეოები, რომელშიც საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ხელმძღვანელი ჩანს. ის ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად აღმოჩნდა აზოვსტალში, რის შემდეგაც ტყვედ აიყვანეს და ამჟამად მისი დანაყოფები შენობაში არ არიან.

რამდენი მებრძოლია ევაკუირებული

რუსეთი ამბობს, რომ ახლა სრულად აკონტროლებს აზოვსტალის საცავებს და სულ 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. თუმცა, ომის კვლევის ინსტიტუტის 20 მაისის განცხადებით, რუსულმა წყაროებმა, შესაძლოა, გაზარდონ მარიუპოლის მცველების რაოდენობა.

"რათა მაქსიმალურად გაზარდონ რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება გაცვალონ უკრაინელ ჯარისკაცებზე, ან თავიდან აიცილონ უხერხულობა იმის აღიარებით, რომ ისინი რამდენიმეთვიან ალყაში იყვნენ ჩაკეტილი, სულ რაღაც "ასობით" უკრაინელი ჯარისკაცის წინააღმდეგ", — აცხადებს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, 19 მაისის განცხადებაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა, რომ აღრიცხა ასეულობით სამხედრო ტყვე აზოვსტალის ქარხნიდან.

უკრაინული წყაროებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ 16 მაისს ევაკუირებული იქნა 53 მძიმედ დაჭრილი ნოვოაზოვსკში, 211 პირი კი ჰუმანიტარული კორიდორით გადაიყვანეს ოლენევკოში.

გუშინ ჟურნალიტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალში იყო 400 მესაზღვრე, ბევრი ნაცგვარდიელი, ექიმები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციის პროცესიც წინა კვირებში განხორციელდა.

როგორ დაიბრუნებს უკრაინა მარიუპოლის მცველებს

პროკოპენკოს, რეზნიკოვისა და ზელენსკის განცხადებები ადასტურებს, რომ აზოვსტალიდან გამოსული მებრძოლების გაცვლის საკითხი თავიდანვე შეთანხმებული იყო. როგორც ირკვევა, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში სხვა ქვეყნებიც იყვნენ ჩართული.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ, აზოვსტალიდან ევაკუაციის დასრულებამდე, ტელევიზიებთან საუბრისას აღნიშნა, ამ თემაზე მოლაპარაკების სტრუქტურა რთულია და შეთანხმებული იყვნენ იმაზე, რომ დებლოკირებაში მონაწილეობას მიიღებდნენ დასავლელი პარტნიორები. მისი თქმით, როცა მიხვდა, რომ სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა არ შეეძლოთ და არც პარტნიორები აწვდიდნენ ამისთვის საჭირო იარაღს, მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთთან, "რუსეთთან მათი ურთიერთობის გამო". ასევე, თურქეთთან, შვეიცარიასთან და ისრაელთან.

როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, ჟურნალისტებთან ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მარიუპოლის მცველები უნდა გაათავისუფლონ გაცვლის პროცედურის მიხედვით. მისი თქმით, ყველას დააბრუნებენ სახლში და ამას გააკეთებენ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა აიღო თავის თავზე გაერომ, წითელმა ჯვარმა, რუსეთის ფედერაციამ, რომ ყველანი უსაფრთხოდ იქნებიან და დაელოდებიან ამა თუ იმ გაცვლის ფორმატს

ვოლოდიმირ ზელენსკი

რა ბედი ელით მათ რუსეთში

კრემლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აზოვსტალის მცველების ბედზე. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა კითხვა, მოსკოვი მათ სამხედრო ტყვეებად თვლის თუ სამხედრო დამნაშავეებად. მან ასევე გაიხსენა პუტინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ვინც იარაღს დაყრის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოექცევიან.

პესკოვმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ეს არ არის ევაკუაცია და საუბარია ჩაბარებაზე: "აქ ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ცალსახა და განმარტებაც ცალსახაა: იმ სამხედროებმა, რომლებმაც აზოვსტალის ტერიტორიაზე შეაფარეს თავი, დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ".

კრემლი არა, თუმცა მათი სატელიტები აქტიურად საუბრობენ მარიუპოლის მცველების ბედზე. რუსეთის დუმის ქვედა პალატის LDPR ფრაქციის ახალმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჟირინოვსკის შემცვლელმა, ლეონიდ სლუცკიმ მოითხოვა აზოვის მებრძოლების სიკვდილით დასჯა, თუ სასამართლო მათ დამნაშავედ ცნობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ანექსირებული ყირიმის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა კი განაცხადა, რომ დატყვევებული უკრაინელები, რომლებსაც ტრიბუნალის განაჩენით არ დახვრეტენ, დონბასში ქალაქების აღსადგენად ყველაზე შავ სამუშაოებზე უნდა გამოიყენონ.

"ყირიმის კოლონიაში მათთვის ადგილები გამოიძებნება. აქ მათ ელით "თბილი" დახვედრა, რუსული ენისა და ანტიფაშიზმის გაკვეთილები, რაც მათ მთელი სიცოცხლე ემახსოვრებათ", — განაცხადა მან.

ტრიბუნალის აუცილებლობაზე საუბრობს დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პიშულინიც.

კრემლის გამოცემა ტასი წერს, რომ რუსეთში აზოვის მებრძოლები, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებად გამოაცხადონ, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა: ასეთი ორგანიზაციის დამფუძნებლები და ლიდერები ისჯებიან თავისუფლების აღკვეთით 15-დან 20 წლამდე და ჯარიმით 1 მილიონ რუბლამდე. ხოლო სხვა წევრები, 5-დან 10 წლამდე ვადით 500 ათას რუბლამდე ჯარიმით.

"დამშვიდობება"

"აზოვსტალი — ჩემი სიკვდილისა და სიცოცხლის ადგილი", — ამ სიტყვებით და რამდენიმე კადრით დაემშვიდობა ქარხანას მებრძოლი, დმიტრო კოზაცკია. ტყვეობაში მოხვედრამდე მან მსოფლიოს აჩვენა, რა ხდებოდა მარიუპოლში.

"სანამ ტყვე ვიქნები, გიტოვებთ ფოტოებს კარგი ხარისხით, გაგზავნეთ ისინი ყველა ჟურნალისტურ პრემიასა და კონკურსზე. თუ რამეს მოვიგებ, გათავისუფლების შემდეგ, ძალიან სასიამოვნო იქნება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის" — წერდა ის.

ფოტო: დმიტრო კოზაცკია

ფოტო: დმიტრო კოზაცკია

აზოვის პოლკის პრესსამსახურის უფროსმა კი აზოვსტალში ყოფნის ბოლო დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელსაც დამშვიდობება უწოდა. ვიდეო დღეს გავრცელდა და განადგურებულ ქარხანაში მყოფი 1 ჯარისკაცის შესახებ გვიამბობს.

რა ხდება მცველების გარეშე დარჩენილ ქალაქში

დღეს, 21 მაისს მარიუპოლის საკრებულომ უკრაინულ მედიებსა და მოსახლეობას სთხოვა, არ გაავრცელონ რუსი პროპაგანდისტების გადაღებული კადრები, რომელშიც აზოვსტალის მცვლები არიან.

"პატივი ვცეთ ჩვენს გმირებს და არ ავყვეთ ოკუპანტების თამაშს მტრის მასალების გავრცელებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება ქალაქს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი აგრძელებს მოქალაქეების იძულებით გაყვანას. უკრაინული მედიების ინფორმაციით, ეს ვიდეო ასახავს მასობრივ დეპორტაციას მარიუპოლიდან.

როგორც მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო ამბობს, რუსები აცხადებენ ევაკუაციას, ხალხს ავტობუსებში სვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეუბნებიან, რომ ნოვოაზოვის ტერიტორიაზე, შემდეგ კი რუსეთში მიჰყავთ. მისივე თქმით, ჯარისკაცები არ აძლევენ ხალხს უფლებას, დატოვონ ადგილი, ან უარი თქვან ევაკუაციაზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მარიუპოლის ფოსტის ოფისი მორგად გადააკეთეს.

ფოტო: Unian-ის ტელეგრამი

არსებული ინფორმაციით, მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია დაღუპული. მედიები წერდნენ იმაზეც, რომ ომის დანაშაულების დასაფარად, რუსებმა გადასატანი კრემატორიუმები შეიტანეს. თუმცა, გადარჩენილების ისტორიები, აქამდე გავრცელებული კადრები, ეზოებში გაჩენილი სასაფლაოები ადასტურებს, რომ ოკუპანტებმა ქალაქში არაერთი დანაშაული ჩაიდინეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

განათლების და მეცნიერების სამინისტრო: ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს EQAR-ს გამოსწორებულია

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების…