24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. აღნიშნულს ცივილიზირებული სამყარო საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო, უხეშ დარღვევად აფასებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულმა არაერთმა სანქციამ რუსეთის ეკონომიკას უკვე საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა, რუსეთის აგრესორის კურსი მაინც არ იცვლება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დასავლეთის მიერ მიღებულ ზომებს რუსეთის იმპერიალისტური წყურვილი და დამპყრობლური ომი არ შეუყოვნებია.

ახლა მსოფლიო გადამწყვეტ სანქციაზე ლაპარაკობს, რომელსაც ზოგიერთი ფინანსური ანალიტიკოსი, ეკონომიკურ კონტექსტში, "ბირთვულ ვარიანტს" უწოდებს. მას ჰქვია SWIFT და ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ელის რუსეთს, თუ დასავლელი მოკავშირეები ქვეყანას სისტემიდან გათიშვით დასჯიან.

რა არის SWIFT და როგორ მუშაობს?

მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, ანუ SWIFT 1973 წელს, ბელგიაში დაარსდა. ის შუამავალი და ფინანსური ტრანზაქციების შემსრულებელია ბანკებს შორის, მთელ მსოფლიოში. მას ბელგიის ეროვნული ბანკი სხვა მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან პარტნიორობით ზედამხედველობს. მათ შორის არიან: აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი.

აღსანიშნავია, რომ SWIFT ბანკინგის სისტემაა, თუმცა ტრადიციული ბანკის კონცეფციისგან შორსაა — ის უშუალოდ ტრანზაქციებით არაა დაკავებული. ამის ნაცვლად, ის ფუნქციონირებს, როგორც უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც აკავშირებს 200-ზე მეტი ქვეყნის 11 000 ფინანსურ ინსტიტუციას. ის ატყობინებს ბანკებს ტრანზაქციების განხორციელების შესახებ. მაგალითად, ამერიკულ ბანკებს აქვს უნიკალური SWIFT კოდი, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ შემომავალი საბანკო გადარიცხვებისთვის აშშ დოლარში.

2021 წელს SWIFT-მა დღიურად საშუალოდ 42 მილიონი შეტყობინება გააგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა იყო.

SWIFT-ის გადახდები ქსელის მეშვეობით ხორციელდება. SWIFT თითოეულ ბანკს 8 ან 11 სიმბოლოსგან შემდგარ კოდს ანიჭებს, რომელიც ბანკის იდენტიფიკატორის სახელითაა ცნობილი. ეს უნიკალური ID კოდი კი აერთიანებს როგორც ბანკის სახელს, ასევე ქვეყანას, ქალაქსა და ფილიალს.

მოკლედ რომ ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის ბანკებსა და შესაბამისად, მომხმარებლებს შორის ფულის უსაფრთხო მიმოცვლაში SWIFT მონაწილეობს და ამ ოპერაციების განხორციელება მის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

რა გავლენას მოახდენს რუსეთზე SWIFT-იდან გათიშვა?

შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის რუსეთის SWIFT ფინანსური სისტემიდან გამორიცხვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფინანსური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მათ ოდესმე შეეძლოთ ან შეუძლიათ. ეს გამოუსწორებლად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და ამას ექნება როგორც მყისიერი გავლენა, ასევე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ნაბიჯი რუსეთს ჩამოაშორებს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ფულის მიმოცვლის კუთხით. ის ვეღარ მიიღებს ისეთ ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორსაც ნავთობისა და გაზის წარმოებიდან/ექსპორტიდან, მოგების სახით იღებდა. ეს კი რუსეთის, როგორც ქვეყნის შემოსავლის 40%-ზე მეტს შეადგენს.

"თუ რუსეთი SWIFT-ს გამოეთიშება, ჩვენ ვერ მივიღებთ [უცხოურ] ვალუტას, ასევე მყიდველები, უპირველეს ყოვლისა კი ევროპული ქვეყნები ვერ მიიღებენ ჩვენს პროდუქციას, როგორიცაა ნავთობი, გაზი, ლითონები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები", — ჯერ კიდევ იანვარში ამბობდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერი, ნიკოლაი ჟურავლევი.

SWIFT-იდან რუსეთის "გათიშვა გამოიწვევს ყველა საერთაშორისო ტრანზაქციის შეწყვეტას, ვალუტის ცვალებადობასა და კაპიტალის მასიურ გადინებას", — წერდა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი, მარია შაგინა გასულ წელს, Carnegie Moscow Center-ისთვის დაწერილ სტატიაში.

SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა 2014 წელსაც განიხილებოდა, როცა ქვეყანამ უკრაინის ნაწილის — ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ ამ განხილვაზე რუსეთის საპასუხო რეაქცია მწვავე იყო — ქვეყანამ განაცხადა, რომ SWIFT-იდან მისი გაძევება ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. 2014-ში, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის შეფასებით, SWIFT-ის დატოვება ქვეყანას ეკონომიკის 5%-იან ვარდნად დაუჯდებოდა. დასავლელმა მოკავშირეებმა ამ იდეის შესრულებაზე მაშინ უარი თქვეს. ამ აშკარა საფრთხის წინ დადგომის შემდეგ რუსეთი საკუთარ ფინანსური ტრანსფერის სისტემის შექმნაზე მუშაობდა, თუმცა, ვერც ისე წარმატებულად.

SPFS-ის სახელით ცნობილ გადახდის სისტემაზე ქვეყანამ მუშაობა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ახლა მას 400 მომხმარებელი ჰყავს. შიდა ტრანსფერების 20% რუსეთში სწორედ SPFS-ის დახმარებით ხდება, თუმცა შეტყობინებების ზომა შეზღუდულია, ისევე, როგორც ოპერაციები დროის ჭრილში. მსგავსი სისტემა აქვს ჩინეთსაც — CIPS, რომელიც შეიძლება SWIFT-ის ალტერნატივად გამოდგეს რუსეთისთვის, ასევე, ქვეყანამ შეძლება კრიპტოვალუტების გამოყენების გზასაც მიმართოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ SWIFT-იდან გარიცხვის შემთხვევაში, ამ სამი ვარიანტიდან ვერცერთი დაეხმარება რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებში ნედლეულის ექსპორტის შესანარჩუნებაში (თუ ამ სისტემების გამოყენებას ევროპული ქვეყნები არ დაიწყებენ).

აქამდე, 2012 წელს, ბირთვული პროგრამებიდან გამომდინარე, SWIFT-ს ირანი გამოთიშეს. ეს აშშ-ის ინიციატივით მოხდა. შედეგად, ირანმა ნავთობის ექსპორტის შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა. თუმცა, რუსეთის გარიცხვა SWIFT-იდან დიდ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ სხვა ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობასაც. ეს ეხება აშშ-სა და მის მოკავშირე გერმანიასაც.

რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთი SWIFT-იდან გათიშონ

ბრიტანელი ფინანსისტის, ბილ ბროუდერის აზრით ეს უკიდურესი ზომაა, რომელსაც შეიძლება მსოფლიომ მიმართოს. ბროუდერი კრემლის კრიტიკოსია და ერთ დროს რუსეთის ერთ-ერთი უმსვილესი ინვესტორიც გახლდათ.

ზოგი ამერიკელი კანონმდებელი აშშ-ს სთხოვს, ეს ზომა დაუყოვნებლივ მიიღოს. თუმცა, პრესკონფერენციაზე ბაიდენმა SWIFT-ის სანქციის შესახებ დასმულ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომ ევროპა ჯერ ამისთვის მზად არ არის. ამის ნაცვლას ბაიდენმა სანქციები ოთხ რუსულ ბანკზე და პუტინის გარემოცვაში მყოფ, მხარდამჭერ მილიარდერებზე გაავრცელა.

ამავე თემაზე: განახლებადი: რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქცია ერთად ანუ მსოფლიოს პასუხი პუტინს

ისევ 2014 წელი რომ გავიხსენოთ, SWIFT-მა რუსეთის სისტემაში დატოვება იმით ახსნა, რომ ეს "ნეიტრალური გლობალური კოოპერატივია" და "ქვეყნებზე ან ცალკეულ სუბიექტებზე სანქციების დაწესების ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკისრება მხოლოდ კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოებს და მოქმედ კანონმდებლებს". შესაბამისად, ეს ქვეყნების გადასაწყვეტია.

თუმცა, თუ დასავლური სამთავრობო ორგანოები SWIFT-იდან რუსეთის გათიშვის კუთხით ერთსულოვნები ვერ იქნებიან, როგორც NBC News იუწყება, ბაიდენს შეუძლია, ფედერალური სარეზერვო სისტემის დახმარებით, დაბლოკოს რუსული კომპანიების წვდომა ამერიკულ დოლარზე. რაც ასევე მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის ეკონომიკას.

SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა ჯერ კიდევ განიხილება. დასავლელი მოკავშირეები ამ კუთხით ჯერ კიდევ მსჯელობენ და გადაწყვეტილებამდე მისვლას ცდილობენ. შესაბამისად, ამ სანქციის მიღების საფუძველი და შესაძლებლობა დიდია.

თუმცა, რა არის ის მიჯნა, რომელსაც რუსეთმა უნდა გადააბიჯოს, იმისათვის რომ ევროპამ და ამერიკამ ეს "ბირთვული ვარიანტი" აამოქმედოს, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთი SWIFT-ის გამოყენებას განაგრძნობს, რუსეთ-უკრაინის ომი კი უკრაინის ტერიტორიაზე სულ უფრო მწვავე სახეს იღებს.