უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება — კრემლი ყოველდღიურად ახალ სამხედრო დანაშაულებს ჩადის, რაც თავის, მხრივ, ზრდის დასავლეთის ზეწოლას. პარალელურად, ჩინეთი არ ჩქარობს გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საერთაშორისო დღის წესრიგის შექმნაში. ის თავს იკავებს, დაადანაშაულოს რუსეთი და შიგადაშიგ, უკრაინის გამოც გამოთქვამს წუხილს.

მაშინ, როცა აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების საფრთხეზე მიუთითებს, პეკინი ამტკიცებს, რომ ამ ომში ნეიტრალურია და "მხარის" არჩევას არ აპირებს. ჩინეთის თავშეკავებისა და სიფრთხილის ფონზე, ჩნდება არაერთი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას ამ ომში?

რუსეთ-ჩინეთის "ულიმიტო" პარტნიორობა

უკრაინაში ომის დაწყებამდე 2 კვირით ადრე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დაესწრო და ჩინეთთან "ულიმიტო" პარტნიორობის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

"ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას არ აქვს საზღვრები და არ არსებობს თანამშრომლობის "აკრძალული" სფეროები", — ნათქვამია მემორანდუმში.

თუმცა ამ გაფორმებულ დოკუმენტზე მეტად, მათი თანამშრომლობის მნიშვნელობას პუტინის იქ ჩასვლა ადასტურებს. ის ხომ ქვეყნების ლიდერებს და მისი მთავრობის წარმომადგენლებსაც კი დისტანციის დაცვით, მაგიდის ერთი ბოლოდან მეორეში ესაუბრებოდა.

ფოტო: CNN

ფოტო: MATTHEW STOCKMAN/GETTY

ახალი მემორანდუმით კი ორმა ქვეყანამ, უბრალოდ, მათი გაერთიანებული ინტერესების კიდევ ერთი დემონსტრაცია მოახდინა, განსაკუთრებით, NATO-ს გაფართოების საკითხში — ჩინეთი ამ მხრივ რუსეთის პოზიციას იზიარებს, სწორედ იმას, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მთავარი "მიზეზი" გახდა.

დოკუმენტში არ არის ნახსენები უკრაინა — ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთს არ სურდა ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინა რუსეთისთვის. თუმცა საუბარია აშშ-ზე, ანუ მათი ინტერესების გადაკვეთის მთავარ წერტილზე. ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხთა მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩინეთ-რუსეთის ძალისხმევა, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და დასავლეთის დასუსტებისკენ არის მიმართული.

"რუსეთი და ჩინეთი ძალიან დიდი ხანია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის წინააღმდეგ მათი ძალისხმევის გაერთიანებით იყო განპირობებული. რასაც რუსეთი აკეთებს ახლა უკრაინაში, ეს მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ხომ არ არის, ეს არის დასავლეთის დასუსტების, დასავლური ფასეულობების და სისტემის მოშლისკენ სწრაფვა", — ამბობს ის.

გარდა ამისა, ახალ მემორანდუმში მოკავშირე ქვეყნები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სამმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობის (AUKUS) შეთანხმებას აკრიტიკებენ, რომლის თანახმადაც აშშ და ბრიტანეთი ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. პუტინი და სი ძინპინი აღნიშნავენ, რომ ასეთი ინიციატივები "რეგიონში შეიარაღების შეჯიბრის საშიშროებას გაზრდის".

"ეს არის პირობა, რომ იდგნენ მხარდამხარ ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ, როგორც იდეოლოგიურად, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით", — განუცხადა The New Yorker-ს ჩინეთსა და აშშ-ში კისინჯერის ინსტიტუტის დირექტორმა, რობერტ დალიმ.

ახლა საკითხი ასე დგას — სად წაიყვანს ჩინეთს ეს "ულიმიტო" შეთანხმება და რა ნაბიჯები გადადგა აქამდე ქვეყანამ.

რამდენად "ულიმიტოა" ეს პარტნიორობა?

თუ ჩინეთს ქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით, საგულისხმოა, რომ ამ დრომდე მას რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევია. მარტში საერთაშორისო მედია აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსეთმა პარტნიორ ქვეყანას სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა. მოგვიანებით, აშშ-მ მოკავშირეებს უთხრა, რომ ჩინეთმა რუსეთის სამხედრო დახმარებაზე ღიაობა გამოხატა.

ფოტო: MIKHAIL SVETLOV/GETTY

ამას ჩინეთი აშშ-ის მიერ გავრცელებულ "დეზინფორმაციას" უწოდებს. 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად რუსეთს სამხედრო აღჭურვილობა ან სხვა დახმარება არ უთხოვია.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთი არ შეერთებია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. წინააღმდეგ არ წასულა, მაგრამ თავი შეიკავა ხმა მიეცა გაეროს რეზოლუციისთვის, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს. ასევე, ომის დაწყებისთანავე "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდა და ტერმინ "შეჭრას" შეეწინააღმდეგა.

ბილანიშვილი განმარტავს, რომ ჩინეთი სრულად "ნეიტრალური" არ არის და განცხადებების დონეზე, მაინც რუსეთის სასარგებლო პოზიცია უჭირავს.

"ჩემი აზრით, იმ ხარისხის მხარდაჭერა, რისი მოლოდინიც რუსეთს ჰქონდა ჩინეთის მხრიდან, ამ ხარისხის მხარდაჭერა ბუნებრივია, არ გააჩნია. ამის მიზეზი, ჯერ ერთი ის არის, რომ კი, პოლიტიკურად დასავლეთს თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, აქვს ძალიან დიდი და ორივეს ბაზარი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ის.

მკვლევარი მიუთითებს იმასაც, რომ ჩინეთი ერიდება დასავლეთისგან ნებისმიერი სახის, მათ შორის, მეორადი სანქციების დაწესებას, რომელიც იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. მისი თქმით, ეს მემორანდუმი რეალურად არავითარ ვალდებულებას ჩინეთს არ აკისრებს — მას პოლიტიკურად აქვს მოტივაცია, რუსეთს დაეხმაროს.

თუმცა, თუ ომი და დასავლეთის პასუხი გამწვავდება, ჩინეთი მოსკოვის მიმართ თავის ვალდებულებებს გადააფასებს

Foreign Policy-ს ანალიტიკოსი

"შეიძლება, რუსეთის დამარცხება უნდა, მაგრამ ტოტალური დამარცხება არ უნდა, იმიტომ, რომ ამით ის ძალიან სერიოზულ მოკავშირეს დაკარგავს, იგივე დასავლეთის წინააღმდეგ. ხელშეკრულების გარეშეც აქვს მას მოტივაცია, რომ რაღაც დონეზე დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას. ეს დახმარება რაღაც დონეზე, ალბათ, არსებობს, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის და იმ დონის, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად ან მით უმეტეს, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისთვის სასარგებლო გარდატეხა შეიტანოს", — თქვა მან.

Foreign Policy-ს ანალიტიკოსი წერს, რომ ჩინეთისთვის სასწორზე ბევრი რამ დევს და მხოლოდ "აშშ-ის მიმართ ზიზღის იდეოლოგიური განწყობები" არ მიაღებინებს მას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. სტატიის ავტორის თქმით, ჩინეთი გამოიყენებს თავის ინტერესებზე მორგებულ მიდგომას, რათა გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკის მიზნებისთვის მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

"ამ მომენტში, დიპლომატიური და რიტორიკული მხარდაჭერის გარდა, ის ძალიან ცოტას აკეთებს რუსეთის დასახმარებლად. მაგრამ მას შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს, თუ სიტუაცია შეიცვლება. ჩინეთს შეუძლია ეკონომიკური დახმარების რგოლი გადაუგდოს რუსეთს მისი ბანკებისა და შიდა ფინანსური სისტემების მეშვეობით, გაზარდოს რუსული საქონლისა და იარაღის იმპორტი (ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასებში, ვიდრე ეს იყო ომამდე), და, რუსეთის ეკონომიკის კოლაფსის შემთხვევაში, გამოყოს ეკონომიკური გადარჩენის პაკეტი", — აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მოირგებს თუ არა ჩინეთი მედიატორის როლს?

ჩინეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება რამდენჯერმე გაუგზავნა. ის ღიას ტოვებს კარს უკრაინის ოფიციალურ პირებთან საუბრისთვისაც. 5 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას ესაუბრა და აღნიშნა, რომ ომი საბოლოოდ მთავრდება, მთავარია, როგორ შეინარჩუნებენ ხანგრძლივ უსაფრთხოებას ევროპაში და ჩამოაყალიბებენ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტურ მექანიზმს.

კულებამ ჩინეთს უკრაინის გარანტორობაც შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ ის რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით და არა ძალის გამოყენებით.

ჩინეთის მედიატორად ყოფნის სურვილი არსებობს, მათ შორის, დასავლეთის მხრიდან. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მომხრეა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთმა ეს როლი ითამაშოს.

"ალტერნატივა არ არის. ჩვენ ვერ ვიქნებით მედიატორები, ეს ცხადია... ეს ვერ იქნება ვერც აშშ. მაშინ ვინ? ეს უნდა იყოს ჩინეთი", — თქვა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა, რომ მზად არიან, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავონ, რათა უზრუნველყონ "აუცილებელი შუამავლობა" რუსეთსა და უკრაინას შორის, როცა შესაფერისი დრო იქნება. თუმცა ერთია, რას ამბობს პეკინი და მეორე, რას აკეთებს — მიუხედავად ამ განცხადებისა, რომელიც უწყებისგან 7 მარტს გავრცელდა, შესაბამისი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

ბილანიშვილის თქმით, რუსეთს პოლიტიკურად უფრო გაუჭირდება დასავლეთის შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება, ვიდრე, მაგალითად, ჩინეთისა და თუნდაც, თურქეთის. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ყოველგვარი მედიაცია მარცხისთვის არის განწირული, ამიტომ პეკინი მედიატორის როლის საკუთარ თავზე აღებას არ იჩქარებს.

ძალიან რთულია მედიაცია, როცა რუსეთი ითხოვს, რომ შეთანხმება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე მოხდეს, განსხვავებული პიზიციები აქვთ მხარეებს და ვფიქრობ, პეკინი თუ დათანხმება მედიატორის როლის საკუთარ თავზე აღებას, ეს იქნება იმ შემთხვევაში, როცა უფრო რეალურია, რომ ამ მედიაციამ შედეგი მოიტანოს

ბილანიშვილი

The Wall Street Journal-ისთვის კევინ რადი წერს, რომ ჩინეთისთვის მზარდი ეკონომიკური და დიპლომატიური ფასის მიუხედავად, არ არის მტკიცებულება, რომ პეკინი მოსკოვის მიმართ სტრატეგიას შეცვლის და ცეცხლის შეწყვეტისთვის შუამავლის როლს მოირგებს. ის ოთხ მიზეზს ასახელებს.

პირველი — საერთო შეთანხმება "ულიმიტო" პარტნიორობის შესახებ. კევინ რადი მიუთითებს, რომ სი ძინ პინი ფრთხილობს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ხელს შეუშლის რუსეთთან მის ურთიერთობას, საიდანაც პეკინი სტრატეგიულ სარგებელს იღებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი კი აქ, რადის თქმით, აშშ-ს მიმართ ორი ქვეყნის საერთო პოზიციებია — რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ, რომ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, უნდა შეიცვალოს.

მეორე — რამდენადაც პეკინი ღელავს რუსეთის მიმართ მათ მხარდაჭერის შესახებ ევროპის ნეგატიურ აღქმებზე, იმდენად, მიაჩნია, რომ ეს პრობლემები მხოლოდ დროებითია.

მესამე — რადის თქმით, სი ძინ პი, სავარაუდოდ, გაოცებული იყო უკრაინელი სამხედროების გამძლეობით, მაგრამ NATO-ს პირდაპირი ინტერვენციის არარსებობის ფონზე, ის, დიდი ალბათობით, ომში რუსეთისთვის მისაღებ შედეგებს ელის.

მეოთხე — საბოლოოდ, რადი აღნიშნავს, რომ თუნდაც სი ძინ პი დათანხმდეს შუამავლობას, არ არის ცხადი, რა ისეთ საკითხს დადებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ პუტინთან მისი ურთიერთობა არ გაუცხოვდეს.