როდესაც დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი (რამდენიმე დღის წინ) ამხანაგური მატჩის დროს გონებადაკარგული დაეცა, ბევრს ეს მოვლენა 2021 წელს გაახსენებდა. მაშინ ფეხბურთელს მოედანზევე დასჭირდა გადაუდებელი მკურნალობა.

ინციდენტის შემდეგ მას ჩაუდგეს იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD). სწორედ ამ მოწყობილობის წყალობითაა, რომ ის ახლა სახლში ჯანმრთელდება.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტიც კი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ მისმა ICD-მ "ზუსტად ის გააკეთა, რისთვისაც იყო შექმნილი: დამიცვა მაშინ, როცა ეს მჭირდებოდა".

მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელი ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ ირკვევა, ICD-ები (რაც არ უნდა ეფექტიანი იყოს ისინი) ადამიანს იმუნურს არ ხდის სიმპტომების, გონების დაკარგვის ან მომავალი სამედიცინო პრობლემების მიმართ.

ფოტო: ISvyatkovsky/Canva

რა არის ICD და როგორ მუშაობს ის?

ICD არის პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) მსგავსი პატარა მოწყობილობა, რომელიც შექმნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც გულის რიტმის სახიფათო დარღვევების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ამ ანომალიურ რიტმებს შეუძლია ხელი შეუშალოს გულს სხეულში საკმარისი სისხლის გადატუმბვაში და, მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ICD იმპლანტირდება კანქვეშ, ლავიწის ძვლის ქვემოთ და გულს უკავშირდება ერთი ან რამდენიმე თხელი ელექტროდით. ის უწყვეტად აკონტროლებს გულისცემას და სახიფათო რიტმის გამოვლენისას შეუძლია წამებში მოახდინოს რეაგირება.

სიტუაციიდან გამომდინარე, მას შეუძლია მიაწოდოს მცირე ელექტრული იმპულსების სერია ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ძლიერი დარტყმა (შოკი) ნორმალური რიტმის აღსადგენად. მნიშვნელოვანია, რომ ICD არ აჩერებს ანომალიური რიტმების წარმოქმნას. ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშის მსგავსად, ის უზრუნველყოფს დაცვას მაშინ, როდესაც რაღაც არასწორად მიდის.

რატომ შეიძლება დასჭირდეს ვინმეს ICD?

ICD-ები რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერება ან რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ იმყოფებიან სიცოცხლისთვის სახიფათო გულის რიტმების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

ეს მოიცავს ზოგიერთ ადამიანს გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით, გულის კუნთის დაავადებებით, გადატანილი გულის შეტევებით ან გულის ელექტრული სისტემის დარღვევებით.

როგორ რეაგირებს ICD გულის გადაუდებელი მდგომარეობის დროს?

სახიფათო რიტმის წარმოქმნის შემთხვევაში, ICD-ს შეუძლია მკურნალობის მიწოდება წამებში უზრუნველყოს. მკურნალობის მიწოდებამდე პაციენტებმა შეიძლება იგრძნონ გულისცემის გახშირება, სუნთქვის უკმარისობა, დისკომფორტი გულმკერდის არეში ან თავბრუსხვევა.

გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო იყოს ელექტრული დარტყმაც (შოკი), რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც უეცარ ბიძგს ან დარტყმას გულმკერდის არეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს უსიამოვნოა, დარტყმის მიზანია პოტენციურად ფატალური რიტმის დარღვევის შეჩერება.

თანამედროვე ICD ასევე იწერს დეტალურ ინფორმაციას ამ მოვლენების შესახებ და ხშირად შეუძლია ინფორმაციის პირდაპირ საავადმყოფოში გადაცემა.

შეიძლება თუ არა ICD-ის მქონე ადამიანმა მაინც დაკარგოს გონება?

მიუხედავად იმისა, რომ ICD სწრაფად მოქმედებს, ის მყისიერი მაინც არ არის. თუ სახიფათო რიტმი უეცრად განვითარდა, ტვინში სისხლის ნაკადი შეიძლება შემცირდეს მკურნალობის მიწოდებამდე. ამიტომ, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს თავბრუსხვევა, სიმსუბუქე თავის არეში ან ხანმოკლედ დაკარგოს გონება.

მეორე მხრივ, გონების დაკარგვა ცალსახად გულის სახიფათო რიტმით არაა გამოწვეული. ფაქტობრივად, სხვა მიზეზები ხშირად უფრო გავრცელებულია.

ICD-ის მქონე ბევრი ადამიანი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს არტერიულ წნევას ან ანელებს გულისცემას. ეს მკურნალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში მან შეიძლება ხანდახან გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა; მაგალითად, თუ ადამიანი გაუწყლოებულია, შეუძლოდ არის ინფექციის გამო ან სწრაფად წამოდგება.

ვარჯიშსაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. ფიზიკური აქტივობის დროს ორგანიზმი ჩვეულებრივ ზრდის გულისცემის სიხშირეს და არტერიულ წნევას, რათა შეინარჩუნოს სისხლის ნაკადი ტვინსა და კუნთებში.

და მაინც, გულის ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეასუსტოს ეს რეაქციები, რამაც ხანდახან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვაც კი, მიუხედავად იმისა, რომ გულის რიტმი ნორმალური რჩება.

რა ტესტებს ატარებენ ექიმები ინციდენტის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც ICD მკურნალობას მიაწვდის, ექიმებს, როგორც წესი, სურთ ზუსტად გაიგონ, რა მოხდა.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია მოწყობილობის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გააანალიზება, რაც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს გადახედონ გულის რიტმის ჩანაწერებს მოვლენამდე, მოვლენის დროს და მის შემდეგ. დამატებითი ტესტები შეიძლება მოიცავდეს ელექტროკარდიოგრამას, სისხლის ანალიზებსა და ეხოკარდიოგრამას.

ეს ტესტები ექიმებს საშუალებას აძლევს ეძებონ გონების დაკარგვის მიზეზი და გამორიცხონ სხვა პრობლემები.

ექიმები ასევე იკვლევენ შესაძლო გამომწვევ მიზეზებს, როგორიცაა გულის დაავადების გაუარესება, გაუწყლოება, მედიკამენტების ცვლილებები ან ანომალიები სისხლის ქიმიურ შემადგენლობაში.

რატომ რჩებიან ICD-ის მქონე სპორტსმენები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ?

სპორტსმენები და მაღალი აქტივობის მქონე ადამიანები ინციდენტის შემდეგ განსაკუთრებით გულდასმით მეთვალყურეობას საჭიროებენ.

ვარჯიში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და ICD-ის მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია გააგრძელოს სპორტში მონაწილეობა.

მეორე მხრივ, ინტენსიური ვარჯიშის დროს გულისცემის ძალიან მაღალმა სიხშირემ შეიძლება მოწყობილობისთვის გაართულოს ერთმანეთისგან გაარჩიოს ნორმალური ფიზიკური დატვირთვა და სახიფათო რიტმი.

ზოგიერთ ადამიანში დაძაბულმა ვარჯიშმა ასევე შეიძლება გაზარდოს რიტმის დარღვევის ალბათობა. რეგულარული შემოწმებები ექიმებს საშუალებას აძლევს შეაფასონ სიმპტომები, გადახედონ მოწყობილობის ჩანაწერებსა და საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ პარამეტრები.

გულის გაჩერების შემდეგ ერიკსენის ელიტურ ფეხბურთში დაბრუნებამ აჩვენა, თუ რისი მიღწევა შეუძლია გულის რიტმის მართვას.

მისი ბოლო ინციდენტი არის შეხსენება იმისა, რომ ICD არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ ადამიანების მართვისა, რომლებიც გულის სახიფათო რიტმების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ მოწყობილობებს არ შეუძლია ძირითადი დაავადების განკურნება, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ დაცვის მძლავრ შრეს, რომელიც ბევრ ადამიანს, მათ შორის ზოგიერთ პროფესიონალ სპორტსმენს, აძლევს საშუალებას გააგრძელოს აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.