ერთი კვირა ომის დაწყებიდან — რა უნდა იცოდე, თუ ახლა გაიღვიძე
ომის კვირა — შეგვიძლია ასე ვუწოდოთ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და გულგრილი არავინ დატოვა, პუტინის და მისი მონების გარდა. მეშვიდე დღე დაიწყო — რა თქმა უნდა, უკრაინა ისევ იბრძვის და დანებებას არც კი ფიქრობს, მაგრამ მძიმე ბრძოლების გადატანა უწევს.
პარალელურად, მოვლენები სამწუხაროდ განვითარდა საქართველოშიც. მთავრობის "ამორალური" პოზიციის გამო ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. თუ ბოლო რამდენიმე საათი გეძინა და გუშინ დღისითაც ამბებს თვალი ვერ მიადევნე, აქ ნახავ ყველაფერს, რისი ცოდნაც გჭირდება.
პირველ რიგში, დავიწყოთ 2 ფოტოთი, რომლებიც გუშინდელ დღეს და მსოფლიოს ახალ რეალობას იდეალურად აღწერს.
ზელენსკის ევროპარლამენტარები ფეხზე დამდგარი უკრავენ ტაშს
ფეხზე დამდგარს შეხვდნენ გაეროში ლავროვსაც, ოღონდ არა ტაშის დასაკვრელად, არამედ დარბაზის დასატოვებლად
თუ ამ კადრებზე უფრო მეტი გაინტერესებს, აქვე ვიდეოს ნახვის შესაძლებლობაც გაქვს.
არც ლავროვისთვის ზურგის შექცევის კადრების სიამოვნებას მოგაკლებთ.
მსოფლიოს "პასუხის" კიდევ რამდენიმე მაგალითი
- აშშ რუსეთს ცას უხურავს;
- დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს;
- საფრანგეთი უკრაინას დამატებით 111 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს;
- ავსტრია უკრაინას საწვავს, ჩაფხუტებს, ჯავშნებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს;
- Boeing-მა და Ford-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს;
- Visa და Mastercard რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკავენ;
- პარიზში, გრევინის მუზეუმში პუტინი დაშალეს — ცვილის ქანდაკება აიღეს.
რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში
კარგი არაფერი. ზელენსკის ყოველდღიური ვიდეომიმართვიდან გავიგეთ, რომ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას ჩვენგან ელჩის გაწვევა სურს. მან საკმაოდ კრიტიკულად გვითხრა, რომ მიზეზი სანქციებზე მთავრობის "ამორალური" პოზიცია და მოხალისეებისთვის უკრანიაში ჩასვლაზე ხელის შეშლაა.
მთავრობამ ამას ტრადიციული თავის მართლების რიტორიკით უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმის მტკიცება სცადა, რომ ელჩის გაწვევის "ღირსები არ იყვნენ", რადგან უკრაინას ძალიან "დაეხმარენ". ამის დემონსტრაციისთვის ფეისბუქზე პოსტი დადეს, სადაც 6 პუნქტად ჩამოწერეს, რა გაუკეთეს უკრაინას — მათ შორის ერთი მოედნისა და ანძის უკრაინის დროშის ფერებში განათება იყო. ამას კრიტიკა მოყვა, არამხოლოდ საზოგადოების, პრეზიდენტისაც. ევროპაში ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა მათი პოსტი გადააზიარა და თქვა, რომ თავად სოლიდარობას არა დროშის გადმოფენით, არამედ სოლიდარული განცხადებებით გამოხატავს.
საღამოს ტრადიციულად გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. ამჯერად იქ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
ზელენსკის სიტყვა ევროპარლამენტში
როგორც უკვე ვთქვით, ზელენსკის გამოსვლა მხურვალე ტაშით დაიწყო, რის შემდეგაც მან ევროპარლამენტს უთხრა, რომ საუბარს ვერ დაიწყებდა ფრაზით "დილა მშვიდობისა" ან "შუა დღე მშვიდობისა", რადგან ზოგიერთისთვის ეს დღე არ არის კარგი, ზოგიერთისთვის კი ბოლოა, თუმცა ისინი იბრძვიან, რომ გადარჩნენ და იყვნენ ევროპის ნაწილი.
"ჩვენ ჩვენი ძალა დავამტკიცეთ, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორც თქვენ. ამიტომ დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაგვიმტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ — შემდეგ, სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს და სინათლე სიბნელეზე. დიდება უკრაინას", — თქვა მან და სიტყვა უფრო მეტი ოვაციების ფონზე დაასრულა.
რუსი ტყვეები შველას ითხოვენ
გენერალური შტაბი აგრძელებს რუსი ტყვეების ვიდეოების გავრცელებას. ერთ-ერთში ახალგაზრდა ჯარისკაცი ოჯახის წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ იაქტიურონ, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ ის უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ. დედასთან საუბრისას ის ტირის და ამბობს, რომ რუსები დაჭრილებს კლავენ და ცხედრებიც კი არ მიაქვთ, საერთოდაც საკითხავია, ტყვეებს გაცლიან თუ არა. ამავდროულად, აფრთხილებს დედას, რომ ეს რუსეთში არ თქვას, რადგან FSB პრობლემებს შეუქმნის.
გავრცელდა სხვა არაერთი ვიდეოც, სადაც ტყვეები ამტკიცებენ, რომ ისინი არა ომში, არამედ წვრთნებზე წავიდნენ და ისე აღმოჩნდნენ უკრაინაში, რომ თავადაც არ იცოდნენ.
"მშვიდობისმყოფელების" დანატოვარი
თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ყველა "გაურკვევლობაში" არ არის. აი, ასეთ კვალს ტოვებენ პუტინის "მშვიდობისმყოფელები" უკრაინულ ქალაქებში, როცა "დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დასაცავად სპეციალურ ოპერაციას აწარმოებენ". პუტინის მედია კი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ეს ომი არ არის და მშვიდობიან მოსახლეობას არავინ ბომბავს. მოსალოდნელია, ეს კადრები მიწისძვრას ან უკრაინული არმიის "დანაშაულებს" დააბრალონ.
ისევ მძიმე ღამე
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ დღისით დაიძაბა, როცა რუსებმა კიევის ანძა და მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
მძიმე ვითარებაა ჟიტომირში, სადაც რაკეტა საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟიტომირის დაბომბვის შედეგად, დააზიანა 10 კერძო სახლი, მათგან 3-ში ხანძარი გაჩნდა. ასევე, დაზიანდა ქალაქის საავადმყოფოს შენობის მინები.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი. გრძელდება ნანგრევებში დაღუპულთა და გადარჩენილთა ძებნა.
ეს მხოლოდ რამდენიმე ქალაქზე შეტევის შედეგებია, რაც სრულ სურათს არ ასახავს, მაგრამ ზოგად წარმოდგენას ქმნის იმაზე, როგორ იქცევა რუსეთი და რამდენად მძიმე იყო უკრაინელებისთვის ომის მე-6 ღამე.
- ხარკოვის ოლქში ავიაიერიშის შედეგად, ხუთსართულიან სახლში 8 ადამიანი გარდაიცვალა, 6 დაშავდა;
- მელიტოპოლში დაბობმვის შედეგად 31 სახლი დაინგრა;
- მარიუპოლში დაბომბვების შედეგად 128 ადამიანი დაშავდა;
- ხარკოვში რუსებმა საავადმყოფო დაბომბეს;
- რუსებმა ჩერნიგოვიც დაბობმბეს;
- დამპყრობლები შევიდნენ ტროსტიანეცში და დაიკავეს ქალაქი.
არანაკლებ მძიმედ დაიწყო დილაც. ხარკოვში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სამხარეო პოლიციის განყოფილების შენობაზე.
ამ მძიმე კადრების გარდა, ქვეყანაში სიტაუციის უფრო გართულებაზე საუბრობენ: უკრაინაში ბელარუსის თავდასხმის მოლოდინი აქვთ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ბელარუსი ომში არამხოლოდ რუსეთის ძალების მხარდაჭერით, არამედ ფიზიკურად ჩაერთვება. მათი თქმით, ბელარუსის ჯარები სამხედრო მზადყოფნაშია და უკრაინის საზღვრის მიმდებარედ არის განთავსებული.
რა სიტუაციაა კიევთან ახლა — გენერალური შტაბის მონაცემები
კიევი ისევ მედგრად დგას და მტრის აქტიურ შეტევებს იგერიებს.
- პოდოლსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევა გორენიჩის, გოსტომელის, დემიდოვის საზღვრის გასწვრივ კიევის მიმართულებით, რათა გადაკეტოს დედაქალაქი ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებებიდან;
- ჩრდილოეთის მიმართულებით, საოკუპაციო ძალები აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბლოკირებისთვის.
ღამით კიევიდან ოკუპანტებს დრონებით შეტყობინებაც გაუგზავნეს, რომლის არ შემჩნევას, ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ.
Unian-მა ტელეგრამზე აღნიშნა, რომ ეს კადრი ფოტოშოფი არ არის, უკრაინსკაია პრავდამ კი დაწერა: "კიევის ღამის ცაზე ათობით დრონი გაანათეს — ახლა რუსი დამპყრობლები შორიდან დაინახავენ, რომელი მიმართულებით უნდა წავიდნენ".
ბაიდენის ვრცელი სიტყვა
"მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა ამ საღამოს, გაუგზავნოთ უტყუარი სიგნალი უკრაინასა და მსოფლიოს. გთხოვთ, ადექით, თუ შეგიძლიათ და აჩვენეთ, რომ, დიახ, ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელ ხალხს გვერდით ვდგავართ", — თქვა ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას, რასაც კანონმდებლები ტაშით შეხვდნენ. მას ვრცელი სიტყვა ჰქონდა, რომელთა ძირითად ნაწილებს აქ მოკლედ შემოგთავაზებთ:
"ამაღამ ვეუბნები რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიარდობით დოლარი იშოვეს ამ ძალადობრივი რეჟიმისგან — მეტი აღარ!"
"პუტინმა ცუდად გათვალა, ის შეხვდა ძლიერ კედელს, რომელსაც არ მოელოდა ან წარმოედგინა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს".
"პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული, ყველა უკრაინელის ჩათვლით — მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს".
"პუტინმა შეიძლება ტანკებით ალყა შემოარტყას კიევს, მაგრამ ვერასოდეს მოიგებს უკრაინელი ხალხის გულებსა და სულებს".
"ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსულ ძალებთან უკრაინაში. ჩვენი ძალები ევროპაში არ მიდიან უკრაინაში საბრძოლველად, არამედ ნატოს ჩვენი მოკავშირეების დასაცავად — იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს დასავლეთისკენ სვლას".
რამდენიმე ვიდეო, რომელიც უკრაინელების შემართებას ასახავს
ამ ვიდეოს ავთენტურობის დაჯერება გაგვიჭირდებოდა, შს მინისტრის მრჩეველს რომ არ გაევრცელებინა.
კადრში, სულ რაღაც, ყუმბარმტყორცნებით აცეკვებული ჯარისკაცებს ხედავთ.
უკრაინაში მოსახლეობა ოკუპანტების მანქანის შეჩერებას ცდილობს.
უკრაინის მოქალაქის რეაქცია ოკუპანტების ვერტმფრენის ჩამოგდებაზე.
და ბოლოს, რაც შეეხება მთავარ ფოტოს წარწერით — "პუტინ, ჰააგა გელის" — ეს ვილნიუსის მერმა რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს თავისი ხელით გააკეთა.
კომენტარები