როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი იმ ადამიანების აღმოჩენას განაგრძობს, რომლებიც არ ჩერდებიან. იმისათვის, რომ მათი გამოცდილების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს და თითოეული ისტორია მოტივაციად იქცეს, გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელიც მკითხველს დაუღალავი, გაუჩერებელი წინსვლისა და განვითარების შესახებ უამბობს.
"ბებია, მამაჩემის დედა, შესანიშნავად ქსოვდა. სიბერეში, ნელ-ნელა დაავიწყდა ყველა და ყველაფერი, საკუთარი ფარდაგების გარდა. ძალიან მიკვირდა, თუმცა, როცა ეს საქმე დავიწყე, ყველაფერს მივხვდი…",
ნინო ბახუტაშვილმა 2006 წელს დედოფლისწყაროში შემოქმედებითი სახელოსნო ფესვები დააფუძნა. ამ წამოწყების მთავარი მიზანი იყო შეენარჩუნებინა ქართული ფარდაგის, უნიკალური ორნამენტებისა და ბუნებრივი საღებავით შეფერილი ძაფით ქსოვის ხელოვნება, მომავალი თაობისთვის გადაეცა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და გადაერჩინა გაქრობის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობა.
"დედოფლისწყაროში არ დავბადებულვარ, მაგრამ სამი წლიდან აქ გავიზარდე. აქვე დავამთავრე ძალიან კარგი — პირველი საშუალო სკოლა, რომელიც მაშინ გამორჩეულ სკოლად ითვლებოდა. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და არქიტექტურის ფაკულტეტზე ვისწავლე. სასულიერო აკადემიის კურსიც გავიარე.
ფოტო: საქართველოს ბანკი
სულ ვცდილობდი, რამე ახალი მესწავლა. ჩემს მეგობარს თბილისში გობელენის პატარა სახელოსნო ჰქონდა და ქსოვა იქ ვისწავლე.
მალე ხუროთმოძღვრების ცენტრში მოვხვდი და სამების ტაძრის პროექტის ავტორთან, არჩილ მინდიაშვილთან ერთად დავიწყე მუშაობა. ხელით ხაზვა, ორნამენტები — ცნობილი ხუროთმოძღვრების ხელმძღვანელობით ტაძრის თითოეულ დეტალზე ვმუშაობდი. აქ მართლაც დიდი გამოცდილება მივიღე.
თუმცა, საქმიანობა არქიტექტურის მიმართულებით აღარ გამიგრძელებია.
დედოფლისწყაროში როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ უსაქმოდ ვერ გავჩერდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი შვილი მყავდა და ოჯახში უამრავი საქმე იყო, დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა პატარა ქალაქში, სადაც რეალურად არაფერი ხდებოდა. მინდოდა, მეპოვა საქმე ჩემთვისაც და იქ მცხოვრები ქალებისთვისაც — საქმე, რომელიც იქაურობასაც წაადგებოდა და გამოაცოცხლებდა.
ერთ დღეს მირზაანის ფიროსმანის მუზეუმში საოცარი ქიზიყური ფარდაგები ვნახე. ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ფარდაგებისა და მათი ისტორიის შესწავლა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ 1990-იან წლებში ეს დარგი უკვე მკვდარი იყო. მაშინ მივხვდი, ამ ტრადიციის გადარჩენაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი.
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუ არ იცი, საიდან მოვიდა, როგორ მოვიდა, რა ფერი ან ორნამენტი რას ჰყვება, მარტო ქსოვა არაფერს ნიშნავს. ამ ფაქიზ საქმეში შეცდომა არ უნდა დაუშვა. სხვადასხვა კუთხის ფარდაგი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი დაბადების ადგილი. აჭარლის თვალი ზღვას უყურებდა და ფარდაგის ძირითადი ფერი ლურჯია, თუშის თვალი მთებს ხედავდა და აქ შავ-თეთრად იქსოვება, ქიზიყური კი ყველაზე ფერადი და ჭრელია.
ასე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე გამეცოცხლებინა. რთული იყო ბალანსი დამეცვა აკადემიურ ცოდნასა და ხალხურ შემოქმედებას შორის. თუმცა, ვფიქრობ, მოვახერხე
მე-19 საუკუნის ბოლოდან საქართველოში თითქმის ყველგან უკვე ქიმიურ საღებავს იყენებდნენ. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, მხოლოდ ბუნებრივი მცენარეებით და მინერალებით დაგვეწყო მუშაობა. რომელი ქიმიური საღებავი შეედრება ბროწეულით, კოწახურით, კაკლით და საფერავით გაფერადებულ ძაფს.
თავდაპირველად ასე შემოვიკრიბე 10 ქალი და ერთად დავიწყეთ საქმე, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი მოწოდება აღმოჩნდა. სახელოსნო გახდა თავშესაფარი ბევრი ქალისთვის, რომელიც თავის თავს ვერ პოულობდა. მალე სახელოსნომ სოციალური ფუნქციაც შეიძინა და გახდა ინკლუზიური სივრცე ქალებისა და გოგონებისათვის.
ქსოვა შვილებსაც ვასწავლე, თუმცა მათთვის ჯერ თავიანთი პროფესიაა მთავარი. მჯერა, ერთ დღეს გული აუცილებლად გაუწევთ იმ საქმისკენ, რომელსაც თაობები ინახავდნენ.
მე კი ცდას არ ვაკლებ, რომ ახალგაზრდები დავაინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალური სფეროთი. ამისთვის ღია გაკვეთილებსაც ვატარებთ სკოლის მოსწავლეებისთვის და არა მხოლოდ დედოფლისწყაროდან. ცოტა ხნის წინ მაჩხაანის სკოლის მასწავლებელმა ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარა სახელოსნოში და გაოცებულმა თქვა — არ ვიცოდი, ამდენად მნიშვნელოვან საქმეს რომ აკეთებდითო. გამეცინა და ვუთხარი, სიდნეიდან იყო ჩამოსული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მანაც კი იცის ჩვენს შესახებ-მეთქი.
მაგრამ ცხადია, ჩვენი საქმიანობის არეალი გასაზრდელია. მიღწეულზე არ ვჩერდებით. სულ ცოტა ხნის წინ სახელოსნო გავხსენით იყალთოშიც. მჯერა, მეტი ადამიანი დაინტერესდება და ჩაერთვება ქართული ფარდაგის, ქართული ორნამენტის გაცოცხლების საქმეში.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, კავკასიის ბუნების დაცვის ორგანიზაციის დახმარებით მოხერხდა.
როცა ამ დარგის საფუძვლებს ვიკვლევდი, კარგად დავინახე, როგორ სწავლობდა და ნამუშევრებში ასახავდა ადამიანი გარემოს, ბუნებას, ადათებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ამიტომ ფარდაგი გვიყვება ისტორიას, გვაცნობს იმ პერიოდის წესებს და გვიჩვენებს ყველაფერს, რასაც ოსტატის თვალი ხედავდა.
ჩვენთან ვაშლოვანის ნაკრძალი ახლოსაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბუნების ძეგლების და ცხოველთა სახეობების კონსერვაცია ჩვენს ნაკეთობებზე.
მაგალითად, ვაშლოვანის ლეოპარდს ჩვენი ფარდაგებიდანაც გაიცნობენ წლების და შეიძლება საუკუნეების შემდეგ.
მნიშვნელობა რეგიონისთვის
ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას იმითაც, რომ ფიზიკურად მხოლდო დედოფლისწყაროში გავყიდოთ ჩვენი ნაკეთობები. შესაბამისად, ჩვენი ფარდაგები თბილისის მაღაზიებში არ იყიდება.
დედოფლისწყაროში ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოდის ჩვენი კულტურის გასაცნობად: მკვლევრები, დიზაინერები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციები.
ახლა ვმუშაობთ ჩანთების დიდ კოლექციაზე, რომელიც ინგლისში მიგვაქვს.
ჩვენი საქმიანობის ფილოსოფია ასეთია — მოვიძიოთ, შევისწავლოთ, აღვადგინოთ და მუდმივად განვავითაროთ ისტორიული საქმე და მივიწყებული ტრადიციები.
ფოტო: საქართველოს ბანკ
დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, ფესვებმა გადაარჩინა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა და გადაგვარჩინა ჩვენ, როგორც ადამიანები.
ამ ცოტა ხნის წინ ბებიაჩემის მოქსოვილი ძველი ფარდაგები, წინდები და ხურჯინები ვნახე კარადაში, ჰოდა, კიდევ ერთხელ გავიაზრე, რატომ ახსოვდა მხოლოდ ეს ნაკეთობები, როცა ყველაფერი სხვა დავიწყებული ჰქონდა, და მივხვდი, მათთან ერთად ახსოვდა წინაპრების მეხსიერებაც, რასაც თითოეული ნივთი ინახავდა”.
ფარდაგების ქსოვის ისტორია
ფარდაგის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო 2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში, აღმოჩენილი გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები, რომელიც პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში.
შუა საუკუნეების ქართული წყაროების მიხედვით, მეფედ კურთხევისა და დარბაზობის დროს ხალიჩებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ისინი ხშირად დიდგვაროვანთა გარკვეულ იერარქიასაც უსვამდა ხაზს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართული ფარდაგის ორნამენტში გვხვდება მცენარეული, ზოომორფული და ანთროპომორფული მოტივები, გეომეტრიული ფიგურები და რელიგიური სიმბოლიკა. ბევრი ფარდაგის სიუჟეტურ მხატვრობას თან ახლავს ხელოსნის ვინაობა და მოქსოვის თარიღი. ფარდაგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქსოვის მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით გამოირჩევა.
ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცოცხლება და შენარჩუნებაა სახელოსნო ფესვების მთავარი მიზანი — საქმე, რომელსაც ნინო ბახუტაშვილი უკვე 20 წელია დაუღალავად და გაუჩერებლად აკეთებს.
კომენტარები