უკრაინელი ქალების ყოველდღიური ბრძოლა
ომის პირველ დღეებში გავრცელდა ფოტო, რომელიც გონებაში მალევე ჩაიბეჭდა — ქალს ერთ ხელში ავტომატი ეჭირა, მეორე კი ბავშვზე ჰქონდა ჩაკიდებული. ზოგი ამბობდა დედას ბავშვი საევაკუაციო მატარებელთან მიჰყავსო, სხვები ამტკიცებდნენ, უფროსი და ძმას ნათესავებს უტოვებს და ფრონტზე მიდისო. ინტერპრეტაციები ბევრი იყო და ახლაც რთულია იმის თქმა, რას ასახავდა ის ფოტო. თუმცა ფაქტი ერთია — იმ ახალგაზრდა გოგოს მსგავსად, უკრაინაში ათასობით ქალი იბრძვის, თან არამხოლოდ იარაღით. იბრძვიან გადასარჩენად, ოჯახის წევრების დასახმარებლად, ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის.
ეს ბრძოლა, დაბრკოლებები და პრობლემები ხშირად იჩრდილება, რადგან საზოგადოების ყურადღება მასიურ დაბომბვებზე, ბირთვული ომის საფრთხეზე და კონტრშეტევაზეა გადართული.
ომი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და უკვე მსხვერპლის თუ დაშავებულების შესახებ ინფორმაციაც სტატისტიკად იქცა. სწორედ ამ რიცხვებში დაიკარგა პიროვნული ტრაგედიები და გამოწვევები, რომელსაც უკრაინაში თითოეული მოქალაქე აწყდება.
დღეს უკრაინელ ქალებზე გიამბობთ, რომლებიც ქვეყნისთვის მძიმე დღეებში არიან ყველგან, სადაც საჭიროა — ფრონტის ხაზზე, მმართველ რგოლში, ბომბსაცავებში, კლინიკებში, ქუჩებში მოლოტოვის კოქტეილების დასამზადებლად, აზოვსტალში, ანექსირებულ რეგიონებში, ტყვეთა ბანაკებში, მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან და უცხო ქვეყნებშიც, სადაც შვილების სიცოცხლეს იცავენ.
ქალები ფრონტის ხაზზე
ჩვენი რესპონდენტი ოლენა ბილოზერსკა 43 წლისაა. 2014 წლამდე ჟურნალისტი იყო, ახლა სნაიპერია და უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის წოდება აქვს.
"ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, ვიყავი პატრიოტული სამხედრო სპორტული ორგანიზაციის წევრი, სადაც გვასწავლიდნენ ომის საფუძვლებს, კონკრეტულად, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. ამიტომ, როცა ომი დაიწყო, მე და ჩემი თანამებრძოლები მზად ვიყავით და მაშინვე ფრონტზე წავედით".
პირველი დაზვერვა და ბრძოლა კარგად ახსოვს. გვიამბობს, 5 წლის წინ როგორ გადმოისროლა შენობიდან აფეთქების ტალღამ. ახსოვს ისიც, როგორ მოხვდა სახეზე ტყვიის ნარჩენები, ამ დროს ოლენა იღებდა მის თანამებრძოლს, რომელიც ტყვიამფრქვევთან იდგა და მტერს ესროდა, შედეგად ამის ამსახველი კადრები შემორჩა.
სამი წელი მოხალისეთა ფორმირებებში იბრძოდა. გვეუბნება, რომ არაერთ ქართველ მებრძოლს იცნობს და მისი ორი მასწავლებელიც ქართველი იყო. 2018 წელს კონტრაქტი გააფორმა და 2 წელი შეიარაღებულ ძალებში იმსახურა. რამდენიმე თვის წინ, როცა ქვეყანას ისევ დასჭირდა ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
ქალი სნაიპერი კაცის ტანსაცმლით იბრძვის, რომელიც თავის ზომაზე ატელიეში ჩააკერინა. აქამდე არმიას ქალებისთვის სპეციალური ტანსაცმელი არ ჰქონდა. ესეც და ჰიგიენური საშუალებებიც თავად უზრუნველყო და ზურგჩანთით დააქვს. ამის ფონზე ხშირად მოუსმენია, რომ ჯარი ქალის საქმე არაა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ეს დამოკიდებულება აუცილებლად გაქრება.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 50 000 ქალი საბრძოლო და არასაბრძოლო თანამდებობებზე მსახურობს. ქალი სამხედროები უკრაინის არმიის პერსონალის 15%-ს შეადგენენ.
"ომის დაწყების შემდეგ ქალებმა, ისევე, როგორც კაცებმა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები, ფაქტობრივად, გადაჭედეს. ზოგს პრობლემები შეექმნა: თუ ჯარისთვის გამოსადეგი სპეციალობა არ ჰქონდათ, არ იღებდნენ. მაგრამ ყველა ქალი, ვინც დაჟინებით მოითხოვდა, ჯარში აღმოჩნდა", — ამბობს ოლენა.
წუხს, რომ ახლა ბევრი ქალი სამხედრო რუსების ტყვეობაშია და არასათანადოდ ეპყრობიან.
"ცოტა ხნის წინ დიდი გაცვლა იყო — ასზე მეტი ქალი გაათავისუფლეს. მაგრამ ბევრი მაინც ტყვეობაში რჩება. რაშისტები მათ ცუდად ექცევიან".
აწუხებს ისიც, რაც ანექსირებულ რეგიონებში ხდება. გვიყვება მასობრივ საფლავებზე, ნაწამებ მოქალაქეებსა და უფლებების შეზღუდვაზე.
"ისინი ხელყოფენ მათი სიცოცხლის უფლებას. ხოცავენ. რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სკადოვსკში, ხერსონის ოლქში, რუსებმა 56 წლის ქალი, ტატიანა მუდრენკო ჩამოახრჩვეს იმის გამო, რომ თქვა: "სკადოვსკი უკრაინაა".
ქალები ტყვეობაში
17 ოქტომბერს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინამ 108 ქალი დაიბრუნა.
26 წლის სამხედრო მედდა ვიქტორია ობიდინა გათავისუფლებულებს შორის ერთ-ერთია. ის 4 წლის შვილთან, ალისასთან ერთად აზოვსტალიდან გამოსვლის შემდეგ ტყვედ აიყვანეს. დედა-შვილი ფილტრაციის ბანაკში იმყოფებოდა, საიდანაც ქალი დაკავების ცენტრში უნდა გადაეყვანათ და იძულებული გახდა, შვილისგან განცალკევებულიყო.
"მიხაროდა, რომ ჩემთან არ იყო. შეეძლოთ, შვილის თვალწინ ვეწამებინე ან ის ეწამებინათ, რომ მე რაიმე გამეკეთებინა", – თქვა მან Aljazeera-სთან ინტერვიუში.
ბანაკში უცნობმა ქალმა ვიქტორიას უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ბავშვის გადაყვანაში დახმარება შესთავაზა. ალისა ბებიასთან მიიყვანეს, საიდანაც პოლონეთში გაიქცნენ. შვილის მეხუთე დაბადების დღეზე ვიქტორიას დაარეკინეს, სანაცვლოდ კი აიძულეს, ანტიუკრაინული განცხადებები გაეკეთებინა კრემლის კონტროლირებადი ტელევიზიისთვის.
Aljazeera წერს, რომ სეპარატისტები რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს დაემუქრნენ სიკვდილით დასჯით და თვეების განმავლობაში საკონცენტრაციო ბანაკების მსგავს პირობებში ამყოფებდნენ, ისევე, როგორც ათასობით სხვა უკრაინელ სამხედრო ტყვეს. მათი ნაწილი ქალია. უკრაინელი ოფიციალური პირები და ყოფილი ტყვეები აცხადებენ, რომ ზოგიერთმა შიმშილი, წამება და სექსუალური დამცირება გამოსცადა.
ქალები რუსი ჯარისკაცებისგან დისკრიმინაციას და სისასტიკეს აწყდებიან ყველგან, არამხოლოდ ტყვეობაში, პატიმრობის დროსაც. ოლენა ბუბნოვა რუსეთის არმიამ პროუკრაინულ აქციაზე დააკავა. უკრაინული მედიაცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან ისაუბრა იმ შეუსაბამო პირობებზე, რომელში ყოფნაც დაკავების შემდეგ მოუწია სამი დღის მანძილზე.
"გზაში დამემუქრნენ, მითხრეს, რომ ჯგუფურად აპირებდნენ ჩემს გაუპატიურებას", – ამბობს ოლენა და ცრემლებს იკავებს — "მერე მითხრეს, კადიროვის კაცებთან მიგვყავხარ იმისთვის, რომ ისწავლო, "როგორ უნდა იცხოვრო".
იმყოფებოდა სარდაფში, სადაც ციოდა. ტუალეტში გასვლისას სამი შეიარაღებული პირი ახლდა, რომლებიც იარაღს უმიზნებდნენ. ხელის დაბანის საშუალება არ ჰქონია, რამდენიმე დღე საჭმელზე უარის თქმა მოუწია.
არასამთავრობო ორგანიზაცია Media Initiative for Human Rights-ის კოორდინატორი ტატიანა კატრიჩენკო ამავე მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი წინასწარ იყო მომზადებული უკრაინელების მასობრივი დაკავებებისთვის და ამას მოწმობს სპეციალური წინასწარი დაკავების ცენტრები. თუმცა ტყვეებსა და პატიმრებს სქესის გათვალისწინებით არ ეპყრობოდნენ და არსებულ სტანდარტებს არ იცავდნენ.
"ქალები იტყობინებოდნენ, რომ ისინი გადაჰყავდათ და იმყოფებოდნენ საკნებში კაცებთან ერთად. ზოგჯერ უწევდათ რამდენიმე ღამის გატარება საკანში 17 კაცთან ერთად", — ამბობს კატრიჩენკო.
ქალების ყოველდღიურობა
ოლგა ერთი თვის შვილს ძუძუთი კვებავდა, როცა მისი სახლი დაიბომბა. დედა ჩვილს ტანით გადაეფარა და ასე გადაარჩინა. თავად მრავლობითი ჭრილობები მიიღო, მათ შორის თავის არეში.
ალინამ ბავშვი მიწისქვეშა ბუნკერში გააჩინა. ბნელი და ნესტიანი ოთახი იმ დროს მისი და მისი შვილისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი აღმოჩნდა.
უკრაინის ყოფილმა სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ. 14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა. დედის თვალწინ გააუპატიურეს 11 წლის ბიჭიც, სკამზე დაბმულ დედას კი ამის ყურება აიძულეს.
ეს ისტორიები რუსული სისასტიკის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა და არ ასახავს იმ საფრთხის სრულ სურათს, რომელსაც უკრაინელი ქალები ყოველდღე ეჩეხებიან.
გარდა ძალადობისა და ოკუპანტების აგრესიისა, გაიზარდა დატვირთვა და სხვებისთვის შეუმჩნეველი საქმეები. ძმების, ქმრების და მამების გარეშე დარჩენილ ქალებს მარტოს უწევთ მოხუცების და ბავშვების მოვლა, საკვებზე და წყალზე ზრუნვა ბლოკადის პირობებში და თავდასხმისას ახლობლების გადარჩენა.
ომის დროს განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დადგნენ ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება უჭირდათ, რადგან პასპორტის საიდენტიფიკაციო მონაცემები მათ სქესს არ ემთხვევა.
კონფლიქტის გავლენა
European Policy Centre-ის პროგრამის მკვლევრი, იონელა ჩიოლანი განმარტავს, რომ კონფლიქტების დროს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა, მათ შორის, სექსუალური თავდასხმები და ექსპლუატაცია 2-3-ჯერ იზრდება.
"შემთხვევითი მკვლელობები, სექსუალური ძალადობა, წამება და იძულებითი ქორწინება არის ზოგიერთი დამანგრეველი შედეგი, რომელსაც ქალები განიცდიან ომის დროს. ისტორიის განმავლობაში გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ომის ტაქტიკად ხშირად გამოიყენებოდა", — წერს ის.
UN Women აცხადებს, რომ უკრაინის ომი კრიზისია ქალებისა და გოგოებისთვის და კონფლიქტის გავლენა მათზე განსხვავებული და არაპროპორციულია.
მაისში ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირს, დაიცვას უკრაინიდან გაქცეული ქალები ძალადობისა და ტრეფიკინგისგან, მიანიჭონ მათ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის აუცილებელ სერვისებზე.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ ბიედრონმა განაცხადა, რომ მასობრივი გაუპატიურება სექსუალური და გენდერული ძალადობა, წამება და გენოციდი გამოიყენება როგორც ომის იარაღი. მისი თქმით, არ გაჩერდებიან, სანამ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები არ დაისჯებიან.
კომენტარები