დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მიმდინარე კვირა ოკუპანტი ქვეყნისთვის მძიმედ დაიწყო.

რუსეთი ცდილობს, ფინანსური კრიზისი თავიდან აიცილოს. მას შემდეგ, რაც რუბლი დოლართან მიმართებით ისტორიულ მაქსიმუმამდე გაუფასურდა და ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაზარდა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ მრჩევლებთან შეხვედრა გამართა, რომელიც ასე წარიმართა:

ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა და პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი პუტინთან რუსული ეკონომიკის მდგომარეობას განიხილავენ.

ფოტო: TASS

28 თებერვლს რუსული რუბლი დაახლოებით 25%-ით გაუფასურდა — დღის ერთ მონაკვეთში ერთი დოლარის ღირებულება 104 რუბლსაც უტოლდებოდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ერთი დოლარის ამჟამინდელი ღირებულება 93,5589 რუბლია. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა დილით მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება გადადო, ხოლო შემდეგ საერთოდ გააუქმა. ამის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასები დრამატულად დაეცა.

გაყინული რეზერვები

როგორც ჩანს, პუტინის მთავრობა გასული წლების განმავლობაში სანქციებისთვის დაბეჯითებით ემზადებოდა — რუსეთს 630 მილიარდი დოლარის საერთაშორისო რეზერვები აქვს შექმნილი, თუმცა ამ ეტაპზე ყველას ვერ იყენებს. მათი ნაწილი შექმნილია როგორც უცხოურ ვალუტებში, ისე ოქროში, რომლებიც ახლა გაყინულია და რუსეთის ეკონომიკა უპრეცენდენტო დარტყმის ქვეშ არის.

Capital Economics-ის ექსპერტის შეფასებით, რუსეთის რეზერვების 50% ამჟამად მოსკოვისთვის მიუწვდომელია.

"ჩვენ ბანს დავადებთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციებსა და გავყინავთ მთელს მის აქტივებს, რათა თავიდან ავიცილოთ პუტინის ომის დაფინანსება" — განაცხადა ევროკომისიიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა დოლარის ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან.

"ჩვენი სტრატეგიაა დავრწმუნდეთ, რომ ვიდრე პუტინი უკრაინაში შეჭრას განაგრძობს, რუსეთის ეკონომიკა უკან დაიხევს", — განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

რუსეთი ნავთობისა და გაზის წამყვანი ექსპორტიორია, თუმცა მისი ეკონომიკის მრავალი სხვა სექტორი იმპორტზეა დამოკიდებული. ეკონომისტების შეფასებით, რუბლის ვარდნასთან ერთად იმპორტი გაძვირდება, რაც ინფლაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. იანვრის მონაცემებით, რუსეთში 8,7%-იანი ინფლაციაა.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, 28 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რეკორდულად, 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა.

"ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ და ფასების სტაბილურობას და დაიცავს მოქალაქეების დანაზოგებს გაუფასურებისგან", — წერია რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის გარე პირობები კარდინალურად შეიცვალა. განცხადებაში ასევე წერია, რომ განაკვეთის ზრდა უზრუნველყოფს სადეპოზიტო განაკვეთის გაზრდას, რაც საჭიროა დევალვაციისა და ინფლაციის გაზრდილი რისკების კომპენსაციისთვის.

როგორც SWIFT-მა განაცხადა, სანქციების დეტალებზე მუშაობს და ემზადება იურიდიული ინსტრუქციის შესრულებისთვის, რომელიც რუსული ბანკების გარიცხვასთან არის დაკავშირებული. რუსეთის წამყვანი ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა გაართულებს ექსპორტსაც — ნავთობისა და გაზის ჩათვლით, ეს სექტორი რუსეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის სანქციების პირდაპირი სამიზნე ჯერ არ ყოფილა. ფინურმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ Neste-მ თქვა, რომ მან ძირითადად ჩაანაცვლა რუსული ნედლი ნავთობი სხვა მარაგებით.

რუსეთში ამტიკიცებენ, რომ თავისუფალი სამყაროს მხრიდან დაწესებული სანქციების გასამკლავებლად მზად არიან.

"რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა შესაძლო სანქციებისთვის, მათ შორის, იმ ყველაზე მკაცრი სანქციებისთვის, რომლის წინაშეც ახლა ვართ", — თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

დეპოზატორების პანიკა

რუსული ბანკების დეპოზიტარები ცდილობენ საკუთარი ანაბრები გაანაღდონ, რაც ბაზარზე პანიკას იწვევს.

International Finance-ის შეფასებით, სანქციები მიზნად ისახავს ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებზე, რაც აიძულებს ცენტრალურ ბანკს, რომ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები ან/და გამოიყენოს უცხოური რეზერვები. ანგარიშში ისიც წერია, რომ ცენტრალურ ბანკს მოუწევს მკაცრი კაპიტალის კონტროლის დაწესება და შესაძლებელია "საბანკო არდადაგებიც" გამოცხადდეს, რადგან ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.

ევროპის ცნეტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Sberbank Europe-ის, მათ შორის ავსტრისაა და ხორვატიის ფილიალები ვარდნას განიცდიდნენ, რადგან უკრაინის კრიზისის შედეგად დეპოზიტების მნიშვნელოვანი გადინება ფიქსირდებოდა.

ამასთან, ლონდონის ბირჟაზე დალისტული Sberbank-ის აქციები თითქმის 70%-ით დაეცა. გაზის გიგანტი გაზპრომი კი ბოლო ერთ დღეში 37%-ით გაუფასურდა. Yandex-ის აქციებით ვაჭრობა Nasdaq-ის ბირჟაზე შვიდ რუსულ კომპანიასთან ერთად შეჩერდა.

გასულ კვირაში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განახორციელა, რათა რუბლის ვარდნა შეეჩერებინა. ამასთან, პარასკევს ბანკომატებში გაზარდა ბანკნოტების რაოდენობა, რათა გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. ორშაბათს, რუსეთის მთავრობამ ექსპორტიორებს უბრძანა, რომ უცხოურ ვალუტაში საკუთარი შემოსავლების 80% რუბლებში გადაეცვალათ — ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მიზნად რუსულ რუბლზე ზეწოლის შემსუბუქებას ისახავდა.

ცენტრალურმა ბანკმა რუს ბროკერებს უცხოელების მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დროებით აუკრძალა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის მთავრობამ პირველი მარტიდან რუსეთის რეზიდენტების მხრიდან ფედერაციის ფარგლებს გარეთ სავალუტო სესხებსა და საბანკო გადარიცხვებზე აკრძალვა დააწესა.

რუსი ოლიგარქების შემცირებული ქონება

რუსული კომპანიების აქციების ფასების კლების შედეგად რუსი ოლიგარქების ქონება მნიშვნელოვნად მცირდება. Bloomberg-ის 500 უმდიდრეს ადამიანს შორის რუსეთის ფედერაციას 23 მილიარდერი წარმოადგენს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მათი ქონება ასე გამოიყურება:

  1. ვლადიმირ პოტანინი — ფლობს $27,9 მილიარდს, მისი ქონება მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია $2,96 მილიარდით;
  2. ალექსეი მორდაშოვი — $25,1 მლრდ, კლება $3,78 მლრდ;
  3. ლეონიდ მიხელსონი — $24,7 მლრდ, კლება $7,79 მლრდ;
  4. ვლადიმირ ლისინი — $23,7 მლრდ, კლება $4,29 მლრდ;
  5. ალიშერ უშმანოვი — $20,6 მლრდ, კლება $698 მლნ;
  6. ანდრეი მეილნიჩენკო — $19,2 მლრდ, ზრდა $1,73 მლნ;
  7. ვიქტორ ველკსერლბერგი — $17,3 მლრდ, კლება $1,18 მლრდ;
  8. ვაგიტ ალეკპეროვ — $15 მლრდ, კლება $7,76 მლრდ;
  9. გენადი ტიმჩენკო — $14,5 მლრდ, კლება $7,9 მლრდ;
  10. რომან აბრამოვიჩი — $13,9 მლრდ, კლება $4,10 მლრდ;
  11. მიხაილ პროხოროვი — $13,6 მლრდ, კლება $419 მლნ;
  12. სულეიმან კერომოვი — $12,9 მლრდ, კლება $2,33 მლრდ;
  13. მიხაილ ფრიდმანი — $11,4 მლრდ, კლება $2,51 მლრდ;
  14. ვიქტორ რაშნიკოვი — $11,2 მლრდ, კლება $3,05 მლრდ;
  15. დმიტრი რიბოლოევი — $10,7 მლრდ, კლება $342 მლნ;
  16. ვიაჩესლავ კანტორი — $9,04 მლრდ, ზრდა $13,2 მლნ;
  17. გერმან ხანი — $7,82 მლრდ, კლება $1,68 მლრდ;
  18. ალექსანდერ აბრამოვი — $7,44 მლრდ, კლება $1,64 მლრდ;
  19. ანდრეი გურიევი — $7,02 მლრდ, კლება $894 მლნ;
  20. ისკანდარ მახმუდოვი — $6,19 მლრდ, კლება $1,7 მლრდ;
  21. ალექსეი კუზმიჩევი — $5,87 მლრდ, კლება $1,3 მლრდ;
  22. ლეონიდ ფედუნი — $5,72 მლრდ, კლება $3,2 მლრდ;
  23. პეტრ ავენი — $5,7 მლრდ, კლება $714 მლნ.

როგორც Bloomberg-ის მილიარდერთა სიიდან ხდება ცნობილი, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 5 ყველაზე მდიდარი რუსი ოლიგარქის ქონება მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის $20 მილიარდით არის შემცირებული.

ეკონომისტები ღიად საუბრობენ, რომ არსებული სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 5%-ით შემცირდეს. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, კონფლიქტის დროული გადაწყვეტის შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა 4%-ით, ხოლო დაგვიანებით გადაწყვეტის შემთხვევაში — 7-10%-ით შემცირდება.