1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან — მოკლედ
ავტორები: გვანცა ნემსაძე, თამუნა გეგიძე, სალომე ჩადუნელი
რა მოხდა?
ერთი წლის წინ, პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე თანატოლებმა მოკლეს. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევას ემსხვერპლნენ. სარალიძეს 12 ჭრილობა მუცლის, გულმკერდისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
ყველაფერი თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. მეცხრეკლასელებს, თ.ჩ.-ს; ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის შვილს, ა.ს.-სა და უფროსკლასელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთი მეცხრეკლასელის ჩვენებით, უფროსკლასელი მათ პნევმატურ იარაღს უშვერდა და აშინებდა.
კონფლიქტმა საპირფარეშოდან სკოლის გარეთ, ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლა. მეცხრეკლასელმა, ა.ს.-მ, უფროსკლასელებთან გასამკლავლებლად, დახმარებისთვის ნათესავს, მიხეილ კალანდიას დაურეკა. დაახლოებით 14 საათზე კალანდიამ 51-ე სკოლასთან მეგობრები მიიყვანა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. იქვე იყვნენ მათთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები. საქმის გასარკვევად მოზარდებმა ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს.
რა ბრალდება წაუყენა სახელმწიფომ დაკავებულებს?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული პირველი მოზარდი გ.ბ. მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავა. კიდევ ერთი არასრულწლოვანი გ.ჯ. კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
ასევე, დანაშაულის დაფარვაში ბრალი წაიყენეს ხუთ პირს. მათგან სამი სრულწლოვანია და სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი ორი პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
იმავე საღამოს, მაშინ, როცა გამოძიება ჯერ მხოლოდ ოთხი დღის დაწყებული იყო, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია".
შემთხვევიდან ერთ კვირაში იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეოთხე, 21 წლამდე ბრალდებულს — გირაო, ხოლო ერთ არასრულწლოვანს —მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.
განაჩენის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მოტივით, მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს, როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ არ არსებობს იმის სტანდარტი, რომ გარდა უკვე დაკავებული ორი ბრალდებულისა, დანაშაული სხვებმაც ჩაიდინეს.
სახელმწიფო ბრალდება — მკვლელობის ეპიზოდი
2017 წლის პირველ დეკემბერს, დილით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე ჩხუბში გადაიზარდა. ბრალდებულებმა გ.ბ.-მ და გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დანების გამოყენებით განზრახ მოკლეს დავით სარალიძე, ხოლო მეორე მოზარდი, ლევან დადუნაშვილი მოკლა ბრალდებულმა გ.ბ-მ.
პროკურატურის მტკიცებით, საქმეში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებს. ისინი ამოღებულია, ჩატარებულია კვლევები და წარდგენილია სასამართლოში. ბრალდების მხარის განცხადებით, მკვლელობები ჩადენილია სწორედ ამ ორი დანით.
ამ ვერსიას არ ეთანხმება მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?
საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 იანვარს დაიწყო. დაიკითხა საქმის ათობით მოწმე. პირველივე სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნავდა, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, არა იყო დადგენილი ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას.
შეცვლილი ჩვენებები
მარტის ბოლოს დაიკითხა მიხეილ კალანდია, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და ე. წ. პირდაპირი მოწმეა. ეს ის მოზარდია, რომელიც 51-ე სკოლასთან დეიდაშვილის, მირზა სუბელიანის შვილის თხოვნით მივიდა და "საქმის გასარჩევად" მეგობრები მიიყვანა.
კალანდიამ ჩვენება ხუთჯერ შეცვალა. სამჯერ გამოძიებისას, ორჯერ კი სასამართლოში, ფიცის ქვეშ.
კალანდიამ პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი, ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
რას ამბობდა ზაზა სარალიძე?
ზაზა სარალიძის უკმაყოფილება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა პროცესზე მიხეილ კალანდიას შეცვლილი ჩვენებები მოისმინა. იგი ცრუ ჩვენებისთვის მის დასჯას ითხოვდა. ჩვენების შეცვლისთვის, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვდნენ დაკავებული მოზარდების ადვოკატებიც, თუმცა აღიარებული ტყუილის გამო მისი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
შვილმკვდარი მამა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ალაპარაკდა იმაზე, რომ დაუსჯელია კიდევ ორი მკვლელი. ის ამტკიცებს, რომ მათ შორის ერთი მიხეილ კალანდიაა. სარალიძის თქმით, საქმის მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლა ხორციელდება, თავის მხრივ, პროკურატურაზე კი, უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბლიანი ახდენს ზეგავლენას.
გამოძიების გარდა, სარალიძე უნდობლობას უცხადებს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზასაც. მისი თქმით, ექსპერტიზამ პასუხი ვერ გასცა კითხვაზე, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მის შვილს.
სარალიძე მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებდა. იგი იქვე აღნიშნავდა, რომ მზად იყო პროკურატურის გამოძიებას დალოდებოდა. მაისში, როცა ჯერ კიდევ არ იყო განაჩენი გამოცხადებული, სარალიძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი პროკურორისგან მიიღებს დაპირებას, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება, ის დაგეგმილ საპროტესტო აქციას აღარ გამართავდა.
"მე არავის ჯინი არ მაქვს, არც პროკურატურის, არც მთავრობის, ვითხოვ კონკრეტულად ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და მათ დასჯას, ვინც ცუდი გაგებით ჩაერია ამ საქმეში", — აცხადებდა სარალიძე.
რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?
სასამართლომ ბრალდებული ორივე არასრუწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა. ერთ-ერთი მოზარდი დამნაშავედ სცნეს მხოლოდ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. სასამართლოს განაჩენით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია.
როგორ განვითარდა მოვლენები?
სამართლის საძიებლად — სასამართლოდან ქუჩაში
"გაამართლეს ორივე, ჩემი შვილის მკვლელი უცნობია", — ამ სიტყვებით გამოვარდა ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოდან. ატირებული შვილმოკლული მამა ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდა და ითხოვდა პროკურორის და საპატრულოს უფროსის ნახვას. მკვლელობიდან 6 თვის შემდეგაც ის პასუხებს ითხოვდა.
ვინაიდან პასუხისგამცემი ადამიანი სასამართლოშიც ვერ იპოვა შვილმოკლული მამა მთავარ პროკურატურასთან წავიდა, სადაც პოლიციის კორდონი დახვდა. შენობის ჯებირებს მივარდნილი სარალიძე პროკურორს და იუსტიციის მინსიტრს ეძახდა. პასუხად არაფერი მიუღია.
შვილის მკვლელის გარეშე დარჩენილი მამა სხვადასხვა მოთხოვნებს აჟღერებდა, ხან მთავარი პროკურორის, ხან კი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამის გამო სარალიძე არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულეს და ლოგიკურობა მოსთხოვეს. პასუხად კი უთხრეს, რომ პროკურორი შეხვდებოდა, მაგრამ მედიის გარეშე. სარალიძე არ დათანხმდა.
დამიდექით გვერდით, ნუ დამტოვებთ მარტო — სასოწარკვეთილმა მამამ საზოგადოებას მიმართა. პროკურატურასთან ხალხის შეკრება დაიწყო. მალე გადაიკეტა გზაც. ხალხი პასუხებს ითხოვდა, პროკურატურა კი ისევ იმეორებდა, რომ სარალიძისთვის პასუხების გაცემა მხოლოდ მედიის გარეშე შეეძლოთ. უპასუხოდ დატოვებული კითხვების დასმიდან დროის გასვლასთან ერთად ხალხის რაოდენობა იზრდებოდა.
"აქციაზე მოვედი როგორც დედა და საქართველოს მოქალაქე. ამ უსამართობის განცდამ მოიცვა საქართველო. ტელევიზორთან ვუყურებდი და ვერ გავძელი. დუშეთიდან ჩამოვედი. მე ვარ იმ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში თქვენს გვერდით [ზაზა სარალიძე], ვინც ამხელა ტრაგედიის მსხერპლია", — ეს სიტყვები ქვეყნის პირველმა ლედიმ პროკურატურასთან თქვა და სარალიძის აქციას შეუერთდა. მაკა ჩიჩუას სოლიდარობის აქტი ბევრმა ცნობილმა ადამიანმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გაიმეორა.
პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ხმები მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ, თუმცა პროკურატურამ უარყო. რამდენიმე წუთში კი ამბავი დადასტურდა და შოთაძემ წერილობით ამცნო საზოგადოებას გადადგომის შესახებ. მის გადადგომაზე გული დაწყდა და არასწორ ნაბიჯად მიიჩნია იუსტიციის მინისტრმა. სარალიძე კი ისევ ყველას გადადგომას ითხოვდა, ვინც დამნაშავეებს ხელი დააფარა და საქმე გააყალბა. აქცია გაგრძელდა.
ათასობით ადამიანი პროკურატურიდან ფეხით დაიძრა პარლამენტისკენ. სოლიდარობის ნიშნად გზაზე ავტომობილებილები ჩერდებოდნენ და მამის პროტესტს უერთდებოდნენ. ისმოდა სისტემის დანგრევის მოთხოვნაც.
პარლამენტთან მისულმა სარალიძის მხარდამჭერებმა მოითხოვეს ყველა იმ პირის დასჯა, ვინც საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდა. სარალიძემ 10 საათამდე მისცა დრო ხელისუფლებას მირზა სუბელიანის დასაკავებლად. მოთხოვნა არ შესრულდა.
აქციას სპროტსმენები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები შეუერთდნენ. მონაწილეებმა პრეზიდენტს მიმართეს, მხარდაჭერა და პარლამენტის დათხოვნა სთხოვეს. არც ეს მოთხოვნა შესრულდა. თუმცა, პარლამენტთან მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
პრემიერმა საუბარი ვერ შეძლო. აქტივისტები სკანდირებდნენ "წადი" და ბოთლებს ესვროდნენ. კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ხალხმა მისი მისვლა პოზიტიურად აღიქვა და საუბრის საშუალება ანგაჟირებულმა პირებმა არ მისცეს.
თავად ზაზა ამბობდა, რომ პრემიერის მისვლა დააფასა და ადამიანურ სოლიდარობად მიიღო, თუმცა იმედი ჰქონდა რომ ის მკვლელების დაკავებაზე ისაუბრებდა. შვილმოკლულმა მამამ თქვა, რომ კვირიკაშვილი მის მოტყუებას ცდილობდა და ტყუილი საკმარისად ისმინა 6 თვე.
ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მეორედ "განათდა". ტელეფონის ფარნის შუქი პროტესტის ერთგვარ ფორმად იქცა, რომელიც მთავრობას ხალხის ძალას და საკუთარ ვალდებულებებს ახსენებდა. მოთხოვნა ისევ უცვლელი იყო — დასჯილიყვნენ დამნაშავეები.
აქცია დასრულდა. სარალიძემ პარლამენტთან კარავში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. იმავე ღამეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. მეორე დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების ზემოქმედების ეჭვი არსებობს. სწორედ ამის დამკტიცებას ცდილობდა სარალიძე მკვლელობიდან 6 თვის განმავლობაში.
აქცია განახლდა. შვილმოკლულ მამასთან სოლიდარობის ნიშნად ყოფილი პირველი ლედიც მივიდა. აქციაზე გამოჩნდა პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა ამ საკითხზე და არ დაიღლებოდა იმის მცდელობით, რომ ქვეყანაში სამართალი ყველას ეპოვა.
სარალიძემ მთელ ქართველ ერს მიმართა და დახმარება სთხოვა. ნაწილისგან მიიღო კიდეც, მაგრამ ყველასგან — არა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ სარალიძის სამართლიანი პროტესტი ესმით, მაგრამ "უმართავი პროცესების განვითარებას" მხარს ვერ დაუჭერენ.
სარალიძის აქციას შეუერთდნენ 51-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მოძრაობა #ნუმომკლავს შექმნეს. აქციისთვის ჩამოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები და პანკისელები. სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა მეორე შვილმოკლულმა მამა, მალზახ მაჩალიკაშვილმა.
ტრიბუნაზე გამოსული ზაზა სარალიძე იმეორებდა მოთხოვნებს ყველას დასჯისა და პასუხისმგებელი პირების გადადგომის შესახებ და კვლავ დახმარებას ითხოვდა. ხალხის რაოდენობის ზრდასთან ერთად მეტი სივრცე გახდა საჭირო, რის გამოც გზის გადაკეტვა მოითხოვეს, თუმცა შსს არ დათანხმდა. რამდენიმეწუთიანი დაპირისპირებისა და სამი ადამიანის დაკავების შემდეგ რუსთაველი მაინც გადაიკეტა.
ვინაიდან ზაზა სარალიძის ყველაზე აქიური მხარდამჭერი, ზვიად კუპრავა ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდებოდა გახშირდა საუბარი იმაზე, რომ შვილმოკლულ მამას ოპოზიციური პარტიები იყენებდნენ დესტაბილიზაციის მოსახდენად. ეს იდეა გააჟღერა ქალაქის მერმაც და თქვა, რომ არეულობის მსურველი კონკრეტული პირები საკუთარ ინტერესებს ვერ გაატარებდნენ და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა. ხელისუფლებაში განაცხადეს ისიც, რომ სარალიძეს საფრთხე ემუქრებოდა და მას დაცვა შესთავაზეს. ზაზამ უარი განაცხადა, აქციის მონაწილეებმა კი თქვეს, რომ სარალიძეს თავად უკეთ დაიცავდნენ.
მაშინ, როცა შვილმოკლული მამა დახმარებას ითხოვდა და ხალხი მხოლოდ 6 თვის შემდეგ გამოვიდა გარეთ, უცებ დაიგეგმა აქცია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. მოქალაქეთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ სარალიძის ტრაგედიას ოპოზიცია ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იყენებდა. მათ შორის იყო ქართული მარში. ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილების პროტესტს სარალიძის მხარდამჭერებისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.
იმავე დღეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა მეორე კონტრაქცია გამართეს. ესეც არა სარალიძის მხარდასაჭერად, არამედ ნაციონალური მოძრაობის საკრიტიკებლად.
სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მესამე დღესაც გაგრძელდა და გამოხმაურებებიც გააქტიურდა. შვილმოკლულ მამასთან შეხვედრა გადაწყვიტა პატრიარქმა. ომბუდმენმა აღნიშნა, რომ მისი ემოციური მდგომარეობა ანაღვლდებდა არასამთავრობო სექტორმა კი სუსის, შსს-ს და პროკურატურის რეორგანიზაცია მოითხოვეს.
ორი დღის განამვლობაში ზაზა სარალიძემ ხელისუფლების წევრებისგან ისმინა კრიტიკა იმაზე, რომ აქციას პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთხელ მიიღო პასუხები მის კითხვებზე. შვილმოკლული მამა იმეორებდა, რომ ხალხის მხარდაჭერა და სიმართლის დადგენა სჭირდებოდა და პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებდა. თუმცა, მას საზოგადოების ნაწილიც აკრიტიკებდა.
ამ მიზეზებით აქციის მონაწილეთა აზრი ორად გაიყო და სიტუაცია დაიძაბა. ზვიად კუპრავამ, რომელიც აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო განაცხადა, რომ თუ ზაზა წინააღმდეგი იყო, ის მარტოც გააგრძელდებდა ბრძოლას დათო სარალიძის მკვლელების დასასჯელად პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. კუპრავამ აქცია დატოვა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა.
ზაზა სარალიძე კი რუსთაველზე კარავში სხვა მხარდამჭერებთან ერთად დარჩა. რამდენიმე წუთში შვილმოკლული მამა გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა:
"დღემდე ვცდილობდი, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემს გვერდით დგომა შეეძლო. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გააერთიანოს ძალები ამ სისტემის დასამხობად", — სარალიძე ამბობდა, რომ თუ მთავრობას მშვიდობიანად არ უნდოდა რეაგირება მაშინ ის სისტემას დაამხობდა.
თუმცა სარალიძის იმედები არ გამართლდა. საზოგადოება გაერთიანების ნაცვლად ორად გაიყო და მხარდამჭერების ნაწილმა შვილმოკლული მამა დატოვა იმის გამო, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლა არ სურდა. რუსთაველზე აქტივისტები პოლიტიკურმა პარტიებმა ჩაანაცვლეს.
სოლიდარობის ძებნა ორ ფრონტზე
აქციები გაგრძელდა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა არა ხორავას ქუჩის მკვლელობა, არამედ ზვიად კუპრავას წარსული და ნაციონალური მოძრაობის ინტერესები.
რუსთაველიდან წამოსულმა აქტივისტების ნაწილმა ახალი საპროტესტო მოძრაობა ჩამოაყალიბეს და ვაკის პარკში შეიკრიბენ, სადაც მოითხოვეს სამართლიანობა პოლიტიკური პარტიების გარეშე. ამ აქციაზე იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები. მათთან მივიდა ზაზაც.
აქციაზე მისული შვილმოკლული მამა იმეორებდა, რომ მას ყველას მხარდაჭერა სჭირდებოდა სიმართლის დასადგენად და ნებისმიერ აქციას დაესწრებოდა, რომლითაც მას სოლიდარობას უცხადებდნენ. პასუხად აქციის მონაწილეები მას დარჩენას და ნაციონალური მოძრაობისგან გამიჯვნას მოითხოვდნენ. სარალიძე ცდილობდა საკუთარი მოთხოვნების გაჟღერებას აქციის მონაწილეები კი სკანდირებდნენ: "არა ნაცებს, აღდგეს სამართლიანობა."
სარალიძემ აქციის დატოვება გადაწყვიტა, რასაც პროტესტი და დაპირისპირება მოყვა. შვილმოკლულმა მამამ თქვა, რომ ვერც აქ იპოვა ერთობა და ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობდა. სარალიძე ტერიტორიიდან ომბუდსმენმა გამოიყვანა და რამდენიმე საათის განმავლობაში ის არც ოპოზიციის გამართულ აქციაზე ჩანდა.
კუპრავა აცხადებდა, რომ სავარაუდოდ სარალიძე გაიტაცეს. ომბუდსმენი კი ამბობდა, რომ სარალიძე კარგად იყო და თუ სურვილი ექნებოდა თავად გააჟღერებდა ადგილსამყოფელს.
არცერთი ნაბიჯით უკან, ჩემი შვილის სიკვდილს არ შევარჩენ — რამდენიმე საათში სარალიძე რუსთაველთან მიმდინარე აქციაზე ამ სიტყვებით დაბრუნდა. შვილმოკლულმა მამამ კვირიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად. მთავრობაში ამ ფორმატზე უარი განაცხადეს და სარალიძეს მარტო შეხვედრა შესთავაზეს. თავდაპირველად, შვილმოკლული მამა უარზე იყო, მაგრამ, საბოლოოდ, დათანხმდა.
შეხვედრას სარალიძის ადვოკატი, ომბუდსმენი, შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ მთავრობა დაპირდა საქმის ეფექტურ გამოძიებას და გამჭვირვალობას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სახით. სარალიძემ განაცხადა, რომ 10 ივნისამდე აძლევდა დროს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. იმავე დღეს პრემიერი და შს მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილისა და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახსაც შეხვდა.
საგამოძიებო კომისიის იმედად დარჩენილმა შვილმოკლულმა მამამ აქციები შეწყვიტა.
რატომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?
ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლო განაჩენისა და პროკურატურასთან დაწყებული აქციების შემდეგ, 31 მაისს ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო უმრავლესობას საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. პირველ ჯერზე საპარლამენტო უმრავლესობა წინადადებას არ დაეთანხმდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ საკითხის ამ ფორმატით განხილვა, პოლიტიკურ ჭრილში გადავიდოდა. უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პლენარული სხდომის დაწყებამდე სათათბიროდ დრო ითხოვა. ისინი დათანხმდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ევროპულმა საქართველომ პარლამენტს კომისიის შემადგენლობა წარუდგინა, რომელიც 6 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. კომისიის არჩევას 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 1 იყო.
ვინ იყვნენ საგამოძიებო კომისიის წევრები?
კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმებით, კვოტების მიხედვით, 9 ადგილი კომისიაში ეკუთვნოდა უმცირესობას — ევროპულ საქართველოს თავისი ფრაქციებით, 1— პატრიოტთა ალიანსს, 1 — დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს, დანარჩენი წევრები უმრავლესობიდან იყვნენ. კომისიის შემადგენლობაში არ იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კომისიას სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა.
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სახელით რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დამნაშავეზე ხდება ხელის დაფარება. მისი თქმით, სახელისუფლებო სტრუქტურის ამ წარმომადგენლებისა და გენერალური პროკურორის მიმართ უნდა აღძრულიყო საქმე.
პირველი სხდომის გამართვამდე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია მოითხოვდა, რომ ამ კომისიის ფარგლებში სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც განეხილათ. მისი განცხადებით, მიუღებელია კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელები ჰყავდეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის არსებული წესით დაკომპლექტებაზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკა და პროცესს აბსურდის თეატრი უწოდა. კომისიის შემადგენლობა კი ოფიციალურად 13 ივნისს დატოვა.
ვინ გამოკითხეს საგამოძიებო კომისიის სხდომებზე?
საგამოძიებო კომისიის 13 დეკემბრის სხდომაზე მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცეს. კომისიას ამ პირებთან და ზოგადად, საქმეზე სამი თვე უნდა ემუშავა, ვადის გასვლის შემდეგ კი დასკვნა წარედგინა.
საგამოძიებო კომისიამ მინიმუმ 40 პირი გამოკითხა, მათ შორის იყვნენ საქმის პროკურორები და გამომძიებლები; მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი ადვოკატი; მოკლულ ლევან დადუნაშვილის მშობლებთან და ადვოკატთან ერთად; თბილისის 51-ე სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე; საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი; ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. კომისიამ ასევე დაკითხა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე. ასევე მიხეილ კალანდია, რომელიც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ასევე, დაკითხეს საქმის ფიგურანტი სხვა არასრულწლოვნებიც.
სწორედ მიხეილ კალანდია შესახებ გამოსცა საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციები, მოგვიანებით.
რა თქვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძემ?
საგამოძიებო კომისიამ პირველად მოკლული მოზარდების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები, ზაზა სარალიძე და ნათია საყვარელიძე გამოკითხა.
ზაზა სარალიძემ პროკურატურა ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა და პარლამენტის წევრებს უამბო, როგორ ემუქრებოდნენ მას სამართალდამცველები და როგორ უთვალთვალებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ზაზა სარალიძის თქმით, საქმის პროკურორმა, იმედა გუგუშვილმა უთხრა, რომ თუ "ბევრს ილაპარაკებდა" დანარჩენ ბრალდებულებსაც გამოუშვებდა. როგორც სარალიძემ კომისიის სხდომაზე განმარტა პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მისი შვილი გ.ჯ-მ მოკლა. მისი თქმით, სიმართლე იცოდა და იფიქრა, რომ სხვა დამნაშავეებს გამოძიება დაადგენდა. სარალიძის თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მან პროკურორ გუგუშვილს უთხრა, რომ თუკი სიმართლე არ დადგინდებოდა "მალალეტკების ომი დაიწყებოდა", რაზეც გუგუშვილმა უპასუხა: "დაიწყოს, არ არის პრობლემა".
ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქმის გაყალბების მთავარი ინიციატორი პროკურატურის და სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი იყო. მისივე თქმით, მირზა სუბელიანი სარალიძეების ოჯახთან კომუნიკაციასაც ცდილობდა და ზაზა სარალიძის ოჯახშიც იმყოფებოდა.
სარალიძემ ეკა ბესელიას მოსთხოვა განემარტა, რატომ გადაიტანა უმრავლესობის წევრმა ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმე პოლიტიკურ ჭრილში.
ზაზა სარალიძის გამოკითხვის შემდეგ საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია ხორავას ქუჩის საქმეზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ და ადვოკატმა მიაწოდეს. დადუნაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდა.
რატომ არ უსმენდნენ ხორავას ინციდენტში მონაწილე ყველა პირის ტელეფონებს?
გაირკვა, რომ გამოძიების დროს ინციდენტში მონაწილე ყველა პირის სოციალური ქსელებიდან, ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ინფორმაცია არ ამოუღიათ.
საქმის ზედამხედველი პროკურორის, ზვიად ფზაკაძის თქმით, საქმეში მონაწილე პირებს ტელეფონები არ ჩამოართვეს, ვინაიდან გამოძიებას ჰქონდა იმედი, რომ მათ შორის გაგრძელდებოდა კომუნიკაცია და მეტ ინფორმაციას მიიღებდნენ. ფხაკაძის თქმით, ამავე მიზეზით არ ჩატარდა მოწმეების და ბრალდებულების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა ამისა, პროკურორმა განაცხადა, რომ კონფლიქტში მონაწილე პირთა ნაწილს თან არ ჰქონდა ტელეფონი, ზოგიერთი არ სარგებლობდა, ზოგიერთი კი სხვადასხვა ნომერს იყენებდა. მისივე თქმით, ამის დადგენა პირველ დღეებში გამოძიების მხრიდან იყო პრობლემური.
ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ უწყებამ ტელეფონები ამოიღო 16, 17 და 21 დეკემბერს. მაშინ, როცა ა.ს-ს ტელეფონში გამოცვლილი ჰქონდა ბარათი და რამდენჯერმე ჰქონდა გადაყენებული ოპერაციული სისტემა.
ფაქტების შეჯერების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გამომძიებელს ჰკითხა იყო თუ არა გამოძიების შეცდომა ის, რომ არასრულწლოვნებს არც შესთავაზეს ტელეფონების გაცემა, არც ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და საბოლოოდ, ვერ მიიღეს ინფორმაცია.
"თქვენი გადმოსახედიდან მიგაჩნიათ, რომ დაიკარგა და საქმეს დააკლდა ძალიან დიდი რაღაცა. მე ამაზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ამით გაფუჭდა," — უპასუხა კახა სირაძემ და დაამატა, რომ ამ ლოგიკით მთელი 51-ე სკოლისთვის და ხორავას ქუჩისთვის უნდა მოესმინათ.
რატომ მოითხოვა კომისიამ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა?
2 ივლისს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას საქმის მოწმეებთან, გამომძიებლებთან, პროკურორთან და დაზარალებულთა ოჯახებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და რეკომენდაციებს კენჭი უყარა. კომისიის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართეს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის საქმეზე, ასევე შსს-მ გაატაროს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისათვის (10 მომხრე და 1 წინააღმდეგი);
- დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ-ს [კალანდია] მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე; (8 მომხრე და 6 წინააღმდეგი).
ამ რეკომენდაციებს წინ უსწრებდა საგამოძიებო კომისიაში პროკურორ ზვიად ფხაკაძის გამოკითხვა. მაშინ საგამოძიებო კომისიის წევრი ევროპული საქართველოდან, ოთარ კახიძე პროკურორის გამოკითხვის დროს დაინტერესდა, რატომ არ დადგა მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობის საკითხი, თუნდაც დანაშაულში თანამონაწილეობის კუთხით.
მან კომისიის სხდომაზე კონკრეტული ჩვენებები წაიკითხა, რომელიც მიხეილ კალანდიას წინასწარ გამოძიებაში აქვს მიცემული. ამ ჩვენებაში ის თავადაც არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდა ჩხუბში.
"კალანდიას მიზანი არის, რომ ეს მოაშოროს გ.ჯ-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით, დანის აშორება კი არ არის, როგორც თვითონ ამბობს, არის, რომ ხელში რომ უჭირავს, დათოს გ.ჯ იმას მოაშოროს და გააშვებინოს ხელი", — აღნიშნა ფხაკაძემ.
ამ გარემოების მიუხედვად რეკომენდაციებს ნაჩქარევს უწოდებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე:
"რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია ამ ეტაპზე რეგლამენტის მიხედვით ამ ტიპის რეკომენდაცია, რომ, ზოგადად, არა გამოძიება, არამედ, კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული".
ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, რეკომენდაციებთან მიმართებით, მათ შინაარსობრივი ან პროცედურული თვალსაზრისით რაიმე შენიშვნა არ აქვთ.
რა განსხვავებაა ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-სა და პროკურატურის ვერსიებს შორის?
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის 3 ივლისის სხდომაზე, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ პროკურორ ზვიად ფხაკაძესა და საქმის უშუალო გამომძიებელს, ირაკლი ფიფიას ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები აქვთ.
საქმე ეხება მოწმის, მიხეილ კალანდიას ზუსტ ადგილმდებარეობას, მაშინ როდესაც ბრალდების ვერსიით, გ.ბ. დანას ურტყამდა დათო სარალიძეს.
კომისიაში გაცხადებული პროკურორ ზვიად ფხაკაძის ჩვენებით, მიხეილ კალანდია 8-9 მეტრის მოშორებით იყო, როდესაც გ.ბ. სარალიძეს დანას ურტყამდა. შსს-ს გაჟღერებული ვერსიით კი, კალანდია მაშინვე შეყვა ფარდულში მოჩხუბარ სარალიძესა და გ.ჯ.-ს.
რატომ არ დაკითხა გამოძიებამ მირზა სუბელიანი?
თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშილმა, რომლის ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ხორავაზე მკვლელობა მოხდა, საქმის ერთ-ერთი მოწმის, მირზა სუბელიანის არ დაკითხვის მიზეზებზე ისაუბრა.
თბილისის მაშინდელი პროკურორის განმარტებით, პროკურატურის მაშინდელი მაღალჩინოსანი იმ მიზეზით არ დაკითხეს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დასაკითხთა სიაში იყო. მისი თქმით, დაკითხვის შემთხვევაში ეს დაცვის მოწმეებზე ზეწოლად მიიჩნეოდა.
"რუსთავი 2-ის ცნობილი კადრებიდან, ვიგებთ, რომ მირზა სუბელიანზე ჩნდება ეჭვი, რაღა თქმა უნდა, დასაკითხი იყო. მაგრამ მაშინ ის იყო დაცვის მოწმე და მაშინ ჩვენი დაკითხვა აღიქმებოდა, როგორც დაცვის მოწმეებზე ზეწოლა. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავკითხავდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავლოდებოდით დაცვას, დაკითხავდა სასამართლოში, რის შემდგომაც დავკითხავდით უკვე ჩვენ", — თქვა შაყულაშვილმა.
რა მოატყუა მიზრა სუბელიანმა საგამოძიებო კომისიას?
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ მირზა სუბელიანმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული, მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. კაპანაძის განცხადებით, სუბელიანმა თქვა, რომ ის თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს არ შეხვედრია.
თბილისის ექსპროკურორმა კი საგამოძიებო კომისიაზე აღნიშნა, რომ მკვლელობის დღეს მას მირზა სუბელიანი დაუკავშირდა და რჩევა სთხოვა, თუ როგორ მოქცეულიყო. მან კი უთხრა, რომ მისულიყო პოლიციაში თავის შვილთან ერთად და მიეცა სრული ჩვენება.
როდის დაასრულა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა?
საგამოძიებო კომისიამ მუშაობა სამ თვეში 5 სექტემბერს დაასრულა და მუშაობის შედეგად შექმნილი დასკვნა დაამტკიცა. საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ პარლამენტში საინტერესო პროცესები წარიმართა, მმართველი გუნდი არ დაეთანხმა ევროპული საქართველოს დასკვნას და ალტერნატიული ვერსია წარმოადგინა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი დასკვნის ორივე ვერსიას უყარეს. მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობით მხარი თავის დასკვნას დაუჭირა. ქართული ოცნების პოზიციით, ევროპული საქართველო საგამოძიებო კომისიის დასკვნას პოლიტიკური რევანშისთვის იყენებდა და დეპუტატებს არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
ევროპული საქართველო ამ დრომდე ითხოვს ძალოვანი უწყებების პარლამენტში მისვლას, კომისიის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის მოსასმენად. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ შს მინისტრი პარლამენტში მივა, თუმცა დღეზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.
რა წერია ევროპული საქართველოს დასკვნაში?
ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული 78-გვერდიანი დოკუმენტი ხუთი თავისგან შედგება. კომისიამ 32 რეკომენდაცია ხუთი მიმართულებით გამოაქვეყნა.
- პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები;
- საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა;
- სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები;
- საკანონმდებლო ცვლილებები.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. ასევე საგამოძიებო კომისია შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებზე.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის და გ.მ.-ს დაჭრის ფაქტებზე.
ასევე, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისია ასევე ითხოვს დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე.
მერვე რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
რა როლი აქვს მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩის საქმეზე, ევროპული საქართველოს დასკვნით?
საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ევროპული საქართველოს დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის — მიხეილ კალანდიას როლს. მისივე თქმით, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, შესაბამისმა უწყებებმა ჯგუფურ მკვლელობაზე სწორი რეაგირება ვერ მოახდინეს.
აბესაძის განმარტებით, კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მიხეილ კალანდიას მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება.
საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საგანი მიხეილ კალანდიამ:
ა) აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს;
ბ) გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას;
გ) აჩვენა ჩხუბის შემდეგ მეგობრებს და აღნიშნა, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი, სადაც მხარი უნდა დაეჭირათ დასკვნისთვის, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი დასკვნის პროექტი დაამტკიცა.
რა წერია ქართული ოცნების დასკვნაში?
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ქართულმა ოცნებამ დასკვნის თავისი ვერსია წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოტივით ან რომელიმე უწყების მხრიდან მართლმსაჯულებისთვი ხელი არ შეშლიათ. ხელისუფლება ოპოზიციის დასკვნას, რომელშიც საგამოძიებო უწყებების ტენდენციურობაზეა საუბარი, "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებდა.
ქართული ოცნება თავის 20-გვერდიან დასკვნაში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყენებდა ტერმინებს "არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა", თუმცა ყველა შემთხვევაში განმარტავდა, რომ ამას საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია. აქვე, პარტია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებდა.
საგამოძიებო კომისიამ საქმეში არსებული მასალების და გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, ოცნებამ მიიჩნევდა, რომ:
- ფარდული საგამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მოქალაქეების ინიციატივით დაანგრიეს და მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა;
- ნივთმტკიცების სახით საქმეში არსებული დანა არ არის განზრახ დაზიანებული ("გაღუნული"). ექსპერტიზის ჩატარებისას დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რაც არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის;
- მირზა სუბელიანის "ხელშეუხებლობა" და მის მიერ გამოძიების მიმდინარეობაზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა.
ქართული ოცნების მიერ მიჩნეული დადგენილი გარემოებები:
- მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში არ ჩატარებულა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები;
- გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი;
- მირზა სუბელიანის, მისი შვილის, ცოლის დისა და მისი შვილის მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის არ გაიჩხრიკა მიხეილ კალანდიას სახლი;
- გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის, ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე, არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა;
- არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა. არ განხორციელდა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა;
- საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით;
- არ გაიჩხრიკა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი;
- დ. ღ.-ს მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები.
რა ნაბიჯები გადადგა შსს-მ?
საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად ხორავას საქმეს აქტიურად განიხილავდნენ პოლიტიკურ წრეებში, სახელმწიფო უწყებებში და არასამთავრობო სექტორში. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმეში ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ამიტომ მომხდარიდან მეშვიდე თვეს ხორავას ქუჩაზე ექსპერტკრიმინალისტები მივიდნენ და დანაშაულის ადგილი კიდევ ერთხელ შეისწავლეს.
შსს-ში განაცხადეს, რომ სარალიძის დაწესებულ ვადაში, 10 ივნისამდე საქმეზე გავლენის მომხდენ პირებს ამხელდნენ. ამ დღეებში გამოკითხვაზე არაერთხელ იმყოფებოდა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ, სარალიძის პრემიერთან შეხვედრიდან 4 დღესა და კომისიის შექმნიდან 2 დღეში შსს-მ საქმეში მონაწილე პირი გამოავლინა და დააკავა.
მერაბ მორჩაძეს, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია, უწყება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. სარალიძე ამბობდა, რომ ამ პირის შესახებ არაფერი სმენია.
შსს-ს "ქმედითი ნაბიჯები" გაგრძელდა. მეორე დღეს დააკავეს მირზა სუბელიანიც.
რა ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე?
მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.
უწყების განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს სუბელიანი იყო ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმისა და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. უწყებაში ამბობენ, რომ საუბრისას სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, უწყებაში თქვეს, რომ მან სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს.
მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა. სანაცვლოდ მიხეილ კალანდიას მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მიხეილ კალანდია დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, მერაბ მორჩაძე მიხეილ კალანდიას ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.
მორჩაძე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავეს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუდლების აღკვეთოთ ვადით ერთიდან სამ წლამდე.
რა უპასუხა მთავრობის ქმედებებს სარალიძემ?
შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება მისთვის გადაგდებული საკენკია. ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.
ზაზა სარალიძე ქუჩაში დაბრუნდა. აქციები განახლდა. რუსთაველი კარვებით გადაიკეტა, დააკავეს ხუთი პირი. მეორე დღეს კი სამართალდამცავებმა კარვები აშალეს და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით ახსნეს.
ამჯერად სარალიძე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. 11 ივნისს სარალიძემ აქცია დროებით შეწყვიტა და ხელისუფლებას კიდევ ერთკვირიანი ვადა მისცა.
სარალიძის მოთხოვნის მიხედვით გახარია არა, მაგრამ 13 ივნისს ქვეყნის პრემიერი გადადგა და მიზეზად ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა. სარალიძე ამტკიცებდა, რომ კვირიკაშვილის გადადგომა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვის მცდელობაა.
მარტო სისტემის კედელთან
კომისის რეკომენდაციის შემდეგ ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა სარალიძემ განაცხადა, რომ უწყებამ მისი მიცემული ვადა დაარღვია და ამის მიზეზი საქმის გაყალბების მცდელობაა.
შვილმოკლული მამა პროტესტის ნიშნად უწყების ეზოში დარჩა. "კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევე მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო, რომელიც არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ", — განაცხადა სარალიძემ. სარალიძე კომისიის მუშაობას დადებითად აფასებდა და უწყებებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვდა.
ის ღამე სარალიძემ სამართალდამცავი უწყების კედელთან გაათენა სამართლის აღდგენის მოთხოვნით. მეორე დღეს მას შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა.
ფოტო: ნატა ფერაძე
როგორც სარალიძემ განაცხადა, სამინისტროში პირობა მისცეს, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ. ამბობდა, რომ შეხვედრით კმაყოფილია. ამიტომ შსს-ს ეზო დატოვა, პროტესტი შეწყვიტა და შედეგებს დაელოდა.
რატომ განახლდა და რა მოთხოვნები აქვს 82-დღიან უწყვეტ პროსტეს?
"მხარდაჭერას მე ვთხოვ ნებისმიერ ადამიანს. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ექიმი იქნება, პროკურორი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, მასწავლებელი, სტუდენტი, მოსწავლე თუ ეკლესიის წარმომადგენელი", — თქვა სარალიძემ და 10 სექტემბერს ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა.
სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ისევ მთავრობის უმოქმედობას და უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს აპროტესტებდა და მკვლელების დასჯას ითხოვდა.
#მამებისიმართლისთვის — ასე ჰქვია 82-დღიან უწვეტ აქციას, რომელიც მამების შიმშილობით დაიწყო. ამჯერადაც სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დარჩნენ და ღამისთევა დაიწყეს. აქციები კი დღისით გრძელდებოდა და მეათე თვის განმავლობაში იგივე მოთხოვნები ჟღერებოდა.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სარალიძე არაერთხელ გახდა შეუძლოდ. შვილმოკლული მამა ხშირად გადაყავდათ საავადმყოფოში, თუმცა პროტესტის ეს ფორმა მანამ არ შეწყვიტა, სანამ პატრიარქმა არ სთხოვა.
დევნა პოლიტიკური კუთხით
სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს და დამხარება კიდევ ერთხელ სთხოვეს. შვილმოკლულმა მამებმა პარტიებთან კონსულტაციები დაიწყეს, რასაც მთავრობის მხრიდან აქტიური კრიტიკა და დესტაბილიზაციის საფრთხეებზე საუბარი მოყვა.
"ეს სამოქმედო გეგმა იქნება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად, კანონის ფარგლებში მოქცეული და არანაირად გადასცდება კანონის ჩარჩოებს", — ამბობდა სარალიძე, თუმცა მის მიმართ კრიტიკა არ შეწყვეტილა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შვილმოკლულ მამას ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი უწოდა და განაცხადა, რომ რუსთაველზე ადგილს პარტიას უნახავდა. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობდა "ბავშვების ჩხუბი" მმართველი ძალისთვის დაებრალებინა. მიუხედავად ყველაფრისა, სარალიძე პროტესს აგრძელდებდა.
კარავი — წლის ყველაზე "დიდი საფრთხე"
46 დღის განმავლობაში სარალიძე და მისი მხარდამჭერები ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებდნენ. აქციის მონაწილეებმა არაერეთხელ სცადეს კარვის გაშლა, თუმცა წინა აქციებისგან განსხვავებით, სამართალდამცავები მათ პატარა კარვის გაშლის უფლებასაც არ აძლევდნენ.
წვიმისა და ქარის მიუხედავად, შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის ტერიტორია არ დატოვეს. პერმანეტნულ რეჟიმში გრძელდებოდა "ბრძოლა" კარვების გასაშლელად, თუმცა ყოველ ჯერზე უშედეგოდ სრულდებოდა. საბოლოოდ, შვილმოკლულმა მამებმა დროშებითა და ბანერებით შექმნილ კონსტრუქციას და ცელოფნეს შეაფარეს თავი.
ფოტო: მამები სიმართლისთვის / FB
ფოტო: მამები სიმართლისთვის / FB
46-ე დღეს, როცა კარვის გასაშლელად მორიგი დაპირისპირება მოხდა, შვილმოკლული მამა სამართალდამცავს თავს დაესხა და ის დააკავეს. თუკი ამ თვეების განმავლობაში რუსთაველზე ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა და სარალიძის მხარდამჭერები "პოლიტიკური სარჩულის არიდების" მოტივით აქციაში ჩართვას ერიდებოდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად "ცოცხალი კარავი გაიშალა". აქტივისტებმა კარავი თავზე ჩამოიცვეს და მაშინ გაშალეს სანამ შიგნით იმყოფებოდნენ, რომ პოლიციას მისი დაშლის საშუალება არ ჰქონოდა. აქციას სარალიძის დედა წარუძღვა და საზოგადოებას სთხოვა მარტო არ დაეტოვებინათ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
აქცია დასრულდა და ხალხის შემცირების შემდეგ პოლიციამ ეს კარავიც დაშალა.
სარალიძე გაათავისუფლეს. თბილისში დაკავების მიუხედავად მის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. არჩევნების მეორე ტურის წინ კი პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული შვილმოკლული მამა სასჯელის გარეშე დარჩა.
ნაძვის ხე პროტესტის ადგილზე
რამდენიმე დღეში, შვილმოკლულ მამებს მერიიდან წერილი მიუვიდათ. ქალაქის საახალწლოდ მორთვისა და ნაძვის ხის აწყობის მიზეზით, მერია მათ ტერიტორიის დატოვებას და პროტესტისთვის სხვა ადგილის მოძებნას სთხოვდა. სარალიძემ უარი განაცხადა.
ქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში კანონი მარტივი გამოსავალი იყო.
"პარლამენტის წინ ეს არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე და მე ეს არ მომიფიქრებია, ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება", — განაცხადა მერმა.
საზოგადოების ნაწილი კალაძეს არ დაეთანხმა და დაიწყო აქცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე,ვირჩევ ადამიანს". შეიქმნა პეტიციაც. კალაძეს არ ეთანხმებოდა სახალხო დამცველი და ზოგიერთი პოლიტიკოსიც. ომბუდსმენი ამბობდა, რომ ხელოვნური არგუმენტებით სარალიძის აქციისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ და ახალი წლის აღნიშვნის მოტივით გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდულიყო.
პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც კარვის გაშლას კრძალვას. უმრავლესობის ლიდერმა მოუწოდა შსს-ს და მერიას კანონის ფარგლებში ემოქმედათ. ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ სარალიძეს კარვის გაშლის უფლება აქვს და ეს უფლება არ უნდა შეეზღუდათ.
ამ განცხადებების შემდეგ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველი იყო ვინ დასვა შეურაცხმყოფელი ტოლობა შვილმკვდარ მამასა და ნაძვის ხეს შორის. სარალიძის მხარდასაჭერად და გამოხატვის უფლების დასაცავად კიდევ ერთი აქცია გაიმართა.
კარვებით დაცული თავისუფლება
62-დღიანი "პრინციპული პოზიცია" კარვების გაშლის შესახებ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინსიტრო ზაზა სარალიძის წინააღმდეგ იყენებდა უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დათმო. NGO-ების მიერ გამართულ სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე კარვები გაიშალა.
კარვების გაშლას წინ უძღოდა დაპირისპირება პოლიციასთან. შვილმოკლული მამა, რომელსაც პოლიციამ კარავი წაართვა ძირს დაწვა და ისე ცდილობდა მის დაცვას.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
"შვილი მომიკლეს, დედას მიკლავენ, ეს როგორ შევარჩინო", — ეს სიტყვები სარალიძემ მას შემდეგ თქვა, როცა დედამისი პოლიციასთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს სარალიძემ და დედამისმა გონება დაკარგეს და ისინი სასწრაფომ გადაიყვანა. რამდენიმე წუთში კი რუსთაველზე კარვები გაიშალა, თან 15.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.
ან მომკლავენ, ან მივაღწევ სამართალს — სარალიძე აქციაზე ამ სიტყვებით დაბრუნდა. შვილმოკლულმა მამამ მოუწოდა კალაძესა და მის გუნდს რუსთაველზე მისულიყვნენ და მის გვერდით დამდგარიყვნენ. თუმცა, რუსთაველზე არავინ მისულა.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
მკვლელობა მკვლელის გარეშე
მალევე წავიდნენ ისინიც, ვინც აქციაზე იმყოფებოდნენ და სარალიძე სამართლიანობის მოთხოვნით ისევ მარტო დარჩა, იმ ხალხთან ერთად, ვინც სამი თვე პარლამენტის წინ მასთან ერთად იცხოვრა.
ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა შვილმოკლული მამა კი იმედით ელოდება დღეს, როცა სამართლიანობას მიაღწევს.
რა ხდება ახლა?
ისევე როგორც გუშინ, ერთი თვის, თუ ექვსი თვის წინ შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. შვილის მკვლელობის წლისთავზე მან თბილისში პარლამენტის შენობიდან ხორავას ქუჩამდე მსვლელობა მოაწყო.
"დათუჩას დავპირდი, მისი სულისთვის სამართლიანობას აღვადგენ", — მამა პირობის შესასრულებლად ბრძოლას აგრძელებს.
კომენტარები