არ აქვს მნიშვნელობა, გვჯერა თუ არა ბიბლიის ანდა აღწერს თუ არა იგი რეალურ მოვლენებს — ის გარკვეული მექანიზმით შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანზე ზემოქმედებდეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ნათან მაკდონალდის, ახალი კვლევის თანახმად, ეს ბიბლიაში შეტანილმა რუკამ განაპირობა, რომელიც 500 წლის წინ დაბეჭდეს.

მაკდონალდმა ლუკას კრანახ უფროსის რუკა შეისწავლა, რომელიც ხრისტოფერ ფროშაუერმა 1525 წელს დაბეჭდა ძველ აღთქმაში. ეს ბიბლიაში შეტანილი პირველი კარტოგრაფიული ნაშრომია.

საქმე ისაა, რომ რუკა უკუღმა დაბეჭდეს: ხმელთაშუა ზღვა პალესტინის აღმოსავლეთით ჩანს. ამ დროს ევროპელებმა მსოფლიოს ამ ნაწილის შესახებ იმდენად ცოტა იცოდნენ, რომ შეცდომას ვერცერთი ხელოსანი ვერ მიხვდა.

რუკა არაზუსტია. მეორე მხრივ, მან შეიძლება არამხოლოდ ბიბლიის, არამედ ხალხში მსოფლიოს აღქმაც შეცვალა — პოლიტიკური საზღვრების ცნება ისევე დაამკვიდრა, როგორც მცდარი აზრი, თითქოს ეს საზღვრები ფიზიკური ფორმითაც არსებობდეს. მე-17 საუკუნიდან, როცა ბიბლიები უფრო ფართოდ გავრცელდა, ადამიანებს წარმოდგენა შეექმნათ, როგორაა მსოფლიო მოწყობილი და როგორია თითოეული ერის ადგილი მასში.

ცნობილი ფაქტია, რომ ბიბლია მუდმივად იცვლება, შესაბამისად, ისტორიის განმავლობაში მისი მრავალი ვერსია დაწერილა. მაკდონალდის კვლევაში გამოყენებული ვერსიაც ერთ-ერთ ამგვარ გადასვლაზე მეტყველებს. ოდესღაც ბიბლიას მხოლოდ მოძღვარი თუ კითხულობდა წირვისას, თანაც ძირითადად ლათინურად. ამ წიგნის კითხვა მოსახლეობამ პროტესტანტიზმის გავრცელებასთან ერთად დაიწყო. ამ დროს გავრცელდა ის რწმენაც, რომ ღმერთთან ინდივიდუალური კავშირი მნიშვნელოვანი იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლია ისტორიებს ჰყვება და კონკრეტულ პერსონაჟებზე მოგვითხრობს, ხალხმა გადაწყვიტა, ილუსტრირების მიზნით ბიბლიური ამბები რუკებზე გამოესახათ — მათი აზრით ხომ, ეს ყველაფერი კონკრეტულ დროსა და ადგილას მოხდა. კრანახის რუკების დათვალიერებისას ნახავდით კარმელის მთას, ნაზარეთს, მდინარე იორდანესა და იერიქონს. ბიბლიის კითხვისას ხალხი თითქოს ვირტუალურად მოგზაურობდა და ამოკითხულ ისტორიებს საკუთარი თვალით ხედავდა.

როგორც აღვნიშნეთ, იმდროინდელი რუკები სიზუსტით ვერ დაიკვეხნიდა. რეგიონები ხაზებად იყო დაყოფილი, რაც მკითხველს ადგილების წარმოდგენას უმარტივებდა. მე-15 საუკუნის დასაწყისში ხაზებზე რუკები სიმბოლურად აღარ მიიჩნეოდა: ხალხმა, სავარაუდოდ, იფიქრა, რომ ქვეყნებიც რეალურად ასეთი ხაზებით იყო დაყოფილი.

შესაბამისად, ქვეყნების რაობაზე ადრეული წარმოდგენები მეტწილად შეიძლება ბიბლიის მიერ იყოს ჩამოყალიბებული. მეორე მხრივ, თავად წიგნის ასეთი ინტერპრეტაცია იმან განაპირობა, რომ იმ დროში ახალი პოლიტიკური თეორიები წარმოიქმნა. ბიბლია ცვლილების საგანიც იყო და განმახორციელებელიც.

მაკდონალდის აზრით, თავისი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო საზღვრების იდეა (განსაკუთრებით ე. წ. წმინდა მიწებთან მიმართებით) ბოლო რამდენიმე საუკუნეში გაჩნდა და უძველეს რეალობას შეიძლება არ ასახავდეს. ტომები მუდმივად გადაადგილდებოდნენ, საზღვრები იწევდა, ავტორიტეტის გავლენა კი რუკაზე მკაცრად გავლებული ხაზებით არ წყდებოდა.

კვლევა გამოცემაში The Journal of Theological Studies გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.