ბოლივიაში არის ადგილი, სადაც დინოზავრთა 18 000-ამდე ნაკვალევია — რა ვიცით
ფოტო: Greg Willis
ახალ კვლევაში მეცნიერები ბოლივიის ტოროტოროს ეროვნულ პარკზე გვიყვებიან, სადაც დინოზავრთა ნაკვალევებია. ისინი რაოდენობითა და მრავალფეროვნებითაა გამორჩეული და Carreras Pampa-ს სახელით ცნობილ პალეონტოლოგიურ ზონაში მდებარეობს.
იქ პრეისტორიულ ცხოველთა 18 000-ამდე ნაკვალევია, რომლებიც მათგან არამხოლოდ სიარულისას, არამედ ცურვის დროსაც დარჩა. ეს დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ მოხდა, რის შემდეგაც მალევე (66 მილიონი წლის წინ) ისინი გადაშენდნენ.
1 321 ბილიკის ფარგლებში სამთითა დინოზავრების 16 600 ნაკვალევი და 289 ცალკეული ანაბეჭდია, სხვა 280 ადგილას კი ცურვის შედეგად დატოვებული 1 378 კვალია. ყველა მათგანი თეროპოდებისაა, რომელშიც ხორცისმჭამელი დინოზავრები და თანამედროვე ფრინველები ერთიანდებიან.
Carreras Pampa ძველად იმ ტბის ნაპირი იყო, რომელიც უკვე აღარ არსებობს. იქ სათანადო პირობების თანხვედრამ მაშინდელ რბილ, წყლიან და კარბონატებით მდიდარ ტალახში ბევრი ცხოველის ნაკვალევი შემოინახა. მის შემცველობაში კალციუმის კარბონატის ოვალური მარცვლები სჭარბობს, დანარჩენი 35% კი სილიკატების წვრილ ნაწილაკებს უკავია.
ამან დინოზავრთა ღრმა ნაკვალევები დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა და დანალექის ფენის დამატებით შედეგად, საბოლოოდ, ისინი განამარხდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანაბეჭდები უფრო გვიანდელ ნაკვალევებსაც არ გადაუფარავს.
იქ ბრჭყალების, კუდისა და მცურავი ცხოველების კვალიცაა, ნიმუშების ზომა კი 10-ზე ნაკლები სანტიმეტრიდან 30-ზე მეტ სანტიმეტრამდე მერყეობს. ბილიკების ორი მიმართულების მიხედვით, დინოზავრები ნაპირს წინ და უკან მიუყვებოდნენ.
მეცნიერებმა ანაბეჭდების 11 სხვადასხვა ტიპი გამოავლინეს. ასევე, მათ იმ ადგილების იდენტიფიცირებაც კი შეძლეს, რომელთა მიმდებარედაც სანაპიროზე მოძრავი დინოზავრები სწრაფად შემოტრიალდნენ და ზედაპირს კუდი შეახეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.

კომენტარები