მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაკაკებს რიტმის აღქმა აქვთ და მასზე აყოლა შეუძლიათ. ექსპერიმენტი ორ ზრდასრულ მაიმუნზე ჩატარდა, რომლებსაც მკვლევრებმა მუსიკის ფონზე რიტმში კაკუნი ასწავლეს.

ეს კვლევა ე.წ. ვოკალური სწავლების ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც რიტმის აღქმას მხოლოდ ის სახეობები ახერხებენ, რომლებსაც ვოკალური უნარების განვითარება შეუძლიათ. მაკაკები ასეთი ტიპის უნარებს არ ფლობენ, რაც თეორიის გადახედვისკენ გვიბიძგებს.

ფოტო: Getty Images

თავდაპირველად მეცნიერებმა ორი მაიმუნი მეტრონომის ბგერების თანხლებით კაკუნში გაწვრთნეს. ეს შედარებით ადვილი ამოცანაა, რადგან მეტრონომი მარტივ და მკაფიო ბგერებს გამოსცემს. მოგვიანებით კი მაიმუნებს უკვე ნამდვილი მუსიკის რიტმთან შეგუება უწევდათ, რა დროსაც "რიტმის დაჭერა" გაცილებით უფრო რთულია.

კვლევა სამ ეტაპად ჩატარდა და თითოეულის გადალახვისას მაიმუნებს წვენით აჯილდოებდნენ. თითოეული ცდისას მაიმუნს ხელს სენსორულ ზოლზე ადებინებდნენ. როგორც კი მუსიკა დაიწყებოდა, ვიზუალური სიგნალი მაიმუნს ხელის აწევისა და სენსორზე კაკუნისკენ ანიშნებდა.

პირველ ეტაპზე მაკაკებს სამი მუსიკალური ნაწარმოების რიტმზე ზუსტად დაკაკუნება ასწავლეს. როცა მკვლევრებმა მუსიკა ნახევარი ტაქტით შეცვალეს მაიმუნების კაკუნიც შესაბამისად შეიცვალა, რაც ცხადყოფს, რომ ისინი უბრალოდ ინსტინქტურად არ მოქმედებდნენ.

მეორე ექსპერიმენტში მეცნიერებმა მუსიკა ნაწილებად დაჭრეს და არეული თანმიმდევრობით დააბრუნეს, ისე, რომ თავდაპირველი სტრუქტურა მთლიანად დაიკარგა. ასეთ შემთხვევაში მაიმუნებს სინქრონში დარჩენა მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, როცა რაიმე თანმიმდევრულ რიტმს შენიშნავდნენ.

ბოლო ეტაპი კი თავისუფალი კაკუნი იყო. მაიმუნებს უწყვეტი, ნებისმიერი თანაბარი ტემპის შენარჩუნებისთვის აჯილდოებდნენ და ამავდროულად Backstreet Boys-ის "Everybody"-ს სამ განსხვავებულ სიჩქარეზე ასმენინებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი თანაბარი კაკუნისას ჯილდოს იღებდნენ, მაკაკები მაინც სიმღერის ნამდვილ ტემპს მიყვებოდნენ.

ფოტო: Don Mammoser/Alamy

"ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ მაკაკებს მუსიკალური რიტმის აღქმა და მასთან სინქრონიზაცია შეუძლიათ", — წერენ ავტორები.

ამ უნარის ახსნას მეცნიერები ახალი "ოთხ კომპონენტიანი ჰიპოთეზით" ცდილობენ. მათი აზრით, მუსიკალური რიტმის აღქმა ოთხი ზოგადი შესაძლებლობის ერთობლიობით იბადება.

ეს შესაძლებლობები მუსიკაში რიტმის ამოცნობას, მომდევნო ბგერის წინასწარ განჭვრეტას, მოსმენილ ხმაზე რეაგირებასა და ამ ყოველივეს კოორდინირებას მოიცავს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.