ასტრონომებმა გიგანტური მბრუნავი სტრუქტურა დააფიქსირეს, რომელშიც 14 გალაქტიკაა
ფოტო: Lyla Jung
ჩვენგან 140 მილიონი სინათლის წლის მოშორებით აირისგან შედგენილი ძაფისებრი სტრუქტურა (ფილამენტი) აღმოაჩინეს, რომელიც ბრუნავს. მისი სიგრძე დაახლოებით 5.5 მილიონ სინათლის წელზე ვრცელდება, სიგანე კი 117 000 სინათლის წელს აღწევს, ანუ იგი ჩვენს გალაქტიკაზე ფართოა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შეიძლება ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი მბრუნავი "ობიექტი" იყოს.
ფილამენტი წყალბადით მდიდარ 14 გალაქტიკას აერთიანებს და ის სწორედ მათი მეშვეობით გამოავლინეს. ეს სისტემა ასტრონომებმა MeerKAT-ის მეშვეობით შენიშნეს, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული 64 რადიოტელესკოპისგან შედგება.
გამოთვლებმა აჩვენა, რომ უზარმაზარი სტრუქტურა წამში 110 კილომეტრი სიჩქარით ბრუნავს და გარშემო არსებული გალაქტიკებიც ამავე მიმართულებით გადაადგილდება. ეს მიანიშნებს, რომ ამგვარი ფილამენტები შეიძლება გალაქტიკების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს, რადგან ვარსკვლავთა შეჯგუფებების მოძრაობის სისწრაფესა და ტრაექტორიაზე გავლენა უნდა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრები ამგვარი სტრუქტურების არსებობას დიდი ხანი პროგნოზირებდნენ. ამას სიმულაციებიც ადასტურებდა, მაგრამ აქამდე საკმარისად მგრძნობიარე ტელესკოპები არ მოგვეპოვებოდა, რათა მათ პირდაპირ დავკვირვებოდით.
ასტრონომების ვარაუდით, კოსმოსში სხვა მსგავსი მბრუნავი ფილამენტებიცაა და იმედი აქვთ, რომ მათ ახლო მომავალში აღმოვაჩენთ. ამაში ახალი თაობის ტელესკოპები დაგვეხმარება, რომლებითაც კოსმოსის უფრო ღრმა რეგიონებს შევისწავლით.
საინტერესოა, რომ ბევრი ასეთი "სტრუქტურა" ერთმანეთს ებმის და ვრცელ კოსმოსურ ქსელს ქმნის. სწორედ ამ უკანასკნელშია მოქცეული ის მატერია, რომელიც გალაქტიკათა ურთიერთდაკავშირებული სისტემების ფორმირებას უწყობს ხელს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

კომენტარები