მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს
ფოტო: Getty Images
მეცნიერები სახის ფილერებთან დაკავშირებული რისკის შესახებ გვაფრთხილებენ. კერძოდ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, ამან კი კანის დაზიანება, დეფორმაცია და, ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს.
სპეციალისტებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის მეშვეობით არასასურველი შედეგის მქონე ინიექციის 100 შემთხვევა შეისწავლეს. ისინი კლინიკებს სწორედ ულტრაბგერითი ანალიზის ჩატარებას ურჩევენ, სანამ კანში ამოსავსებ ნივთიერებას შეიყვანენ. ამით ახლომდებარე არტერიებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება შეიძლება ავიცილოთ თავიდან.
სახის ფილერებით ნაოჭების გასწორებას, სახის გაახალგაზრდავებასა და ცხვირისთვის ან ტუჩისთვის სასურველი ფორმის მიცემას ცდილობენ. ცხვირის ზონა განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგან იქ არსებული სისხლძარღვები თავის მნიშვნელოვან რეგიონებს უკავშირდება. მათი დაზიანება ისეთი სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, როგორიც ინსულტია.
მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ გაანალიზებული შემთხვევების თითქმის ნახევარში სისხლი არ მიედინებოდა მომცრო სისხლძარღვებში, რომლებიც ზედაპირულ არტერიებს უფრო ღრმა არტერიებთან აკავშირებს; შემთხვევების მესამედში მიმოქცევის დარღვევა შენიშნეს მთავარ სისხლძარღვებშიც.
სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ ინიექციამდე ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებას, რათა ნივთიერება არტერიებთან ზედმეტად ახლოს არ დაგროვდეს. გართულებებისას იმავე მეთოდითაა შესაძლებელი იმ ადგილის პოვნაც, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
ამისთვის სპეციალისტები ჰიალურონიდაზას იყენებენ, რომლითაც ფილერს შლიან. თუკი მათ ზუსტად ეცოდინებათ, სად უნდა შეიყვანონ ეს ფერმენტი, უკეთეს შედეგს მიიღებენ და ნაკლები ნივთიერება დასჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ულტრაბგერითი ანალიზი სრულიად არაინვაზიური პროცედურაა და არც მავნე რადიაცია ახასიათებს. შესაბამისად, ის პაციენტებისთვის უსაფრთხოა და ფილერებთან ასოცირებული რისკების შემცირებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
მეცნიერები თავიანთი კვლევის შედეგებს ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგენენ.

კომენტარები