მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ
ფოტო: Getty Images
ტყუპებზე ჩატარებული ახალი კვლევა ტელეფონთა უსაფრთხოებაზე სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 12 წლის ასაკში სმარტფონის ფლობა დეპრესიის, სიმსუქნისა და უხარისხო ძილის რისკების ზრდასთანაა დაკავშირებული.
"ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თინეიჯერების ჯანმრთელობაზე საუბრისას სმარტფონებს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. სანამ ბავშვებს ტელეფონს მისცემენ, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე", — აცხადებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი რან ბარზილაი.
მეცნიერებმა 10 588 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს; ეს ინფორმაცია კვლევიდან (სახელად ABCD Study) მოიპოვეს, რომელიც მოზარდების ტვინის განვითარებას ეხება და წლებია მიმდინარეობს. მკვლევრებმა იმ 12 წლის მოზარდების ჯანმრთელობა შეისწავლეს, რომლებიც სმარტფონებს მოიხმარდნენ; ისინი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებს დააკვირდნენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 12 წლის ასაკში სმარტფონის მომხმარებელთა დაახლოებით 6.5%-ს დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მათში, ვინც სმარტფონს არ იყენებდა, 4.5% იყო. სხვაობა ერთი შეხედვით მცირეა, თუმცა სტატისტიკურად მაინც მნიშვნელოვანია.
სიმსუქნე სმარტფონის მომხმარებელთა 18%-ს აღენიშნებოდა, როცა უტელეფონო მოზარდებში ეს მაჩვენებელი 12% იყო. არასაკმარისი რაოდენობით სმარტფონის მომხმარებლების 47%-ს ეძინა, როცა მეორე ჯგუფში — 31%-ს.
იმ ბავშვებს, რომლებიც ტელეფონს 13 წლამდე ფლობდნენ, მენტალური ჯანმრთელობის მეტი პრობლემა ჰქონდათ და ძილის ხარისხიც ნაკლები იყო. ამის მიუხედავად, ამ ასაკში სიმსუქნის მხრივ შესამჩნევი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ტელეფონის მოხმარებას დადებითი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ მხოლოდ მისი პასუხისმგებლობიანად გამოყენების შემთხვევაში.
"ბევრი თინეიჯერისთვის სმარტფონმა სოციალური კავშირების დამყარებაში დადებითი როლი შეიძლება ითამაშოს. აგრეთვე, მისი გამოყენება სასწავლო პროცესშიც შეიძლება, ინფორმაციისა და სხვადასხვა წყაროს მოძიების კუთხით", — აცხადებს ბარზილაი.
ამ კვლევას რამდენიმე შეზღუდვაც ჰქონდა. მაგალითად, დეპრესიის შემთხვევები ცხოვრების ნებისმიერი ეტაპის დროს აღინიშნებოდა, რის გამოც მონაწილეებში იგი შეიძლება სმარტფონის მიღებამდეც განვითარებულიყო.
ამის მიუხედავად, ეს კვლევა მენტალურ ჯანმრთელობასა და სმარტფონის მოხმარებას შორის მნიშვნელოვან კავშირებს მაინც აჩვენებს.
სამომავლოდ მკვლევრებს სმარტფონთან გატარებული დროისა და კონკრეტული აპლიკაციების ზეგავლენაზე სურთ დაკვირვება. ისინი კვლევის შედეგების უფრო ხანგრძლივ პერიოდში შეფასებასაც აპირებენ, რათა გაიგონ, როგორ ვლინდება სმარტფონის უარყოფითი ეფექტები ზრდასრულ ასაკში.
კვლევა ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა.


კომენტარები