პოლუსებზე არსებული ყინულის დნობას მთელს მსოფლიოზე აქვს გავლენა. გამლღვალი ყინულის გამო ზღვის საშუალო დონე იმატებს და პოლუსებისგან მოშორებითაც კი კლიმატზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. საინტერესოა, რომ ყინულის დნობით მიღებული ეფექტები მთელს დედამიწაზე ერთნაირად არ ვლინდება და ისინი რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის დნობასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირი შეისწავლეს. მათ იქ არსებული ყინულის საფარის, დედამიწის ზედაპირისა და გლობალური კლიმატის კომპიუტერული მოდელები შექმნეს. ასე ავტორებმა ანტარქტიდის ყინულის დნობის პროცესსა და მის ეფექტებზე დაკვირვება შეძლეს.

ფოტო: Luis Acosta/AFP via Getty Images

ამ კონტინენტზე ყინულის შესწავლა ცალსახად მნიშვნელოვანი საკითხია. ის იმდენ წყალს შეიცავს, რომ ზღვის საშუალო დონის დაახლოებით 58 მეტრით აწევა შეუძლია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ყინულის ლღობა ეკოსისტემისა და მოსახლეობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებს აჩენს.

ამ ტერიტორიაზე ყინულის დნობის სიჩქარე ტემპერატურის ზრდაზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელზე გავლენა კი სატრანსპორტო საშუალებებისა და ფაბრიკა-ქარხნების მიერ წარმოქმნილ სათბურის აირებს აქვს.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის დიდი ნაწილის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ქვეყნები სათბურის აირების ემისიებს 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შეამცირებს. თუკი ასე არ მოხდება და ატმოსფეროს მომავალშიც ასეთი ტემპით დავაბინძურებთ, დედამიწის ეს აირადი გარსი და ოკეანეები მეტად გათბება, ამან კი შეიძლება ყინულის საფარის დნობა და ზღვის დონის გაცილებით სწრაფი მატება გამოიწვიოს.

ფოტო: NASA/JPL/University of Texas

საინტერესოა, რომ ზღვის დონე ყველგან თანაბრად არ იზრდება. ბევრ ადგილას ზღვის დონის მატება საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს, ზოგან კი — ჩამოუვარდება. ამის ძირითადი მიზეზი გრავიტაციაა, რადგან ყინულოვანი საფარების მასა ძლიერ გრავიტაციულ მიზიდულობას იწვევს. ეს მათ გარშემო არსებულ ოკეანის წყალს იზიდავს და როგორც კი ყინულოვანი საფარი პატარავდება, ოკეანეზე მისი გრავიტაციული მიზიდულობაც მცირდება. ამის შედეგად ყინულოვანი საფარის ახლო რეგიონებში ზღვის დონე იკლებს, ხოლო უფრო შორეულ რეგიონებში — იმატებს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულოვანი საფარისა და დედამიწის მყარი ზედაპირის კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს. ამით მათ სურდათ გაეგოთ, თუ რა ელის ზღვის დონეს გლობალური ტემპერატურის მატებისა და ყინულის დნობის პირობებში. ექსპერტები ამჟამად რამდენიმე პოტენციურ სცენარს განიხილავენ: ყველაზე ზომიერი საფრთხის პირობებში, თუ მსოფლიოში სათბურის აირების ემისიები მეტ-ნაკლებად შემცირდება, 2100 წლისთვის ზღვის დონე 0.1 მეტრით, ხოლო 2200 წლისთვის 1 მეტრზე მეტით გაიზრდება.

ემისიების ზომიერად წარმოქმნის სცენარის შემთხვევაში 2200 წლისთვის ზღვის დონის მატება ყველაზე შესამჩნევ გავლენას ინდოეთის, წყნარი ოკეანისა და ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილის აუზებზე იქონიებს. მეცნიერების თქმით, თუ სათბურის აირების გაფრქვევა ამ სიხშირით გაგრძელდება ან გაიზრდება, წყნარი ოკეანის აუზის ზოგიერთ ნაწილში ზღვის დონე 4.3 მეტრამდე აიწევს.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ზღვის დონის მატებას მხოლოდ ანტარქტიდის ყინულის დნობისას ითვალისწინებს. გრენლანდიის ყინულოვანი საფარი და ოკეანეების გათბობისას წყლის თერმული გაფართოება ზღვის დონის მატებაზე ასევე იმოქმედებს.

მართალია, ზღვის დონის მატების ეს მაჩვენებლები საგანგაშო ჩანს, მაგრამ ბოლო პროგნოზებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელი სცენარის აცხადება ნაკლებად სავარაუდოა. ამის მიუხედავად, კვლევის ავტორები ყურადღებას შესაძლო საფრთხეებზე ამახვილებენ და პასუხისმგებელ პირებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.