დამოკიდებლობის მოპოვების დღიდან ხელისუფლებაში მოსვლის მსურველები დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების პირობას დებენ. ისმოდა დემოკრატიით ევროპის გაოცების დაპირებაც. თუმცა, ევროპული იდეალებისთვის ბრძოლა, საბოლოოდ, ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების სურვილში გადაიზარდა.

იყო და არა იყო რა

ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია საკმაოდ საპასუხისმგებლო, მაგრამ უფლებაშეზღუდულ ადგილზე "ვაკანსია გამოცხადდა". როგორც უმუშევრობის მაღალმაჩვენებლიან ქვეყანას სჩვევია ვაკანტური ადგილის მსურველი ბევრი გამოჩნდა და "ხელჩართული ბრძოლაც გაჩაღდა". ბრძოლა ქართულად, რუსულად, ისტორიით, კანაფით, ეკლესიით, ღმერთით და უღმერთოდაც.

ბედმა და ამომრჩეველმა ფინიშის ხაზთან მისვლა ყველას არ არგუნა. ხალხის ორი რჩეულის, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის არჩევა კი საზოგადოების ნაწილს საერთოდაც არ სურს. სწორედ მათზე გადის ფრონტის ხაზი. "საომარ მოქმედებებს" ერთმანეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია და დამოუკიდებელ კანდიდატთან გაერთიანებული მთავრობა აწარმოებს.

29 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე ცესკომ საზოგადოებას არჩევნების პირველადი შედეგები ამცნო. მეორე ტური გაიმართება. სწორედ ამ დროს "თამაში" ახალი წესებით დაიწყო.

ჩანაცვლება

ქართული ოცნების ოფისში საზეიმო განწყობა გაქრა. კონცერტისთვის გამზადებული სცენა დაიშალა, საპრეზიდენტო თაიგული და კანდიდატი გაუჩინარდა.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

მეორე დღეს იმ პარტიის გენერალურმა მდივანმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს მიგვანიშნა, რომ პირველ ტურში ვერმოგებას "არასწორ კანდიდატს აბრალებდნენ". ჩვენი პარტიის წევრი რომ წარგვედგინა, მოვიგებდითო თქვა კალაძემ და გაურკვევლობაში დატოვა ამომრჩეველი. ხალხმა იფიქრა, რომ პარტია ზურაბიშვილს გაემიჯნებოდა, მაგრამ მეორე დღეს კალაძე მას გვერდით დაუდგა და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება უსურვა.

ორდღიანი ფიქრის შემდეგ ქართულ ოცნებაში ახალი სტრატეგია დაისახეს და ზურაბიშვილის შტაბის პარალელურად საკუთარი შექმნეს. თუკი პირველ ტურში პარტია ენერგიას და სატელევიზიო სივრცეს იმაზე ხარჯავდა, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ემართლებინა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ოცნების ახალი გეგმით, ზურაბიშვილის განცხადებები მისმა დუმილმა შეცვალა.

საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაცია მთავრობამ უხვი დაპირებებითა და რადიკალური ნაბიჯებით ჩაანაცვლა. მეორე ტურის წინ დაგეგმილი ინიციატივების სია გრძელია:

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ქართული ოცნება

მალევე, მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. ხალხის გულის ტკივილსა და იმედგაცრუებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგი ხალხის პასუხია პარტიის არასწორ ქმედებებზე. ამომრჩეველს გამოსწორება და ხელშესახები ცვლილებები დაუანონსა. საბოლოოდ, "ძველ გვარდიას" უხმო დასახმარებლად და დაჰპირდა, რომ "ღვაწლი დაუფასებელი არ დარჩებოდა".

ივანიშვილის ამ განცხადებას მთავრობის "ქმედითი ნაბიჯები" მოჰყვა:

მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები "ქმედით ნაბიჯებს" დგამდნენ, თბილისის მერიისგან შვილმკვდარმა მამებმა წერილი მიიღეს. ქალაქის საახალწლოდ მოსართავად მათ პარლამენტის მიმდებარე ადგილის დატოვებას და პროტესტის სხვაგან გამოხატვას სთავაზობდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მერიის ამ მოთხოვნას საზოგადოებამ და არასამთავრობო სექტორმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ამ დრომდე უცნობი მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 62-დღიანი "პრინციპული პოზიცია" კარვის გაშლის შესახებ ნახევარსაათიანი დაპირისპირების შემდეგ დათმო. შეხლა-შემოხლის შემდეგ პარლამენტთან კარვები გაიშალა, თან 15.

კითხვაზე, რატომ არ იღებენ კარვებს, რომელზეც ორი თვე ამტკიცებდნენ, რომ საფრთხის შემცვლელი იყო, უწყებაში პასუხი არ აქვთ. ასე "მოაგვარა" მთავრობამ მეორე ტურის წინ ეს პრობლემა.

თუმცა, ხელისუფლებამ არჩევნების მოსაგებად გადადგმული ნაბიჯები საკმარისად არ მიიჩნია. ამიტომ, ბევრი განხილვის და კრიტიკის მიუხედავად, არჩევნები სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნეს. მართალია, გადაწყვეტილება ცესკომ მიიღო, მაგრამ ეს ფაქტი ცესკომდე ქალაქის მერმა "დაასპოილერა".

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სამუშაო დღეს დანიშვნა არანაირ გავლენას არ მოახდენს ამომრჩევლის აქტივობაზე, მაგრამ რეგიონებში რეგისტრირებული და სხვაგან მცხოვრები ამომრჩევლები ისევე, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულები მას არ ეთანხმებიან.

მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობის მიუხედავად, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკა გრძელდებოდა. გაგრძელდა ინიციატივებიც.

მძიმე არტილერია

სხვადასხვა ქალაქში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა. ერთი შეხედვით ბანერებზე უცნაური არაფერია და მმართველი პარტიის ლიდერები პრინციპული არჩევანის მიღებაზე საუბრობენ. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ქართულ ოცნებაში გადაწყვიტეს, რომ საკმარისია, ამომრჩეველმა იცოდეს რიცხვი 48 და სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარი. გამოდის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამომრჩეველი მის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილს დაინახავს, მამუკა ბახტაძეს თუ ირაკლი კობახიძეს.

უჩვეულო არამარტო სტრატეგია, არამედ ის არგუმენტები იყო, რომლითაც ეს გადაწყვეტილება განმარტეს. "ჩანაცვლებული" კანდიდატის თქმით, მისი სურათი პირველ ტურშიც "საკმარისი" იყო, პრემიერმა კი რიტორიკული კითხვა დასვა თუ რა იყო ამაში განსაკუთრებული.

აღმოჩნდა, რომ სურათების გარდა ზურაბიშვილი "საკმარისი იყო" სარეკლამო ვიდეოებშიც. კანდიდატი ვიდეოებიდანაც გაქრა და მის მხარდასაჭერად გამართული კონცერტებიდანაც.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობამ მასშტაბური ნაბიჯი გადადგა. ბიძინა ივანიშვილის ბანკი "უიმედო ვალების" ნაწილს გაანულებს. სესხი აღარ ექნება მათ, ვინც ერთი წლის წინ 2 000 ლარამდე თანხა აიღო და მთელი წელი მის დაბრუნებაზე არ იფიქრა. ასეთი 600 000 ხმის მიმცემი ადამიანია.

ინიციატივა მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. აღნიშნულს გამოეხმაურა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე და განაცხადა, რომ შეუძლებელია ამ ფაქტის სხვაგვარად დანახვა და ამომრჩევლის მოქრთამვა ცალსახად მიუღებელია. საქმეს პროკურატურა შეისწავლის.

ივანიშვილი ფრონტის ხაზზე

"მძიმე არტილერიასთან" ერთად ფრონტის წინა ხაზზე ისევ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. პირველი ტურისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის ლიდერი ტელევიზიებისა და ჟურნალისტების მიწვევის ნაცვლად თავად მივიდა იმედის საგანგებო ეთერისთვის შექმნილ გადაცემაში.

ივანიშვილმა ამომრჩეველს უთხრა, რომ გაბრაზებულია თავის გუნდზე, მაგრამ თავად ხალხი ნაწყენი ჰგონია და არა — გაბრაზებული. აღნიშნა, რომ ამ პარტიაზე სხვა წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ დღეიდან მის წევრებს არა ერთგულების, არამედ პროფესიონალური კუთხით აირჩევს. ოცნების თავმჯდომარეს არაერთი მიგნება და დაპირება ჰქონდა:

  • ივანიშვილის აზრით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლებას თუ არ შეუძლია გაკეთება, თანაუგრძნობს მაინც;
  • მას უნდოდა ხალხს სცოდნოდა, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპებს კიდევ ამზადებენ და "ყოველ მათგანზე ცრემლები მოსდის";
  • თავმჯდომარე დაჰპირდა ყველას, რომ "ხელებს დააჭრის" მათ, ვინც არჩევნების გაყალბებაზე იფიქრებს;
  • რაც ყველაზე მთავარია, თქვა, რომ ვალების ჩამოწერა საარჩევნო მოსყიდვად არ უნდა ჩათვლილიყო;
  • ბოლოს აღნიშნა, რომ საჭირო დროს დაბრუნდა, თორემ სხვა დროს მისი "შემობრუნება" დაგვიანებული იქნებოდა;

მთავრობის მიმართ ისმოდა ბრალდებებიც. არასამთავრობოები ამბობენ, რომ ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ყალბ პირადობის მოწმობებს უმზადებენ. ამ საკითხს პროკურატურა იძიებს. სერვისები განვითარების სააგენტოში კი განაცხადეს, რომ ეს გაუგონარი და აბსურდული ბრალდებაა.

სად იყო სალომე ზურაბიშვილი

ვერმოგებულ არჩევნებს ორდღიანი მდუმარება მოჰყვა. საპრეზიდენტო კანდიდატი არ გამოჩნდა. პასუხების მისაღებად ჩასაფრებულ ჟურნალისტებს კი ზურგი აქცია და განუცხადა "როცა დავაპირებ, გეტყვით".

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

მართალია, მალევე განაცხადა, რომ ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა მედიასთან სულ რამდენჯერმე გამოჩნდა და ძირითადად ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა. ზურაბიშვილი მის გასაპრეზიდენტებლად გადადგმულ ნაბიჯებს შორიდან აკვირდებოდა და შეფასებისგანაც იკავებდა თავს. ოკუპირებულ სოფელ ატოცშიც ჩავიდა და კრიტიკოსების პასუხად რუსული აგრესია დაგმო. შემდეგ განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ და არასამთავრობოებს შეახსენა, რომ ყურადღების მიქცევა მათი საქმეა.

გამოირჩეოდა ფეისბუქგვერდზე. დაესწრო ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს და ქართველი მორაგბეებს ჰიმნი უმღერა თბილისიდან ფლორენციაში. ამ პერიოდის განმავლობაში არჩევნების მეორე ტურზე და შესაძლო გაპრეზიდენტებაზე თითქმის არ უსაუბრია. ბილბორდებიდან მისი ფოტოს გაქრობის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა: "ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო" და ისევ უპასუხო კითხვები დატოვა.

ზურაბიშვილის განცხადებებს აგვისტოს ომზე განხილვა მეორე ტურშიც მოჰყვა. კანდიდატს ყოფილი სამხედროები დაუპირისპირდნენ და წამოიწყეს კამპანია "არა მოღალატეს". პასუხად ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ქართულ ჯარს მიმართა. უთხრა, რომ ერთიანობის გარანტი იქნება, რათა ჯარის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფა არ მოხდეს. აქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა.

მეორე ტურის წინ ზურაბიშვილმა უარი თქვა დებატებზეც. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ევროპული კამპანიის ნაცვლად, ცილისწამება და მუქარა მიიღო. სამაგიეროდ, დათანხმდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს, რომელიც არ შედგა. მის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მიზეზი გრიგოლ ვაშაძის მხრიდან უარია და ტელევიზიამ ბალანსის დაცვის მოტივით არც მის ინტერვიუს დაუთმო დრო. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ინტერვიუს ფორმატი ტელევიზიამ დებატების სანაცვლოდ შესთავაზა და უარიც ამიტომ განაცხადეს.

ქართული ბომონდის საგანგებო რეჟიმი

არჩევნების პირველ ტურში ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ მარტო მთავრობა არ გააქტიურებულა. ტელეკომპანია იმედმა განაცხადა, რომ "რეჟიმის"მილიონი დახარჯოს და სოციალურად დაუცველს ბავშვებს დაბრუნებას არ დაუშვებს და საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.

მალევე შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა "არა ნაციზმს", რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დარბეული აქცია გააპროტესტა. რუსთაველის თეატრში შეკრებილ აქტივისტებს და ქართული ბომონდის წარმომადგენლებს აქციაზე ეცვათ მაისურები წარწერით "არა მიშას" და აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ვაშაძის გაპრეზიდენტებას და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. ვერასა და ვაკეში მსგავსი შინაარსის კიდევ ორი აქცია გაიმართა. ერთი ვერის ბაღში, ერთი კი მრგვალ ბაღში.

მოგვიანებით თბილისში გამოჩნდა ბანერები წარწერით "არა ნაცებს", რომელთა დამზადება 51 841 ლარი დაჯდა. ქართულ ოცნებაში თავიდან თქვეს, რომ ბანერების გაკვრა მათი ინიციატივა არ იყო, მაგრამ ინფორმირებული იყვნენ. მალევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ბანერების შინაარსს არ ემიჯნებიან, პირიქით, დამკვეთებს ლოჯისტიკურად მმართველი პარტია დაეხმარა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

მართალია, ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის მსახიობების ნაწილი პირველ ტურშიც გვერდით ედგა ზურაბიშვილს, მაგრამ მეორე ტურში მათი რიცხვი გაიზარდა. ქართველი ვარსკვლავები ესწრებიან სხვადასხვა ტოქ-შოუებს, სადაც ზურაბიშვილის ინტერესებს იცავენ. აქტიურად შედიან განხილვაში სოციალურ ქსელში და ქართული ოცნების მხარდამჭერ მოწოდებებსაც ავრცელებენ. ასევე მონაწილეობენ ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტებში, რომელსაც თავად კანდიდატი არ ესწრება.

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა პატრიოტთა ალიანსმაც. ქართული მარშიც აპირებდა, თუმცა მთავრობამ 2 ულტიმატუმიდან მხოლოდ მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა დაუკმაყოფილდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მისასვლელად და ზურაბიშვილის "შემოსახაზად" მარშელები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც ითხოვენ.

პატრიოტთა ალიანსი ზურაბიშვილისთვის

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

საპარლამენტო პარტია სალომე ზურაბიშვილის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით არ შემოიფარგლა. ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პატრიოტებმა 2 მასშტაბური აქცია გამართეს ბათუმსა და თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ აქციის სლოგანი და შინაარსი ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა იყო, აქტიურად ისმოდა ზურაბიშვილის მხარდასაჭერი მოწოდებები. ჩანდა კანდიდატის სარეკლამო ბანერებიც.

ალიანსის ლიდერები ამბობდნენ, რომ მთავრობაზე გაბრაზებულები არიან, რადგან ნაციონალებს აღზევების საშუალება მისცეს, მაგრამ მაინც მოუწოდებდნენ ათიათასობით მხარდამჭერს, მთავრობის რჩეული კანდიდატისთვის ხმის მიცემას.

მოთმინება — არგუმენტი დუმილისთვის

მეორე ტურამდე 3 დღით ადრე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა წინასაარჩევნო ინტერვიუ მიეცა. მან მადლობა გადაუხადა ტელეკომპანია იმედს იმისთვის, რომ შანსი მისცეს ამომრჩევლისთვის მიემართა და სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარებოდა.

ინტერვიუს მსვლელობისას ზურაბიშვილმა უმეტესი დრო იმის მტკიცებას დაუთმო, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია და მთავრობა არ აკონტროლებს. ამის არგუმენტად პარლამენტში გაჟღერებული ის იდეები ჩამოთვალა, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივებისგან განსხვავდებოდა. კანდიდატმა ისაუბრა იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტი იყოს მედიატორი და ხალხამდე მიიტანოს ის, რასაც მთავრობა აკეთებს, მაგრამ ვერ ხედავენ.

ინტერვიუს მსვლელობისას მან არაერთხელ ახსენა არაევროპული საარჩევნო კამპანია და განმარტა, რომ ოპონენტების ქმედებებს "მოთმინებით და დავიწყებით" პასუხობდა. მისი თქმით, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ურთიერთობა უფრო მარტივი გახდება და იმედი აქვს, რომ "ამ ფორმით მოთმინება საჭირო აღარ იქნება".

კანდიდატი ამომრჩეველს და ოპონენტებს დაჰპირდა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ყველას პრეზიდენტი იქნება. წაგების შესახებ დასმულ სამომავლო გეგმების კითხვას კი ასე უპასუხა: "არ არსებობს ეს კითხვა. ამაზე პასუხი არის ის, რომ გავიმარჯვებთ ყველანი ერთად".

შეუსრულებელი მისია: ექსპრეზიდენტის დასაბრუნებლად

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

პარალელურ რეალობაში, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ქართული ოცნებისას, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 28 ოქტომბერს ოცნების კანდიდატზე "გამარჯვება" და მეორე ტურის გამოკვეთა იზეიმა. რუსთავი 2-ისა და ევროპული საქართველოს ეგზიტპოლებით გახარებულებმა ცრემლიც კი ვერ შეიკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეგზიტპოლის მაჩვენებელი ჰგავდა ცესკოს გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და მან პირველივე ტურში მოიგო. თუმცა, ოპოზიციაში საპროტესტო აქციების დაგეგმვაზე დიდი დრო არ დაუხარჯავთ და მეორე ტურის სამზადისს შეუდგნენ.

ისევ "სისხლიანი 9 წელი"?

მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგია უფრო მეტად გაფართოებასა და ძველი თანამებრძოლების შემოკრებას ისახავდა მიზნად.

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე თქვა, რომ მეორე ტურში მხარს ვაშაძეს დაუჭერდა, რადგან ოპოზიციას გამარჯვების შანსი ჰქონდა. ამავე პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ეს არ ნიშნავდა მათ გაერთიანებას, თუმცა საზოგადოების ნაწილმა არ დაიჯერა. ასე გაჩნდა "დიდი გაერთიანებისა" და "წარსულის დაბრუნების" შიში.

ბაქრაძის შემდეგ ვაშაძეს მხარი დაუჭირა კიდევ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ზურა ჯაფარიძემაც, თუმცა განმარტა, რომ "იძულებული" იყო ეს გადაწყვეტილება მიეღო. მაშინ გირჩის ლიდერი ამბობდა, რომ ეს იყო შანსი, რომლითაც შესაძლებელს გახდიდა ივანიშვილის ხელში არ ყოფილიყო ფორმალური ძალაუფლების, თუნდაც სუსტი ბერკეტი. რამდენიმე დღეში გადაიფიქრა, ორივე კანდიდატის გადახაზვა გადაწყვიტა და არჩევნებს შეაგინა.

გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის წარსულის ოპონენტმა და უფრო შორეული წარსულის თანამებრძოლმა, რესპუბლიკურმა პარტიამ. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილს შეხვდა და ბოდიში მოუხადა. ბერძენიშვილმა კი სააკაშვილს აპატია და ვაშაძეს ხელიც ჩამოართვა.

გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებას შიში გაუძლიერა. რესპუბლიკური პარტიის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა უფრო დიდი უთანხმოება დაივიწყეს და თავად ირაკლი ოქრუაშვილს შეურიგდნენ.

ოქრუაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის გამო პირად წყენებს ივიწყებდა. დიდი გაერთიანება 3 ნოემბერს შედგა, ვაშაძის მხარდაჭერის გადაწყვეტილების შესახებ კი ოქრუაშვილმა 8 ნოემბერს განაცხადა.

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ძალა ერთობაშია

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილს ოქრუაშვილივით არ შეუძლია წყენის დავიწყება და 11 წლის წინანდელი ნოემბრის მოვლენებიც კარგად ახსოვს. გაერთიანებულ ოპოზიციაში მსგავსმა მატებამ ნეიტრალური ამომრჩევლის გაღიზიანება გამოიწვია. "სისხლიანი ცხრა წლის" შიში გაძლიერდა.

საზოგადოების პროტესტი გაიზიარა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამაც. ის ამბობდა, რომ გაერთიანება არის უაღრესად დამაზიანებელი. მისი აზრით, ხმების მოსაზიდად ისეთ ადამიანებს არ უნდა შეკვროდნენ, ვინც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. პოლიტიკოსს მიაჩნდა, რომ ვაშაძემ ოქრუაშვილთან შერიგებით მორალური უპირატესობა დაუთმო ქართულ ოცნებას.

თუმცა, მალევე თავად უგულავა წარსულში "ჯართად" მოხსენიებულ მიხეილ სააკაშვილს "შეურიგდა" და დაეთანხმა ექსპრეზიდენტს იმაზე, რომ "ერთი ოჯახი" არიან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი

დიდი გაერთიანების და წარსული მეგობრების შერიგება აღარ გაგრძელებულა. გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალურმა მოძრაობის ძველი თანამებრძოლებიდან თითქმის ყველა შემოიკრიბა სალომე ზურაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის გარდა.

კამპანია "არ შეგვიწყალო"

ძველი ნაცნობების ერთად შეკრების გარდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამომრჩეველში კიდევ ერთ შიშს აძლიერებს. ვაშაძემ განაცხადა, რომ პოსტზე მოსვლისთანავე შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიასა და არა მხოლოდ მათ. "ყველას შევიწყალებ", — ამბობდა კანდიდატი.

ფოტო: მიხეილ სააკაშვილი/ FB / პირველი არხი / IPN

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ სხვისი შესაწყალებელი არაფერი სჭირს და ქვეყნის წინაშე მისი ერთადერთი "დანაშაული" ქართული სახელმწიფოს აშენებაა.

შეწყალებაზე უარს ამბობს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. არმსურველთა სიას შეუერთდა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაიაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ სასჯელს უსამართლოდ იხდის.

ახალაიას მტკიცებით, შეწყალებაზე უარს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ამბობს. მისი თქმით, ეს ერთადერთია, რითაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ხელშეწყობა შეუძლია და თავგანწირვისთვის მზად არის.

დისკრიმინაცია პოპულისტური მოტივებით

სანამ საზოგადოება ძველი მთავრობის გაერთიანებასა და შეწყალებების საფრთხეებზე ღელავდა ექსპრეზიდენტი აქტიურად იყო ჩართული ვაშაძისთვის ხმების მოპოვების პროცესში. არჩევნების ღამეს სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში დაითვალა ცესკოს ოქმები და ემოციებით ამცნობდა მხარდამჭერებს, რომელ უბნებზე იგებდა მათი კანდიდატი.

მოგვიანებით მან უფრო არაორდინალურ გზებს მიაგნო. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობილი სლოგანის გადაკეთება და ქართულ რეალობაზე მორგება იყო.

საბოლოოდ, არჩევნების მოგებაზე ორიენტირებულმა სააკაშვილმა ქართული ოცნების კრიტიკა ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ განცხადებებში გადაზარდა. ექსპრეზიდენტმა, რომლის საარჩევნო კამპანია სრულად ეფუძნებოდა ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მნიშვნელობას განაცხადა, რომ საქართველოს "ჯღანი" ტურისტები კი არა, მდიდარი შეიხები სჭირდება. გარდა ამისა, მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნების მიგრანტები. სააკაშვილი არ მოერიდა ანტისემიტურ განცხადებასაც და ქართული ოცნების პიარსპეციალისტი "აფერისტ ებრაელად" მოიხსენია.

არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილის მხრიდან პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო. კრიტიკის პასუხად სააკაშვილმა თქვა, რომ ყველანაირი ანტისემიტიზმი სძულს და თავად დაესხა თავს არასამთავრობოებს.

სად იყო გრიგოლ ვაშაძე

მეორე ტურის წინა პერიოდში არც გრიგოლ ვაშაძე გამოირჩეოდა მედიასთან აქტიური კონტაქტით. თუმცა, კანდიდატი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობდა და მათ თავის პროგრამას აცნობდა.

მთავრობის წევრების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს თავადაც შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა. შეხვედრიდან გამოსვლისთანავე თქვა, რომ ილია მეორე დაინტერესებული იყო "თუ როგორ აპირებდა ამ მახინჯი სისტემის დანგრევას". განცხადებას საპატრიარქო მალევე გაემიჯნა და საპრეზიდენტო კანდიდატი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

დეზინფორმაცია ვაშაძის კამპანიისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა. პრორუსულობაზე კრიტიკას ვერც ეს კანდიდატი გადაურჩა, ამტკიცებდა, რომ გავრცელებული ინფორმაციები სიცრუე და ქართული ოცნების ჩატარებული ანტიპიარი იყო. პასუხად ხშირად იმეორებდა იმასაც, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებისას საქართველოს პოზიციები დაიცვა და არ დათმო.

საბჭოთა წარსულის განხილვისას დაზვერვაში მუშაობას უარყოფდა. რაც შეეხება რუსულ განათლებას და დიპლომს, იმით ხსნიდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში არ დაბადებულა. თუმცა არ ღებულობდა კრიტიკას საბჭოთა დიპლომატობასთან დაკავშირებით. Deutsche Welle-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამის არათუ რცხვენია, არამედ ამაყობს კიდეც. იქვე აღნიშნა, რომ საბჭოთა დიპლომატობით კარგი გამოცდილებაც მიიღო.

პირველი ტურისთვის ვაშაძემ ხისტი დამოკიდებულება გამოიჩინა ნარკოპოლიტიკის საკითხების მიმართ, მარიხუანის მომხმარებლები პედოფილებს შეადარა. შემდეგ ხელისუფლების ინიცირებულ მარიხუანის სამედიცინო მიზნით კულტივაციის კანონპროექტს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია. პარალელურად, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის და შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებულებს შეწყალებას დაპირდა.

რაც შეეხება საზოგადოების შიშებს ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო რევანშისა და შურისძიების შესახებ კანდიდატს ასეთი პასუხი ჰქონდა: "რა დროს ეგაა, დღეს ქვეყანაში არის შიმშილი".

ჭირი — იქა, ლხინი — აქა

სოციალურ ქსელებში დაწყებულია ომი: რა უფრო სამარცხვინოა კანდიდატი, რომელიც საბჭოთა დიპლომატობით ამაყობს, თუ კანდიდატი, რომელიც რუს დიპლომატ სერგეი ლავროვს აქებს. ეს ომი ჯერ არავის მოუგია. მაგრამ, მათგან ერთ-ერთი მალე არჩევნებს მოიგებს და რამდენიმე დღეში ქვეყნის მთავარსარდალი გახდება.