შექმნეს რობოტი მეკარე, რომელსაც რონალდუმ გოლი გაუტანა — ნახეთ
ფოტო: Mark Rober/YT
მარკ რობერი NASA-ს ყოფილი ინჟინერია, რომელმაც სამეცნიერო ცნობისმოყვარეობა სანახაობად გადააქცია. მან განსაკუთრებით გასართობ ინდუსტრიაში დაიმკვიდრა სახელი. რობერის ახალი პროექტი გამორჩეულად ამბიციურია: ინჟინერმა რობოტი მეკარე შექმნა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ "ითამაშა".
ექსპერიმენტის მთავარი მიზანი მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იყო: რამდენად შეუძლია საინჟინრო სიზუსტეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის ინსტინქტებზე გამარჯვება? ამის გაგება ლონდონში, უემბლის სტადიონზე, გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ადრე აქ საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომლის დროსაც რობერს სიმბოლურად გოლის გატანა სთხოვეს. თავისდა გასაკვირად, მან ეს მართლაც მოახერხა.
რობერი ფეხბურთელობაზე ყოველთვის ოცნებობდა, თუმცა ამისთვის სათანადო უნარები არ ჰქონია. ამ გოლის შემდეგ მან თავის მეგობარ სპორტსმენ ლენდონ დონოვანს დაურეკა, რომელმაც რობერს სავარჯიშო გეგმა შეუდგინა. სამწუხაროდ, ინჟინერმა ვარჯიშს თავი ვერ გაართვა. ამის შემდეგ მან იფიქრა, რომ თუ თვითონ ვერ გახდებოდა საუკეთესო ფეხბურთელი, მისი შექმნილი რობოტი მაინც უნდა გამხდარიყო.
რობერს თავიდან მარტივი რობოტის შექმნა ჰქონდა განზრახული, რომელიც კარის წინ ჰორიზონტალურად გადაადგილდებოდა, თუმცა მან რობოტის დახვეწა მალევე გადაწყვიტა. ინჟინერმა მაღალი სიჩქარის მქონე 22 ინფრაწითელი კამერა შეიძინა, რომლებსაც წამში 500 კადრის გადაღება შეეძლო. კამერებმა ბურთზე მიკრულ ამრეკლავ სტიკერებზე დაკვირვებით მოძრაობის ტრაექტორიის სამგანზომილებიანი რუკა შეექმნა, რომელიც მილიმეტრული სიზუსტისაა.
კომპიუტერი შემომავალ მონაცემებს ყოველ 6 მილიწამში ამუშავებდა და 50 ცხენისძალის მქონე ძრავებს შესაბამის ბრძანებებს უგზავნიდა. გარდა ამისა, რობერმა საუკეთესო ამერიკელი თავდამსხმელები შეაგროვა. თითოეულმა შეტევამ ათასობით მონაცემი წარმოქმნა, რომლებიც, საბოლოოდ, რობოტის პროგნოზს აუმჯობესებდა.
"მეკარე" ისე დაიხვეწა, რომ შეტევას რეალურ მოთამაშეებზე უკეთაც კი იგერიებდა. მეორე მხრივ, რონალდუ უბრალო მოთამაშე არ არის — მან მალევე შენიშნა პატარა ნაპრალი, რომელსაც რობოტი ვერ იცავდა და თავისი ცნობილი ტექნიკით ბურთი სწორედ იქ მოახვედრა. ასე და ამგვარად, მან, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რობოტის დამარცხება შეძლო.
კომენტარები