2007 წლის 7 ნოემბერი — მოვლენების ქრონოლოგია
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრიდან არ დაწყებულა. სახალხო პროტესტს წინ რიგი მოვლენები უძღოდა, რომლის გამოც 3 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. პროტესტის მონაწილეები იმდროინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად პოლიციამ დაარბია ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით. მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია იმედის ოფისში შეიჭრა. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, სადაც ისევ თავად გაიმარჯვა.
2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წელი გავიდა. დღეს პოლიტიკოსები აფასებენ მომხდარ ძალადობას, ნაწილი ბოდიშს იხდის, ნაწილი კი დამნაშავეების დასჯას დღემდე ითხოვს. პოლიტიკური განცხადებების ფონზე On.ge ონლაინ-გამოცემა Civil.Ge-ს არქივზე დაყრდნობით იმ ძირითადი მოვლენების ქრონოლოგიას გთავაზობთ, რომელმაც 7 ნოემბერი გამოიწვია.
7 ნოემბერი, 2006 წელი
ყოფილმა თავდაცვისა და იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა. ინფორმაცია ოქრუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე გავრცელდა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი 10 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დაინიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა 10 ნოემბერს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის მიზეზი რუსული აგრესია იყო. მისი განმარტებით, სწორედ საქართველოს ეკონომიკა გახდა კრემლის სამიზნე.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოქრუაშვილის გადაყენების ძირითადი მიზეზი სამხრეთ ოსეთის შემოერთების ვადებთან დაკავშირებით რადიკალური განცხადებები იყო. 2006 წლის მაისში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, თუ საქართველო 2007 წლის პირველი იანვრისთვის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შემოერთებას ვერ შეძლებს.
12 სექტემბერი, 2007 წელი
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული, მიხეილ ქარელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც 12 სექტემბერს გორის გამგებლისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავების სპეცოპერაციას პროტესტი მოჰყვა, მათ შორის გუბერნატორის მხრიდანაც. მიხეილ ქარელს, რომელიც გორის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას ძალით ცდილობდა, პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია.
შედეგად, ქარელმა გააკრიტიკა ხელისუფლების "დემოკრატიულობა" და განაცხადა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დღეებში განაცხადებდა. სავარაუდოდ, ის თანამდებობის დატოვებას გულისხმობდა, თუმცა ხელისუფლებამ დაასწრო და გადააყენა. მიხეილ ქარელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის უკანასკნელი მოკავშირე იყო, რომელიც ხელისუფლებაში თანამდებობას იმ დრომდე ინარჩუნებდა.
14 სექტემბერი
ორმა დეპუტატმა, თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ასევე ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები არიან, მმართველი პარტია დატოვეს.
25 სექტემბერი
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესსაქმიანობის შესწავლა დაიწყო.
იმავე დღეს ოქრუაშვილმა იმედის ეთერში განაცხადა, რომ აფუძნებდა პოლიტიკურ პარტიას მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. მან პრეზიდენტი სააკაშვილი "ანტი-სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში" და ბიზნესმენ, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა.
27 სექტემბერი
ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.
იმდროინდელი მთავარი პროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას თქმით, გამოძიების მიერ თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გაფლანგვისა და მითვისების შემთხვევები.
28 სექტემბერი
პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 2003 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იყო ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ "თავიდან მოეშორებინათ" და "დაემხოთ" სააკაშვილის რეჟიმი.
"გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინე ტერმინი "დამხობა". მინდა, ყველა გავაფრთხილო, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი, თორემ სახელმწიფოდ პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესი", — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ. ის ამჟამად პარლამენტის წევრია პარტია ევროპული საქართველოს სახელით, რომელიც ენმ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა.
29 სექტემბერი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილის შესახებ პირველად ამ დღეს ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის ბრალდებები მის მიმართ ყალბია. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში "ხელშეუხებელი" არავინაა.
"ამ კაცმა დაგვაბრალა ის, რაც მან ძალიან კარგად იცის, რომ არის მთავარი პრინციპი ჩემი ცხოვრების, რის წინააღმდეგაც მე ვილაშქრებ — ნათესაურ-კლანურ-კორუფციული გარიგებები; დაგვაბრალა ის, რაც არის ყველაზე მიუღებელი და ყველაზე ისეთი რამ, რაც არასოდეს არ გაგვიკეთებია და ვერასოდეს ვერ გავაკეთებდით და მან ეს ბრწყინვალედ და მშვენივრად პიროვნულად იცის", — განაცხადა სააკაშვილმა.
8 ოქტომბერი
ოქრუაშვილმა პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერში უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ თავისი განცხადებები და თქვა, რომ ბრალდებები მისი მხრიდან "პოლიტიკური დივიდენდების მიღებას" ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი გეგმების შესახებ სრულად იყო ინფორმირებული ბიზნესმენი და ტელეკომპანია იმედის თანამფლობელი, ბადრი პატარკაციშვილი.
ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ნათქვამი თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი ავალებდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას მოეგროვებინათ კომპრომატები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ არ შეესაბამოდა სინამდვილეს და შესაბამისად, ინფორმაციას და მტკიცებულებებს ამის შესახებ ასევე არ ფლობდა.
მან ასევე უარყო განცხადებები, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფლობს წილებს საქართველოს რკინიგზაში, ბილაინის ადგილობრივ ოპერატორ კომპანიასა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ში.
მან ასევე განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, არიან თუ არა ჩართულები ვანო მერაბიშვილი და გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია კორუფციაში, როგორც ადრე საჯაროდ განაცხადა.
ამ ჩვენების შემდეგ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ბადრი პატარკაციშვილს ბრალი დასდეს ოქრუაშვილის ხელით სახელმწიფოს წინააღმდეგ "ინტრიგების ხლართვაში".
გენპროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას, განცხადებით ოქრუაშვილი მას შემდეგ დატოვებს საპატიმროს, რაც 10 მლნ ლარის ოდენობით "უპრეცედენტო" გირაოს გადაიხდის, თუმცა "გირაო არ გულისხმობს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას".
გვარამიას განცხადებით, დაიწყო გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილის იმ სატელევიზიო ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზიდენტ, სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გააჟღერა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, მას შემდეგ, რაც აღიარა გამოძალვისა და სამსახურებრივი გულგრილობის შესახებ წაყენებული ბრალდებები, 8 ოქტომბერს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
10 ოქტომბერი
ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები. პატარკაციშვილი ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებულმა "რთულმა სიტუაციამ" შესაძლოა, აიძულოს და პოლიტიკაში მოვიდეს. პატარკაციშვილმა ამის შესახებ 10 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, ღია ეთერი ისაუბრა. პოლიტიკაში ჩართვის შემთხვევაში, პატარკაციშვილი აპირებდა მედიაჰოლდინგში თავისი აქციები News Corporation-სთვის გადაეცა.
პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ხელისუფლება თავს ესხდომა ტელეკომპანია იმედს, რადგანაც ის "მართალი სიტყვის" შუქურა იყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა "პირდაპირი მცდელობა" მედიაჰოლდინგის წართმევისა, იყო "უამრავი მომხიბვლელი შემოთავაზება".
"მე არასოდეს ვიტყვი უარს ორ რამეზე: ღირსებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. შემიძლია, მათ მივცე ყველაფერი, რაც საქართველოში გამაჩნია, მაგრამ ნუ შეეხებით იმედს", — განაცხადა პატარკაციშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მოსაზრება, რომ, თითქოს, ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა, "უსაფუძვლოა".
11 ოქტომბერი
ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდიოდა.
17 ოქტომბერი
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებდა, თავიანთი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა:
- პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში — 2008 წლის გაზაფხულზე;
- არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
- მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
- გათავისუფლდნენ "სინდისისა" და პოლიტიკური პატიმრები.
მანიფესტის ავტორები საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე მიუთითებდნენ.
მანიფესტის ერთი პუნქტი ეძღვნებოდა "პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას". ამ კონტექსტში პარტიები პირობას დებდნენ, რომ გათავისუფლდებოდნენ "სინდისისა" და პოლიტიკური პატიმრები, გამოძიებული იქნებოდა შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდის გახმაურებული საქმეები (პრეზიდენტ გამსახურდიასა და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებანი, სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის და სხვათა მკვლელობები, თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე და ა.შ.).
19 ოქტომბერი
ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ პროტესტს უძღოდა წინ.
22 ოქტომბერი
ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია ხელისუფლებას პერმანენტული აქციების შესახებ აფრთხილებდა.
"ეს იქნება არაერთდღიანი აქცია. ეს აქცია გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ იქნება შესრულებული", — განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა, კობა დავითაშვილმა რომელიც კოალიციის სახელით საუბრობდა.
23 ოქტომბერი
რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში. აჭარაში ჩასვლამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა აქციები ჩოხატაურსა და ოზურგეთში გამართეს.
25 ოქტომბერი
პარტია საქართველოს გზის, თავისუფლებისა და რესპუბლიკელების ლიდერები: სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდნენ. შეხვედრა ათი პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიციის საერთაშორისო მცდელობების ნაწილი იყო, რათა "წარმოეჩინათ თავიანთი ზომიერი, ნაკლებად რადიკალური პოზიცია".
28 ოქტომბერი
ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ "ცივილიზებული გზით" გამართონ აქციები.
პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის "მთლიანად იზიარებს" ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მანიფესტს, რომელშიც ოპოზიციამ თავისი ხედვა ჩამოაყალიბა არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებაზე, ბიზნესზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკაზე.
ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი. ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ჩანდა, როგორ მიაყენა რამდენიმე კაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა თანასწორობის ინსტიტუტის წევრს, გიორგი ხაინდრავას და დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს კონსერვატორული პარტიიდან. კადრებში ასევე ჩანდა, როგორ ესხმის თავს და სცემს კაცთა ჯგუფი დეპუტატ ბეჟან გუნავას.
ოპოზიცია ამბობდა, რომ ადეკვატურად უნდა დაისჯილიყვნენ ის პირები, რომლებიც 28 ოქტომბერს ზუგდიდში ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა.
30 ოქტომბერი
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა.
"იქნება საპროტესტო აქციები და ეს აქციები ჩაივლის ისე, როგორც ყველა სხვა აქციას ჩაუვლია. და ჩვენი საზოგადოება მიეჩვევა იმას, რომ თუნდაც ხალხმრავალი დემონსტრაციები არის ჩვეულებრივი ნაწილი დემოკრატიის. ეს აქციები ჩაივლის და ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ჩატარდება არჩევნები", — განაცხადა მან.
კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში ერთდროულად უნდა ჩატარებულიყო. არჩევნების კონკრეტული თარიღი პრეზიდენტს უნდა დაენიშნა.
1-ლი ნოემბერი
რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩავიდა თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. Civil.Ge წერს, რომ ტელეკომპანია იმედი გვიან ღამით პირდაპირ ეთერში გადასცემდა მანქანებისა და მიკროავტობუსების გრძელ კოლონას, რომელიც თბილისისკენ მიემართებოდა. ეს კადრები ვარდების რევოლუციის წინ რუსთავი 2-ის მიერ გადაღებული ვიდეომასალის ანალოგიური იყო.
2 ნოემბერი
ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით, იმავე დღეს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა.
3 ნოემბერი
ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო. აქციაზე ისმოდა სკანდირება: "წადი, წადი"; "გადადექი, გადადექი".
4 ნოემბერი
საზოგადოებრივ მაუწყებელში სატელევიზიო ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა:
- საპროტესტო აქციები დემოკრატიის ნაწილია და ეს ნორმალურია;
- მე ყველაფერს ვუსმენ, რასაც ხალხი ლაპარაკობს. მე ქვეყნის და თითოეული ადამიანის პრეზიდენტი ვარ;
- ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ტექნოლოგიები ძალიან ნათელია: ტყუილების ინდუსტრია;
- იგივე პიროვნებები, რომლებიც ამ ტყუილების ინდუსტრიას იყენებდნენ 90-იანი წლების შუაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის წინააღმდეგ, ახლა იგივეს საქართველოში აკეთებენ. ისინი აქ ჩამოვიდნენ და ეს ტყუილების ინდუსტრია შექმნეს;
- ეს არის ვარდების რევოლუციის იმიტაციის უნიჭო მცდელობა;
- ოლიგარქიული რუსული ძალები ლობირებენ საქართველოში არეულობის მოწყობას რუსეთში არჩევნების წინ;
- ჩემს მომდევნო საპრეზიდენტო ფიცის დადებას გელათის საკათედრო ტაძარში ვაპირებ;
- არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
5 ნოემბერი
დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, პარტია ჩვენ თვითონ ლიდერმა პაატა დავითაიამ და თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას იწყებენ.
"ჩვენ ამით ვამბობთ, რომ ბოკერია-სააკაშვილის გამოწვევა მიღებულია და ფეხს არ ვიცვლით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს – საქართველო პრეზიდენტის გარეშე", – განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას კონსერვატორების ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა.
იმავდროულად, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიტინგზე გამოსვლისას მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გაერკვეულიყვნენ, რა ხდებოდა პრეზიდენტის ირგვლივ, "მას აღარ შეუძლია თავისი საქმიანობა, თუ ამის საშუალებას გარემოცვა არ აძლევს?".
უსუფაშვილის განცხადებით, "პრეზიდენტთან დიალოგს აზრი არ აქვს", თუმცა გაგრძელდება ოპოზიციის დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან. პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით საპროტესტო აქციის მონაწილემ საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყა.
6 ნოემბერი
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა 5 ნოემბერს მიუნხენიდან ტელეკომპანია იმედის გადაცემას ღია ეთერს ინტერვიუ მისცა. მან ბოდიში მოუხადა "იმ ქართველებს, რომლებსაც იმედი გაუცრუა თავისი ჩვენებით". მისი თქმით, ციხეში ჩვენების მიცემა აიძულებს.
"შენი [მიხეილ სააკაშვილის] დღეები დათვლილია, რადგან ხალხმა უკვე გამოგიტანა განაჩენი; მე იძულებითი პოლიტიკური ლტოლვილი ვარ; მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: როგორ გაიძულო შენ დატოვო ხელისუფლება. ყველა ის ბრალდება, რომელიც მე პრეზიდენტ სააკაშვილს წავუყენე, სიმართლეა, მაგრამ მე არ მომეცემა ამის დამტკიცების საშუალება საქართველოში არსებული მართლმსაჯულების პირობებში", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგით უპასუხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს და განაცხადა, რომ თუ საქართველოში პირველივე მოთხოვნისთანავე მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგებოდა, მასზე ძებნა გამოცხადდებოდა.
ამავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "ფარსი" უწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც საქართველოში შექმნილ პრობლემებს რუსეთისგან მართული უწოდა.
"კომენტირება იმ პოლიტიკური მოღვაწის [პრეზიდენტ სააკაშვილის] გამოსვლის მე არ მსურს. ფარსი, რომელიც სდევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებას, ნათელია ყველასთვის", – იუწყებოდა რია ნოვოსტი სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა სერგეი ლავროვს "კორექტული გამონათქვამებისაკენ" მოუწოდა .
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისაგან, საქართველოს ბედი წყდება საქართველოში, მისი მომავალი მთლიანად არის საქართველოს მოსახლეობის ხელში და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების. ამ სულისკვეთებით ჩვენ გვინდა მეზობლებთან ავაწყოთ ჩვენი ურთიერთობები", — განაცხადა ბეჟუაშვილმა.
ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ტაქტიკამ, უგულებელყოს ათიათასობით ადამიანის მოწოდებები, შესაძლოა, "უკონტროლო პროცესები" გამოიწვიოს.
"ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულიად დაეკისრება პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას", – განაცხადა მან 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.
განსხვავებით მისი წინა განცხადებებისაგან, ამ შემთხვევაში პატარკაციშვილის მთავარი სამიზნე პრეზიდენტი სააკაშვილი გახდა.
"სააკაშვილს არ შერცხვა, როცა თქვა, რომ ხალხი გარეთ უცხოელი მტრების გავლენისა და უცხოური პოლიტტექნოლოგიების გამო მივიდა", — განაცხადა პატარკაციშვილმა.
ის სააკაშვილის იმ განცხადებას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო აქციებს "რუსული ოლიგარქიული ძალების" მხარდაჭერით მართავენ.
ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას შორის 3 ნოემბერს გამართული სატელეფონი საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
20-წამიანი ჩანაწერი ტელეკომპანიების საშუალებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
"დახმარება გჭირდება? მე მგონი, დახმარება გჭირდება. შეხედე ერთი-ორი დღე და მერე მითხარი. მისმინე, უთხარი მიშას [მიხეილ სააკაშვილს] დაითხოვოს მთავრობა და მე დამნიშნოს პრემიერ-მინისტრად და აქციას დაგიშლით", — კითხულობს მამაკაცის ხმა, რომელიც, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
7 ნოემბერი
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც, ვითომდა, მას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, ბაჩო ახალაიას შორის შედგა, ყალბია.
აქციის დაშლა
დილით, დაახლოებით 8 საათისთვის სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს და რამდენიმე პიროვნება დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით.
ოპოზიციამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მოშიმშილეებისათვის, რომლებსაც წვიმიან ამინდში უწევდათ ღია ცის ქვეშ ყოფნა, პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმას აპირებდნენ.
7 ნოემბერს, დილით, საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაქცეულიყო. მისი თქმით, აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა.
"დიახ, ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის კანონის მოთხოვნა. 2 ნოემბრის შემდეგ არანაირი ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე არ მოძრაობდეს არ არსებობდა", — განაცხადა უგულავამ.
იმ დროს სახალხო დამცველმა, დღეს კი ქართული ოცნების გუნდის ლიდერმა, სოზარ სუბარმა დაგმო დილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დარბევის ფაქტი. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია განაახლა.
პარლამენტის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე დაიკავეს.
იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიცია ხელკეტებით უსწორდებოდა მომიტინგეებს, რომლებიც სამანქანო გზის დაკავებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, რომლებმაც მოგვიანებით დატოვეს ტერიტორია.
დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოიქცა.
"ეს იყო ქუჩის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობა. მათ აქვთ შესაძლებლობა განაგრძონ აქცია ქუჩის გადაკეტვის გარეშე", — განაცხადა მან.
პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისაგან გათავისუფლება და ქვეყანა აგრძელებდა ''ჩვეულებრივად და ნორმალურად ფუნქციონირებას".
"ძალის გამოყენებით გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, შესაბამისად იქნა მიღებული შესაბამისი ზომები რუსთაველის ქუჩის გასახსნელად. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, დასავლური ცრემლსადენი გაზი, რომელი გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი დემონტრაციების დასაშლელად ის, რაც მოხდა დღეს", — განაცხადა ნოღაიდელმა.
250-მდე ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშალეს.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციების განახლებისკენ მოუწოდეს ასობით მომიტინგეს, რომლებიც რიყეზე შეიკრიბნენ. მომიტინგეებმა რიყეზე გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მათი აქცია პარლამენტის წინ დაშალა. სამართალდამცავებმა რიყეზე შეკრებილი მომიტინგეებიც დაშალეს.
ათასობით მომიტინგე მტკვრის სანაპიროსკენ და მეტეხის ტაძრისკენ მიმავალი ტერიტორიებისაკენ მასობრივად გაიფანტნენ. მათ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სდევნიდნენ; იყო მათ წინააღმდეგ ქვების სროლის შემთხვევებიც. მომიტინგეებს გზა არ გადაუკეტიათ, თუმცა მათი დაშლა მაინც დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, არეულობის დროს 508 ადამიანი დაშავდა.
"კომპრომატები" ოპოზიციის წინააღმდეგ
აქციის ძალისმიერად დაშლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას განეცხადებინა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა.
მასალაში წარმოდგენილი იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილისა და თანასწორობის ინსტიტუტის დამაარსებლის, გიორგი ხაინდრავას ჩანაწერები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით "რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ".
"შევადგენ დოკუმენტს პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, ჩვენი პარტიის, ჩვენი ისტორიის და ჩვენი მიზნების შესახებ, რომელსაც გამოგიგზავნით", — შსს-ს ცნობით, ამ სიტყვებს შალვა ნათელაშვილი ეუბნება სოკოლოვს, რომელიც რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელია.
კიდევ ერთ სატელეფონო ჩანაწერში, სავარაუდოდ, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი იგივე პიროვნებას ესაუბრება საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით. ფარული კამერით გადაღებულ კადრებში, სავარაუდოდ, გიორგი ხაინდრავა ხვდება ადამიანს, რომელიც, შსს-ს ცნობით, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელია.
ამავე დღეს გავრცელდა მორიგი ჩანაწერი, რომელშიც კონსტანტინე გამსახურდიას ძმა, ცოტნე გამსახურდია რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ხვდება. ასევე გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ცოტნე გამსახურდია საყვედურობს თავის ძმას, კონსტანტინე გამსახურდიას და ცალკე სატელეფონო საუბარში შალვა ნათელაშვილს, როგორ გაუშვა ოპოზიციამ შანსი ხელიდან მას შემდეგ, რაც 150 000 ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
მიხეილ სააკაშვილმა ჩანაწერების გავრცელების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში არეულობა იგეგმებოდა.
"ჩვენ ვიცით, რომ ალტერნატიული მთავრობა უკვე ჩამოყალიბდა მოსკოვში. ბოლო დროს რუსეთის კონტრდაზვერვამ საქართველოში საქმიანობა გააძლიერა. რუსული კონტრდაზვერვა ცდილობს ფეხი მოიკიდოს ზოგიერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას შორის. საქართველო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა [ბადრი პატარკაციშვილმა] ღიად მოუწოდა მთავრობის დამხობისკენ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, ჩვენ მივიღებთ ყველა ზომებს, რათა აღდგეს წესრიგი თბილისის ქუჩებში და ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნდეს", — განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე დიპლომატი რუსეთის საელჩოში არასასურველ პერსონად გამოცხადდა და ისინი მალე დატოვებდნენ საქართველოს.
ტელეკომპანია იმედის დარბევა
7 ნოემბერს, ღამით, ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანია იმედის სტუდიები დაარბიეს, ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინეს და აპარატურა გაანადგურეს. იმავე დღეს ტელეკომპანია კავკასიასაც შეუწყვიტეს მაუწყებლობა. მოგვიანებით ტელეკომპანია იმედს.
პრეზიდენტმა იმავე დღეს გამოსცა დეკრეტი თბილისში 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, დროებითი შეზღუდვები დაწესდა დემონსტრაციებსა და მანიფესტაციებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით დამხობის მოწოდებებზე.
"მხოლოდ ეს შეზღუდვები წესდება, სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება", — განაცხადა ნოღაიდელმა მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობის დროს მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო მაუწყებლობა.
ევროკავშირმა საქართველოში მომხდარი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა, რუსეთი კი სააკაშვილის განცხადებებზე ადეკვატური პასუხით დაიმუქრა.
8 ნოემბერი
დილით, 11 საათისთვის ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა. საქართველოს მიერ სამი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთმა, ასევე, სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
16 ნოემბერი
გაუქმდა საქართველოს მასშტაბით 7 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა. ტელეკომპანია კავკასიამ მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაუწყებლობა განაახლა. იმედი კვლავ გათიშული დარჩა, რადგან მისი ქონება და მაუწყებლობის ლიცენზია სასამართლომ დააყადაღა.
13 დეკემბერი
ტელეკომპანია იმედმა 12 დეკემბერს საღამოს, 34-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე 24 დღით ადრე მაუწყებლობა განაახლა.
"იმედი დაბრუნდა. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა დატოვეს იმედის სტუდია და ჟურნალისტები დაბრუნდნენ... იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უკანასკნელი ჟურნალისტები ვიქნებით, რომლებიც იარაღის მუქარით აიძულეს ტელეკომპანია დაეტოვებინათ", — განაცხადა იმედის წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ. თარგამაძე 7 ნოემბერსაც ეთერში იჯდა, როდესაც სტუდიაში სპეცრაზმი შეიჭრა.
იმედის მაუწყებლობის განახლების პირველი საათი 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებას დაეთმო. იმედის დარბევიდან 2 წელში ტელეკომპანიის დირექტორად, გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლების წევრი და პარტიის ლიდერებთან დაახლოებული პირი იყო.
7 ნოემბრის საქმე
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მთავარი საგამოძიებო უწყება ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, სხვა დანაშაულებთან ერთად 7 ნოემბრის მოვლენებზეც ედავებოდა. ამ საქმეზე გამოძიება ედავებოდა მაღალჩინოსნებს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს.
ვანო მერაბიშვილი დღეს პატიმარია და რამდენიმე სხვა საქმის გამო ე.წ. მატროსოვის საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის. გიგი უგულავა, რომელიც იგივე საპატიმროში იხდიდა სასჯელს, უკვე თავისუფალია. დავით კეზერაშვილზე, ზურაბ ადეიშვილზე და მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურა მათ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს ედავება.
რა ხდება დღეს?
2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ისევ აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც 7 ნოემბერს მომხდარ ძალადობას აპროტესტებენ და ნაციონალური მოძრაობის პროტესტს გამოხატავენ. იმედი ისევ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ტელეკომპანიის პოზიციით, ისინი არ დაუშვებენ "ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას".
კომენტარები