მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია
ფოტო: INAH
მეცნიერებმა მექსიკის მესოამერიკულ არეალში ადამიანის უჩვეულო თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელსაც ოთხკუთხა ფორმა აქვს. ეს იმის პირველი მტკიცებულებაა, რომ ამ რეგიონში 1400 წლის წინ უნიკალური კრანიალური მოდიფიკაცია იყო გავრცელებული, რაც თავის ქალის ფორმის ხელოვნურად შეცვლას გულისხმობს.
ჩონჩხის ნაწილს ტამაულიპასის შტატში მდებარე არქეოლოგიურ ზონაში მიაგნეს, რომელსაც Balcón de Montezuma ეწოდება. იქ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ძვ.წ. 650 წლიდან ახ. წ. 1200 წლამდე ცხოვრობდა. დაახლოებით ახ. წ. 400 წლისთვის ეს დასახლება განსაკუთრებულად გაიზარდა, რადგან ამ დროისთვის უკვე 2 მოედანსა და 90-ამდე სახლს მოიცავდა.
სწორედ იქ მიაგნეს დეფორმირებულ თავის ქალას, რომელიც შუახნის ასაკის კაცს ეკუთვნის. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ რეგიონში მოდიფიცირებული თავის ქალები აქამდეც აღმოუჩენიათ, მაგრამ მსგავსი ფორმისას პირველად მიაკვლიეს.
ბევრი ადამიანისთვის სხვაგვარი კრანიალური მოდიფიკაციაა ცნობილი, რომელიც რამდენიმე კულტურაში გვხვდებოდა. ესაა წაგრძელებული, "უცხოპლანეტური" ფორმა, რომელიც ჩვილების თავზე ქსოვილის მჭიდროდ შემოკვრის გზით მიიღწეოდა. დროთა განმავლობაში ეს ქალას უფრო ოვალურს ხდიდა.
Balcón de Montezuma-ს მიდამოებში აღმოჩენილი ნიმუშების უმეტესობაც დაახლოებით ასეთია. ამის მიუხედავად, შუახნის კაცის თავის ქალა სხვაგვარია, რადგან მისი ზედა ნაწილი ბრტყელია და არა "წაწვეტებული". ზოგი ექსპერტი მის ფორმას პარალელეპიპედს ადარებს (სამგანზომილებიანი პარალელოგრამი ან რომბი).
ამგვარი პრაქტიკა აღნიშნული არეალის გარეთ იყო გავრცელებული, მათ შორის ვერაკურსსა და მაიას ცივილიზაციის დასახლებებში. შესაბამისად, მეცნიერებს აინტერესებდათ, იყო თუ არა ეს კაცი ადგილობრივი.
ძვლებისა და კბილების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი სწორედ ამ სოფელში დაიბადა და, სავარაუდოდ, მთელი ცხოვრება იქ გაატარა. მკვლევრების ჰიპოთეზით, მისი ბრტყელი თავის ქალა შეიძლება კონკრეტული კულტურული ჯგუფის პრაქტიკას უკავშირდებოდეს, რომლის შესახებაც ჯერ არაფერია ცნობილი.

კომენტარები