აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის
ფოტო: Ingo Stiller/Unsplash.com
6 ათასი წლის წინ რკინის ხანის ბულგარეთში მცხოვრებ კაცს ლომი დაესხა თავს და მძიმე ჭრილობები მიაყენა, მაგრამ მან გადარჩენა მაინც მოახერხა. დაზიანებების გამო მას დიდი ალბათობით ცხოვრების ბოლომდე დეფექტები ჰქონდა, მაგრამ იმ პერიოდის სამედიცინო შესაძლებლობების ფონზე ასეთი თავდასხმისგან გადარჩენა მაინც უიშვიათესი შემთხვევაა.
მსხვერპლის ჩონჩხი აღმოსავლეთ ბულგარეთში კოზარევა მოგილას ახლოს მდებარე ნეკროპოლისში აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, სიკვდილის დროს კაცი 18-დან 25 წლამდე იყო და მას თავის ქალაზე, მკლავებსა და ფეხებზე საშინელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
სპეციალისტების აზრით, ეს დაზიანებები რაიმე დიდი ცხოველის მიერ უნდა ყოფილიყო მიყენებული. მამაკაცის ძვლებზე არსებული ნიშნები მკველვრებმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველის კბილებს შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი ყველაზე მეტად ლომის კბილებს ემთხვეოდა.
"დაზიანებების ანალიზი მიუთითებს, რომ ინდივიდს ლომი დაესხა თავს, მიწაზე დააგდო და რამდენჯერმე უკბინა", — წერენ კვლევის ავტორები.
ამჟამად ბულგარეთში ლომები აღარ ბინადრობენ, მაგრამ ნეოლითისა და რკინის ხანას შორის ისინი იქ მრავლად იყვნენ. დაახლოებით 8 ათასი წლის წინ ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა ამ აფრიკულ კატებს ბალკანეთში გამრავლების საშუალება მისცა.
ლომის თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაზიანდა. მის თავის ქალაზე არსებულ დიდ ხვრელს სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების გამოწვევა შეეძლი, ხოლო მკლავებსა და ფეხებზე დაზიანებების შედეგად, სავარაუდოდ, მას გადაადგილება გაუჭირდებოდა.
სამარხში ნაპოვნი კაცის ჩონჩხი.
ფოტო: sciencedirect
ამ დაზიანებების სიმძიმის მიუხედავად, უმეტესობა მათგანი შეხორცების ნიშნებს აჩვენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კაცი ლომის თავდასხმის შემდეგ მალევე არ მოკვდა. საინტერესოა, რომ ამ კაცთან ახლოს ნაპოვნი სხვა ჩონჩხების თავის ქალებზე ქირურგიული ჩარევის ნიშნები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი სამედიცინო ცოდნა ჰქონოდა.
იმის მიუხედავად, რომ ამ კონკრეტულ ინდივიდს რაიმე სამედიცინო პროცედურის გავლის ნიშნები არ აღენიშნება, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჭრილობების შეხორცებისთვის ტკივილის გამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მეთოდები გამოიყენებოდა.
"დაზიანებების სიმძიმის მიუხედავად ის გადარჩა და საზოგადოება მასზე ზრუნავდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნეოლითის ხანის ეს ადამიანები თავიანთი ტომის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრებზე ზრუნავდნენ", — ასკვნიან ავტორები.
კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები