კორნელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შავი ქსოვილი შექმნეს, რომელიც მის ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის 99.87%-ს შთანთქავს.

ამ მასალას მეცნიერებმა ულტრაშავი ქსოვილი უწოდეს. იმისათვის, რომ რაიმე ულტრაშავად აქციო მისი უბრალოდ შეღებვა საკმარისი არ არის. მეცნიერებს ამისთვის სტრუქტურის მიკროსკოპულ დონეზე შეცვლა სჭირდებათ, რათა მან რაც შეიძლება მეტი სინათლე შეაკავოს.

სამოთხის ფრინველი.

ფოტო: Paul Maury/Cornell Lab of Ornithology

მკვლევრებმა თეთრი მერინოს მატყლის ქსოვილი სინთეზური მელანინის პოლიმერით შეღებეს. შემდეგ მათ მასალა პლაზმურ კამერაში მოათავსეს და მასზე ამოკვეთეს სტრუქტურები, რომლებსაც ნანოფიბრილები ეწოდება. ესაა პაწაწინა ბოჭკოები, რომლებიც სინათლეს აკავებენ.

"სინათლე უკან არეკვლის ნაცვლად ნანოფიბრილებს შორის მოძრაობს ხოლმე. სწორედ ეს ფაქტორი ქმნის ულტრაშავ ეფექტს", — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერი და დიზაინერი ჰანსადი ჯაიამაჰა.

მეცნიერების ეს ნამუშევარი სამოთხის ფრინველითაა (Ptiloris magnificus) შთაგონებული. ჩრდილოეთ ავსტრალიაში მობინადრე ეს ფრინველი თავის ულტრაშავ ბუმბულებთან მკვეთრ კონტრასტში მყოფი ცისფერი მკერდითაა ცნობილი.

კორნელის მასალა ფრინველის ბუნებრივ შავ ფერზე მეტად მუქიც კია. სამოთხის ფრინველი პირდაპირ ყურებისას ულტრაშავია, მაგრამ კუთხიდან შეხედვისას სინათლეს მაინც ირეკლავს. მისგან განსხვავებით კორნელის უნივერსიტეტში შექმნილი ქსოვილი სინათლის შთანთქმის უნარს 60-გრადუსამდე კუთხით დათვალიერებისასაც კი ინარჩუნებს.

ეს შთამბეჭდავი ქსოვილი მხოლოდ ლაბორატორიული პროდუქტი არ არის. კორნელის მოდის დიზაინის სტუდენტმა ზოე ალვარესმა შექმნა კაბა, რომელიც თანდათან მუქდება და კულმინაციას ულტრაშავ ქსოვილში აღწევს, რომელიც ცენტრალურ ლურჯ ფერს აკრავს გარს. ეს კონტრასტი ნამდვილად სამოთხის ფრინველს მოგვაგონებს.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.