გახარიას საქმეები
შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომასაც 76-ე დღეა ითხოვენ, დღეს მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. იდეის ავტორი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ფიქრობს, რომ გიორგი გახარიამ თავისი მოღვაწეობით "ღირსეულად დაიმსახურა" ახალი პოსტი. ოპოზიცია, არასმთავრობოები და საზოგადოების ნაწილი ივანიშვილს ერთპიროვნულ მმართველად მიიჩნევენ.
მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ უწყებას 20 ივნისის საქმის გამოძიებამდე არ დატოვებდა, შსს-დან წავიდა. მანამდე იმასაც ამტკიცებდა, რომ პრემიერობა არ სურდა, თუმცა ახლა კანდიდატია. უცნობია, როგორ აპირებს გიორგი გახარია შეასრულოს პირობა და "ბოლომდე მიჰყვეს" ამ საქმის გამოძიებას, როცა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ექნება საზრუნავი.
ის ყოველთვის გამოირჩეოდა ხმამაღალი განცხადებებით. სანამ თვალის ჩაკვრას, ჟურნალისტების ჩურჩულით გაჩუმებას, ოპოზიციის დაცინვას, კრიტიკოსების კრიტიკასა და პოლიციელის მუნდირისთვის შეუპოვარ ბრძოლას დაიწყებდა, ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკის მინისტრი იყო. 2017 წლის 13 ნოემბერს კი ქვეყნის პირველი პოლიციელის სტატუსი მიიღო. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ მას არც პოლიტიკური წონა აქვს და არც პოლიციასთან ჰქონია არასდროს შეხება. ამიტომ, დანიშვნის სავარაუდო მიზეზად ივანიშვილთან ახლობლობას ასახელებდნენ. მალევე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და გახარია ქართული ოცნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მინისტრად იქცა.
მის სახელს უკავშირდება გახმაურებული საქმეები და პასუხგაუცემელი კითხვები ისეთ თემებზე როგორიცაა: ხორავას ქუჩის ტრაგედია, სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში და ა.შ.
სპეცოპერაცია ისანში
გახარიას 9 დღის დანიშნული იყო შს მინისტრად, როდესაც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სროლა ატყდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შს სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია ტერორისტების ლიკვიდაციისთვის. არსებობდა ვარაუდი, რომ სპეცოპერაციას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა.
სპეცოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, რა დროსაც ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამავე დღეს დაიჭრა 2 სპეცრაზმელი და 2 შსს-ს თანამშრომელი. სუს-მა განაცხადა, რომ მოკლეს 3 ტერორისტი და ერთი დააკავეს. მათი თქმით, მოკლულებს შორის იყო ჩატაევი.
მეორე დღეს გახარიამ განაცხადა, რომ საქმე გვქონდა საერთაშორისო ტერორიზმთან. მესამე დღეს კი ამბობდა, რომ გამოძიებაზე მშვიდად მუშაობის დროა, მანამდე კი "საჭიროა ყველამ თავი შეიკავოს მსჯელობისგან". ამ რიტორიკას მინისტრობის პერიოდში ის საკმაოდ ხშირად იყენებდა.
გაჩნდა უამრავი კითხვა, თუ როგორ გადმოკვეთეს ტერორისტებმა საზღვარი. მინისტრმა თქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს არალეგალური გზით მოხდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა კითხვის ნიშნებს აჩენდა.
ბოდიში
"ბოდიში" ის ერთადერთი სიტყვაა, რომელთანაც გახარია ყველაზე მარტივად ასოცირდება. ასე მოაგვარა მან ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე კარიერის დასაწყისში.
2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში ერთდროულად დაიწყო სპეცოპერაცია. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს და არც დამატებითი განმარტებები გააკეთეს, რასაც პროტესტი მოჰყვა. პროტესტს პოლიციამ აგრესიით უპასუხა, რაც მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა.
შსს-მ პასუხად განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია სამთვიანი საგამოძიებო პროცესის დასასრული იყო ნარკორეალიზატორების გამოსავლენად.
პარლამენტის წინ ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა, რომელმაც სახელმწიფოს ძალადობრივი მიდგომა კლუბურ ცხოვრებასთან ქუჩაში ცეკვით გააპროტესტა. გაჟღერდა მოთხოვნები გახარიას გადადგომის შესახებ.
მეორე დღესვე აქციას კონტრაქცია გამოუჩნდა და ახალგაზრდა ფაშისტური იდეების მატარებლებმა პარლამენტთან შეკრებილების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვეს. კონტრაქციები გამართეს ნეონაცისტურმა ჯგუფებმა, ქართული მარშმა, მმკ-მ და სხვა აგრესიულმა ჯგუფებმაც. პოლიცია აქციასა და კონტრაქციას შორის ჩადგა, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს შურაცხყოფა მიაყენეს.
რამდენიმე საათში აქციაზე გახარია მივიდა, რომელმაც საუბარი ბოდიშით დაიწყო და ორგანიზატორებთან მოლაპარაკებით გააგრძელა. შედეგად აქცია დაიშალა, თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტები კი პარლამენტის ეზოდან ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს "აგრესიული ჯგუფებისგან დასაცავად".
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მინისტრისგან ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის განახლების პირობა მიიღეს. თუმცა, რამდენიმე თვეში თქვეს, რომ ეს პირობა არ შესრულდა.
ამის შემდეგ გახარიამ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ კლუბური ცხოვრება ფხიზელ გონებაზეც შეიძლება და ეს სპეცოპერაცია მხოლოდ დასაწყისია.
- ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ
- იცოდა თუ არა გიორგი გახარიამ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
მკვლელობიდან მეოთხე დღეს გახარიამ საზოგადოებას აცნობა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგენილი და გამოვლენილი იყო. ერთ კვირაში კი იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელად დატოვების შესახებ.
თუმცა, რეალურად, შესაძლო დამნაშავეების გამოვლენას შვილმოკლული მამის ორწლიანი ბრძოლა, პროკურატურისა და შსს-ს 2 ახალი გამოძიება, არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და პარლამენტის საგამოძიებო კომისია დასჭირდა.
მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ და სარალიძის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყების მეორე დღეს განაცხადა შსს-მ, რომ არსებობდა ეჭვი საქმეზე ზემოქმედების შესახებ. შვილმოკლული მამა პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც გამოძიებას 10 ივნისამდე მისცა ვადა დამნაშავეების დასაჭერად. შსს-მ პირობა დადო, რომ "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამდა.
ამ შეხვედრიდან 4 დღეში შსს-მ განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე პირი გამოავლინა და დააკავა. ეს იყო მერაბ მორჩაძე, რომელსაც მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდნენ. თუმცა, შვილმოკლული მამა კონკრეტულ პიროვნებებს, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს ადანაშაულებდა დანაშაულის დაფარვაში, შვილის მკვლელობაში დამნაშავედ კი მიხეილ კალანდიას მიიჩნევდა.
შსს-ს "ქმედითი ნაბიჯები" გაგრძელდა. მეორე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანიც. შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება "მისთვის გადაგდებული საკენკია". ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.
ამ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, სუბელიანი გახარიასთან კავშირებსაც უსვამდა ხაზს და ამბობდა, რომ მინისტრმა თავის მოადგილეს სუბელიანის საქმის "ფინანსური კუთხის მოგვარება" დაავალა. სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობდა იმასაც, რომ უწყებებს ერთწლიან სასჯელზე შეუთანხმდა, რომელსაც მოიხდიდა და შემდეგ "თავი უნდა დაენებებინათ". ამ საკითხზე დასმული კითხვების პასუხად გახარიამ ნიშნისმოგებით თქვა, რომ ხალხი იმასაც ამბობდა, სუბელიანს ვერ დაიჭერთ, მაგრამ ახლა ციხეშია და იქამდე იჯდება, როგორც ამას სასამართლო გადაწყვეტსო. სუბელიანმა კი ციხე ერთ წელში დატოვა.
- წამება, მოგვარებული საქმეები, კომპრომატები ხელისუფლებაზე — დეტალები "სუბელიანის ჩანაწერებიდან" მოკლედ
- რომელ მაღალჩინოსნებსა და გახმაურებულ საქმეებზე ფლობს კომპრომატებს სუბელიანი
გახარიას მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა, რამაც საქმეზე გავლენა იქონია. მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.
სარალიძემ აქციები განაახლა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. მაშინ, სულ სხვა მიზეზით, მაგრამ გადადგა არა გახარია, არამედ პრემიერი კვირიკაშვილი.
თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ 2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დათო სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ. ცნო. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს.
"ჩადებები"
"ჩადებები" ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ბრალდებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რაც გახარიას მოსვლამდეც აქტუალური საკითხი იყო. თუმცა მისი სტრატეგიით, მთავარი ბრალდება ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა და უწყება კამპანია "არა ჩადებას" შეუერთდა. კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ "ჩადებები" მართლა ხდება, შსს-ს პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ "ამ სტატუსით ყველაფერი ნათქვამია". თუმცა, როგორც თავად გახარიამ განმარტა, ეს ნიშნავდა არა აღიარებას, არამედ იმას, რომ "სამინისტროს ჩადება არ სჭირდება".
მინისტრი ამტკიცებდა, რომ მსგავსი ბრალდებები პოლიციელის ინტელექტის შეურაცხყოფაა. ამბობდა იმასაც, რომ ეს საკითხი ისევე, როგორც პოლიციელის მხრიდან გადამეტებული ძალა, უბრალოდ ბრალდებებად და დაცვის სტრატეგიად იქცა.
რატიანის საქმე, რომელსაც გახარია არ ნანობს
პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომლებიც რატიანის დაკავებას ასახავდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს კადრების გავრცელებისას არ უთქვამს, რომ ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონით იყო გადაღებული, დამონტაჟებული და არ ასახავდა ინციდენტს სრულად.
2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ამ თანხითვე დააჯარიმა სასამართლომ რატიანიც პოლიციელის შეურაცხყოფისთვის.
რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
თითქმის ორი წლის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ "არცერთი წუთით არ ნანობს" მომხდარს. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას არ ნანობს მინისტრი, გახარიამ უპასუხა, რომ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობდა.
"პოლიციას აქვს ლეგიტიმური უფლება ძალადობის და ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, კანონმდებლობით დადგენილი. სხვანაირად სახელმწიფოში წესრიგი ვერ დამყარდება", — განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა სამინისტროს დანაშაული ის, რომ რატიანის კადრები გავრცელდა და მას ზეწოლის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, გახარია პასუხობდა, რომ ცუდია თუ რატიანს ქვეყნის დატოვება მოუწია, მაგრამ ის დამნაშავე იყო.
გახარიას ამ სიტყვების პასუხად რატიანმა განაცხადა: "ეს რეინკარნირებული ჩეკისტი მხოლოდ სასაცილო იქნებოდა, ამხელა ძალაუფლებას რომ არ ფლობდეს და ასეთი საშიში არ იყოს ქვეყნისთვის".
მანვე აღნიშნა, რომ გახარია თხოვდა შეხვედრას რამდენიმე პოლიციელის გათავისუფლების სანაცვლოდ.
"ის მთხოვდა შეხვედრას, რათა კამერების წინ ეკეკლუცა, და ამ შეხვედრის სანაცვლოდ მპირდებოდა რამდენიმე პოლიციელის დასჯას (რაოდენობაზე შევთანხმდებითო). მე მივუთითე იქ, სადაც მისი და მისნაირების ადგილია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პოლიციაში რამდენიმე მოძალადით მეტი იქნება თუ ნაკლები, როცა მინისტრი თვითონ არის კრიმინალი", — ამბობდა რატიანი.
საპატრიარქოსთან წაგებული ბრძოლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანასა და კულტივაციას გულისხმობდა. კანონპროექტის მიხედვით, დაშვებული უნდა ყოფილიყო მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი და აკრძალული — იმპორტი. ასევე აკრძალული უნდა ყოფილიყო არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც. თუმცა, კანონპროექტის შემუშავებისას უწყებამ "შეცდომა დაუშვა" და საპატრიარქოს არ შეუთანხმდა, რაც მოგვიანებით "გამოასწორა" და კანონპროექტი უკან გაიწვია.
ინფორმაციის გაჟღერებისთანავე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი შეეწინააღმდეგებოდა ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას. ნაწილობრივ ასეც მოხდა. მეუფე ანტონმა კანონპროექტის წინააღმდეგ "სანთლების რევოლუცია" დააანონსა, მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ღალატს არ შეარჩენდა და ეკლესიის ძალას უჩვენებდა. იყო პარაკლისები ღია ცის ქვეშ და ეკლესიის გამარჯვება.
გახარია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად პატრიარქს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
მთავრობას არც კი უცდია დაემალა, რომ კანონპროექტის უკან გაწვევა გარკვეულწილად საპრეზიდენტო არჩევნებთანაც იყო კავშირში, რადგან მრევლი, რომელიც კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა, იმუქრებოდა, რომ "მთავრობა დასრულდებოდა".
მეუფე იაკობი VS გახარია
მართალია, კანონპროექტის ისტორია ისე დამთავრდა, რომ პარლამენტმა განხილვაც ვერ მოასწრო, მაგრამ კიდევ დიდხანს გაგრძელდა მეუფე იაკობის დაპირისპირება გახარიასთან. პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობდა, რომ პირადი უთანხმოების გამო გახარიას პრემიერობის უფლებას არ მისცემდა და მთავრობას პრობლემებს შეუქმნიდა.
"თუ რამე წინსვლა და ზემოთ დაიწყო ჩამოვაგდებ რა იმიდან... თუ მაგი გახდება ხომ, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, მაგას იქ არ გავუშვებთ, სადაც უნდა წასვლა. ზემოთ უნდა წასვლა რა, პრემიერობა უნდა. არ გავუშვებ მაგ იმაზე. იმიტომ, რომ არ შეიძლება რა, მაგ მენტალიტეტის ადამიანი ის იყოს", — აცხადებდა ის.
მეუფის მტკიცებით, გახარიას "ცუდი რამეები" ჰქონდა გაკეთებული, რომლის გაგების შემთხვევაშიც ხელმძღვანელობა მოიშორებდა.
ერთ თვეში მეუფე ამბობდა, რომ გახარიასთან "აბსოლუტურად დალაგებული" ურთიერთობა აქვს. ამ განცხადებიდან ორ თვეში კი, როცა გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა, მეუფემ განაცხადა, რომ ეს რუსეთის და კერძოდ პუტინის მოთხოვნა იქნებოდა. რა ურთიერთობა აქვთ მათ ამ ეტაპზე უცნობია.
ინაუგურაცია და დაპირისპირება ველისციხეში
16 დეკემბერს, როცა ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა და სხვა სტუმრები ინაუგურაციისთვის ემზადებოდნენ ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე, სოფელ ველისციხეში.
მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას დაანონსებულ აქციაზე წასასვლელი გზა პოლიციამ გადაუკეტა და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი წასვლა ურჩია. შსს-ს განცხადებით, ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.
გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებდა, რომ შსს-მ მათ კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავდა. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩასვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე აქციის მონაწილეები.
ფოტო: თამუნა გეგიძე
ფოტო: თამუნა გეგიძე
ინაუგურაციის დასრულების შემდეგ გახარიამ ბოდიში მოუხადა პოლიციელებს, რომლებსაც, მისი თქმით, შეურაცხყოფის ატანა მოუწიათ და განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.
ამ საქმეზე დააკავეს ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენება და ძალადობა ედებოდა ბრალად. ოპოზიცია ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებდა, გახარია კი პოლიციელის მუნდირის დაცვას.
კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ოპოზიციამ სასამართლოსთან აქცია მოაწყო. სასამართლოს პოლიციის კორდონი იცავდა, რომლის წინა რიგშიც მხოლოდ ქალი პოლიციელები იდგნენ, რაც სხვა დროს არ მომხდარა. უფლებადამცველებმა შსს სექსისტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. ბაია პატარაია ამბობდა, რომ ამ ფორმით შსს-მ ოპოზიციას ნიშნისმოგებით ჰკითხა: "აბა, ქალს თუ დაეჭიდები". გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კი ამტკიცებდა, რომ სქესზე აპელირება აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში.
ია კერზაიას საქმე
გახარიას საპრეზიდენტო არჩევნებისას ზუგდიდში "სიტუაციის მოგვარებასაც" ედავებოდნენ. ვინაიდან ზუგდიდის საარჩევნო შტაბს ის კურირებდა, ოპოზიცია აცხადებდა, რომ წინასაარჩევნოდ ქალაქში მომხდარი დანაშაულებები მისი პასუხისმგებლობაა. ერთ-ერთი მათ შორის ია კერზაიას საქმე იყო.
კერზაია ზუგდიდის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მანამდე კერზაია რუსთავი 2-თან ყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.
ოჯახის წევრები და ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ კერზაია ზეწოლის გამო გარდაიცვალა და უნდა დადგეს, როგორც განათლების მინისტრის, ასევე, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. ბრალდების პასუხად გახარიამ განაცხადა, რომ ადამიანური ტრაგედია და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია.
"ერთი რაღაცის მეშინია, გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის მსგავსი თემების გამოყენებაა. პირადად გპირდებით ერთ საქმესაც და მეორესაც დავამთავრებ და შემდგომ სპეციალურად ამ თემებისთვის მოვალ აქ. და თუ თქვენ გეყოფათ ვაჟკაცობა ასე დაჯდეთ და ან ერთ ან თემაზე ვისაუბრობთ, მერე, უბრალოდ, შეგრცხვებათ", — ასე მიმართა მან პარლამენტში ოპოზიციას.
პროკურატურამ კი 7 თვეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით შეწყვიტა გამოძიება, რომლის მიზანიც სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების დადგენა იყო.
მუქარის წერილები თუ "გაბლატავებული" ბიზნესმენი
2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებული გამოძიება, რომელშიც ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლისა და მამამისის, ვახტანგ წერეთლის კომპანიები ფიგურირებს. ამ საქმემ გააჩინა კითხვები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების მცდელობაზე, იყო ბრალდებებიც მუქარასა და მედიის გაკონტროლების სურვილზეც, რაშიც პირადად გიორგი გახარიას დასდეს ბრალი.
მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე დაუნგრევდნენ რეპუტაციას. წერილის მიხედვით მისგან მოითხოვდნენ დაეგმო ნაციონალური მოძრაობის "რევანშის მცდელობა" და ელაპარაკა იმაზე, თუ როგორ ექცეოდა ყოფილი ხელისუფლება ბიზნესს. ხაზარაზემ მსგავსი განცხადება გაავრცელა კიდეც და შემდგომში განმარტა, რომ "დავალების" ამ ნაწილის შინაარსს იზიარებდა. ხაზარაძე ამტკიცებდა, რომ მუქარის ფაქტი პროკურატურამ იცოდა და არ მიაქცია ყურადღება, რასაც უწყება უარყოფდა.
ამავე წერილში, ხაზარაძის ინფორმაციით ეწერა ისიც, რომ "TV პირველი უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე". ტელევიზიაში ეს ზეწოლის მცდელობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ "დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილს" ხედავდნენ.
ბრალდებებს გახარიამ ცინიკურად უპასუხა და თქვა, რომ წერილებს არ წერდა და "სათქმელს პირში ეუბნებოდა ყველას". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო "მთავრობის მიერ გაბლატავებული" და "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოეპოებინა".
მორიგი "ბოდიში" პანკისში
21 აპრილის დილას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში დიდი მასშტაბის საპოლიციო ძალა შეიყვანა, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი. მობილიზების მიზეზი ხეობაში დაგეგმილი ჰესის ხადორი 3-ის მშენებლობის განახლება იყო. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი პოლიციის შეყვანის მოთხოვნით შსს-ს ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა. უწყება ამბობდა, რომ მათ ობიექტის დაცვის გარანტია კომპანიამ მოთხოვა.
მოსახლეობამ არაფერი იცოდა და სამუშაოების განახლების შესახებ ხეობაში გამოჩენილი ტრაქტორით გაიგო. ამან პროტესტი გამოიწვია, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რასაც პანკისელებმა ქვების სროლით და ტექნიკის დაზიანებით უპასუხეს.
პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების ამსახველი ფოტო
დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. შსს-ს განცხადებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.
პანკისელებთან მოსალაპარაკებლად გახარია ჩავიდა. მან ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ჰესი იქამდე არ აშენდებოდა, სანამ 90% არ დაუჭერდა მხარს, მანამდე ჰესი არ აშენდებოდა. მინისტრმა მომხდარი "გარკვეულ ექსცესად" შეაფასა და აღნიშნა, რომ პანკისელებთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ იყო და ემოციურ განცხადებების ნაცვლად მუშაობა იყო საჭირო.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები
წელს ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულ ქალ პოლიტიკოსს არაერთხელ გაუვრცელეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები. საგამოძიებო უწყებამ კადრების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 17 პირი დააკავა. ნაწილი ამტკიცებდა, რომ ვიდეო არც კი უნახავს და მესიჯის მიღების გამო დააპატიმრეს, ნაწილი კი ამბობდა, რომ ნახა, მაგრამ სხვებისთვის არ გაუგზავნია ან მხოლოდ რამდენიმე მეგობარს აჩვენა და არ გაუვრცელებია.
შინაგან საქმეთა მინისტრი კი ამტკიცებდა, რომ ეს მძიმე დანაშაულია და არ არსებობს განსხვავება პირველწყაროს, შენახვასა და გავრცელებას შორის.
"ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ", — ამბობდა ის.
ამ მოსაზრებას არც თავად ბესელია და არც დაკავებულები ეთანხმებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამათლოსაც მიმართა საჩივრით.
ის ამტკიცებდა, რომ პოლიციამ მომაკვდავი მამის თვალწინ დააპატიმრა და რამდენიმე დღე საშუალებას არ აძლევდნენ მამისთვის ინსულტის წამალი მიეტანა, რომლის აღების უფლებაც მხოლოდ მას ჰქონდა. მამის სიკვდილში ის საგამოძიებო უწყებას ადანაშულებდა.
რამდენიმე თვეში შსს-მ განაცხადა, რომ პირი, რომელმაც კადრები ატვირთა სომხეთის ციხის პატიმარი იყო.
დაუცველი პრაიდი
ივნისში, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი LGBTQI თემის ღირსების თვეს ზეიმობს, საქართველოში ისტორიაში პირველი პრაიდი დაიგეგმა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მუქარა წამოვიდა. პრაიდის ორგანიზატორების გუნდი უსაფრთხოების საკითხებისა და ლოკაციის შესათანხმებლად შსს-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა გახარიას უწყებამ მათ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისა და უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა.
"სახელმწიფო სად ხარ", — ამ სლოგანით ორგანიზატორებმა კანცელარიასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, ადგილზე მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და სასულიერო პირები დახვდნენ და შენობასთან არ მიუშვეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებს ცარიელი ბოთლები და კვერცხები ესროლეს. აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის ენის შემცველი, ღირსების შემლახავი განცხადებები.
ძალადობრივი ჯგუფები აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართაც, თუმცა პოლიცია ამას საქმიანობაში ხელისშეშლად არ მიიჩნევდა და ჟურნალისტებს გაცლას ურჩევდა. კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.
ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge
ორ დღეში, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ნამდვილ კაცთა" აქცია გამართა, სადაც სახალხო რაზმებისა და ლეგიონის შექმნა დააანონსა. შსს-მ მის განცხადებებზე გამოიძება დაიწყო, მიუხედავად ამისა, "ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში ყოველდღე იკრიბებოდნენ, ძალადობრივ აქციას გეგმავდნენ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცემით ემუქრებოდნენ.
ამ ჯგუფებმა 8 ივლისს აქცია #სირცხვილიას ტრიბუნა მოპარეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აიღეს. შსს-მ უფლება არ მისცა სირცხვილიას წევრებს აქცია გაემართათ და გზა ყვითელი ავტობუსებით ჩახერგა. რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის კორდონს მიღმა დარჩენილი აქტივისტები პარლამენტთან შეშვებას ითხოვდნენ.
სანამ ძალადობრივი ჯგუფები #სირცხვილია-ს ორგანიზატორების ლანძღვით იყვნენ დაკავებული, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა ღირსების მარში შსს-ს შენობის წინ გამართეს. პრაიდის ორგანიზატორები იქ ლგბტ დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ და კიდევ ერთხელ შეახსენეს უწყებას, რომ ადამიანების უსაფრთხოების დაცვა მათი მოვალეობაა.
აქცია-მსვლელობა, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა და დროზე ადრე დასრულდა, მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძის რადიკალთა დაჯგუფება რუსთაველის გამზირიდან სამინისტროსკენ დაიძრა. იქ მისულ ჰომოფობიურ ჯგუფებს ღირსების მარში დასრულებული დახვდათ.
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
"გავრილოვის ღამე"
20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები ის წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომლის პატიებასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არც მთავრობისთვის და არც გახარიასთვის აპირებს. ანტიოკუპაციური პროტესტის დაშლის შედეგად, რა დროსაც სამართალდამცავების ნაწილი დამიზნებით ესროდა აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა.
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2
მაკო გომური და გიორგი სულაშვილი
ფოტო: Gogita Ivanishvili / Facebook
რუსი კომუნისტი დეპუტატის ვიზიტით დაწყებული სირცხვილის ტალღა საზოგადოებამ გიორგი გახარიასკენ მიმართა და მისი გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. რამდენიმე ათასი, ასეული და ხანდახან ათეული ადამიანიც 76 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე რჩებოდა და ყოველდღიურად უმეორებდა გახარიას, რომ მომხდარი მისი პასუხისმგებლობაა და უნდა გადადგეს.
პირველივე ბრიფინგი პრემიერის კანდიდატობის რანგში გახარიამ კითხვებზე პასუხების გარეშე დატოვა. ჯერ ისევ უცნობია, როგორ უპასუხებს ის საზოგადოებას, რომელიც მის გადადგომას ითხოვა.
გაიგეთ მეტი სამთავრობო ცვლილებებზე:
- მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ Facebook-ზე დაპოსტა
- რა ხდება პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ
- გომელაური შს მინისტრად, ღარიბაშვილი თავდაცვაში — გახარიას გუნდი
- თავისი მოღვაწეობით ღირსეულად დაიმსახურა პრემიერად წარდგენა — ივანიშვილი გახარიაზე
- გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამას პარლამენტში, სავარაუდოდ, დღესვე დაარეგისტრირებს
კომენტარები