იცოდა თუ არა გიორგი გახარიამ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ
თითქმის ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კლუბებში ბასიანი და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის ჩატარებას თბილისში რამდენიმედღიანი აქციები მოჰყვა ჯერ კლუბებთან, შემდეგ კი - პარლამენტის შენობასთან.
აქციის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა მინისტრისგან ითხოვდნენ პასუხს - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. 13 მაისს შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების შემდეგ აქცია დაიშალა, თუმცა კითხვები უპასუხოდ დარჩა.
სპეცოპერაციაზე დასმული კითხვა
იცოდა თუ არა გიორგი გახარიამ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ამ კითხვაზე პასუხი მედიაში ამ დრომდე არ გავცელებულა. 13 მაისს კი, აქციის დასრულების შემდეგ ეს კითხვა დასვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მინისტრის პასუხი მობილურით გადაიღო და On.ge-ს მიაწოდა. გთავაზობთ მინისტრსა და მოქალაქეს შორის გამართულ დიალოგს:
— მოქალაქე: თქვენ ინფორმირებული იყავით?
— გიორგი გახარია: რაზე?
— მოქალაქე: აი, ოპერაცია, რომ ჩატარდა.
— გიორგი გახარია: არა, რა თქმა უნდა.
რა პასუხი აქვთ ვიდეოჩანაწერზე შინაგან საქმეთა სამინისტროში
On.ge-მ ვიდეოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს გადაუგზავნა, რათა კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა მინისტრის ნათქვამი და ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა ეჭქვეშ არ დაუყენებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ასახული კითხვა-პასუხი წინა დიალოგის გაგრძელება იყო.
"სხვა კითხვაზე უპასუხა. ანუ კონკრეტულად იმაზე, რომ არ იცოდა, მინისტრი საქმის კურსში არ იყო, რომ სპეცოპერაცია ტარდებოდა - ამ კითხვაზე პასუხი არ ყოფილა", - განუცხადეს On.ge-ს 14 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
დღეს, 17 მაისს კი უწყებაში აცხადებენ, რომ 12 მაისს კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გადაწყვეტილება პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო.
"იგი პირადად ხელმძღვანელობდა საგამოძიებო მოქმედებებს", - დასძენენ შსს-ში.
რა ხდებოდა ვიდეოკადრების ჩაწერამდე
წყარო, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტრის შენობის კიბეებზე დაინახა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მოქალაქეებს ელაპარაკებოდა. მისი თქმით, მან მინისტრის ირგვლივ ვერ შენიშნა ჟურნალისტები და ამ მიზეზით გადაღება დაიწყო, მოგვიანებით კი - კითხვა დაუსვა.
On.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრის On.ge-ს ერთ-ერთ რედაქტორს, ანინა ტეფნაძეს ესაუბრებოდა. ის აქციაზე იყო მისული, თუმცა პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებდა და არც მინისტრისთვის უთქვამს თავისი სამუშაო ადგილის შესახებ. სწორედ დიალოგის ამ ნაწილზე ამბობენ შსს-ში, რომ "სხვა საუბარი" იყო და ვიდეოზე ასახული კითხვა-პასუხიც მისი გაგრძელებაა.
როგორც ანინა ტეფნაძე იხსენებს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შიდა ეზოში შეიყვანეს ავტობუსებით ტრანსპორტირებისთვის, მინისტრი გახარია შეკრებილ ადამიანებთან სალაპარაკოდ მივიდა. ტეფნაძის თქმით, გახარიას კითხვაზე, კიდევ რა საკითხები აწუხებდათ აქციის მონაწილეებს, მან გახარიას უთხრა, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ შემდეგ კვირას კლუბში ისევ არ შემოვიდოდნენ შეიარაღებული ადამიანები. მინისტრი დაინტერესდა, შეესწრო თუ არა ტეფნაძე ძალადობის შემთხვევებს იმ ღამეს და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ თავის თანამშრომლებს მისი ნომრის ჩაწერა სთხოვა. (დიალოგის ბოლო ნაწილი ასახულია ვიდეოჩანაწერზეც).
სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში
თბილისის ორ ღამის კლუბში სპეცოპერაცია 12 მაისს ღამით ჩატარდა, კლუბი დაატოვებინეს სტუმრებს და შენობებთან სამართალდამცავები განლაგდნენ. მედიისთვის და კლუბში მყოფი სტუმრებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზები. სპეცოპერაციის პარალელურად დაიწყო აქციები კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი - პარლამენტთან გაგრძელდა.
სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რვა პირის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, დილით კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკავებული 50-მდე პირის შესახებ განაცხადა.
ამავე თემაზე: ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ
კომენტარები