რას შეიძლება გამოეწვია ესპანეთში ელ. ენერგიის გათიშვა — "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია"

ფოტო: Getty
28 აპრილს მთელს ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ნაწილში, ელექტროენერგია გაითიშა. ამ მასშტაბურმა პრობლემამ რეგიონში სერიოზული შეფერხებები გამოიწვია, მათ შორის აეროპორტებში, მეტროებსა და საავადმყოფოებში.
ელექტროენერგიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ოფიციალური პირები კიბერთავდასხმას გამორიცხავენ, პორტუგალიის ელექტროქსელის პროვაიდერი კომპანია REN კი პოტენციურ მიზეზად "ინდუცირებულ ატმოსფერულ ვიბრაციას" ასახელებს, რომელიც იშვიათი ფენომენია.
"ესპანეთში ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო ძალიან მაღალი ძაბვის მქონე ხაზებში (400 კილოვოლტი) რხევები დაფიქსირდა. ამ ფენომენს 'ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია' ეწოდება. რხევებმა ელექტროსისტემებს შორის სინქრონიზაციის პრობლემა განაპირობა, რაც ერთმანეთთან დაკავშირებულ ევროპულ ქსელში თანმიმდევრულ შეფერხებებს დაედო საფუძვლად", — განუცხადა კომპანიამ The Guardian-ს.
მოგვიანებით Euronews-თან ინტერვიუში მათ აღნიშნეს, რომ "პორტუგალიაში მომხდარი მასშტაბური გათიშვა ესპანეთის ქსელში ძაბვის ძლიერი ცვლილებების შედეგია", რაც იქიდან პორტუგალიის მიერ ენერგიის იმპორტირების დროს დაფიქსირდა. REN-ის მიხედვით, ამის გამო ქვეყნის ელექტროსადგურების დამცავი და საკონტროლო სისტემები მწყობრიდან გამოვიდა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ ძალიან მაღალი ძაბვის ხაზებზე ტემპერატურის ექსტრემალური მერყეობა ზემოქმედებს და უჩვეულო რხევებს წარმოქმნის. ეს იმიტომ ხდება, რომ ხაზები ზოგ ადგილას ფართოვდება და მათ აეროდინამიკურ მახასიათებლებს ცვლის. ასევე, ეს გავლენას ახდენს ქარისა და ელექტროსისტემის ურთიერთქმედებაზეც, რასაც ამ უკანასკნელის მუშაობის შეფერხება შეუძლია.
ექსპერტების თქმით, თუ ესპანეთში სწორედ ასეთი ატმოსფერული პირობები და ქარის ნაკადები იყო, ამას მაღალი ძაბვის ხაზების ანომალიური რხევების გამოწვევა მართლაც შეეძლო. დიდი ბრიტანეთის პორტსმუტის უნივერსიტეტის პროფესორ ვიქტორ ბეკერას თქმით, შედეგად, შესაძლოა, კონდუქტორები და მცირე წრედები გადაიწვას ან გადამცემი ანძების ინფრასტრუქტურა დაზიანდეს.
"დამცავი სისტემები ისეა შექმნილი, რომ ავტომატურად გამოირთოს ის ელექტროხაზები, რომლებზეც ეს პრობლემა ზემოქმედებს", — განმარტავს სპეციალისტი.
ამის შემდეგ ერთგვარი დომინოს ეფექტი მიიღება: გათიშვა ზოგიერთი გენერატორის არასტაბილურობასა და კავშირის ხარვეზს განაპირობებს. დიდი გენერატორების გაჩერება, თავის მხრივ, საკმარისი ელექტროენერგიის მიწოდებას უშლის ხელს და, პოტენციურად, ფართომასშტაბიანი გათიშვით სრულდება.
პირველადი მიზეზის მიუხედავად, რეგიონის ასეთი მოწყვლადობა ევროპის შიდადაკავშირებულ ქსელთან ასოცირდება. მართალია, ეს ამ ქვეყნებისთვის ლოკალური პრობლემისას ენერგიის სათადარიგო წყაროს ქმნის, მაგრამ მასშტაბური შეფერხების მიმართ მთლიან სისტემას მოწყვლადს ხდის.
ეს ნიშნავს, რომ "ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაციის" მსგავსი ფენომენისას ზიანი ერთი არეალიდან მეორეში ვრცელდება. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგალითად 2003 წელს, როცა იტალია-შვეიცარიას შორის არსებული ჰოდროელექტროენერგიის მიწოდების ხარვეზის გამო დენი 12 საათით გაითიშა. ასევე, 2006 წელს, როცა გერმანიაში ტემპერატურის გავლენით "დენის მოვარდნამ" საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში და მაროკოშიც კი ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ამ დროისთვის პორტუგალიასა და ესპანეთის უდიდეს ნაწილში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. სპეციალისტები ზუსტი მიზეზის დადგენას ცდილობენ, რათა მომავალში მსგავსი რამის გამეორების რისკი აღმოფხვრან.
კომენტარები