ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

12 მაისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისის ორ ღამის კლუბში, ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს. სპეცოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში აქციები იმართებოდა თბილისში.

რა ინფორმაცია ვრცელდებოდა სპეცოპერაციის დროს?

სამართალდამცავები, რომლებიც სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები, მოქალაქეებს არ უხსნიდნენ რა მიზეზით დაატოვებინეს კლუბები და არ აძლევდნენ იქ შესვლის საშუალებას. იმავე ინფორმაციულ ვაკუუმში იყო მედიაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

მიმდებარე ადგილზე არ იყო ადამიანი, რომელიც განმარტავდა რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, სპეცოპერაციის დაწყებიდან სამი საათის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

რა ეწერა შსს-ს განცხადებაში?

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაცია ჩაატარა.

"2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ეწერა შსს-ს განცხადებაში.

ამ განცხადებით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირები კლუბებში აიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი კლუბებში არ დაუკავებიათ.

რა ხდებოდა ამ დროს ქუჩაში?

სტუმრები კლუბიდან გამოშვების შემდეგ სახლში არ წასულან. მათ დაიწყეს საპროტესტო აქციის გამართვა კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, აპროტესტებდნენ კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას. მოგვიანებით კი, ბასიანისა და გალერის წინ შეკრებილი ხალხი საქართველოს პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

ბასიანთან, გალერისთან და პარლამენტის შენობასთან ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 50-მდე პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ, თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშივილი, ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი. იყო პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების შემთხვევებიც.

რას ამბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები?

თბილისში ღამის კლუბებთან და პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განმარტებებს ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. სპეცოპერაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს მხოლოდ სახალხო დამცველმა და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარია კლუბ გალერისთან და ბასიანთან შეკრებილ ადამიანებსა და ჟურნალისტებს უთხრა ის, რომ მასაც მათსავით მწირი ინფორმაცია ჰქონდა. თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან შეხვდა. მისი თქმით, ამ მოვლენების გამო "ღამის ეკონომიკაზე რომ ვერ ვლაპარაკობთ, ფაქტია".

"ეს არის სფერო, სადაც ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე სახელი გაითქვა. აქ შეიძლება 90 პროცენტი და მეტი არ არის მომხრე ნარკოტიკების და არაჯანსაღი ცხოვრების, მაგრამ ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ვფიქრობ, ეს არის წამგებიანი პოზიცია", - განმარტა მან.

როგორ აფასებდა თეთრი ხმაურის მოძრაობა კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს?

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, 12 მაისის მოვლენებამდე მათ აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ ღამის კლუბებზე "მიზანმიმართული პროვოკაცია" მზადდებოდა:

"წყაროები, რომელთა სახელებს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, გვატყობინებდნენ, რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ პირები რომელთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად".

მოძრაობაში დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით.

"ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ".

რა მოთხოვნები გაჟღერდა 12 მაისს დაწყებულ აქციაზე?

თეთრი ხმაურის მოძრაობა პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებდა შემდეგი მოთხოვნებით:

  • დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა;
  • გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია;
  • დაისაჯოს 12 მაისის "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
  • "მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს".

როგორ დასრულდა 12 მაისის ღამის აქცია?

12 მაისის სპეცოპერაციის დროს დაწყებული აქცია დილის 6 საათისთვის დასრულდა. ამ დრომდე აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს განმარტებები არ გაუვრცელებიათ. აქციებზე დააკავეს 50-მდე პირი, მათ შორის გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე.

იმის გამო, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩა დაიგეგმა ახალი აქცია 12 მაისს 15 საათზე.

რა ხდებოდა 12 მაისის დაანონსებულ აქციაზე?

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან შეკრება ბევრად უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე იყვნენ შეთანხმებულები. 15 საათისთვის პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა. ისინი სამართალდამცავებისგან ითხოვდნენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვასა და მათთვის დათმობას. თუმცა პოლიცია ხალხის რაოდენობის სიმცირის გამო ამ უფლებას მათ არ აძლევდა.

აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე ორგანიზატორები.

მოგვიანებით, კიდევ ერთხელ მოითხოვეს გზის სავალი ნაწილის დათმობა. პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია და რუსთაველის გამზირი სრულად გადაიკეტა.

საღამოს სიტყვით გამოსვლები კლუბურმა მუსიკამ შეცვალა. მუსიკამ, რომელიც დიჯეებს იმ საღამოს კლუბში უნდა დაეკრათ, თუმცა ზოგი სპეცოპერაციის, ზოგი კი სოლიდარობის გამო იყო დახურული.

აქციის კულმინაციის დროს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. მათ უკვე იცოდნენ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს-მ ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირი არა - კლუბებში, არამედ სხვაგან დააკავა.

იმის მიუხედავად, რომ რუსთაველის გამზირზე წვიმდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მაინც აგრძელებდა აქციაზე ყოფნას. გაიშალა კარვებიც. 13 მაისს, დილას, როცა პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ადამიანიღა იყო დარჩენილი პოლიციამ კარვების აშლა დაიწყო. მალევე დაანონსდა აქციის გაგრძელების დრო. ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ ნეონაცისტური ჯგუფები კონტრაქციას გეგმავდნენ.

რატომ დაიგეგმა კონტრაქცია?

მას შემდეგ, რაც პარლამენტთან შეკრებილმა ადამიანებმა დაანონსეს, რომ იქ გამართავდნენ აქციას 17 მაისსაც, დღეს, როცა მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღეს აღნიშნავს, დააანონსდა ნეონაცისტური ჯგუფების აქციაც.

ნეონაცისტური ჯგუფის წევრებს მიაჩნდათ, რომ უნდა შეზღუდულიყო პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და ამ აქციის დარბევის მოთხოვნით შეკრება დააანონსეს.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

როგორ ვითარდებოდა 13 მაისის აქციაზე მოვლენები?

რამდენიმესაათიანი დაშლის შემდეგ პარლამენტის წინ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით ადამიანებმა შეკრება კვლავ დაიწყეს. წინა დღისგან განსხვავებით, რამდენიმე საათის განმავლობაში აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი, გვიან დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც.

აქციაზე მისასვლელად აუცილებელი იყო პოლიციელებით გაკეთებული კორდონების გავლა. პარალელურად დაიწყეს ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებმა 9 აპრილის პარკში, რუსთაველის გამზირიდან რამდენიმე ათეულ მეტრში შეკრება, დაიწყო პოლიციელებით გაკეთებული კორდონების გაძლიერება, გამკაცრდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე მისვლა.

15 საათზე დაანონსებული აქცია რამდენიმე საათის გვიან დაიწყო. კვლავ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები. ისმოდა უცვლელი მოწოდებები და მოთხოვნები. მოგვიანებით კვლავ ჩაირთო კლუბური მუსიკა და კვლავ ცეკვით გაგრძელდა პროტესტი. უცვლელი დარჩა მოთხოვნები.

როგორ განვითარდა მოვლენები კონტრაქციაზე?

ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების ჯგუფს არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა მიახლოებოდნენ პარლამენტის შენობასთან მდგარ ადამიანებს. თითქმის ყველა მცდელობა მცდელობად დარჩა, ყველა შემთხვევაში პოლიციის კორდონები დახვდათ.

თავდაპირველად შეკრება დაიწყეს ჭანტურიას ქუჩაზე, რომლის ერთი ბოლოც რუსთაველის გამზირს უერთდება. ამ მხარეს პოლიციის კორდონი იდგა. რამდენიმეწუთიანი თათბირისა და მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს ფეხით წასულიყვნენ ლონდონის პარკში, გაიარეს ერთი ხიდი, რამდენიმე კილომეტრი და მივიდნენ დანიშნულების ადგილზე.

ლონდონის პარკში მისულებმა მოიფიქრეს რომ შეექმნათ სია, სადაც ჩამოწერდნენ სახელებს, გვარებსა და ტელეფონის ნომრებს. ამ გზით აპირებდნენ აქციის მონაწილეები სამომავლოდ შეთანხმებას.

სიის შედგენის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ პოლიციამ ის ცენტრალური გზა გადაუკეტა, საიდანაც ლონდონის პარკამდე მივიდნენ. დაიწყეს გასასვლელი ალტერნატივის ძებნა და რუსთაველის გამზირისკენ გაიქცნენ. ამბობდნენ, რომ ქაშვეთის ეკლესიაში ლოცვა სურდათ. ირბინეს რამდენიმე კილომეტრი და ყველა ის გზა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიდიოდა დაკეტილი დახვდათ.

რამდენიმეწუთიანი უშედეგო სირბილის შემდეგ მიხვდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან მიახლოებას. ნეონაცისტური იდეების მატარებელი ადამიანების ნაწილი 9 აპრილის პარკში მივიდა და ილოცა, ნაწილმა კი თავისუფლების მოედანთან გადაინაცვლა.

საბოლოოდ, ორად გაყოფილი ერთი და იმავე იდეების მატარებელი ადამიანების ჯგუფები პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ხალხს უფრო მიუახლოვდნენ, მათ მხოლოდ პოლიციის კორდონები ჰყოფდათ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსულ კლუბური მუსიკის ხმას ისინი გინებას, ჰომოფობიურ გამონათქვამებსა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს უპირისპირებდნენ.

რა უპასუხა ხელისუფლებამ პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს?

გადიოდა საათები და აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლები სპეცოპერაციაზე არ საუბრობდნენ. სპეცოპერაციის გასვლიდან 20 საათის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი ჩანიშნა.

ის ამბობდა, რომ საქართველოში ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური ცხოვრება, რომელიც წარმატებული ბიზნესია აუცილებლად გაგრძელდება. აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი დასმულ კითხვებზე, ვინ იყო პასუხისმგებელი და რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია კლუბში მაშინ, როცა იქ ნარკოდანაშაულისთვის არავინ დაუკავებიათ.

კიდევ ერთი ბრიფინგი უკვე სპეცოპერაციიდან 41 საათის გასვლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაინიშნა. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მართავდა ბრიფინგს. არც მან გასცა პასუხი აქციის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი. თქვა მხოლოდ ის, რომ პარლამენტთან მდგომი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნებოდა.

პრემიერის დაანონსებული ბრიფინგის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ყოფილი პრემიერის, მმართველი პარტიის დამფუძნებელისა და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ახალი კლიპი გამოავეყნა. მას Legalize ჰქვია და მთლიანად ნარკოპოლიტიკას ეძღვნება.

სიმღერაში რეპერი მხარდაჭერას უცხადებს ყველას, ვინც ეწევა "შრეკის ფერს" და ამავე დროს "უყვარს და არ ასაღებს".

როგორ განვითარდა მოვლენები პრემიერის ბრიფინგის შემდეგ?

პრემიერის ბრიფინგიდან მალევე რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამშვები მანქანები და ხელკეტებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცრაზმელები გამოჩნდნენ. თანდათან ძლიერდებოდა კორდონები, რომელიც პარლამენტთან შეკრებილი ადამიანების დასაცავად იყო გავლებული. გაჩნდა მოლოდინი, რომ იგეგმებოდა ნეონაცისტური იდეების მქონე ადამიანების დაშლა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ უსაფრთხოების ზომები მკაცრდებოდა. აქციაზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და ორგანიზატორებს შეხვდა. დაიწყეს მოლაპარაკებები.

შეხვედრის შედეგი ასეთი იყო: მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა დასჯილიყო ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელმაც სპეცოპერაცია დაგეგმა თუ გადაცდომები აღმოჩნდებოდა, აქციის ორგანიზატორებთან ესაუბრა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზებზე და ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა გაგრძელდებოდა.

აქციის მონაწილეებმა მიიჩნიეს, რომ მინისტრის დაპირება საკმარისი არ იყო და მისგან ბოდიში მოხდა მოითხოვეს. რამდენიმე წუთში სცენაზე გიორგი გახარია ავიდა და აქციის მონაწილების მოთხონა შესრულდა.

აქცია მალევე დაიშალა და მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოდან ავტობუსებით გაიყვანეს.

როგორ გამოეხმაურა მსოფლიო საქართველოში საპროტესტო აქციებს?

სოლიდარობის აქციები

სორბონისა და პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები მხარდაჭერას უცხადებენ იმ კლუბებს, სადაც 12 მაისს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა. მსგავსი აქცია დაიგეგმა ნიუ-იორკსა და ბერლინში.

საქართველოში საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს ტალინში ქართველმა სტუდენტებმაც.

მუსიკალური შემსრულებლების პოზიცია

ბასიანში განვითარებულ მოვლენებს მუსიკალური პლატფორმებიც გამოეხმაურნენ. გამოცემა Only Techno წერს, რომ ბასიანში განვითარებული მოვლენები მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგია და ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

Resident Advisor აღნიშნავს, რომ ბასიანზე თავდასხმა სახელმწიფოს მხრიდან პასუხია ბოლო ორ კვირაში ნარკოტიკით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებაზე, რაშიც კლუბს ადანაშაულებენ.

მედიაში გაშუქება

თბილისში მიმდინარე მოვლენები არაერთმა უცხოურმა მედიამ გააშუქა. მათ შორის იყო BBC და Reuters.

"ათასობით ადამიანი შეიკრიბა საქართველოს დედაქალაქ თბილისის ცენტრში, რათა გაეპროტესტებინათ შეიარაღებული პოლიციელების რეიდი, რომელიც ორ ღამის კლუბზე განხორციელდა", - ასე გააცნო BBC-მ მაყურებელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია.

"ხალხი შეიკრიბა თბილისის ცენტრში და აპროტესტებს შეიარაღებული პოლიციელების რეიდს ღამის კლუბებში. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას", - ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ