მეცნიერებმა ტირანოზავრის ტყავი შექმნეს, რომლისგანაც აქსესუარების დამზადება იგეგმება
ფოტო: VML
კრეატიულმა კომპანია VML-მა, გენური ინოვატორების გუნდმა The Organoid Company-მ და მდგრადი ბიოტექნოლოგიის ფირმა Lab-Grown Leather-მა ძალები გააერთიანეს, რათა ტირანოზავრის ტყავი შეექმნათ. მასალა გადაშენებული არსების დნმ-ის გამოყენებით დამზადდა.
ტირანოზავრი, იგივე T-Rex, ხმელეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში მტაცებელი იყო. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, ტირანოზავრის ტყავისგან დამზადებული პირველი აქსესუარი, შესაძლოა, უკვე წლის ბოლომდე იყოს ხელმისაწვდომი. პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს მომავლის ინოვაციური ტექნოლოგია შეიძლება ჩვეულებრივი ტყავის ეკო-მეგობრული და უფრო მაღალ ხარისხიანი ალტერნატივა გახდეს.
"ეს პროექტი საოცარი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია გენური და ცილოვანი ინჟინერიის გამოყენება სრულიად ახალი მასალების შესაქმნელად. ჩვენი გუნდი ცილათა ძველ თანმიმდევრობას აღადგენს და მის ოპტიმიზაციას ახდენს ტირანოზავრის ტყავის შესაქმნელად. ეს ბიომასალა შთაგონებულია პრეისტორიული ბიოლოგიით", — ამბობს The Organoid Company-ის გენერალური დირექტორი თომას მიტჩელი.
ტყავის შექმნა დნმ-სგან
მიუხედავად იმისა, რომ ადრე მიიჩნეოდა, თითქოს დინოზავრის დნმ ვერ გადარჩებოდა მილიონობით წლის განმავლობაში, უკანასკნელი აღმოჩენების შედეგად დასტურდება კოლაგენის აღმოჩენა სხვადასხვა დინოზავრის, მათ შორის 80 მილიონი წლის T-Rex-ის, სამარხშიც. კოლაგენი არის ცილა, რომელიც ძვლებში, კანში, კუნთებში და სხეულის მრავალ სხვა ქსოვილში გვხვდება.
გასულ წელს MIT-ის მკვლევრებმა გაარკვიეს, თუ როგორ მოახერხა დინოზავრის კოლაგენმა ამდენ ხანს გადარჩენა. მათ აღმოაჩინეს სპეციფიკური ატომური მექანიზმი, რომელიც კოლაგენს წყლის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან იცავდა.
ახალი მასალის შექმნის მეთოდი განსხვავდება მცენარეული და სინთეზური ალტერნატივებისგან. აქ ქსოვილის ხელოვნური ბიოფაბრიკაციის პროცესით ლაბორატორიაში ტყავის მსგავსი ქსოვილი პირდაპირ იზრდება.
"T-Rex-ის ტყავით ჩვენ ვიყენებთ წარსულის ბიოლოგიას, რათა შევქმნათ მომავლის მდიდრული მასალები. ეს უნიკალური თანამშრომლობა აერთიანებს კრეატიულ ინოვაციასა და მოწინავე ბიოტექნოლოგიას", — აცხადებს ბას კორსტენი, VML-ის კრეატიული დირექტორი.
ტირანოზავრის ტყავის შექმნისას განამარხებული კოლაგენი შაბლონად გამოიყენება. ამაზე დაყრდნობით გუნდი ქმნის სრულ კოლაგენურ თანმიმდევრობას ტირანოზავრისთვის და მისი დახმარებით გამოზრდის ახალ კანს. ამის შემდეგ, ეს კოლაგენის თანმიმდევრობა გარდაიქმნება დნმ-ად და ხდება მისი Lab-Grown Leather-ის უჯრედებში შეყვანა.
სწორედ ამ გზით გახდება შესაძლებელი ტყავის მაგვარი მასალის შექმნა და ამ მასალისგან ისეთი აქსესუარების დამზადება, როგორიც ხელჩანთაა.
ინოვაციური მასალა ბიოდეგრადირებადი იქნება
T-Rex-ის ტყავს სავარაუდოდ ექნება ბუნებრივი გამძლეობა და ის "გამოცდილება", რასაც მაღალი კლასის პროდუქტისგან ელიან ხოლმე მომხმარებლები. კომპანიის განცხადებით, ტირანოზავრის მასალა სრულიად ბიოდეგრადირებადია. ამის გამო, არსებობს მოლოდინი, რომ გარემოსდაცვითი და ეთიკური შედეგები დიდი იქნება, თუმცა საჭიროა მსგავსი მიდგომა გლობალურად დაინერგოს.
ტრადიციული ტყავის წარმოება დიდი ხანია დაკავშირებულია ტყეების გაჩეხასთან და მავნე ქიმიკატებთან. ტირანოზავრის ბიოტყავი კი, როგორც შემქმნელები აცხადებენ, საგრძნობლად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და მთლიანად გამორიცხავს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას.
VML-ის პრესრელიზის თანახმად, T-Rex-ის ტყავი თავდაპირველად აქსესუარების დასამზადებლად იქნება განკუთვნილი, ხოლო პირველი ფლაგმანური პროდუქტის გამოშვება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შემდეგ, ინოვაციას შეუძლია მრავალი ინდუსტრიის მიმართულებით განვითარდეს, მაგალითად ავტომობილების კუთხით.


კომენტარები