ჩინეთში 10G ქსელი ამოქმედდა — რას ნიშნავს და აქვს თუ არა კავშირი 5G-სთან?

ფოტო: AerialPerspective Works / iStock
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთის ქალაქში, სახელად სიუნგ'ან, 10G ფართოზოლიანი ქსელი ამოქმედდა. MSN-ის მიხედვით, ეს ყველაზე სწრაფი ინტერნეტია მსოფლიოში, ზოგი კი მას სულაც 5G-ს მომდევნო თაობად მიიჩნევს. ყველაფერი ასე მარტივად არაა, ამიტომ ეს დეტალები უკეთ განვიხილოთ.
რა არის და როგორია 10G ქსელი
ერთი შეხედვით შეიძლება ასე იფიქროთ, თუმცა 10G ქსელი 5G-ს მომდევნო თაობა არაა — ეს არა მისი გაუმჯობესებული ვერსია, არამედ სრულიად სხვა ტექნოლოგიაა.
პლატფორმა BroadBandNow-ს მიხედვით, 5G უსადენო ქსელია, რომელიც მობილურებში გამოიყენება. მეორე მხრივ, 10G საკაბელო ინტერნეტია და მისი დანიშნულება ისაა, რომ სადენების კომპანიებმა მომხმარებლებს სახლის ინტერნეტი მიაწოდოს, რომელსაც ბოჭკოვანი ინტერნეტის სიჩქარე ექნება.
10G ნიშნავს 10 გიგაბიტ-წამ სიჩქარეს, რაც შეიძლება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ინტერნეტად მივიჩნიოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, წამში 10 გიგაბიტი ჩამოვტვირთოთ და 8K-ში ვიდეოები უხარვეზოდ გავუშვათ.
ეს სერვისი ორმა კომპანიამ — Huawei-მ და China Unicom-მა — შექმნა სპეციალური 50G-PON ტექნოლოგიის გამოყენებით. სწრაფი კავშირის წყალობით სამომავლოდ 10G-ს არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფილმების უზარმაზარი ფაილები წამებში გადმოწერონ და ღრუბლოვანი თამაშები შეფერხების გარეშე ითამაშონ.
გარდა ამისა, სამომავლოდ მან უფრო დახვეწილ ტექნოლოგიებსაც დაუდოს საფუძველი. ესენია, მაგალითად: თვითმართვადი მანქანების ქსელები, ონლაინსივრცეები ვირტუალური რეალობითა (VR) და გაფართოებული რეალობით (AR), ჭკვიანი სისტემები ქალაქებისთვის. სწრაფი ინტერნეტი პოტენციურად ხელოვნური ინტელექტის (AI), მათ შორის დიდი ენობრივი მოდელებს (LLM-ები), განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.
მიუხედავად მნიშვნელოვანი პერსპექტივებისა, ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად სტაბილურად უზრუნველყოფს 10G ამ სიჩქარეს; უცნობია ისიც, მიუწვდებათ თუ არა ხელი მასზე სიუნგ'ანის რიგით მოქალაქეებს.
Business Northeast-ის მიხედვით, ინოვაციით სურთ, 2017 წელს აშენებული სიუნგ'ანი მაღალტექნოლოგიურ ქალაქად გარდაქმნან. წარმატების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქვეყანა 10G ქსელს სხვა დიდ ქალაქებშიც დანერგავს, იქნება ეს პეკინი, შანხაი, შენჭენი თუ კუანგჭოუ.
ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიური ლიდერი გახდეს, 10G ქსელის ჩაშვება კი ამ მასშტაბური ინიციატივის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
კომენტარები