რას ეწინააღმდეგებიან პანკისში — ყველაფერი მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ბოლო წლებში პანკისის ხეობაში ორი ჰესი: ხადორი 1 და ხადორი 2 აშენდა. ნებართვა გაცემულია მესამე ჰესის, ხადორი 3-ის მშენებლობაზეც, რაც, მოგვიანებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით სასამართლოში გაასაჩივრა. განსახილველი სხდომა ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა.

ადგილობრივების თქმით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მათი სასმელი და სარწყავი წყალი, რომელსაც მდინარე ალაზნიდან იღებენ, საფრთხის ქვეშ დადგება. შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობის პირობებში საფრთხე შეექმნება ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალს, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის განსაკუთრებული ღირშესანიშნაობაა. საფრთხის ქვეშ დგება ხეობაში ტურიზმის განვითარების პოტენციალიც.

ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაგეგმილი არამასშტაბური ჰესი არავითარ ზიანს არ მოუტანს ხეობას და "ჰესები, რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს".

ვინ აშენებს ჰესებს პანკისის ხეობაში?

პანკისის ხეობაში სამი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობაზე ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გასცა. ეს ჰიდროელექტროსადგურებია 4,8 მეგავატი სიმძლავრის სამყურისწყალი 1, 26,28 მეგავატი სიმძლავრის სამყურისწყალი 2 და 5,4 მეგავატი სიმძლავრის ხადორი 3.

ჰიდროელექტროსადგურ ხადორი 3-ს კომპანია ალაზანი ენერჯი აშენებს, რომელიც შპს ფერის შვილობილი კომპანიაა. ეს კომპანია იმ გუნდიდან არის, რომელმაც პანკისის ხეობასა და საქართველოს სხვა წერტილებში უკვე ააშენა ჰესები, მათ შორის დარიალი ჰესი, ყაზბეგი ჰესი, ლარსი ჰესი, ხადორი 2.

კომპანია ფერსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა.

რისი აშენება იგეგმება პროექტის მიხედვით და სად?

ხადორი 3-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ჰესის მშენებლის, შპს ალაზანი ენერჯის დაკვეთით მომზადდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჰესის მოწყობა გათვალისწინებულია სოფელ ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხადორი 3 მდინარე ალაზნის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, დერივაციული ტიპის ჰესი უნდა იყოს. ჰესისთვის წყალაღება ხადორი 2 ჰესის გამყვანი არხიდან მოხდება. ამისათვის კი ალაზნის ხეობაში 4,5 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობაა დაგეგმილი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავისა და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე, წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახისა და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. ხადორი 3–ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ახალი მისასვლელი გზების გაყვანა არ იგეგმება.

რა ხარვეზები აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას?

არასამთავრობო ორგანიზაციები მწვანე ალტერნატივასა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში შეუსწავლელი ან არასათანადოდ შესწავლილია მთელი რიგი საკითხები. სწორედ, ამიტომ, დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად საფუძველი არ არსებობდა.

EMC წერს, რომ გარემოზე ზემოქმედება ყველა ჰესის მიერ გამოწვეული რისკების ერთიანობაში გათვალისწინებით არ შეფასდა. ამასთან, დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ფუნდამენტური კვლევების ჩატარებისა და გამოკვლევის გარეშე გაიცა. არსებობს მაღალი რისკები, რომ ჰესების კასკადის მშენებლობა არსებითად შეამცირებს სასმელი წყლის რესურსს ხეობაში, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ხეობაში მდებარე უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე და, არსებითად, შეამცირებს ხეობის ტურისტული განვითარების შესაძლებლობებს.

გთავაზობთ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოვლენილ გარემოებებს:

ალაზნის 90 პროცენტი მილებში

ჰესის მშენებლობის პროცესში სოფელი ბირკიანის მიმდებარედ მდინარე ალაზნის 90 პროცენტი მილებში მოექცევა. შესაბამისად, სოფელი ბირკიანის მიმდებარედ არსებითად შეიცვლება მდინარე ალაზნის კალაპოტი და არსებული მოცულობის ნაცვლად მდინარეში დარჩება მხოლოდ მდინარის 10 პროცენტი (ე.წ ეკოლოგიური ხარჯი).

"გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშში ვერსად ვერ ვხვდებით აღნიშნული ეკოლოგიური ხარჯის დათვლის მეთოდოლოგიას, რაც ჰესის მშენებლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ანუ კომპანიას არსად აქვს ნახსენები, რატომ ტოვებს მდინარეში მხოლოდ 10 პროცენტს და არა, უფრო მეტს", — ნათქვამია დოკუმენტში.

წყლის დაბინძურების საფრთხე

ხადორი-3 ჰესის წყალჩაშვების ობიექტის მშენებლობა სოფელ დუისისა და ბირკიანის წყალმომარაგების ფილტრატებიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებითაა დაგეგმილი. ეს ფილტრატები სოფლის სასმელი წყლით მომარაგების ძირითადი წყაროა.

შეიძლება ითქვას, რომ ჰესის აშენების შემდეგ დუისისა და ბირკიანის მოსახლეობა წყალს სამივე ჰესის წყალმიმღებების, ტურბინების, გვირაბებისა და მილსადენების გავლის შემდეგ მიიღებს. ეს საკითხი გზშ-ს ანგარიშში ნახსენები არაა.

ამავე ანგარიშში აღწერილია სიტუაცია, როდესაც წყალში შესაძლოა საშიშმა ნივთიერებამ გაჟონოს. ამის მიუხედავად, საუბარი არ არის, რომ ეს ნივთიერებები შესაძლებელია სოფლის მოსახლეობის სასმელ წყალში აღმოჩნდეს. შესაბამისად, არ არის ასახული ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მოსახლეობას მსგავსი საშიშროებისგან დაიცავდა.

ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

გზშ-ს ანგარიშში არ არის წარმოდგენილი დეტალური კვლევები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამას ადასტურებს, როგორც თავად ანგარიშში არსებული ჩანაწერებიც, ასევე უშუალოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც. ექსპერტიზის დასკვნა მიღებიდან 6 თვის შემდეგ ითვალისწინებს ისეთი კვლევების ჩატარების ვალდებულებას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად დადებითი დასკვნის გაცემისთვის უკვე ჩატარებული უნდა იყოს.

პლაგიატი

გზშ-ს ანგარიშში რისკების შეფასების მიზნით ჩასატარებელი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ კოპირებულია სხვა ჰესების გზშ-ს ანგარიშიდან.

სავარაუდოდ, საკონსულტაციო კომპანიამ დააკოპირა მთელი რიგი საკითხები სვანეთში და სხვა რეგიონებში არსებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გზშ ანგარიშებიდან ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების, ადგილზე ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის გარეშე.

მაგალითად, პირდაპირ დამატებითი კვლევების გარეშე გადმოტანილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, კუმულაციური ზემოქმედება, ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ზემოქმედება წყლის ხარისხზე. კვლევაში მითითებული არ არიან მკვლევრები, რაც ეჭვქვეშ აყენებს კვლევის ხარისხსა და მის სანდოობას.

ზემოქმედება თევზების ფაუნაზე

გზშ-ის ციტირებაზე დაყრდნობით, "თევზჭერის შედეგად ვერ მოხერხდა იქთიოლოგიური [წყლის ბინადრების] მასალის მოპოვება", რადგან "მდინარის ეს მონაკვეთი უკვე დატოვეს იქ მობინადრე თევზის სახეობებმა, ამის მიზეზი გახდა მდინარის კალაპოტთან მიმდინარე სამუშაოების ჩატარების დროს გამოწვეული ხმაური".

განმეორებით, ჰესების პროექტის გზშ-სთვის უმნიშვნელოვანესი საბაზისო მონაცემების შეგროვება წყლის ბინადრების მდგომარეობის დასადგენად არ შესრულებულა. წარმოდგენილი არ არის ასევე, წყლის სხვა ბინადრების (თევზის გარდა) კვლევის შედეგები. კვლევა მხოლოდ საკვები ბაზის ვიზუალური შეფასებით შემოიფარგლა.

დაცული ტერიტორიები კვლევის მიღმა

გზშ-ს ანგარიშის ქვეთავში ნათქვამია, რომ მილსადენიდან ბაწარას ნაკრძალის საზღვრამდე არის 100-120 მეტრი, თუმცა ნაკლებ მანძილს აჩვენებს სამინისტროსადმი წარდგენილი კოორდინატები:

მილსადენამდე დაახლოებით 75 მეტრია, ხოლო გზა უშუალოდ დაცული ტერიტორიის კიდეზე გადის. ტრანსპორტისა და მილსადენის მშენებლობის ხმაურის ზემოქმედება დაცული ტერიტორიების ველურ გარემოსა და მოსახლეობაზე არ არის გათვალისწინებული.

ამასთან, მანძილები კრიტიკულ რეცეპტორებამდე (ნაკრძალი, მოსახლეობა) შემცირებულია რეალობასთან შედარებით, ხოლო შემარბილებელი ფაქტორები (მაგ. ხე-მცენარეულობა, როგორც ბარიერი) გაზვიადებულადაა წარმოდგენილი.

დაცული ტერიტორიები საველე კვლევების მიღმა დარჩა. ჰესების მშენებლობის ველურ სამყაროზე ზემოქმედება ახლოს მიმდებარე გზაზე მძიმე ტექნიკის ხანგრძლივი გადაადგილებით იგნორირებულია, თანაც მიჩნეულია, რომ ველური ბუნება "შეჩვეულია" საგზაო ხმაურს. შემცირებულადაა ნაჩვენები ჰესის მილსადენის მშენებლობის ხანგრძლივობა ნაკრძალის მახლობლად.

ერთობლივი ზეგავლენა

გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ შეიცავს არანაირ კვლევას ხეობაში უკვე არსებული ჰესებისა და დაგეგმილი ჰესის ერთობლივ გავლენაზე. კერძოდ კი, ხადორი 3 მდინარე ალაზანზე არსებული ჰესების კასკადის ნაწილია, რომლებიც ერთობლივი ექსპლუატაციის პირობებში მომეტებული ზიანის რისკებს უქმნის ადგილობრივ ეკოლოგიურ და სოციალურ გარემოს.

ასევე განხილული არაა ელექტროგადამცემი ხაზების კუმულაციური ზემოქმედების საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე და საშუალო ჰესების გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, განსაკუთრებით კასკადისთვის.

რატომ ეწინააღმდეგებიან პანკისელები ჰესის მშენებლობას?

ერთ წელზე მეტია პანკისის ხეობის მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობას. სასამართლოში პანკისის მოსახლეობის სახელით EMC დავობს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობის გავლენა გარემოზე, მათ შორის, სასმელ წყალზე.

დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, სოფლები კახეთში მთავარ მდინარეებზეა დამოკიდებული, მათ შორისაა პანკისის ხეობაც. ის მდინარე ალაზანზეა დამოკიდებული, როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი წყლის თვალსაზრისით.

ერთ-ერთი სერიოზული საფრთხე, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, წყალს ეხება. მათი თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში აღარ იქნება საკმარისი წყალი აღარც მოსარწყავად და აღარც სასმელად, რაც უვარგისს და შეუძლებელს გახდის ამ სოფლებში ცხოვრებას.

"ჰესია ზევით აშენებული, არა ყოფნით? ამ ერთ წყალზე ვართ დამოკიდებული. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების ხერხემალი, ესეც თუ წაგვართვეს აქ ჩვენ არ გვეცხოვრება. მოსახლეობის გაჭირვებას არ უყურებენ, რომელ ეკონომიკაზეა ლაპარაკი? რომელ ენერგეტიკაზე? რა დროს ენერგეტიკაა, როცა ხალხს უჭირს. მოდიოდნენ და ვინც აქტიურები იყვნენ, სამმართველოში მიჰყავდათ, დაშინების მიზნით, რომ გავჩერებულიყავით, აქტიურები არ ვყოფილიყავით. სერიოზული ეჭვია, რომ კომპანიასა და მთავრობას შორის გარიგება ხდება. აბა, რა ინტერესი აქვთ?" — აცხადებს პანკისის მკვიდრი ემზარ ტოხოსაშვილი.

ადგილობრივები პატარა ხეობაში ჰესების კასკადის დამაზიანებელ გავლენაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ჰესი გავლენას მოახდენს უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

"თუ ეს ჰესები აშენდა, ჩვენ ხეობაში ვეღარ გავჩერდებით, განადგურებულ და დაქცეულ გარემოში ვეღარ ვიცხოვრებთ და იძულებულები გავხდებით დავტოვოთ ხეობა. დიდი საფრთხე არსებობს, რომ დაგვიბინძურდეს სასმელი წყალი. ასევე ჩვენთან ისედაც მიწების სიმცირეა და საძოვრების მხრივაც დამოკიდებულები ვართ მდინარე ალაზნის რიყეზე. შესაბამისად, ამ ჰესების აშენებით და მთლიანად მდინარის 90 პროცენტის მილებში მოქცევით, ჩვენ, პრაქტიკულად, საძოვრებს ვკარგავთ", — განაცხადა პანკისელმა აქტივისტმა რამზად გორგიშვილმა.

როდის სცადეს პირველად ხადორი 3 ჰესის მშენებლობა?

ხადორი 3-ის მშენებლობის დაწყება კომპანია ალაზანი ენერჯიმ პირველად 2018 წლის 29 ივნისს სცადა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები შეჩერდა. მშენებლობის შესახებ პანკისელების დიდმა ნაწილმა მას შემდეგ გაიგო, რაც სატვირთო მანქანებმა ხეობაში სამშენებლო მასალების გადაზიდვა დაიწყეს.

"არცერთხელ არ მოსულან და ხალხთან საუბარი არ ჰქონიათ. პირდაპირ მილების მოტანა რომ დაიწყეს, ხალხს ხომ უნდა აგვიხსნან, ამ საფრთხეების თავიდან აცილებას რით აპირებენ. ამ ყველაფრის გარეშე ხალხი წინააღმდეგია და კიდევ ერთი ჰესის აშენებას არ დავუშვებთ", — უთხრა პანკისის სათემო რადიოს სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა ვახტანგ ფარეულიძემ.

სოფელ ბირკიანში, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა კომპანიას სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ მისცა. გაიმართა საპროტესტო აქციები და ჰესის მშენებლობაც დროებით შეჩერდა. პანკისის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის სამუდამოდ შესაჩერებლად სპეციალური განცხადებით მიმართა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს.

რა პოზიცია ჰქონდა კომპანია ალაზანი ენერჯის 2018 წელს?

25 მარტს სოფელ ბირკიანში ჩატარებულ საპროტესტო აქციას ჰესის მშენებელი კომპანია ალაზანი ენერჯის ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილიც ესწრებოდა. ის ცდილობდა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ დაგეგმილი არამასშტაბური ჰესი არავითარ ზიანს არ მოუტანდა ხეობას და თუ ვინმეს დარწმუნება სჭირდება, მზად არის თავად მის თვალწინ დალიოს ჰესიდან გამოსული წყალი. იორდანაშვილის კომენტარი რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

"ომალოში წყალი არ არის? მივიყვანოთ... ბალახი გახმება? ორჯერ მეტი ბალახი ვიყიდოთ... სასმელი წყალი ერთ ოჯახსაც რომ დააკლდეს და ჭაში წყალი შეუმცირდეს, ყველას სახლამდე მივუზიდავთ იმ წყლებს... თქვით, რა სჭირდება პანკისის ხეობის სოფლებს, ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში", — ეუბნებოდა ლაშა იორდანიშვილი პანკისელებს.

მისი თქმით, "თუკი, მდინარე ალაზანში წყლის დონე დაიკლებს, ჰესის სიმძლავრეს 5 მგვტ-დან 4 ან 3 მგვტ-მდე ჩამოიყვანენ", თუმცა მას აღარ დაუკონკრეტებია, ასეთ შემთხვევაში რამდენად გამართლებული იქნება ობიექტის მშენებლობაში ჩადებული დიდი ინვესტიცია.

პანკისელებმა კომპანია დაგვიანებულ კომუნიკაციაშიც დაადანაშაულეს. ისინი მიუღებლად თვლიდნენ, რომ ახალი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ხეობაში სახალხო განხილვა არ გამართულა, ხოლო ახმეტაში გამართული შეხვედრის შესახებ, ბევრმა, უბრალოდ, არაფერი იცოდა.

რა მოხდა 2019 წლის 21 აპრილს ხეობაში?

21 აპრილის დილას შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში დიდი მასშტაბის საპოლიციო ძალა შეიყვანა, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი. მობილიზების მიზეზი ხეობაში დაგეგმილი ჰესის ხადორი 3-ის მშენებლობის განახლება იყო. მოსახლეობამ არც ამჯერად იცოდა რამე და სამუშაოების განახლების შესახებ ხეობაში გამოჩენილი ტრაქტორით გაიგო. ამან მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

სპეცრაზმის დახმარებით მშენებლობის პროცესი ისე განახლდა, რომ ხელისუფლებას სათანადოდ არ ჰქონდა ამოწურული ადგილობრივ თემთან მოლაპარაკების რესურსი. ბოლო კვირებში პანკისის ხეობაში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტის დროს ითქვა, რომ ხელისუფლება დაგეგმავდა ექსპერტების მონაწილეობით ამ საკითხის განხილვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ დილას სოფელში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმები კი დაპირისპირების გამო დაამატეს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დილით მომხდარი შეტაკების შემდეგ ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის შს მინისტრი, გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

ადგილობრივებისა და მთავრობის წევრების შეხვედრის პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცხადებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი იქამდე არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90 პროცენტს არ ექნება ამის სურვილი. შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების მუხლით გამოძიება დაიწყო.

რა პოზიცია აქვს ეკონომიკის სამინისტროს?

ეკონომიკის სამინისტროში ჰესების მშენებლობის შესახებ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურნენ. ენერგეტიკული ფონდის განვითარების დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი ხადორი 3-ის ჰესის მშენებლობაზე:

"არიან კიდევ ადამიანები, რომელთაც დამატებითი განმარტებები სჭირდებათ და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს დღეს", — განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სამინისტროს პოზიციაა რომ "ის ჰესები, რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს": "გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის პოზიცია, მაგრამ უკანონო ქმედებას არ დავუშვებთ".

პანკისში ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ "ჰესის სარგებლიანობის" შესახებ განცხადება გაავრცელა:

"გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი", — ნათქვამია განცხადებაში, სადაც, ასევე, წერია, რომ მდინარე ალაზანზე დაგეგმილი ჰესი ხადორი 3 ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება.

ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ დაგეგმილი ჰესი "მცირე" და "მწვანეა". მთავრობა ასევე აღნიშნავს კომპანიის მიერ აღებულ "სოციალურ პასუხისმგებლობას", "განახლებულ გზებსა" და "ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება", — ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირებიდან მეორე დღეს, ეკონომიკის სამინისტროს ახალი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში არ ყოფილა საუბარი ჰესების მშენებლობის შეჩერებაზე. სამინისტრო ირწმუნება, რომ ხადორი 3 მწვანე ჰესია და ადგილობრივ მოსახლეობასაც ბევრ უპირატესობას სთავაზობს.

"ალაზანი ენერჯის ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე ტექსტის მიხედვით, მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს მათ შორის შეიქმნება 50 მუდმივი სამუშაო ადგილი.
გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120 000 ლარს შეიტანს.

"ამავე დროს უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს", — აცხადებენ სამინისტროში.

რა ფორმითაა ჩართული შსს პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის პროცესში?

პანკისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საპოლიციო თუ სხვა სახის რეპრესიული ძალაუფლების გამოყენება ჰესების თუ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად არაერთხელ იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან.

2019 წლის 29 იანვარს პანკისის ხეობაში გაიმართა სახალხო კრება, სადაც ადგილობრივებმა ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს. კრების შემდგომ შსს-ს წარმომადგენლებმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს ხეობის ის რამდენიმე უხუცესი, რომლებიც კრების შეხვედრაზე ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ჰესების მშენებლობას. მათ რამდენიმე საათის გამავლობაში ჰესების მშენებლობის მხარდაჭერის აუცილებლობაში არწმუნებდნენ.

2018 წლის ზაფხულის განმავლობაში EMC-ის ინფორმაციით, შსს-მ არაერთი აქტივისტი გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათ უსვამდნენ შეკითხვებს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოხატული მოსაზრებების გამო, ღიად ემუქრებოდნენ და უცხადებდნენ, რომ წინააღმდეგობის გაგრძელების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებდნენ.

EMC-იმ გაცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ითხოვა ფაქტების შესწავლა და მოქალაქეთა პოლიციის განყოფილებებში გადაყვანის სამართლებრივი საფუძვლის განმარტება. თუმცა, მოთხოვნას შსს-ს მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. EMC-ის მიმართვის საფუძველზევე აღნიშნულ ფაქტებს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

რა ეტაპზეა პანკისის ჰესების სასამართლო დავები?

EMC პანკისის ხეობაში დაგეგმილი ორივე ჰესის საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის სახელით აწარმოებს სასამართლო დავას. მათ შორის ერთ-ერთი დავა ხადორი 3-ის აშენებას უკავშირდება.

ხადორი 3 ჰესთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის სახელით წარდგენილია ორი სარჩელი:

  • პირველი სარჩელი შეტანილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომელმაც EMC-ის ცნობით, კანონდარღვევით გასცა მშენებლობის ნებართვა ჰესის მშენებლობაზე, მითითებულ საქმეს განიხილავს თელავის რაიონული სასამართლო;
  • მეორე სარჩელი შეტანილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც, ამავე განცხადების მიხედვით, უკანონოდ გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მითითებულ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ხადორი 3-ის დავის ფარგლებში EMC-მ შუამდგომლობა დააყენა და ითხოვდა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, სასამართლო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჯერჯერობით არცერთ საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა არ დაწყებულა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…