ასტრონომებმა ჩვენი მზის სისტემიდან 300 სინათლის წლის მოშორებით მოლეკულური წყალბადის უზარმაზარი ღრუბელი აღმოაჩინეს. მას ნახევარმთვარის მსგავსი ფორმა აქვს და ე.წ. ადგილობრივი ბუშტის მიჯნაზე მდებარეობს.

მეცნიერები ამ ობიექტს შორ ულტრაიისფერ სპექტრში დააკვირდნენ, რომელსაც მოლეკულური წყალბადი გამოყოფს — სამყაროს პირველადი საშენი მასალა. ღრუბელს განთიადის ბერძნული ქალღმერთის პატივსაცემად "ეოსი" უწოდეს.

"მონაცემებმა წყალბადის მოლეკულების ელვარება შორი ულტრაიისფერი სპექტრის ფლუორესცენციის სახით აჩვენა. ღრუბელი სიბნელეში, პირდაპირი მნიშვნელობით, ანათებს", — ამბობს ასტროფიზიკოსი ბლაკსლი ბურკჰარტი.

ღამის ცაზე ვარსკვლავები და პლანეტები შესამჩნევად კაშკაშებს, რასაც ვარსკვლავთაშორის სივრცეზე ვერ ვიტყვით. რა თქმა უნდა, ის ცარიელი არაა, რადგან ამ რეგიონებში მოლეკულური მატერია გადაადგილდება და ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმის, რა დროსაც უფრო მაღალი სიმკვრივის ღრუბელი წარმოიქმნება. სწორედ იქ ყალიბდება მნათობები, მაგრამ ასეთი ღრუბლები ძალიან მკრთალია. მათ დაფიქსირებაში გვეხმარება სინათლე, რომელიც ღრუბელში მოძრაობს, რადგან შედეგად მისი ტალღის მიმართულება ან სიხშირე იცვლება.

ეოსის მდებარეობა ადგილობრივ ბუშტში.

ფოტო: Thomas Müller and Thavisha Dharmawardena

ვარსკვლავთაშორისი მატერიის ერთ-ერთი მკაფიო ინდიკატორი ნახშირბადის მონოქსიდია, მაგრამ ის ყველა ღრუბელში უხვად არ გვხვდება. ამის გამო მეცნიერებმა ყურადღება წყალბადის შორ ულტრაიისფერ სპექტრზე გაამახვილეს. ეს ელემენტი ხილული კოსმოსის ატომების წილის დაახლოებით 90%-სა და მასის 73%-ს შეადგენს. ის ფლუორესცენციურად ძლიერი ულტრაიისფერი ემისიის გავლენით ანათებს.

ამ ემისიებზე დაკვირვებამ ასტრონომები ეოსამდე მიიყვანა და მისი ზომისა თუ ფორმის დადგენის საშუალება მისცა. გაირკვა, რომ ღრუბლის დიამეტრი 80-85 სინათლის წელია. ამ ფარგლებში ის დაახლოებით 2000 მზის მასის ეკვივალენტურ წყალბადს შეიცავს, რაც მთლიანი მასის 36%-ია. ეს მატერია ვარსკვლავების ზემოქმედებით უნდა ორთქლდებოდეს, რასაც ფოტოდისოციაცია ეწოდება. კერძოდ, ყოველ მილიონ წელში დაახლოებით 600 მზის მასა იკარგება. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ის 5.7 მილიონ წელში გაქრება.

ეს მიგნება მოლეკულური ღრუბლებისა და იქ მიმდინარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ასევე, უფრო მეტი ასეთი "უხილავი" ობიექტის დაფიქსირების მეთოდს გვთავაზობს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.