ახდენს თუ არა გავლენას სიმაღლე აკადემიურ შედეგებზე — კვლევა

ფოტო: imperial.ac.uk
ჟურნალ Economics and Human Biology-ის ახალი კვლევის მიხედვით, როგორც წესი, მაღალი მოსწავლეები ცოტათი უკეთეს შედეგებს აფიქსირებენ სტანდარტიზებულ ტესტებში, ვიდრე მათზე შედარებით დაბალი თანატოლები.
კვლევა ეფუძნება ნიუ-იორკის საჯარო სკოლების III-VIII კლასების დიდ მონაცემთა ბაზას და აჩვენებს, რომ სიმაღლეში მატება უკავშირდება ოდნავ უკეთეს შედეგებს ინგლისურ ენასა და მათემატიკაში.
მეცნიერებმა ეს კვლევა ჩაატარეს იმის გასაგებად, თუ რატომ გამოიმუშავებენ მაღალი ადამიანები მეტ ანაზღაურებას ზრდასრულ ასაკში. ეს მახასიათებელი წინა კვლევებით უკვე დამტკიცებულია. ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა, რომ მაღალი ადამიანები სარგებლობდნენ აკადემიური უპირატესობით ბავშვობიდან, რაც შეიძლება ნაწილობრივ ხსნიდეს მათ წარმატებას შრომის ბაზარზე. თუმცა წინა კვლევები ამ კავშირზე მხოლოდ მიანიშნებდა, ახალი კვლევა მიზნად ისახავდა ამ ურთიერთობის უშუალო გამოკვლევას, დიდი და თანამედროვე მონაცემთა ბაზის გამოყენებით.
"სოციალურ მეცნიერებებში ცნობილია, რომ საშუალოდ, მთელ მსოფლიოში, მაღალი ადამიანები მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე შედარებით დაბლები", — ამბობს კვლევის ავტორი სტეფანი კოფი, ეკონომიკის ასისტენტ-პროფესორი სენტ-ანსელმის კოლეჯიდან.
არსებობს ამ ფენომენის რამდენიმე შესაძლო ახსნა. ერთი ვერსიით, მიზეზი სოციალური ფაქტორია, ანუ მაღალი ადამიანები შესაძლოა უფრო თავდაჯერებულები არიან, ან სხვებისგან უფრო დადებითად აღიქმებიან. მეორე მხრივ, შესაძლოა რომ სიმაღლე პოზიტიურად აისახება უნარებზე, რადგან მაღალი ადამიანები, როგორც წესი, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ კოგნიტიურ ტესტებში. ამ ვერსიის მიხედვით, რეალურად მაღალი ანაზღაურების მიზეზი არა თავისთავად სიმაღლე, არამედ მასთან ასოცირებულ უნარ-ჩვევებია.
შესწავლილი მონაცემები მოიცავდა ინფორმაციას 500 ათას მოსწავლეზე 2010-დან 2017 წლამდე პერიოდში. მონაცემებში შედიოდა მოსწავლეთა ფიზიკური მახასიათებლები (წონა, სიმაღლე), სტანდარტული ტესტების ქულები ინგლისურსა და მათემატიკაში, დემოგრაფიული მახასიათებლები და დასწრების მაჩვენებელი. სიმაღლე გენდერისა და კლასის გათვალისწინებით იყო სტანდარტიზებული.

ფოტო: Brittainy Newman/AP/Shutterstock
მოგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა თანმიმდევრული, მაგრამ მცირე კავშირი სიმაღლესა და აკადემიურ მიღწევას შორის. ბიჭებში სიმაღლეში ერთ სტანდარტულ გადახრას, ანუ სიმაღლეში მატებას, შეესაბამებოდა მათემატიკაში 0.03 და ინგლისურში 0.039 სტანდარტული გადახრის მატება. გოგონებში ეს მაჩვენებლები იყო 0.034 და 0.04. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვები მცირეა, გრძელვადიანად ისინი მნიშვნელოვანი ხდება.
"ჩვენი მთავარი აღმოჩენაა, რომ III-VIII კლასებში, მაღალი ბიჭები და გოგონები უკეთეს ქულებს იღებენ მათემატიკასა და ინგლისურში. მატების მაჩვენებელი საშუალოა, მაგრამ საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გამოჩნდეს განსხვავება მაღალი და დაბალი მოსწავლეების მიღწევებს შორის", — უთხრა კოფიმ PsyPost-ს.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა მოსწავლეთა მონაცემები არა ზოგად მაჩვენებლებს, არამედ თანატოლებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ორი მოსწავლე ერთი სიმაღლის იყოს, მაგრამ თუ ერთი იმყოფება სკოლაში, სადაც სხვებზე მაღალია, ის უფრო მაღალ ქულებს იღებს, ვიდრე მისი ტოლი სხვა მოსწავლე სკოლაში, სადაც დაბლად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ საქმე არა ბიოლოგიურ, არამედ უფრო სოციალურ პრობლემასთან გვაქვს.
კვლევაში ასევე შეამოწმეს, თუ შეიძლება ჯანმრთელობამ ახსნას სიმაღლესა და აკადემიურ მიღწევას შორის კავშირი. სიმაღლის ზრდა შესაძლოა ასოცირდებოდეს უკეთეს ჯანმრთელობასთან, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს აკადემიურ შედეგებზე, მაგრამ სიმსუქნის სტატუსზე დაკვირვების შემდეგ კავშირი სიმაღლესა და ქულებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდა. დასწრების ანალიზმაც აჩვენა, რომ სიმაღლე არაა კავშირში სკოლაში სიარულის სიხშირესთან, რაც ამცირებს იმის ალბათობას, რომ განსხვავების მიზეზი ჯანმრთელობაა.
ასევე შეისწავლეს ოჯახის წარმომავლობა და ბავშვების სოციალური პირობები. როდესაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით მონაცემები გააანალიზეს, სიმაღლესა და შედეგებს შორის კავშირი შემცირდა, მაგრამ მაინც შენარჩუნდა სტატისტიკური მნიშვნელობა.
"ყველაზე მეტად ის გაგვიკვირდა, რომ სიმაღლესა და აკადემიურ მიღწევას შორის კავშირი ყველა კლასსა და ეთნიკურ ჯგუფში ვიპოვეთ. ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ბიჭებში ეფექტი უფრო დიდი ყოფილიყო, მაგრამ შედეგები თითქმის ერთნაირია ორივე სქესისთვის", — თქვა კოფიმ.
მიუხედავად ამისა, კვლევას ჰქონდა შეზღუდვები. მკვლევრებმა ვერ გაზომეს ადრეული ბავშვობის პირობები, როგორებიცაა დედის ჯანმრთელობა ორსულობისას ან სოციალური სტატუსი ბავშვობის პირველ წლებში. ასევე ვერ მოხდა სოციალური აღქმის ეფექტის გამიჯვნა ბუნებრივი უნარების გავლენისგან.
"ძირითადი შეზღუდვა ისაა, რომ რთულია ზუსტად გავიგოთ, რატომ იძლევა სიმაღლე აკადემიურ უპირატესობას. ჯანმრთელობის ფაქტორი თითქმის გამოვრიცხეთ. ახლა გვაინტერესებს, ზოგადად როგორ ახდენს ფიზიკური მახასიათებლები გავლენას სასკოლო გამოცდილებაზე. შეიძლება ჩავატაროთ ნიუ-იორკის სკოლის გამოკითხვა, სადაც მოსწავლეები აფასებენ გარემოსა და მასწავლებლებს. ასევე შეიძლება კვლევის გადატანა სიმსუქნის ფაქტორზე", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
კომენტარები