ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 2-ჯერ დიდია და თავისი დედავარსკვლავისგან იმაზე მეტად არის დაშორებული, ვიდრე მზე და სატურნი ერთმანეთისგან. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეიძლება პლანეტარული სისტემა ჩვენი მზის სისტემისგან განსხვავდებოდეს.

"ჩვენმა გუნდმა სუპერდედამიწა დააფიქსირა. ის დედამიწაზე დიდია, თუმცა ნეპტუნთან შედარებით — პატარა. ჩვენ იგი იმ რეგიონში აღმოვაჩინეთ, სადაც აქამდე მხოლოდ დედამიწაზე ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდ პლანეტებს ვპოულობდით", — აღნიშნავენ მკვლევრები.

ამ პლანეტის აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ეს უფრო დიდი კვლევის ნაწილია — გუნდმა პლანეტების მასები მათ დედავარსკვლავთა მასებს შეადარა. ამ გზით მათ ირმის ნახტომის გალაქტიკაში არსებულ პლანეტებზე აქამდე უცნობი ბევრი დეტალი გამოავლინეს.

ასტრონომებმა მიკროლინზირება გამოიყენეს. მიკროლინზირება ეფექტია, რომლის დროსაც შორეული სხეულების ნათება შუამავალი ობიექტის, მაგალითად პლანეტის, გავლენით ძლიერდება. ამ ეფექტით შორ მანძილებზე მდებარე ციური სხეულების აღმოჩენა განსაკუთრებით მარტივია. ახალი კვლევა მსგავსი ტიპის კვლევებს შორის ყველაზე მასშტაბურია. მის ფარგლებში სამჯერ მეტი პლანეტაა შესწავლილი — მათ შორის რვაჯერ უფრო პატარა პლანეტებიც — ვიდრე აქამდე ჩატარებულ კვლევებში.

მეცნიერებმა კორეის მიკროლინზირების ტელესკოპთა ქსელის (KMTNet) მონაცემები გამოიყენეს. ეს ქსელი სამი ტელესკოპისგან შედგება, რომლებიც ჩილეში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარეობს.

არსებულმა მონაცემებმა ავტორებს მიანიშნა, თუ როგორ ყალიბდება ცივი პლანეტები. მომდევნო წლების განმავლობაში, მონაცემთა მოცულობა ოთხჯერ გაიზრდება. ეს კი მკვლევრებს საშუალებას მისცემს, KMTNet-ის მონაცემებით პლანეტების ჩამოყალიბებისა და განვითარების მექანიზმები უფრო ზუსტად გაიგონ.

მზის სისტემაში 8 პლანეტაა. აქედან 4 მცირე ზომის, კლდოვანი, შიდა პლანეტაა — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. დანარჩენი 4 კი — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი — აირისგან შემდგარი, უზარმაზარი, გარე პლანეტებია.

ეგზოპლანეტების ძიებაზე ორიენტირებულმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა ზომის ციური სხეულები ისეთ ორბიტებზე, რომლებიც ვარსკვლავთან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე დედამიწა — მზესთან. ახალი ნაშრომის მიხედვით კი, მსგავსი სუპერდედამიწური პლანეტები სხვა პლანეტარული სისტემების გარე რეგიონებშიც ფართოდაა გავრცელებული.

როგორც მეცნიერები ამბობენ, იუპიტერის მსგავსი ორბიტების შემთხვევაში, პლანეტარული სისტემების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ჩვენს მზის სისტემას საერთოდ არ ჰგავს. გარდა ამისა, მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორია სუპერდედამიწებისა და ნეპტუნის ზომის პლანეტების რაოდენობრივი თანაფარდობა. ამ კონკრეტული კვლევის მიხედვით, მინიმუმ იმდენი სუპერდედამიწა უნდა არსებობდეს, რამდენიც ნეპტუნის ზომის პლანეტა.

კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.