გაუჩინარებული ჟურნალისტი - ერთი წელი გაურკვევლობაში - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

29 მაისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრალური ქუჩიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. აფგან მუხთარლი ისე გაქრა და მეორე დღეს აზერბაიჯანის ციხეში ისე აღმოჩნდა, რომ დღემდე უცნობია საზღვარი როგორ გადაკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ და დღემდე ამბობენ, რომ მუხთარლის გაქრობა-გატაცებაში, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელი ურევია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამაში აზერბაიჯანს ქართული მხარე დაეხმარა.

რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ აფგან მუხთარლი გაიტაცეს?

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც ოჯახთან ერთად თავს საქართველოს აფარებდა. მუხთარლი წლებია ჟურნალისტად მუშაობს. მისი არაერთი ნამუშევრის ნახვაა შესაძლებელი როგორც IWPR-ის, ისე Meydan TV-ს ვებგვერდებზე. მისი კრიტიკული სტატიების მთავარი ობიექტი ალიევის რეჟიმი და აზერბაიჯანში არსებული კორუფციული სისტემაა.

ფოტო: Facebook / Leyla Mustafayeva

ერთ-ერთ სტატიაში მუხთარლი წერს იმ მიზეზებზე, რის გამოც, ალიევის ხელისუფლებამ 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი გაუშვა ციხიდან. სტატიაში აღწერილია, რომ აღნიშნული ნაბიჯი სპეციალურად დაემთხვა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს აშშ-ში, რათა მას თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი სანქციები ოპოზიციონერთა დატყვევების გამო.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ასევე კრიტიკული სტატია მიუძღვნა ქვეყანაში სუიციდის შემთხვევების მატებას. სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირდაპირ არის დაკავშირებული აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკასთან, ასევე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ეკონომიკურ ნაბიჯებთან, რამაც აზერბაიჯანის მოსახლეობა მძიმე დღეში ჩააგდო.

აფგან მუხთარლის სხვა არაერთი მსგავსი, კრიტიკული სტატია აქვს მომზადებული აზერბაიჯანში არსებული პრობლემების შესახებ.

როგორი მედიაგარემოა აზერბაიჯანში?

აზერბაიჯანში მედიათავისუფლება კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. მედიაზე ხელისუფლების მხრიდან გავლენასა და ზეწოლაზე მუდმივი საუბარია Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ანგარიშებში.

ჟურნალისტებს ძირითადად გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით აკავებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჟურნალისტ ჰადიჯა ისმაილოვას შემთხვევაც.

ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც აზერბაიჯანის ელიტის კორუფციული საქმიანობა გამოააშკარავა, 2014 წელს გადასახადებისთვის თავის არიდების და არალეგალური მეწარმეობის ბრალდებით დააკავეს და ექვსი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს. ისმაილოვა ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ მისი საქმიანობის გამო დააპატიმრეს.

ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი

ფოტო: VOA

2016 წელს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა მისცა. მოგვიანებით, სასჯელი ორ წლამდე და სამ თვემდე შემცირდა. საპატიმროდან გათავისუფლების მიუხედავად, ისმაილოვას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვს.

აგვისტოს თვეში ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი საინფორმაციო სააგენტო Turan-ის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი დააკავეს. მას გადასახადების გადახდისგან თავის არიდებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

მეჰმან ალიევის დაკავების გამო, სააგენტოს ყველა საბანკო ანგარიში დაბლოკეს, რის გამოც ჟურნალისტები მუშაობას ვეღარ აგრძელებდნენ. მოგვიანებით, მეჰმან ალიევი ციხიდან გაათავისუფლეს.

5 სექტემბერს საგამოძიებო სტატიების სერიის გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) ვებგვერდი დაბლოკა.

რას ამბობდა საქართველოს ხელისუფლება?

მაშინ, როცა ჟურნალისტის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, იმჟამინდელმა ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მუხთარლის საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა. ჯეჯელავას ინფორმაციით, მუხთარლი რადიო თავისუფლების დაცვის თანამშრომელი იყო და ჟურნალისტურ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მეორე დღეს ჯეჯელავამ აღიარა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა.

ჟურნალისტის "სხვა ურთიერთობებზე" საუბრობდა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი.

ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომლებსაც მთავრობა დევნის, საქართველოში ჩამოდიან. თუმცა სოზარ სუბარს ეჭვი ეპარებოდა, რომ მუხთარლი იდევნებოდა, რადგან მას თავშესაფრის თხოვნით არ მიუმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აუცილებლად მიიღებდა.

"თბილისის ნებისმიერ უბანში, ყველაზე მიყრუებულშიც კი, არ ვამბობ ჩიტაძის ქუჩას, ადამიანს რომ დახვდეს ვინმე, თავზე ტომარა ჩამოაცვას და ჩატენონ მანქანაში ან საბარგულში, მინიმუმ 20-30 ადამიანი იქნება, ვინც ამას აღბეჭდავს და ეს იქნება სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული", - განაცხადა სუბარმა.

მიტინგზე პოლიცია აფგან მუხტარლის დაკავებას ცდილობს. ბაქო, 2011.

ფოტო: irfs.az

ხელისუფლების წარმომადგენლები მუხთარლის გაუჩინარებაში აზერბაიჯანის ბრალეულობაზე და, მით უმეტეს, საქართველოს თანამონაწილეობაზე ან არ საუბრობდნენ ან კატეგორიულად უარყოფდნენ.

ბევრი კითხვა გაჩნდა, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი აფგან მუხთარლიმ. ერთადერთი განმარტება, რაც ხელისუფლებისგან ისმოდა ისევ აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო. აზერბაიჯანი ამბობდა, რომ მუხთარლი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს.

ისევ აზერბაიჯანულ მხარეზე დაყრდნობით შს მინისტრის მოადგილე, ზაზა ხუციშვილი უარყოფდა, რომ მუხთარლის სხეულზე დაზიანებები ჰქონდა და მოწოდებული ინფორმაცია ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ჟურნალისტის ადვოკატებისა და აზერბაიჯანელი სამართალდამცავი ორგანოების განცხადებებს კი ურთიერთგამომრიცხავი უწოდა.

აფგან მუხთარლის გაუჩინარებას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის დარტყმად აღიქვამდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ჟურნალისტის გატაცება ქვეყნის იმიჯს უქმნიდა საფრთხეს.

ჟურნალისტის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა სთხოვა პრეზიდენტს, რომ მუხთარლის ცოლისა და შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის სახით მიენიჭებინა.

"მე არ დავთანმხდები საქართველოს მოქალაქეობას. მე არ მჭირდება იგი. მე ვერ ვიქნები იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ჩემი ქმარი გაიტაცეს", - ასე უპასუხა მუსტაფაევამ პრემიერის შემოთავაზებას.

მუსტაფაევამ უარი თქვა მოქალაქეობაზე, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის დაცვაზე დათანხმდა.

რას ამბობდა ოპოზიცია?

ოპოზიცია აფგან მუხთარლის გაუჩინარებაში აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობდა. ასევე, ისინი ამბობდნენ, რომ პასუხისმგებლობა საქართველოსაც ეკისრება.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, ოთო კახიძემ განაცხადა, რომ თუკი ამ ფაქტს სერიოზული რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევდა:

"ქართველი სპეცსამსახურები არიან გარეული, რაღაც მაფიოზურ გატაცებაში. ეს არის ფაქტი, რომელსაც სერიოზული რეაგირება თუ არ მოჰყვა, ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ეს ნიშნავს რომ არავინ არ არის დაცული ამ ქვეყანაში და ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად ჩვენ გვყავს სამსახური, რომელიც აბსოლუტურ გაუგებარ დაკვეთებს ასრულებს".

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობდა ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი.

"საქართველოს შეეძლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაცვა და ვერ დაიცვა", - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტის გატაცებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობდა იმასაც, რომ მუხთარლის გატაცებაში პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვინც ამ აზრს იზიარებდა ევროპული საქართელოს ლიდერი, გივი თარგამაძეა. მისივე მტკიცებით, უშუალოდ ოპერაცია სუს-ის სპეცრაზმის ხელმძღვანელმა, ზურა ხარაზიშვილმა ორ სპეცრაზმელთან ერთად შეასრულა.

რას ამბობდა აზერბაიჯანის ხელისუფლება?

მუხთარლის საქმის გარშემო მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ არავის ეგონა, რომ 9 ივნისს აზერბაიჯანელი დეპუტატი დაადასტურებდა, რომ ჟურნალისტი გატაცება საქართველო-აზერბაიჯანის "ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგი" იყო.

კერძოდ, აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელმა, ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მუხთარლის გატაცება წარმატებული ოპერაცია იყო. დეპუტატის თქმით, მუხთარლის დააკავეს, რადგან ის იყო თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და ქვეყნის მოღალატე.

აზერბაიჯანის სხვა ოფიციალური პირებისგან სხვა ინფორმაცია არ გავცელებულა.

როგორი იყო მედიის რეაქცია?

თბილისის ცენტრალური უბნიდან ჟურნალისტის სავარაუდო გატაცებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიის წარმომადგენლის მხრიდან. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სოლიდარობისა და საპროტესტო აქციებს მართავდნენ როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობის კანცელარიასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

აზერბაიჯანული მხარისთვის არასასურველი ჟურნალისტის გაუჩინარებას ისინი მედიაზე დარტყმად აღიქვამდნენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მედიაპლურალიზმი და ადამიანის უფლებები.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა პასუხი არც ერთხელ მიიღეს. სამაგიეროდ, მათ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ხვდებოდნენ.

გაუჩინარებიდან ერთი კვირის თავზე კი, როცა ქართულ მხარეს მუხთარლის გაუჩინარების ვერსია ისევ არ ჰქონდა, ჟურნალისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ და პროტესტის ფონზე თავზე შავი ტომრები ჩამოიცვეს.

როგორ წარიმართა გამოძიება საქართველოში?

აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავიდან შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით (სსკ-ს 143) დაიწყო, თუმცა ჟურნალისტის ადვოკატები და ომბუდსმენიც ითხოვდნენ გამოძიება პროკურატურას ეწარმოებინა.

მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ის, რომ საქმეს შსს იძიებდა ირიბად მიანიშნებდა, რომ მასში პოლიციელების ან სხვა თანამდებობების პირების მონაწილეობის ვერსია არ განიხილებოდა. ორი თვის შემდეგ, 20 ივლისს პროკურატურას საქმე გადაეცა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ საქმის გამოძიება ორი, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა (სსკ-ს 143-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ს 154-ე) მუხლით გაგრძელებულიყო.

ჟურნალისტის გატაცებიდან თითქმის ორი კვირის თავზე, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა თავისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადააყენა და კრიმინალური პოლიციის კურირებას სათავეში თვითონ ჩაუდგა. ხელისუფლებას არ განუმარტავს უკავშირდებოდა თუ არა აფგან მუხთარლის საქმეს ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ქართული მხარის წარმომადგენლების დასწრებას ითხოვდა. მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, აფგან მუხთარლის ადვოკატსა და მის ოჯახის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სისხლის სამართლის მასალებს.

მაშინ, როცა ყველა გამოძიების შუალედურ შედეგებს ელოდა, აღმოჩნდა, რომ მუხთარლის დაკითხვის გარეშე, ის ვერ გამოქვეყნდებოდა.

იმის გამო, რომ გამოძიება ჭიანურდებოდა არასამთავრობი ორგანიზაციები, ჟურნალისტების ნაწილი და ოპოზიცია მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, რომლითაც ერთგვარად საქმეს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭებოდა. ამით, ფაქტობრივად, პარლამენტი საქმის ზედამხედველობას საკუთარ თავზე აიღებდა.

20 ივლისს, როცა საქმე პროკურატურას გადაეცა, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", თანამდებობები დაატოვებინეს სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის უფროსებს. ამასობაში მუხთარლის წინასწარი პატიმრობა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდა.

გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ ამბობს აფგან მუხთარლიმ საზღვარი როგორ გადაკვეთა. On.ge ერთი წლის თავზე დაუკავშირდა პროკურატურას, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

როგორ წარიმართა გამოძიება აზერბაიჯანში?

აქციებისა და გამჭვირვალე გამოძიების მოთხოვნების პარალელურად, აზერბაიჯანში მუხთარლის სამი ბრალი წაუყენეს: საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ამ ხნის განმავლობაში მუხთარლიმ აზერბაიჯანში აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის ნაცვლად შინაპატიმრობა არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი უთხრეს, მიზეზად მისი ქვეყნიდან გაქცევის საფრთხე დაასახელეს.

ფოტო: Afgan Mukhtarli

12 იანვარს აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთასა და 10 ათასი ევროს არადეკლარირებულად გადატანას ედავებიან. ოთხი თვის შემდეგ, 24 აპრილს, განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

სააპელაციო სასამართლოზე მუხთარლის დაცვის გარეშე იყო, რადგან იმავე დღეს აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ მუხთარლის ადვოკატს, ნემარ ქერიმლის, ერთი წლით ლიცენზია შეუჩერა.

როგორც მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ On.ge-ს უთხრა, ქერიმლისთვის შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად ასოციაციას გენერალური პროკურორის მოადგილემ, რუსტამ უსუბოვმა მიმართა.

მუსტაფაევას განმარტებით, უსუბოვმა საჩივრის წერილში მიუთითა, რომ ადვოკატმა მუხთარლის დაკავებაზე არასწორი აზრი ჩამოაყალიბა და ჟურნალისტის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

როგორი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა მუხთარლის გაუჩინარებას?

ევროპარლამენტს მუხთარლის საქმიანობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია, არც ის გამორჩენია, რომ ადამიანი დღისით გაუჩინარდა და უეცრად სხვა ქვეყნის ციხეში აღმოჩნდა.

15 ივნისს ევროპარლამენტის ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა საერთო რეზოლუცია შეადგინა აფგან მუხთარლის საქმეზე, სადაც აზერბაიჯანს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს კი გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ თუკი საქართველოს ჩართულობა დადასტურდება, ეს იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების უხეში დარღვევა, რაც მკვეთრად დააზიანებს საქართველოს, როგორც ქვეყნის რეპუტაციასა და სანდოობას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა.

"გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მეტი ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში ჩვენი პარტნიორობის საკითხი ეჭვქვეშ დადგება".

მუხთარლის საქმეზე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი. ის აცხადებდა, რომ ყველა იმ ბრალდებას, რომელსაც მუხთარლი საქართველოს უყენებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის "აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" მოსმენა დაიწყო. ამბის მნიშვნელობიდან გამომდინარე სტრასბურგმა საქმეს "პრიორიტეტული" მიანიჭა, რითაც განხილვა დაჩქარდა.

მუხთარლის გატაცებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მათივე განმარტებით, ისინი აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე გამოძიებას.

რას ამბობს აფგან მუხთარლი?

თვითონ აფგან მუხთარლი დარწმუნებული არის, რომ მის გატაცებაში ქართველმა და აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ერთად იმუშავეს. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ დაკავების პირველ კვირებში განაცხადა და მისმა ადვოკატმა გაავრცელა. შემდეგ უკვე სასამართლო დარბაზში ყოფნისას მუხთრალი რუსთავი 2-ს მოუყვა, როგორ გაიტაცა სამმა ადამიანმა სახლთან ახლოს და თავზე ტომარა როგორ წამოაცვეს.

"მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთში მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გამიწევია. მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში. ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ [სასამართლო] პროცესს. ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული. კვირიკაშვილი დაგველოდოს, მას მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენ უფრო ძლიერებსაც გავსწორებივართ", - ასე იხსენებს აფგან მუხთარლი საკუთარ გაუჩინარებას.

ფოტო: free press unlimited

დაკავებიდან ცხრა თვის შემდეგ, 8 თებერვალს მუხთრალი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა თავისი ნათესავების ორმოცში მიეღო მონაწილეობა. ჟურნალისტმა ისევ რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს ყოფილი მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა.

"საქართველოში ყოფნის პერიოდში ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი. საქართველოში მას აქვს დიდი ბიზნესი ტურისტულ სფეროში, ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია სილქ ვეი და ორგანიზაცია სილქ ვეი საქართველო. საქართველოში მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს მიერ დაწყებული გამოძიების გამო."

მუხთარლის თქმით, მის გატაცებაში მონაწილე პირები ქართველები იყვნენ და ამაზე პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს აკისრია, ვინაიდან პრემიერის თანხმობის გარეშე საზღვარზე ვერავინ გადაიყვანდა.

რა უპასუხა ხელისუფლებამ მუხთარლის ბრალდებებს?

ჟურნალისტის მწვავე განცხადებებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ მუხთარლის გაუჩინარებაში ქართული ოცნების მონაწილეობა უარყო. მისივე თქმით, მუხთარლი წლების განმავლობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქართველოდან მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ არავის სმენია.

"ცენტრიდან გაიტაცეს ადამიანი და ამასთან დაკავშირებით არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა და არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს აჩენს ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის ცოლის მხრიდან გაისმის. რაც არის რეალობა, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული პირები მეტ განმარტებას მოგვცემენ."

საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრულ ნაბიჯებს გადადგმაში დაადანაშაულა ჟურნალისტი და მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაევა უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

2018 წლის თებერვალში პარლამენტში ევროპული საქართველოს ინიციატივით მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა განიხილეს. ოპოზიცია და უმცირესობაც ხაზს უსვამდნენ, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს ცხრა თვინ თავზე არც ერთი ეჭვის გამაქარწყლებელი არგუმენტი არ აქვთ.

უმრავლესობამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მუხთარლის და მის ოჯახს "საშინელი განცხადებების" გამო უნდობლობა გამოუცხადა.

როგორ აისახა მუხთარლის საქმე საქართველოზე?

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ", - განაცხადა ემინ მილიმ, ბერლინში დაარსებული, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია ორგანიზაციის Meydan.TV-ის თანადამფუძნებელი. მილი საქართველოს დიქტატურული რეჟიმის დამორჩილებაში ადანაშაულებდა.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 0,25 ერთეულით შემცირდა. მაჩვენებლის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება დასახელდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს სჯერა, რომ გაუჩინარებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ საზღვარი დამოუკიდებლად გადაკვეთა.

გამოკითხულთა 18%-ის აზრით, მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს. 15 %-ის აზრით კი - ის აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობით გაიტაცეს

ერთი წლის განმავლობაში აფგან მუხთარლის საქმე ასახული იყო ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელშიც საქართველო იყო მოხსენიებული და რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა: Reporters Without Borders, Amnisty International, Human Rights Watch, Freedom House და ა.შ.

"საქართველო, ტრადიციულად, მეზობელი ქვეყნებიდან დევნილებს თავშესაფარს სთავაზობდა, ამიტომ 2017 წელს აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება დიდი დარტყმა იყო", - Reporters Without Borders.

გამოძიების არაეფექტურობაზე წერია Amnisty International-ის ანგარიშშიც. მუხთარლის საქმე ანგარიშებში ხვდებოდა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიმართებითაც. Human Rights Watch-მა მუხთარლის ამბავი უფლებამოსილების გადამეტების ქვეთავში მოაქცია.

Freedom House-ს ანგარიში ცალკე გამოყოფს აფგან მუხთარლის საქმეს და მისი გატაცების ისტორია მოჰყავს იმის მაგალითად, თუ როგორ სცილდებოდა გასულ წელს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებები მათი სახელმწიფოების საზღვრებს, და როგორ იდევნებოდნენ დევნილობაში მყოფი კრიტიკოსები, რაც ევრაზიის რეგიონის მასშტაბით, ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე საგულისხმო ტენდენციაა.

"ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ არსებობს სანდო წყაროები, რომელიც აჩვენებს, რომ მუხთარლის გატაცების საქმეში მთავრობა მონაწილეობდა. აღშფოთებას იწვევს ამ საქმეში მთავრობის შესაძლო მონაწილეობა ან ის, რომ მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს გატაცება", - ამბობს ფრიდომ ჰაუსის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ბეჰრენდტი.

მისი თქმით, მუხთარლის საქმე აშინებს სხვა აქტივისტებს, რომლებიც თავს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას აფარებენ.

მუხთარლის საქმე არ გამორჩენია აშშ-ის დეპარტამენტს. 2017 წლის ანგარიშში ასახულია პრეზიდენტის, უფლებადამცველებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების შეშფოთება მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

მუხთარლის საქმეს აკვირდებოდა საქართველოს სახალხო დამცველიც, ჯერ უჩა ნანუაშვილი, შემდეგ კი - ნინო ლომჯარია. 2017 წლის ანგარიშში ომბუდსმენმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა.

ომბუდსმენი აღნიშნავდა, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობდა ერთი წლის თავზე კონკრეტულ შედეგზე გასული არ იყო.

როგორ აფასებს მოვლენებს აფგან მუხთარლის ცოლი?

ლეილა მუსტაფაევა ქმრის მსგავსად გამომძიებელი ჟურნალისტია. მუხთარლის დაკავების შემდეგ, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მას უთვალთვალებდნენ და საფრთხე ემუქრებოდა.

მუსტაფაევა ამჟამად ევროპაში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, საქართველო უსაფრთხო მისთვის და მისი შვილისთვის აღარ არის. მას სჯერა, რომ მუხთარლის გატაცებაში საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივად იმუშავეს.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

"მისი საქმის გამოძიების კუთხით არაფერი შეცვლილა. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურორს ზამთრის ძილით ეძინა. რაც უფრო მეტი დრო გადის, საქართველოში აფგანის გატაცების პოლიტიკური მოტივების უფრო მეტს სჯერა. დრო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. საქართველოს მთავრობა ბრმად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ყველას სჯერა, რომ ის გაიტაცეს და აზერბაიჯანის ციხეში გადაიყვანეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით", - განაცხადა მუსტაფაევამ On.ge-სთან საუბარში.

ყველაფრის მიუხედავად მას სჯერა, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მისი ქმრის სასარგებლოდ მიიღებს:

"მე არ მჯერა ქართული მართლმსაჯულების. ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დამოუკიდებელნი არ არიან. პოლიცია და პროკურატურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებაზე არიან დამოკიდებული".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…