ზემასიური შავი ხვრელები სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი და იდუმალი ობიექტებია. ეს გიგანტები, რომელთა წონა მილიონობით და ათობით მილიარდი მზის მასას შეადგენს, თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრში გვხვდება. საუბარია გალაქტიკის გრავიტაციის გულზე, რომლის გარშემოც ვარსკვლავები, პლანეტები და მბზინავი გაზის ღრუბლები ბრუნავს.

რაც არ ვიცით, ისაა, თუ როგორ იბადება ასეთი გიგანტები. ჩნდება შეკითხვა: მსგავსი ზემასიური შავი ხვრელი ერთი ვარსკვლავის ბირთვისგან ნელ-ნელა იზრდება, თუ ის შედარებით სწრაფად, ან სულაც პირდაპირ წარმოიქმნება?

შესაძლოა, ახალმა აღმოჩენამ — სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც — მოგვცეს პასუხი.

დედამიწისგან 8.3 მილიარდი სინათლის წლის მანძილით დაშორებული გალაქტიკის წყვილიდან მომავალი შუქი ასტრონომების აზრით, ზემასიური შავი ხვრელის ფორმირებასთან არის დაკავშირებული. და თუ ასეა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს პროცესს ვაკვირდებით. შესაძლოა, ამით ზემასიური შავი ხვრელების დაბადების საიდუმლო ამოიხსნას.

"მიგვაჩნია, რომ ზემასიური შავი ხვრელის დაბადების მომსწრენი გავხდით — ასეთი რამ, აქამდე არასდროს გვინახავს", — ამბობს აშშ-ის იელის უნივერსიტეტის ასტრონომი, პიტერ ვან დოკუმი.

ფოტო: NASA

აღმოჩენა ერთმანეთთან შეჯახების პროცესში მყოფი ორი გალაქტიკის შესწავლისას გაკეთდა. გალაქტიკები ისეა გადანაწილებული, რომ მათი კონფიგურაცია უსასრულობის სიმბოლოს წააგავს. მკვლევრებმა ობიექტს უსასრულობის გალაქტიკა უწოდეს. ობიექტი ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოსურ უცნაურობათა ძიების პროგრამა COSMOS-Web-ის ფარგლებში აღმოაჩინა.

გალაქტიკების ორივე ნახევარსფეროს საკუთარი კაშკაშა ბირთვი აქვს — მათში ზემასიური შავი ხვრელი იმალება. მეორე მხრივ, იმ ადგილას, სადაც ორი ნახევარსფერო იკვეთება, მესამე კაშკაშა ლაქაც მოჩანს.

მკვლევრებმა ეს ლაქა სხვადასხვა ტალღის სიგრძეში ყურადღებით შეისწავლეს და გაოცებულები დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს მესამე ზემასიური შავი ხვრელის ნიშნები, რომელიც უსასრულობის გალაქტიკის ორ წილს შორის მდებარეობდა.

"საკუთარ თავს ვკითხეთ: როგორ შეგვიძლია ამის ახსნა?", — ამბობს ვან დოკუმი.

ანომალიური შავი ხვრელის გარშემო არსებული მასალის საფუძვლიანი და უფრო დეტალური ანალიზით დადგინდა, რომ ის ახლად წარმოქმნილი იყო. ობიექტი ცხელ, გაზის გაფართოებულ რეგიონში მდებარეობდა. ეს შავი ხვრელის ფორმირების ახალ მექანიზმზე მიუთითებს, რომელიც პირდაპირი კოლაფსის მოდელს ეფუძნება.

"ამ შემთხვევაში ერთმანეთს გალაქტიკების ორი დისკო შეეჯახა, რის შედეგადაც ვარსკვლავების რგოლისებრი სტრუქტურები წარმოიქმნა. შეჯახებისას არსებულმა გაზმა ფორმა იცვალა და შეიკუმშა. ეს შეკუმშვა, შესაძლოა, მკვრივი კვანძის წარმოსაქმნელად სავსებით საკმარისი ყოფილიყო. საბოლოოდ, კვანძი შავ ხვრელად უნდა კოლაფსირებულიყო", — ამბობენ მეცნიერები.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეჯახებები იშვიათია, მსგავსი ექსტრემალური გაზის სიმკვრივეები საკმაოდ გავრცელებული იყო ადრეულ კოსმოსში, როდესაც გალაქტიკები ფორმირებას იწყებდა.

ითვლება, რომ ზემასიური შავი ხვრელების წარმოშობა გალაქტიკების შერწყმასთან არის დაკავშირებული. როდესაც ორი გალაქტიკა ერთმანეთში ირევა, მათი ცენტრალური შავი ხვრელები ერთმანეთს იზიდავს და საბოლოოდ ერთიანდება. შედეგად კიდევ უფრო მასიური შავი ხვრელი წარმოიქმნება.

მიიჩნევა, რომ ასეთი გალაქტიკური შეჯახებები ადრეულ სამყაროში ძალიან ხშირი იყო. შედეგად, გალაქტიკები ზომაში იზრდებოდა. მაგალითად, ირმის ნახტომმა მსგავსი არაერთი შერწყმა განიცადა.

ეს ჰიპოთეზა საფუძვლიანია, მაგრამ სრულ პასუხს მაინც არ იძლევა, თუ როგორ წარმოიქმნა ამ გალაქტიკების ცენტრებში არსებული ნაკლებად მასიური, მაგრამ მაინც ზემასიური შავი ხვრელები. მტკიცებულებები პირდაპირი კოლაფსის მოდელს ემხრობა, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი მოქმედებაში არ გვინახავს.

უსასრულობის ფორმის ეს გალაქტიკა საკმაოდ ძველია. ჩვენ კი ვიცით, რომ ადრეული სამყარო სავსე იყო წყალბადის გაზის მკვრივი ღრუბლებით, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდა. ამ გზით წარმოიქმნებოდა მატერიის კვანძები. შესაბამისად, ახალი აღმოჩენა ადრეულ სამყაროში პირდაპირი კოლაფსის მოდელის დამაჯერებელი არგუმენტაციაა.

უახლესი კვლევა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტე ქნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.